ვამბობთ: «აჭარის სტატუსი», ვგულისხმობთ . . . . ?

ყოველ შემთხვევაში, ფაქტია, შევარდნაძე და აბაშიძე სხვადასხვა რამეს გულისხმობენ

          ბათუმში სენსაციური ვიზიტის დროს (საბოლოოდ დადასტურებულია, რომ ეს ვიზიტი ასლან აბაშიძის ინიციატივით შედგა, რასაც შევარდნაძე უმალვე გამოეხმაურა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ და საქართველოს პრეზიდენტმა თითქმის იდენტური განცხადებები გააკეთეს საქართველოს კონსტიტუციაში აჭარის სტატუსის დაფიქსირებასთან დაკავშირებით.
          ორივე თვლის, რომ ამის გაკეთება აუცილებელია, ანუ მათ განცხადებებში თითქოს არავითარი წინააღმდეგობა არ არსებობს. სინამდვილეში, შევარდნაძე და აბაშიძე ამ განცხადებებში სხვადასხვა შინაარსს დებენ.
          შევარდნაძე მიიჩნევს, რომ აუცილებელია არა მხოლოდ დაფიქსირდეს აჭარის სტატუსი (როგორც ავტონომიური რესპუბლიკისა) საქართველოს კონსტიტუციაში, არამედ განისაზღვროს ამ რესპუბლიკის ხელისუფლების უფლებამოსილებაც, ანუ გაიმიჯნოს უფლებამოსილება ცენტრალურ ხელისუფლებასა და ავტონომიის ხელისუფლებას შორის.
          ამჟამად საქართველოს კონსტიტუცია განსაზღვრავს ცენტრალური ხელისუფლების რამდენიმე ეჭვმიუტანელ პრეროგატივას. არსებობს (კონსტიტუციის პირველივე თავში) შესაბამისი ჩამონათვალიც: საზღვაო აკვატორიის დაცვა, საბაჟო, ფულად-საკრედიტო პოლიტიკა და ა.შ. ეს სფეროები ნებისმიერ (თუნდაც ფედერაციულ) ქვეყანაში მხოლოდ და მხოლოდ ცენტრალური ხელისუფლების უეჭველ პრეროგატივას განეკუთვნება.
          მაგრამ რაკი არ არის გამიჯნული (შესაბამისი ხელშეკრულებით ან კონსტიტუციური კანონით) უფლებამოსილებანი ცენტრალურ ხელისუფლებასა და ავტონომიის ხელისუფლებას შორის, ავტონომიური ხელისუფლების ლიდერი თავხედურად აცხადებს, რომ კონსტიტუციის ზემომოყვანილი მუხლი მათ არ ეხება. აქედან გამომდინარე, აჭარის საზღვრებს, საზღვაო აკვატორიას და ა.შ.
          ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფალთა თანხმობის გარეშე, ცენტრალური ხელისუფლების შესაბამის უწყებათა თუნდაც ხელმძღვანელები აჭარის საზღვაო აკვატორიაში ან სარფის საბაჟოზე ცხვირსაც ვერ შეყოფენ, - მართვაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია.
          ამრიგად, სავსებით ბუნებრივი იქნება, თუ პრეზიდენტი პარლამენტს შესთავაზებს კანონპროექტს «აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ», რომელსაც ექნება კონსტიტუციური ძალა (მიიღება მხოლოდ ხმათა კვალიფიკაციური უმრავლესობით) და იქცევა ქვეყნის ძირითადი კანონის ორგანულ ნაწილად. ამ კანონით, ბოლოს და ბოლოს, განისაზღვრება, რისი უფლება აქვს ცენტრალურ ხელისუფლებას და რისი უფლება აქვს ავტონომიის სახელისუფლო ორგანოებს.
          მაგალითად, აქვს თუ არა უფლება (ვთქვათ) ავტონომიის უმაღლეს საბჭოს, თვითონ განსაზღვროს რამდენს დაიტოვებს ბიუჯეტში აქციზისა და დამატებითი ღირებულებების გადასახადიდან, აგრეთვე საბაჟოდან (ყველა ქვეყანაში სამივე ეს მიმართულება მკაცრად ცენტრალიზებულია, ვერ დაასახელებთ თუნდაც ერთ გამონაკლისს) და რამდენს გადმორიცხავს ცენტრში, ანუ თბილისში (ცენტრალურ ანგარიშზე ბათუმში ჩარიცხვა და თბილისში გადმორიცხვა ერთი და იგივე არ არის).
