2001 წლის კონსტიტუცია
       

        ჯერ კიდევ ზამთრის მიწურულს, მრავალი დამკვირვებელი გრძნობდა, რომ საქართვლეოში «რაღაც მზადდებოდა». დაძაბულობის დონე ისტებლიშმენტში თანდათან მაღლა იწვევდა. ოღონდ აქ განსაკუთრებით უნდა გაესვას ხაზი: დაძაბულობა ისტებლიშმენტში, დაძაბულობა «პროლიტიკურ ელიტაში» და დაძაბულობა საზოგადოებაში (მით უმეტეს «ხალხსა» და «ქვეყანაში») ერთი და იგივე არ არის. ისინი ყოველთვის არ განასახიერებენ და არ განაპირობებენ ერთმანეთს.
        მაგრამ საქართველოში განსაკუთრებული სოციალ-პოლიტიკური მიმართებები მოქმედებენ, რასაც შეუძლებელია ხელისფლება (უპირველესად, უმაღლესი ხელისუფალი) არ ითვალისწინებდეს.
        ჩვენში «პოლიტოკრატიის» უკმაყოფილება, თუ მას თან ერთვის დაბნეულობა და «აღრენილობა» ზოგადად, ისტებლიშმენტში - საკმარისი პირობაა ღრმა სისტემური დესტაბილიზაციისთვის.
        შექმნილ ვითარებას თან ერთვოდა მართдაც მძიმე სოციალური ფონი, სეკვესტრირებული ბიუჯეტი და უპერსპექტივობის განცდის პირველი ნიშნები, რაც მეტად საშიშია ისეთი მენტალიტეტისა და ეთნოფსიქოლოგიის ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა.
        მასმედიის სასახელოდ შეიძლება ითქვას: იგი მართლაც იქცა «მეოთხე ხელისუფლებად», თუმცა ამ განსაზღვრებას თვით უდიდეს დემოკრატიებშიც კი ერთგვარი პირობითობა ახლავს თან. არადა, ის, რაც გასულ კვირას მოხდა, დიდწილად შეამზადა (თუ არა განაპირობა) მედიის კლასიკური კანონებით «აფეთქებულმა» ქართულმა სენსაციამ
        ვანო მერაბიშვილის ინტერვიუ washington post-ში ერთი მხრივ მოთმინების ფიალის ამავსებელ წვეთად, მეორე მხრივ «გორდიასის კვანძის» გამკვეთად (გამკვეთად და არა გამხსნელად) იქცა.
        ვგულისხმობ არა თვით ინტერვიუს, არამედ მის სათანადო აჟიტირებას საქართველოში, რაც სავსებით ლოგიკურიც იყო. მმართველი პარტიტის «ნომენკლატურის» წევრის მხრიდან უცხოურ პრესაში პრეზიდენტის (ამ პარტიის თავმჯდომარის) კრიტიკა არ შეივლება ორდინალურ მოვლენად ჩაითვალოს. ადექვატურმა რეაქციამაც არ დააყოვნა. თუმცა ეს რეაქცია «მოსალოდნელი» და პროგნოზირებადი იყო. ისევე, როგორც პრეზიდენტის ინიციატივა «მინისტრთა კაბინეტის» შემოღების შესახებ: არ იქნებოდა ვანო მერაბიშვილისა და რეზო ადამიას ინტერვიუ (აშკარად სპონტანური, წინასწარ განუზრახავი შედეგითა და რეაქციით) - იქნებოდა სხვა რამე მოვლენა.
        ნებისმიერ შემთხვევაში. ედუარდ შევარდნაძე აუცილებლად განახორციელებდა მძლავრ პოლიტიკურ დემარშს, რათა განემხუტა დაძაბულობა ინსტებლიშმენტში. მით უმეტეს, რომ ეს დაძაბულობა საზოგადოებაშიც იკიდებდა ფეხს და ხალხსაც გადაეცემოდა.
        აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ: როდესაც ედუარდ შევარდნაძემ პარლამენტის საგაზაფხულო სესიის დაწყებისთანავე, გაურკვეველი ვადით გადადო მიმართვა «ნაციისა და ხალხისადმი» - მას უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა «მინისტრთა კაბინეტის» შემოღების ინიცირება და მხოლოდ შესაბამის პოლიტიკურ ვითარებას ელოდა.
        პოლიტიკური მომენტის შერჩევა კი შევარდნაძეს არასდროს შეშლია: დაწყებული სსრკ საგარეო საქმეთა მინისტრობიდან გადადგომის მომენტიდან - 1995 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განცხადების მომენტამდე.
        ამ ინიციატივის შემდეგ, აჟიოტაჟი პრეზიდენტის მომავალ საპარლამენტო გამოსვლასთან დაკავშირებით ერთბაშად მინელდა და პოლიტიკური აქტუალობა დაკარგა: ცხადია, წინადადება «მინისტრთა კაბინეტის» შექმნის შესახებ უკვე სულ სხვა ფსიქოლოგიურ ფონს ქმნის, რომელზეც პრეზიდენტის მიმართვა სრულებით განსხვავებულად გაიღჟერებს.
        მიზეზთა შორის კი, რომლებმაც საბოლოოდ დაარწმუნეს პრეზიდენტი ამ ინიციატივისა და რეფორმის აუცილებლობაში, უპირველეს ყოვლისა უნდა დავასახელოთ «ნულოვან ვარიანტთან» დაკავშირებით ატეხილი გნიასი.
        ეს ეპიზოდი ობიექტურად ადასტურებდა, რომ აუცილებელია პასუხისმგებლობისა და ფუნქციის გამიჯვნა. შეუძლებელი გახდა იმ ვითარების შემდგომი მოთმენა, როდესაც ქვეყანა განუწყვეტლივ ბალანსირებს უმწვავესი სამოქალაქო დაპირისპირებისა და სამოქალაქო ომის ზღვარზე.
        რომ არა პრეზიდენტის ინიციატივა და მეტისმეტად გადახურებულ-ადუღებული ქვაბიდან ორთქლის დროული გამოშვება - მოვლენათა განვითარება შეიძლება მართლაც ტრავმატული ყოფილიყო.

დილის გაზეთი, 23 აპრილი, 2001 წელი

მთელ გვერდზე