საქართველოში ანტილიბერალური პროექტი ლიბერალურს უპირისპირდება
       

        ძნელი შესამჩნევი არ არის, რომ ქართულ პოლიტიკაში, მრავალი თვალსაზრისით, «ჭეშმარიტების მომენტი» დგება.
        სწორედ 2001 წლის ზაფხული გადაწყვეტს, შედგება თუ არა «ლიბერალური პროექტი» ამ ქვეყანაში, თუ მის ნაცვლად ამოქმედდება «ანტილიბერალური პროექტი», რომელიც საბოლოოდ დაასამარებს იმედს საქართველოს ქცევისა ნორმალურ, დემოკრატიულ, სუვერენულ და (მაშტაბების შესაბამისად) განვითარებულ სახელმწიფოდ.
        «ლიბერალური პროექტი» გულისხმობს არა მხოლოდ (ვიწრო გაგებით) მონეტარიზმს ეკონომიკაში, ჯანსაღი ეკონომიკური მიმართებების განვითარებას, არამედ უფრო ფართო ცნებების ერთობლიობას - მთლიანობაში ქართულ ეროვნულ-სახელმწიფოებრივ კონცეფციას.
        აქვე უნდა ითქვას, რომ «ლიბერალური პროექტი» ამ კონცეფციისაგან განუყოფელია. მხოლოდ და სწორედ «ლიბერალურ პროექტს» ძალუძს უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფოებრიობის დაფუძნება, დასავლეთის მხარდაჭერის მოპოვება (რის გარეშეც ეს სრულიად განუხორციელებელი უტოპიაა), კონკურენტუნარიანი ეკონომიკის შექმნა, პიროვნებისა და სახელმწიფოს ინტერესთა თანხვედრა (ამის გარეშე შემდგომი დემოკრატიული განვითარება წარმოუდგენელია), მძლავრი და იმავდროულად არაკორუფცირებული სახელმწიფო სტრუქტურების ჩამოყალიბება, საზოგადოების მენტალიტეტში კანონისადმი პატივისცემის თვისებათა და შესაბამის ჩვევათა ჩანერგვა, სამართლებრივი კულტურის ამაღლება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
        ანუ «ლიბერალური პროექტი» საქართველოში არის ქვეყნის გადარჩენისა და განვითარების ერთადერთი გზა.
        მხოლოდ მისი მეშვეობითაა შესაძლებელი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის იდეალთა განხორციელება, თუ ამ იდეალად მივიჩნევთ არა საქართველოს კულტურულ-ენობრივ-კონფესიურ ავტონომიას სხვა სახელმწიფოებრივი სისტემის ფარგლებში (მით უმეტეს, რომ იმ სისტემისთვის ლიბერალიზმი, როგორც ასეით, თვისებრივად მიუღებელია), არამედ სრულფასოვან, სუვერენულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას, რომელსაც ექნება უფლება და უნარი, იმოქმედოს საკუთარი ეროვნული ინტერესების შესაბამისად.
        «ლიბერალური» პროექტის საპირისპიროდ, საქართველოში არსებობს ოსტატურად არგუმენტირებული და სათანადოდ ანგაჟირებული «ანტილიბერალური პროექტი». mისი ერთ-ერთი თავისებურება ის გახლავთ, რომ «ანტილიბერალურიი პროექტის» სულისჩამდგმელთა და მონაწილეთა ერთი (არცთუ ისე მცირე, რაც პარადოქსულია) ნაწილი თავის თავს «ლიბერალად» და «მემარჯვენედ» მიიჩნევს.
        სინამდვილეში, ეს არის ძველი, საბჭოთა ნომენკლატურული ბუდიდან გამოჩეკილი «წითელ დირექტორთა» კონიუნქტურულ ეთნონაციონალისტთა და ცხრა მთავრობის დარდიმანდთა საქართველოსთვის საკმაოდ ჩვეული კოალიცია.
        მათ არ გააჩნიათ არანაირი იდეოლოგია - მათ აერთიანებთ მხოლოდ «ანტილიბერალური პროექტი», რომლის განხორციელებასაც ჩლუნგი სიჯიუტით ცდილობენ ან რაიმე ქვენა გრძნობით, ან იმ სისტემის დავალებით, (რომლისგან თავის დაღწევასაც საქართველო ცდილობდა და ჯერ კიდევ ცდილობს «ლიბერალური პროექტით»), ან ელემენტარული უმეცრებისა და კლინიკური იდიოტიზმის გამო.
        «ანტილიბერალური პროექტის» უპირველესი ნიშანია ფსევდონაციონალისტური რიტორიკა, ერის დაყვანა ტომთა ნაკრებამდე, ამბივალენტური ტრადიციონალიზმი, ლიბერალურ ფასეულობათა გამოცხადება «ტრადიციული ზნეობის» შემარყეველად, ხელისუფლების აღქმა ფეოდალურ სუბსტანციად, პოლიტიკური და იდეოლოგიური ინფანტილიმზი, დესტრუქციული მენტალიტეტი, კერძო (არ აგერიოთ «პიროვნულში») და ჯგუფური ინტერესების დაყენება ნაციონალურ ინტერესებზე უფრო მაღლა, ნამუსგარეცხილი და შუბლძარღვგაწყვეტილი დემაგოგია, პოლიტიკური ეკლექტიზმი და შეუთავსებელ პოლიტიკურ ძალთა შედუღაბება შავი ბოღმით, შურითა და სიძულვილით, ეკონმიკის სფეროში ოლიგარქიულ ინტერესთა გაიგივება ეოკნომიკური პროგრესის ინტერესებთან, სახელმწიფოს გაგება, როგორც კლანთა ინტერესების განმახრციელებელი ინსტრუმენტისა - ამ თვალსაზრისით «ანტილიბერალური პროექტის» მონაწილეთა მსოფლხედვა და მსოფლგაგება დიდად არ განსხვავდება მარქსისტულ-ლენინური მსოფლმხედველობისგან. ყოველ შემთხვევაში, მენტალური და თვისებრივი ნიშნებით.