          წარმოუდგენელია ედუარდ შევარდნაძემ (თუნდაც აბაშიძის მიერ თავისი კანდიდატურის მოხსნის ფასად, რასაც იგი იმთავითვე ისედაც აპირებდა, ვინაიდან საქართველოს პრეზიდენტობა, სინამდვილეში, აზრადაც არ მოსვლია) პარლამენტს შესთავაზოს მხოლოდ სახელწოდების (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა) ჩაწერა კონსტიტუციაში - სტატუსის განსაზღვრისა და უფლებამოსილებათა გამიჯვნის გარეშე, ვინაიდან ამ შემთხვევაში იურიდიული ძალა ექნება მხოლოდ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციას, რომლის მიხედვითაც, ჯერ კიდევ საბჭოთა ეპოქიდან, აჭარა, ფაქტობრივად, სუვერენული სახელმწიფოა, - სახელმწიფოებრიობის ყველა ატრიბუტით.
          არადა, ასლან აბაშიძე «სტატუსის განსაზღვრაში» გულისხმობდა სწორედ მხოლოდ სახელწოდების ჩაწერას კონსტიტუციაში და უფლებამოსილებათა გასამიჯნად მოლაპარაკების დაწყებას.
          თუმცა, იმთავითვე ცხადია (ანალოგიური მოლაპარაკებების გამოცდილება გვარწმუნებს), რომ ეს მოლაპარაკება მეორედ მოსვლამდე გაჭიანურდება. ამიტომ ყველაზე გონივრული გამოსავალი იქნებოდა ჯერ «უფლებამოსილებათა» შესახებ მოლაპარაკება და მხოლოდ ამის შემდეგ, - კონსტიტუციური კანონის მიღება.
          თუმცა, დავუშვათ, შევარდნაძემ მაინც შესთავაზა პარლამენტს მხოლოდ სახელწოდების ჩაწერა. პარლამენტი ამ წინადადებას მხარს არ დაუჭერს, პრეზიდენტის ინიციატივას უარყოფს და მართალიც იქნება.
          შესაბამისი განცხადება უკვე გააკეთეს «მოქალაქეთა კავშირის» ლიდერებმა. არა მგონია, ოპოზიციამაც მაინცდამაინც «თავი მოიკლას».
          მიაქციეთ ყურადღება: 31 ოქტომბრის არჩევნებიდან უკვე თითქმის 4 თვე გავიდა, მაგრამ არც «სოციალისტები», არც «ტრადიციონალისტები» და არც «ზვიადისტები» მწვავედ არ აყენებენ ე.წ. «თავისუფალი ეკონომიკური ზონის» შესახებ კანონპროექტის მიღების საკითხს. ესეც ბუნებრივია, ვინაიდან მათ საქართველოს საერთო პრობლემატიკა უფრო აწუხებთ, ვიდრე რაიმე კერძო პრობლემა.
          ამრიგად, შეიძლება დიდი სიზუსტით ვივარაუდოთ, რომ საკითხი კვლავ «ჰაერში გამოკიდებული» დარჩება: საქართველოს კონსტიტუციაში «სამი სიტყვა» არ ჩაიწერება, სამაგიეროდ, უფლებამოსილებათა გამიჯვნის თაობაზე რაიმე მოლაპარაკებაც არ გაიმართება ან უსაშველოდ გაჭიანურდება.
          ერთადერთი გამოსავალი იქნებოდა, საქართველოს პარლამენტს (რა თქმა უნდა, მას აქვს ამის უფლება) თვითონ შეემუშავებინა (ყოველგვარი მოლაპარაკებების გარეშე) და მიეღო ორგანული კანონი, რომლითაც განისაზღვრებოდა ავტონომიის სტატუსი საქართველოს შემადგენლობაში.
          კანონის მიღებაში სერიოზული წვლილი შეიძლება შეიტანონ «სოციალისტებმა», «ტრადიციონალისტებმა» და «ზვიადისტებმა», რომლებიც აღჭურვილნი არიან აჭარის მოსახლეობის მანდატით, ვინაიდან «აღორძინების ბლოკის» ხმები აჭარაში მათაც ეკუთვნით.

მერიდიანი, 25 თებერვალი, 2000 წელი

მთელ გვერდზე