BP - AMOKO-ს ვერდიქტი
       

        საქართველოს სტრატეგიული უშიშროება ამჟამად მთლიანად დამოკიდებულია იმ საკომუნიკაციო პროექტების განხორციელებაზე, რომლებიც უკვე საერთაშორისო პოლიტიკის «ეჯენდა»-ში იკავებს მნიშვნელოვან ადგილს.
        გასულ კვირას ბრიტანულ-ამერიკული გიგანტის, «ბრითიშ პეტროლიუმის» პრეზიდენტმა, ჯონ ბრაუნმა დაადასტურა, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და შაჰ-დენიზ-თბილისი-ერზრუმის პროექტები უკვე მხოლოდ დროის საქმეა: ნავთობსადენის მშენებლობა დაიწყება მიმდინარე წლის მიწურულს, ან 2002 წლის პირველ მეოთხედში, ხოლო ნავთობის პირველი ბარელი გაივლის მილსადენში 2004 წლის ბოლოსთვის.
        ყველაზე საინტერესო გეოპოლიტიკური ინტრიგა მაინც «დიდ გაზსადენთან» დაკავშირებით ვითარდება. შავი ზღვის ფსკერზე მილსადენის გაყვანის პროექტი («ცისფერი ნაკადი») თანდათან კარგავს აქტუალობას, ვინაიდან თურქეთში გრანდიოზული კორუფციული სკანდალი ბობოქრობს - დააპატიმრეს ენერგეტიკის მინისტრი, მისი ყველა მოადგილე, კომპანია «ბოტაშის» მესვეურები (ამ კომპანიას უნდა გაეყვანა მილსადენი შავი ზღვის ფსკერზე) - თურქეთში უკვე ღიად ალაპარაკდნენ, რომ «გაზპრომმა» მილიონობით დოლარი დახარჯა ანკარაში ჩინოსნების მოსასყიდად.
        გარდა ამისა, სპეციალისტებიც და ჟურნალისტებიც სვამენ სავსებით ლოგიკურ კითხვას: რატომ უნდა ყიდულობდეს თურქეთი რუსეთისგან ბუნებრივ აირს 1000 კუბმეტრს 130 დოლარად, მაშინ, როდესაც თურქმენეთი მზადაა 65 დოლარად მიჰყიდოს გაზი? ანუ «ტრანსკასპიური გაზსადენის» პროექტი (ყველაფერთან ერთად მას თურქეთისთვის საკრალური მნიშვნელობაც აქვს) კვლავინდებურად ცოცხალია და ხმები მისი გარდაცვალების შესახებ გადაჭარბებული აღმოჩნდა.
        აზერბაიჯან-საქართველო-თურქეთის გაზსადენი ამ დიდი პროექტის პირველი სეგმენტია. ბუნებრივია, რუსეთი გულხელდაკრეფილი არ იქნება - მომავალი ზამთარი მისთვის უკანასკნელ შანსად იქცევა, რათა «მიაჭყლიტოს» საქართველო კედელთან.
        შეძლებს თუ არა, ქვეყნის შიდა სტაბიულრობაზე იქნება დამოკიდებული.

დილის გაზეით, 25 ივნისი, 2001 წელი

მთელ გვერდზე