31 მარტის რეფერენდუმი ქართული სახელმწიფოს საფუძველია
       

        დღეს შესრულდა 10 წელი საქართველოს უახლესი ისტორიის მთავარი მოვლენიდან. თუმცა აქ, ალბათ, უნდა განვასხვავოთ: ყველაზე მეტად განმსაზღვრელი მოვლენა უდავოდ 9 აპრილი იყო, ვინაიდან უამისოდ არც რეფერენდუმი იქნებოდა, მაგრამ იურიდიული თვალსაზრისით, 31 მარტს ვერც ერთი ისტორიული ფაქტი ვერ შეედრება 1989 წლიდან.
        1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმი ჩატარდა, ფაქტობრივად, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, ანუ მან საქართველოს იურიდიული მთლიანობაც დაადასტურა. ეს მომენტი დამოუკიდებლობის დეკლარირებაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია. მართალია, რეფერენდუმი არ ჩატარდა ტყვარჩელში, ქალაქ ცხინვალში, გუდაუთასა და ჯავაში, მაგრამ იგი გაიმართა ამ ტერიტორიების (აფხაზეთისა და «სამხრეთ ოსეთის») უდიდეს ნაწილზე და მასში მონაწილეობა მიიღეს არა მხოლოდ ეთნიკურმა ქართველებმა, არამედ აფხაზებმა და ოსებმაც.
        დღეს ნათელია, რამხელა მნიშვნელობა აქვს ამ გარემოებას, როგორც ქვეყნის მთლიანობისთვის ბრძოლის უმთავრეს იურიდიულ არგუმენტს.
        რეფერენდუმი ჩატარდა ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთსა და სხვა რეგიონებში, რომელთა მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ ხმა მისცა საქართველოს დამოუკიდებობას. მთლიანად კი, ოფციიალური ცნობით, რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო მოსახლეობის 90-მა პროცენტმა. მათგან 99_მა პროცენტმა ხმა მისცა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას 1921 წლის აქტის საფუძველზე.
        რასაკვირველია, ბიულეტენების «ჩაყრა» ნამდვილად იქნებოდა ბევრ რეგიონში, მაგრამ შედეგი მთლიანობაში მაინც შეესაბამება იმდროინდელ განწყობას და საზოგადოებრივ-ფსიქოლოგიურ დომინანტებს.
        თუმცა, სამიოდე წელიწადში ქვეყანა უკვე სულ სხვა განწყობით სუნთქავდა და ამ «ახალ განწყობაში» ჩატარებული ახალი რეფერენდუმი შესაბამის შედეგსაც გამოიღებდა - დასწრების თვალსაზრისით მაინც.
        1991 წელს მოსხალეობას ჯერ კიდევ არ ესმოდა, რომ ამქვეყნად უფასო არაფერია - ყველაფერს აქვს თავისი ფასი და 31 მარტის რეფერენდუმზე გამოხატული «ნების» (უფრო სწორად, სურვილის) ფასი იყო ის, რაც შემდგომ მოხდა.
        ამის მიუხედავად, 31 მარტის რეფერენდუმი თავის მნიშვნელობას ნამდვილად არ კარგავს - იგი საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის ერთ-ერთი საკვანძო დებულებაა. და იმდენად იმპერატიული, რომ მისი რაიმე თვალსაზრისით ნიველირება აბსოლუტურად გამორიცხულია.
        ამდენად, თუ დღეს ზოგიერთებს საქართველოში «გვიან გაახსენდათ» პოლიტიკური მიზანშეწონილობის საკითხი რეფერენდუმთან დაკავშირებით - ახლა ეს ყოველივე უკვე ძალიან გვიან არის. არსებობს სახელმწიფო - თავდაცვის პოლიტიკური, კონსტიტუციური და სახელმწიფოებრივი მექანიზმებით. ერთი სიტყვით, მივიღეთ ის, რაც მივიღეთ.
        ნიშანდობლივია, რომ 31 მარტის რეფერენდუმს ქვეყანა უკვე გახლეჩილი ხვდებოდა. არა თანაბარ ნაწილებად, რა თქმა უნდა, მაგრამ სამოქალაქო ომისთვის სულაც არ არის აუცილებელი, ორ თანაბარ ნაწილად გაყოფა. იმ რეფერენდუმში უკვე იყო ჩადებული შეურიგებელი დაპირისპირების მუხტი, ვინაიდან საზოგადოების ნაწილი, რომელსაც ხსენებული «დომინანტი» აიძულებდა (არა უშუალოდ, ფიზიკურად, არამედ ფსიქოლოგიურად) ემოქმედა საერთო ფარვატერში, პატარა ნაპერწკალსა და საბაბს ეძებდა აფეთქებისთვის.
        სხვათა შორის, საქართველო იყო ერთადერთი საბჭოთა რესპუბლიკა, რომელმაც დამოუკიდებლობის თაობაზე საბჭოთა პერიოდში (ანუ 19 აგვისტოს პუტჩამდე) რეფერენდუმი ჩაატარა - ბალტიის რესპუბლიკებიც კი მხოლოდ «საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვით» შემოიფარგლნენ, რათა მეტისმეტად არ გაერისკათ.
        ამ «გამოკითხვის» საყოველთაობა თვისებრივად არაფერს ცვლის - საერთაშორისო (იურიდიული) სამართლის შესაბამისად, მას იმპერატიული ძალა არ გააჩნია.
        ყველაზე საინტერესო კი ის არის, თუ როგორ მოიქცა «მოკავშირე რესპუბლიკათა» უმრავლესობა, რომელთა მიმართება «ცენტრთან» სცილდებოდა უბრალოდ «ყურმოჭრილი მორჩილების» ფარგლებს. მათ 17 მარტს (საკავშირო რეფერენდუმის დროს) სსრკ უმაღლესი საბჭოს სარეფერენდუმო კითხვაში შეიტანეს მეორე შეკითხვაც, რომელიც მათ ეროვნულ ინტერესებს შეესაბამებოდა.
        ჩვენ რომ პოლიტიკური «ტექნოლოგია» დაგვეცვა, ასევე უნდა მოვქცეულიყავით, ოღონდ საამისოდ, რასაკვირველია, სხვა ხელისუფლება უნდა აგვერჩია და არა ის, რომელიც ავირჩიეთ 1990 წლის 28 ოქტომბერს.
        ისტორია «ალბათობას» არ ცნობს, ამიტომ დღეს ამ საკითხებზე მსჯელობა წმინდა წყლის თეორიაა - 31 მარტის რეფერენდუმმა დაადასტურა, საქართველოს იურიდიული მთლიანობა, თუმცა, ქვეყანა, ფაქტობრივად, მთლიანი არ არის, მაგრამ ქვეყნის მთლიანობა შეიძლებოდა მაინც დარღვეულიყო.
        «მოკავშირე და ავტონომიურ რესპუბლიკათა» გათანაბრების ლუკიანოვისეული გეგმის შესაბამისად.

დილის გაზეთი. 31 მარტი, 2001 წელი

მთელ გვერდზე