5 დეკემბრიდან მოსკოვში ვიზებით ვივლით
       

       

        საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს დღემდე ტკბილად ახსოვს ის დრო, როდესაც თბილისიდან-მოსკოვში ყოველდღიურად 9 რეისი სრულდებოდა.
        პირველი რეისი სისხამ დილით, 5 საათსა და 30 წუთზე მიფრინავდა. ბოლო - 23 საათსა და 30 წუთზე. სხვათა შორის, ყველაფერ სხვას რომ თავი დავანებოთ, ამ რეისებმა საქართველოში მთელი სოციალური ფენის ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი. თავად განსაჯეთ, – ორი ჩემოდანი ლიმონი (თითო ლიმონი მოსკოვის ბაზარზე მაშინ 3 მანეთი ღირდა) ათასობით მანეთი ღირდა. ხოლო ბილეთი მოსკოვამდე - 37 მანეთი. ე.ი. «ტუდა-აბრატნო» – 74 მანეთი. კვირაში ორი რეისის შესრულებას რა უშლიდა ხელს? არაფერი! საბჭოთა კავშირი ერთიანი სახელმწიფო იყო, რომლის მოქალაქეს «კორდონს იქით» არ ახედებდნენ, თორემ საბჭოთა კავშირის შიგნით გესეირნა რამდენიც გინდოდა.
        ვერც 9 აპრილმა და ვერც დამოუკიდებლობის დეკლარაციამ ეს ვითარება ვერ შეცვალა. ბილეთი გაძვირდა და თბილისიდან-მოსკოვამდე მგზავრობა 100 ლარი გახდა (შემდგომ – უფრო მეტი), მაგრამ თავისუფალი გადაადგილება არ შეზუღდულა – თუ ფული გქონდა არავინ გიშლიდა აგეღო ბილეთი და «საბჭოთა პასპორტით» გამგზავრებულიყავი რუსეთის ნებისმიერ ქალაქში – ისე მოგევლო ყველა ოლქი და გუბერნია, როგორც საბჭოთა ეპოქაში.
        აუცილებელი არ იყო თვითმფრინავით – ჩეჩნეთის ორ ომს შორის, რუსეთთან (აზერბაიჯანის გავლით) სარკინიგზო მიმოსვლაც აღდგა, ხოლო ავტობუსები თბილისიდან, აგრეთვე სხვა ქალაქებიდან დაახლოებით ისეთივე ინტენსიურობით მოძრაობდა ვლადიკავკაზ-როსტოვ-მოსკოვის მიმართულებით, როგორც საბჭოთა ეპოქაში.
        რაც მთავარია, არსებობდა ფსიქოლოგიური განცდა, რომ ნებისმიერ დროს შეგიძლია წახვიდე მოსკოვში (ან ლენინგრადში) და ხელისშემშლელი ფაქტორი შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ ფულის არქონა.
        5 დეკემბრიდან ეს ვითარება კარდინალურად შეიცვლება. რაც მთავარია, დაირღვა უძლიერესი ფსიქოლოგიური სტერეოტიპი, რომლითაც «დამოუკიდებლობის დეკლარაციის» მიუხედავად, რუსეთი მაინც არ აღიქმებოდა «საზღვარგარეთად».
        მივაქციოთ ყურადღება – თურქეთი «საზღვარგარეთია», მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერ მოქალაქეს სულ ადვილად, საზღვარზე პასპორტში შტამპის ჩარტყმით შეუძლია გადაკვეთოს საქართველო-თურქეთის საზღვარი.
        რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადების თანახმად, 5 დეკემბრიდან «სავიზო რეჟიმი» საქართველოსთან უკვე ძალაში შევა. სათანადო ჯგუფი თბილისში ჩამოვიდა არა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მოსალაპარაკებლად, არამედ თბილიში რუსეთის საელჩოს ინსტრუქტირებისათვის, თუ კონკრეტულად რა მექანიზმებით უნდა გასცენ ვიზები 5 დეკემბრიდან.
        დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ინსტრუქციები იმასაც ითვალისწინებს, რომ რაც შეიძლება მეტი პრობლემა შეექმნათ «ეთნიკურ ქართველებს» და ნაკლები – არაქართველებს.

მერიდიანი, 29 ნოემბერი, 2000 წელი

მთელ გვერდზე