ვის რა უნდა «თანხმობის კომისიაში»

        გუშინ პარლამენში გაიმართა ეგრეთ წოდებული, «თანხმობის კომისიის» მორიგი სხდომა, რომლის ერთ-ერთი მიზეზი (უეჭველად) დეპუტატ ჯემალ გამახარიას სენსაციური გამოსვლა გახდა.
        თუმცა, ამ ფაქტს თვით კომისიის წევრები არ აღიარებენ. მაგრამ გამახარიას გამოსვლა (ხელისუფლების «ალაგმვის» მოწოდებით) იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ არ შეიძლებოდა შედეგი არ მოჰყოლოდა -–მოჰყვა კიდეც... იმის საპირისპირო, რასაც თვით «ჭყონდიდელის» ლიდერი ელოდა: როგორც მოსალოდნელი იყო, სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა, რომელთათვისაც «ზვიადიზმი» მხოლოდ პოპულისტური არგუმენტია საარჩევნო და პოლიტიკური ქულების დასაგროვებლად, რადიკალურ მოთხოვნებს მხარი არ დაუჭირეს, რათა პასუხისმგებლობა არ ეკისრათ.
        რასაკვირველია, კაკო ელიავას სიკვდილში ხელისუფლებასთან ერთად ეს ოპოზიციაც დამნაშავეა - მან არაფერი გააკეთა საიმისოდ, რომ აკაკი ელიავა განეკურნა ძალზე უცნაური სინდრომისგან, რომელიც აბრაგს უქმნიდა ილუზიას, თითქოს ვერავინ ვერაფერს დააკლებდა, არც იარაღს ჩააბარებდა, მთელს საქართველოშიც შეიარაღებულ რაზმებთან ერთად ისეირნებდა, პოლიციაშიც გენერალს მძევლად აიყვანდა, ტყისკენ წაასხავდა, ხელისუფლებას თავს ლაფს დაასხამდა, იმავე ოპოზიციის საცინლად ასაგდებად აქცევდა, ხელისუფლება კი ლაფს მოიწმინდავდა და სამარცხვინოდ წალასლასდებოდა ტყეში საკუთარი გენერლის გამოსაშვებად ელიავასთან «სახვეწარ-საღიჭინოდ».
        ახლა რამდენიც უნდა იძახოს გამახარიამ, რომ «ეს იყო მკვლელობა და არა ანტიტერორისტულიო ოპერაცია» - ამით არაფერი შეიცვლება: ხელისუფლებამ ზუსტად გათვალა დრო, როდესაც ელიავას ვოიაჟები და იარაღის ჟღარუნი არასტაბილურობითა და ომით გადაქანცულ საზოგადოებას აღიზიანებდა.
        ხოლო «თანხმობის კომისია», რომელიც ისედაც მკვდრადშობილი ორგანო იყო - მომხდარის შემდეგ, ალბათ, საერთოდ შეწყვეტს არსებობას.
        რამდენიმე ცნობილმა «შემთანხმებელმა» კომისია უკვე დატოვა. მისი ფუნქცია, როგორც ჩანს, ციხეებში მყოფი «ზვიადისტებისა» და «მხედრიონელების» შეწყალება იყო და არა რაღაც «დიდი საზოგადოებრივი შეთანხმების» უზრუნველყოფა».
        ასეთი შეთანხმება უკვე შედგა (განურჩევლად კონკრეტული ხელისუფლებისადმი უარყოფითი ან დადებითი დამოკიდებულებისა), რადგან საქართველოს მოსახლეობის, აგრეთვე, პოლიტიკური პარტიების 99 პროცენტი (თუ, რასაკვირველია, აფსუა და ოს სეპარატისტებს არ ჩავთვლით), აღიარებს საქართველოს მოქმედ კონსტიტუციას.
        რაც შეეხება, ეგრეთ წოდებულ «პოლიტიკურ მოღვაწეებს», რომლებიც 8-10 წლის წინ ბარიკადის სხვადასხვა მხარეს იდგნენ, - მათ ვეღარაფერი შეარიგებს (ვინაიდან შეურიგებლის შერიგება შეუძლებელია) და, კაცმა რომ თქვას, არც არის ამის აუცილებლობა, - არ შერიგდებიან და ნუ შერიგდებიან: სულერთია, ახალ სამოქალაქო ომში ქვეყნის ჩათრევას ვეღარ შეძლებენ.
        ხოლო კაკო ელიავას «დამარხვა-არდამარხვასთან» დაკავშირებულ სამარცხვინო (ანტიქრისტიანულ) ამბავს «ზვიადიზმის» იდეოლოგიასთან საერთო არაფერი აქვს.
        კაკო ელიავას ბოლო დროს ზვიადისტები თავად სძულდა და ამას არც მალავდა.

დილის გაზეთი, 21 ივლისი, 2000 წელი

მთელ გვერდზე