2001: «ძეგლისდებებისა» და «ფიცვერცხლობის» ეპოქა დადგა?

2001: «ძეგლისდებებისა» და «ფიცვერცხლობის» ეპოქა დადგა?

ტაბახმელის პასუხი
       

        რაკი ქართულ პოლიტიკაში «ძეგლისდებებისა» და «ფიცვერცხლობის» ეპოქა დადგა, დროსა და მდინარებას არც «მოქალაქეთა კავშირი» ჩამორჩა და ტაბახმელაში შეიკრიბა რიგების კონსოლიდირებისთვის. შეკრებას ესწრებოდა არა მხოლოდ პარტიის ელიტა, არამედ ფრაქცია, სრული შემადგენლობით, მათ შორის, პარლამენტის თავმჯდომარე ზურაბ ჟვანია და უმრავლესობის ლიდერი ნიკო ლეკიშვილი.
        ბუნებრივია, ეს არის ერთგვარი პასუხი ოპოზიციის კონსოლიდირებაზე და ერთობლივი სტრატეგიის გამომუშავების ცდა იმ ვითარებაში, როდესაც მართლაც დგება «ჭეშმარიტების მომენტი» - დღეს და ხვალ პარლამენტში იწყება «საკონსტიტუციო ცვლილებათა» პროექტის ოფიციალური განხილვა, ვინაიდან ასევე ოფიციალურად ამოიწურა ეგრეთ წოდებული, «საერთო სახალხო განხილვისთვის» განკუთვნილი ვადა, რაც ჩვენს პირობებში სხვა არაფერია, თუ არა კონსულტაციები ისტებლიშმენტში - შესაძლო შეთანხმების თაობაზე.
        მაგრამ შეთანხმება ვერ მოხერხდა და ვერც პირი უჩანს საამისო, ვინაიდან «ბათუმური ბლოკის» უმრავლესობას კვლავინდებურად ეშინია, ვაითუ, ჟვანიას გაპრემიერმინისტრებამ არა მისი პოლიტიკური კრახი და პოლიტიკიდან წასვლა გაომიწვიოს, არამედ პირიქით, გაძლიერება და «რეფორმატორთა გუნდის» პოპულარობის ზრდა.
        «უმცირესობის უმრავლესობამ», თავის ხმრივ, შეძლო შეექმნა ოპოზიციაში ისეთი ატმოსფერო, როდესაც თვით ამ უმცირესობაში არსებული ფრონდისტული უმცირესობა ვეღარ ბედავს ხმამაღლა თქვას: «ვაითუ მინისტრთა კაბინეტის დაფუძნების შანსი ხელიდან გავუშვით და ასეთი შანსი მეორედ აღარც მოგვეცესო».
        მართლაც, არავინ იცის, როგორ განვითარდება შედმგომი მოვლენები და საერთოდ, ხომ არ დაეკარგებათ «კოალიციური მთავრობის» შექმნის პერსპექტივა. მაგრამ «უმცირესობის უმრავლესობას» არაფრის გაგონება არ სურს. ამდენად, საპარლამენტო უმრავლესობაც ახალ ტაქტიკას ამუშავებს.
        შესაძლოა, ეს იყოს ახალი «ანტიკრიზისული» პროგრამა, რომელიც შემუშავდება და გამოქვეყნდება პრეზიდენტთან ერთად. ზურაბ ჟვანიას გადასვლა სახელმწიფო მინისტრად გამოირიცხა, ვინაიდან ასეთი ტრანსფორმაცია სრულიად არაპროდუქტიულია «კაბინეტის» გარეშე, ანუ ამ თვალსაზრისით, არსებული დისპოზიციის შენარჩუნება ჯობს.
        რასაკვირველია, «საპარლამენტო უმრავლესობამ» აუცილებლად უნდა გადაწყვიტოს ტექნიკური საკითხები, რომლებიც, იმავდროულად, სერიოზულ პოლიტიკურ წონას იძენს - გასულმა კვირამ ეს ნათლად დაადასტურა: საპარლმენტო სხდომაზე დეპუტატების დაუსწრებლობა პრობლემაა სწორედ «უმრავლესობისთვის». «უმცირესობა» მეტი დისციპლინირებულობით არ გამოირჩევა, მაგრამ ამას პარლამენტის ფუნქციონირებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს.
        ზოგიერთი ნიშნითა და კონკრეტული ინფორმაციით, გადაჭარბებულია მოლოდინი რაიმე სერიოზული განხეთქილებისა «მმართველ პარტიაში». ვითარება ამჟამად ობიექტურად ქმნის ინტერესთა სავსებით პრაგმატული თანხვედრის საფუძველს, ვინაიდან «მოქალაქეთა კავშირის» ყველა დაჯგუფებას შესანიშნავად ესმის, რომ კონსოლიდირების გარეშე ყველანი ერთად დამარცხდებიან, ხოლო ოპოზიციის დაპირებები «ჟვანიას გუნდი ცუდია, თორემ ისე, მმართველ პარტიაში პატიოსანი ხალხიც არისო», როგორც რუსები იტყვიან, «სიტყვის ფიგურად» რჩება.
        ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხი თანდათან იხსნება პოლიტიკური «ეჯენდიდან» იმ აზრით, რომ ოპოზიცია არც ერთ შემთხვევაში არ დაუჭერს მხარს «მინისტრთა კაბინეტის» შემოღებას - არა იმიტომ, რომ ეს მისთვის თვისებრივად მიუღებელია, არამედ ზემოთ ხსენებული მიზეზით.
        ამდენად, შეზღუდვის ნაცვლად, «მოქალაქეთა კავშირმა» მართვის მეტი თავისუფლება მიიღო «თვითმმართველობასთან» დაკავშირებით.
        სარწმუნო წყაროთა ცნობით, სახელისუფლებო ბომონდი (მათ შორის, «მოქალაქეთა კავშირის» ელიტაც და პირობითად თუ ვიტყვით, სახელმწიფო კანცელარიაც) სულ არ გამორიცხავს აპრიორი მერებისა და გამგებლების არჩევითობას - თუნდაც, სხვადასხვა ვარიაციით - როდესაც პრეზიდენტი მერად ნიშნავს არჩეულ საკრებულოს წევრთაგან ერთ-ერთს, ან პარტიული პრინციპით არჩეული საკრებულო მერს თავისი შემადგენლობიდან ირჩევს.
        როგორც ჩანს, თბილისის მერის არჩევის საკითხი გადაწყვეტილია - იმ აზრით, რომ დედაქალაქის ხელმძღვანელი უახლოესი 3-4 წლის განმავლობაში არ აირჩევა.
        ყველაფრის მიუხედავად, არა და არ წყდება საუბრები იმაზე, რომ მაინც შეიძლება მოხერხდეს შეთანხმება «ტრადიციონალისტებთან» თვითმმართველობასა და საარჩევნო კოდექსზე. ასეთ შემთხვევაში კი, საინსტიტუციო ცვლილებები რეალობად დარჩება - თუნდაც დროში გადაიდოს. როგორც ჩანს, ვითარების საბოლოო გარჩევამდე არც ისე ბევრი დრო დარჩა.

დილის გაზეთი, 14 ივნისი, 2001 წ.