11 სექტემბრის შემდეგ
       

        მიუხედავად საზარელი ტრაგედიისა, რომელმაც გულწრფელად შეძრა მთელი მსოფლიო, ქართული პოლიტიკა ძველი «კანონებით» ცხოვრობს, თუ შეიძლება ამას «კანონი» ვუწოდოთ, რაკი მას ელემენტარულ ადამიანურ მორალთან არაფერი აქვს საერთო.
        კვლავ გრძელდება ამაზრზენი თამაში, რომლის მიზანია ზურაბ ჟვანიას «ჩანაცვლება» პრეზიდენტთან. თანაც, რაც ყველაზე ნიშანდობლივია, ხშირ შემთხვევაში, ეს თამაში იმდენად «კურსის» შეცვლას კი არ ისახავს მიზნად (ყოველ შემთხვევაში, შიდა პოლიტიკისა და ნაძარცვი ქონების დაცულობის თვალსაზრისით), არამედ მხოლოდ პერსონალურ ცვლილებას.
        თუმცა, არიან სხვა ყაიდის ძალებიც - მათ ნამდვილად სურთ ზურაბ ჟვანიას «მოშორება», რათა კარდინალურად შეცვალონ, უპირველესად, საგარეო პოლიტიკა. მათთვის პრიორიტეტულია, აგრეთვე, შიდაპოლიტიკური კურსის შემოტრიალება - მოსახლეობის სოციალური სიდუხჭირის გამოყენებით, ეგრეთ წოდებული, «სოციალისტური» იდეებისა და მარაზმატული პრაქტიკის აღორძინება.
        ოღონდ ძალზე საეჭვოა მათ პარლამენტის თავმჯდომარის «წაქცევა» შეძლონ - ჟვანია ნეტარხსენებული «ეროვნული მოძრაობის» იმ უმცირეს გამონაკლისთა რიგს მიეკუთვნება, რომელსაც ჭკუა არ აკლია და, ჯერჯერობით, საკმოად ოსტატურად იბრძვის - მაგალითად, მისი განცხადება «100 ხელმოწერის შესახებ» ძალიან ძლიერი სვლა აღმოჩნდა - ოპოზიციამ სერიოზული კომპანიის წარმოება ვერ გაბედა, ვინაიდან საკუთარ რიგებში განხეთქილების შეეშინდა.
        «ოპოზიციური სიამტკბილობა» დასრულდება უმალვე, როგორც კი «სახელისუფლებო ნამცხვრის» გაყოფაზე მიდგება საქმე. მანამდე კი ქვეყანა ზარალდება - მაგალითად, არჩევნების ბიოკოტი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სავსებით ნორმალური მოვლენაა, მაგრამ როდესაც ერთ-ერთი რეგიონი «გამონაკლისია» - ამით ამ რეგიონს საერთო სახელმწიფოებრივი იურისდიქციის გარეთ აყენებენ, რაც (მოტივაციის განურჩევლად) უსაზიზღრესი ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებაა.
        არავითარი პოლიტიკური არგუმენტაციით ამის გამართლება არ შეიძლება - თუ ბოიკოტი ტარდება, იგი ყველგან უნდა ჩატრადეს, რითაც, პოლიტიკური თვალსაზრისით, ახალი «ანკლავი» არ წარმოიშვება ქვეყნის ტერიტორიაზე.
        მაგრამ ასეთ «წვრილმანებს» ვინ დაგიდევს, როდესაც საქმე ხელისუფლებას ეხება. ამ ვითარებაში გასაკვირი არც ისაა, რომ მოსახლეობას კვლავაც აღიქვამენ, როგორც ბნელ და უაზრო მასას, რომელსაც გაღიზიანების ან აღშფოთების უნარი არ გააჩნია.
        არადა, ასეთი მეოთდებით პოლიტიკური ბრძოლა საქართველოში აბსოლუტურად უპერსპექტივოა. ქართველ ამომრჩეველს უკანასკნელმა ათწლეულმა ერთი მეტად ძვირფასი თვისება შესძინა: უნდობლობა და აგდებული დამოკიდებულება ზოგადად პოლიტიკოსებისა და პოლიტოკრატიის, როგორც პოლიტიკური კლასისადმი.
        მაშასადამე, თუ რომელიმე გიჟმა და გადარეულმა თბილისის ცენტრს არ «დააჯახა» მგზავრებით სავსე თვითმფრინავი, «ბნელი მასის» გამოყენება, თავიანთ ბნელ თამაშებში ჩასათრევად ძალიან გაუჭირდებათ.

დილის გაზეთი, 13 სექტემბერი, 2001 წელი

მთელ გვერდზე