ვიქტორ ალკსნისი საქართველოს ომს უცხადებს

        რუსეთის «გოსდუმის» წევრმა ვიქტორ ალკსნისმა ცხინვალში «სამხრეთ ოსეთის რესპუბოლიკის» ათი წლისთავზე ოსებს «დამოუკიდებლობა» რუსეთის ხელისუფლებისა და რუსი ხალხის სახელით მიულოცა. ეს გარეწარი თავის დროზე ლატვიიდან გააგდეს სისხლიანი გადატრიალების მცდელობისთვის (1991 წლის იანვარში) და ახლა, როგორც ჩანს, საქართველოზე იყრის ჯავრს
        ალკსნისის თავხედურ განცხადებებს ჯერჯერობით თბილისიდან არანაირი რეაქცია არ მოჰყოლია. ისევე, როგორც «დამოუკიდებლობის 10 წლისთავისადმი» მიძღვნილ ზეიმს არ მოჰყვა რაიმე განსაკუთრებული ხმაური დედაქალაქში.
        თუკი ხელისუფლების დუმილი კიდევ შეიძლება აიხსნას, არანაირი ლოგიკით არ აიხსნება საპარლამენტო ოპოზიციისა და, ზოგადად, ე.წ. ოპოზიციის დუმილი. დავუშვათ, ხელისუფლება არამზადაა და ამიტომ დუმს. ოპოზიცია რატომ დუმს არა მხოლოდ «სამაჩაბლოს», არამედ (დააკვირდით) აფხაზეთის პრობლემასთან დაკავშირებითაც? ვითომ იმიტომ, რომ არ უნდა ხელისუფლებას ატკინოს გული? რა თქმა უნდა, არა! უბრალოდ, იცის, რომ აფხაზეთისა და «სამაჩაბლოს» პრობლემა ათი წლის წინანდელისაგან განსხვავებით, საქართველოში აღარ არის აქტუალური და «ქულების მომტანი». ამიტომ თავადაც დუმან.
        ვიქტორ ალკსნისის განცხადების თანახმად, რუსეთის სახელმწიფო სათათბირო ყველაფერს გააკეთებს, რათა «სამხრეთ ოსეთი» - ჩრდილოეთ ოსეთს, ანუ რუსეთს შეუერთოს. ეს, რასაკვირველია, ზღაპარია. რუსეთი იურიდიულად არასოდეს დააკანონებს «სამხრეთ ოსეთის» შეერთებას და ამით არ შექმნის პოლიტიკურ პრეცედენტს, რომელიც მის წინააღმდეგ შემოტრიალდება.
        ან კი რაში სჭირდება? მოდით, მართლაც დავსვათ კითხვა: რაში სჭირდება რუსეთს ასეთი გადაწყვეტილების მიღება, როდესაც ისედაც ყველაფერს აკონტროლებს ამ ტერიტორიაზე? ცხინვალი, ფაქტობრივად, საქართველოს იურისდიქცია არ ვრცელდება, ბრუნავს რუსული რუბლი, იქ იმყოფება რუსეთის სამხედრო კონტინგენტი. საზღვარი «სამხრეთ ოსეთსა» და რუსეთს შორის არ არსებობს – სხვა აბა, რას ნიშნავს «შემოერთება»? რაში სჭირდება რუსეთს, ფაქტობრივად, არსებული ვითარების იურიდიულად გაფორმება, თუ ეს მხოლოდ პრობლემებს შეუქმნის?
        ყველაზე ადვილი იქნებოდა, ყოველივე ხელისუფლებისათვის დაგვებრალებინა, მაგრამ აბა, გავიხსენოთ, რორგორ განვითარდა მოვლენები 10 წლის წინ. ზვიად გამსახურდიამ დაიწყო ომი ამ ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის შესანარჩუნებლად. ბუნებრივი იყო რუსეთის საპასუხო რეაქციაც. ისევე, როგორც საქართველოში იმ ხალხის რეაქცია, რომელსაც არ სურდა ომი, სისხლისღვრა, უბედურება, არ სურდა რუსულ მედიაში საქართველოს იმიჯის შერყვნა (რაკი მიჩვეული იყო მანამდე რუსულად ყოველივე ქართულის ხოტბა-დიდებას), მაგრამ არც ტერიტორიის დაკარგვა სურდა და არ უნდოდა, ამასთანავე, იმის გაგება – დაჯერება, რომ ორივე ერთად არ გამოვიდოდა!
        «ერთი» ასეთი, ამას წინათ აღშფოთებას ვერ მალავდა – ოსი სეპარატისტები როგორ გათავხედდნენო. არადა, ეს პიროვნება და «მისთანანი» ექსპრეზიდენტს «პროვინციულ ფაშიზმსა» და «მცირერიცხოვანი ოსი ხალხის» გენოციდში ადანაშაულებდნენ.
        გამსახურდიას დამხობის ერთ-ერთ არგუმენტადაც ეს გამოიყენეს – აქაოდა, საქართველოს სახელი გაუტეხაო. Hჰოდა, ასეთ შემთხვევაში ნუღარ უკვირს, თუ დღევანდელი ხელისუფლება ითვალისწინებს ექსპრეზიდენტის შეცდომას და ამ შეცდომებს აღარ გაიმეორებს, - გამორიცხულია ხელისუფლებამ ამ ტერიტორიაზე ომი განაახლოს.
        და, მადლობა ღმერთს, რომ გამორიცხულია.
        ხელისუფლებამ შესანიშნავად იცის, რომ მის წინააღმდეგ წამოვა ზუსტად ისეთი პრობლემები, რაც ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ. ამიტომ ომს არ განაახლებს. მაგრამ რაც უფრო ნიშანდობლივია, ომის განახლებას არც ისინი მოითხოვენ, ვინც თითქოს «ოპოზიციაა», ვინაიდან შესანიშნავად უწყიან: ომი მოსახლეობას არ უნდა. თუ ამ საკითხს მეტისმეტად გაამწვავებენ, ხელისუფლება იძულებული გახდება ომი მაინც განაახლოს, მაგრამ პასუხისმგებლობა, უეჭველად, მასაც (ოპოზიციასაც) დაეკისრება.
        აი, ამიტომ არ ამწვავებენ არც სამაჩაბლოს, არც აფხაზეთის საკითხს.
        ამ ორ რეგიონში საქართველო ომით ვერაფერს მიაღწევს. გაცილებით ჭკვიანური იქნებოდა მშვიდი, დინჯი, მიზანმიმართული, გეგმაზომიერი მოქმედება და იმ დადებითი მხარეების გამოყენება, რაც შექმნილ ვითარებას, უეჭველია, თან ახლავს.
        დიახ, შექმნილ მდგომარეობას, რაოდენ მტკივნეულიც უნდა იყოს იგი, დადებითი მხარეებიც აქვს იმ პრინციპით, რომ «ზოგი ჭირი მარგებელია».

მერიდიანი, 22 სექტემბერი, 2000 წელი

მთელ გვერდზე