ვახტანგ რჩეულიშვილი «დაკარგულის» დასაბრუნებლად იბრძვის

        საშემოდგომო სესიის დაწყებისთანავე კვლავ გამწვავდა «მეხუთე ვიცე-სპიკერის» საკითხი. ვახტანგ რჩეულიშვილი კვლავ იბრძვის «დაკარგულის» დასაბრუნებლად. მას მიაჩნია, რომ «ვიცე-სპიკერობა» კანონიერად ეკუთვნის, ვინაიდან ეს თანამდებობა ეკავა 1992-1995 წელს ედუარდ შევარდნაძის ხელდასხმით.
        წინა პარლამენტში ვახტანგ რჩეულიშვილს შელაპარაკებაც კი მოუვიდა სპიკერატში ოპოზიციის წარმომადგენელ გიორგი კობახიძესთან, რომელიც ჯერ კიდევ ერთიანმა ედპ-მ გაიყვანა ვიცე-სპიკერის პოსტზე. ვახტანგ რჩეულიშვილმა კობახიძეს მიაძახა: შე, უბედურო, ამ პოსტზე როგორ და ვის ნაცვლად ზიხარო.
        მთელი ამ წლების განმავლობაში, ვახტანგ რჩეულიშვილს ვიცე-სპიკერობისთვის ბრძოლა არ შეუწყვეტია, თუმცა წინა პარლამენტში მისი ეს ბრძოლა «ხმამაღალი» და «ომახიანი» არ ყოფილა – უფრო კულუარულად რჩებოდა.
        მაგრამ ახალ პარლამენტში, როდესაც არსებობს ბერკეტები (თითქოს) «აღორძინების» ფარგლებში გარკვეული მექანიზმების ამოქმედებისა უმრავლესობაზე ზემოქმედების მოსახდენად, რჩეულიშვილი უფრო «მიმწოლი» გახდა.
        იმთავითვე უნდა ითქვას, რომ მისი ძალისხმევა უმიზნო ახირება სრულებითაც არ არის. რჩეულიშვილი ქართულ პარლამენტარიზმთან ერთად იზრდება – იგი აღარ ჰგავს დაუვიწყარი პირველი პარლამენტის «ჩხუბისთავ» ვიე-სპიკერს.
        მით უმეტეს, პლეხანოველ «ტუიას». რჩეულიშვილმა ზუსტად გათვალა, რომ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეობა ხელს შეუწყობდა მისი მთავარი ტაქტიკური (არასტრატეგიული) მიზნის განხორციელებას – იქცეს ოპოზიციის ლიდერად, ყველა ოპოზიციური ძალის ხელმძღვანელად!
        რჩეულიშვილს შესანიშნავად ესმის, რომ ამჟამინდელი ხელისუფლების ოპოზიცია მხოლოდ «მემარცხენე» შეიძლება იყოს თვისობრივად, თუმცა - «მემარჯვენე მინარევებით».
        ამიტომ «ვიცე-პრემიერ» ვახტანგ რჩეულიშვილს უფრო გაუადვილდებოდა შემდგომ შექმნას პოლიტიკური მოძრაობა «მემარცხენე ცენტრი». სტრატეგიული მიზანი კი (ამის შემდეგ), რა თქმა უნდა, საქართველოს პრეზიდენტობაა 2005 წელს.
        ეს არც არის გასაკვირი – აბა, რჩეულიშვილი რა ქართველი იქნება, საქართველოს პრეზიდენტობა არ უნდოდეს? ამაზე ყველა ქართველი ოცნებობს და «პირველი სოციალისტი» რასაკვირველია, არავისზე ნაკლები არ არის.
        სხვა საქმეა, მას რამდენად აქვს ამის შანსი. ძნელი შესამჩნევი არ არის, რომ იგივე «აღორძინების ბლოკი» რჩეულიშვილის მისწრაფებებს საკმაოდ გულგრილად შეხვდა.
        სწორედ იმიტომ, რომ პოლიტიკური ასპარეზის ოპოზიციურ სპექტრში ვახტანგ რჩეულიშვილის ფიგურის გაძლიერება «აღორძინების» ბლოკის ბევრ წარმომადგენელს სულაც არ ეპიტნავება.
        მით უმეტეს, რომ «აღორძინების» კონგლომერატის იმავე წარმომადგენლებს შესანიშნავად ესმით ის, რისი დაჯერებაც არაფრის დიდებით არ უნდა რჩეულიშვილს: 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებში ეს კონგლომერატი აღარ განმეორდება.
        ან აქ სხვა რამესთან გვაქვს საქმე: ესმის, მაგრამ იმედი აქვს, რომ ეს მხოლოდ «ორსუბიექტიანი კონგლომერატი» იქნება. მაშინ, მით უმეტეს, არ დაუჭერენ მხარს და არც უჭერენ, როგორც ხედავთ. «აღორძინების კოალიცია» ერთსულოვანი თუ იქნებოდა რჩეულიშვილის საკითხში, მას აქვს ბერკეტები, რათა ზემოქმედება მოახდინოს «უმრავლესობაზე». მაგრამ საქმეც სწორედ ის არის, რომ, მაგალითად, კაკო ასათიანს, რომელსაც არანაკლები სამომავლო ამბიცია და «დიდი გეგმები» აქვს, სულაც არ აწყობს «სოციალისტთა ლიდერის» გაძლიერება.
        დაახლოებით იგივე განწყობა აქვთ სხვა «ამღორძინებელ ფრაქციებს». გამონაკლისი აღმოჩნდა მხოლოდ ვახტანგ ბოჭორიშვილი, რომელმაც «ძველი რეაქციითა და ინერციით» განაგრძო პრობლემის გამწვავება, მაგრამ სხვები მრავალმნიშვნელოვნად დუმან.
        არადა, «აღორძინებას» შეუძლია გაამწვავოს ეს საკითხი (რასაც არ აკეთებს, როგორც ვხედავთ), დაემუქროს უმრავლესობას პროტესტის ნიშნად პარლამენტის დატოვებით ან საპარლამენტო სხდომებში მონაწილეობის შეჩერებით.
        არ აკეთებენ იმიტომ, რომ მათ შორის რჩეულიშვილი მართლა ყველაზე სერიოზული ფიგურაა და ეშინიათ.
        ერთადერთი, ვისაც ამ პრობლემის გადაწყვეტა შეუძლია, უდავოდ არის ასლან აბაშიძე, მას შეუძლია როგორც «აღორძინების ბლოკის» სხვა ლიდერებზე, ასევე თვით მოქალაქეთა კავშირზე ზემოქმედებაც – ვითარების ბოლოდროინდელი დათბობისა და ცენტრალურ ბიუჯეტში გარკვეული თანხების გადმორიცხვის თვალსაზრისით.
        მაგრამ აჭარის ლიდერიც ფრთხილობს, ვინაიდან რჩეულიშვილი ადვილად მართვადი ფიგურა არ არის. გარდა ამისა, ასლან აბაშიძეს «ცენტრთან» ურთიერთობის დათბობის «დახარჯვა» სხვა მიზნით სურს – რათა «გაიტანოს» აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის თავისუფალი ეკონომიკური ზონა.

მერიდიანი, 13 სექტემბერი, 2000 წელი

მთელ გვერდზე