        ანტილიბერალური პროექტის მონაწილეთა უპივრელესი მიზანია, მოსპონ საქართველოში განვითარების სტიმული და მოტივაცია.
        არ არის შემთხვევითი, თუ «ანტილიბერალურ პროექტში» ეროთობლივად მონაწილეობენ როგორც შავბნელი ფუნდამენტალიზმის ადეპტები, ასევე, ეგრეთ წოდებული, «სახელმწიფო პატერნალიზმის» მეხოტბენი, რომელთა «ანტიკორუფციული» ყბედობა ვერ დაფარავს და ვერ შენიღბავს იმ გარემოებებს, რომ კაპიტალის ლეგალიზებაც და წარმოების საშუალებათა ხელში ჩაგდებაც (აღარაფერს ვამობ «პირველად დაგროვებაზე») მოახერხეს კრიმინალური ბანდების მეშვოებით.
        მთელი მათი «ეკონომიკური კონცეფცია» დაიყვანება იმაზე, თუ როგორ აიძულონ მყიდველი საქართველოში, შეიძინოს მათი (უხარისხო და ძვირი) პროდუქცია), ნაცვლად უცხოურის (იაფი და ხარისხიანისა).
        «ლიბერალური პროექტი», რომელიც გულისხმობს ქვეყანაში განვითარების მოტივაციის შექმნას, ითვალისწინებს მკაცრ კონკურენციას, პროდუქციის თვითღირებულების შეცმირებას ახალი ტექნოლოგიების დანერგვით, ნიჭიერი მენეჯმენტით, რისკიანი კაპიტალდაბანდებით, მუშახელის კვალიფიკაციის ამაღლებით, ინვესტორთა პატივისცემით.
        ამის საწინააღმდეგოდ, «ანტილიბერალური პროექტი» გულისხმობს ხელისუფლებაში ლობირებას იმპორტზე ტარიფების მოსამატებლად, რათა მომხმარებელი იძულებული გახდეს შეიძინოს ის, რასაც სხვა შემთხვევაში არ შეიძენდა, ანუ ადამიანისთვის თავისუფალი არჩევანის უფლების (ლიბერალური საზოგადოების საფუძველთა-საფუძვლის) წართმევას, ბიუროკრატიულ ვირთხებთან საქმეების «გაიმასქნებას», ადამიანებისათვის ახლადმოპოვებული სოციალური ნიშის მოსპობას და მათ შერეკვას ისევ მყრალ, ვირთხებით სავსე საწარმოში, რათა ამ საწრამოთა ყოფილმა დირექტორებმა და აწ უკვე მეპატრონეებმა, ზაფხულობით სანფრანცისკოდან - ჰავაიზე ინებივრონ, ოჯახებითურთ.
        «ანტილიბერალური პროექტი» გულისხმობს უზნეო პროვოკაციებსა და ინტრიგებს, ეროვნული ინტერესების იგნორირებას, ქვეყნის აღქმას მხოლოდ «მიკროგასაღების» ბაზრად და მის ქცევას საბოჭთა ეპოქისდროინდელ «ცეხად» - რასაკვირველია, ყოველგვარი კონკურენციის გარეშე.
        სწორედ იქიდან მოსდგამთ სიძულვილი ადამიანის თავისუფალი არჩევანისა და კონკურენციისადმი - რაკი დღეს ვეღარ ახერხებენ რაიკომის მდივნებისთვის «მაყუთის ჩაკუჭვით» ან მსოკოვურ «გოსპლანში» ორი ყუთი «ქინძმარაულის» ჩატანით უკონკურენტო გარემოს შექმნას.
        ანტილიბერალური პროექტი გულისხმობს თვალთმაქცურ ფსევდოსოციალურ ვაი-ვიშს, მოსახლეობის გაჭირვებით თეატრალურ გულდათუთქვას და პარლამენტის შენობისოდენა, ფეშენებელური, გრანდიოზული ვილებიდან უზნეო მოწოდებებს «სიღატაკის აღმოფხვრისაკენ».
        ანტილიბერალური პროექტი ნიშნავს ბინძური ტრაიბალიზმის ხელშეწყობასა და წაქეზებას, ტრაიბალისტური წყენისა და ამბიციის გამოყენებას პოლიტიკური მიზნით.
        «ანტილიბერალური პროექტის» აუცილებელი თვისებაა ლაქლაქი «გლობალიზაციისა და მასონიზმის» წინააღმდეგ - ვითომდაც «სათუთად გასაფრთხილებელი ეროვნული «ინტერესების» დასაცავად. მაშინ, როდესაც «ანტიგლობალისტები» თავად არიან კირითხუროთა იდუმალი ორდენის წევრები, თავად თლიან წითელ აგურებს «თეთრაგურიანი ქალაქის» შეგულიანებით – ერთობლივი მახინჯი აყლაყუდის ასაშენებლად და მისთვის «ახალი ტაძრის» დასარქმევად.
        საქართველოს ბედიც უახლოეს პერიოდში გადაწყდება იმისდა მიხედვით, თუ რომელი პროექტი გაიმარჯვებს - «ლიბერალური» თუ «ანტილიბერალური.»

დილის გაზეთი, 12 ივნისი, 2001 წელი

მთელ გვერდზე