უკანასკნელი არგუმენტი

        ქალბატონ მანანა არჩვაძე-გამსახურდიას ბოლო გამოსვლამ, რომლის «გვირგვინად» იქცა მსჯელობა პარლამენტის თავმჯდომარის «ეთნიკური სომხობის» შესახებ», - ჩვენი საზოგადოებისა და პოლიტიკური ელიტის ერთი ნაწილის დიდი დაინტერესება გამოიწვია.
        თუმცა, ეს გარკვეულ კატეგორიას ეხება, რომელსაც განსაკუთრებული მენტალიტეტი აქვს და რაღაცნაირი სუიციდური მიდრეკილება ახასიათებს ყოველგვარი სიბინძურისადმი.
        სწორედ ამ მენტალიტეტის «მატარებელთა» შესახებ ყვებოდა 80-იანი წლების მიწურულს სანკტ-პეტერბურგში გადახვეწილი თემურ ჩხეიძე: შევძრწუნდი, როდესაც ქართველი მაყურებლის დიდ ნაწილს შევატყვე, - ჯაყოს გულშემატკივრობდა და ლამის აქეზებდაო.
        საქართველოში რომ «იაგო» ერთობ გავრცელებული სახელია - ესეც, ნიშანდობლივია.
        ზურაბ ჟვანიასათვის მის «სომხობაზე» ლაპარაკი წარმატების სიმპტომი უნდა იყოს - როგორც ჩანს, სხვა არგუმენტი და ბრალდება აღარ შერჩათ და ამიტომ იგონებენ ათასგვარ სისულელესა და სიბინძურეს.
        ეს უკვე მართლაც გამაღაზიანებელი ხდება - იმის მიუხედავად, ხარ თუ არა ჟვანიასა და «მოქკავშირის» გულშემატკივარი: თუ მაინცდამაინც, - აკრიტიკეთ პოლიტიკისათვის, რომელსაც ატარებს, პოლიტიკური გადაწყვეტილებებისა და განცხადებებისთვის, ეკამათეთ კონკრეტულ პრობლემებზე, კონკრეტულ პოლიტიკურ პოზიციაზე, მაგრამ საქმე ის არის, რომ ამ თემაზე ჟვანიასთან კამათი ძნელია - ის ძალიან ძლიერი ორატორი და ჭკვიანი (ეშმაკი) პოლიტიკოსია, ამიტომ «ჩვეულებრივი მეთოდებით» მისი დამარცხება ან თუნდაც დისკრედიტაცია ძნელია. ერთ არგუმენტზე ჟვანია ათი არგუმენტით უპასუხებს, ამიტომ ის «პოლიტიკური ცვედანები», ვისაც მისი პოლიტიკური ნიჭი არ მოჰმადლებია, - ისეთ ბინძურ არგუმენტებს მიმართავენ, რომლებსაც ვერც უპასუხებ, რადგან ყველა შემთხვევაში გაისვრები.
        არ არის გამორიცხული, ზურაბ ჟვანიას გარკვეული პროცენტი სომხის სისხლიც ჰქონდეს და ებრაელისაც – მერე ამით (თავისთავად ამით) რა დაშავდა? საქართველოს მოსახლეობის 90 პროცენტს მე-3, მე-4 თაობაში სხვა ეთნოსის სისხლი უხვად ურევია და საერთოდ, ჩვენი ქვეყნის ისტორიულ-ეთნიკური მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, მთლად «წმინდა სისხლისა» ბაგრატიონებიც არ არიან.
        ბაგრატიონები კი არა, თქვენ წარმოიდგინეთ, თვით ჩვენი ერის სულიერი მამის, თითოეული ჩვენგანისათვის მართლაც სათაყვანებელი ილია ჭავჭავაძის მშობლების გენეოლოგიას თუ გამოვიკვლევთ (განსაკუთრებით დედის ხაზით) – უეჭველად დავრწმუნდებით, რომ ასეთი «ბრალდებები» უბრალოდ სამარცხვინოა ნებისმიერი პოლიტიკოსის მიმართ.
        ზურაბ ჟვანიას და მის «რეფორმატორთა გუნდს» შეიძლება და უნდა ეკამათო კიდეც პოლიტიკურ საკითხებზე, კურსზეც, ტაქტიკაზეც და სტრატეგიაზეც, მაგრამ როცა სხვა არაფერი ახსენდებათ პოლიტიკოსებს «წამოსაძახებლად», ათასგვარი ბინძური მონაჭორის გარდა – ამით ჟვანიას პოზიცია არათუ სუსტდება, არამედ ძლიერდება, რადგან უსამართლობა და ტენდენციურობა მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს აღიზიანებს. ეს ის ხალხია, ვინც პოლიტიკოსის შეფასებისას პრაგმატული გათვლით ხელმძღვანელობს.

დილის გაზეთი, 26 ივლისი, 2000 წელი

მთელ გვერდზე