უმრავლესობამ ფრთები გამოისხა; «მოქალაქეთა» ბაზაზე შეიძლება რამდენიმე საპარლამენტო დაჯგუფება შეიქმნას

        ედუარდ შევარდნაძის კომენტარი «განახლებულ» ბრიფინგზე «მოქალაქეთა კავშირში» შექმნილი მდგომარეობის შესახებ, სავსებით ლოგიკურია და მთლიანად შეესაბამება პრეზიდენტის ამჟამინდელ სახელისუფლებო ინტერესებს. შევარდნაძის განცხადებით «კარგია თუ ცუდია, ეს პარტია ჩემი შექმნილია და მე მის დატოვებას არ ვაპირებ». ამას მოჰყვა კიდევ ერთი ნიშანდობლივი განცხადება: «სამწუხაროდ, არა მაქვს საშუალება, უშუალოდ ვუხელმძღვანელო პარტიას» - რაც ბოლოდროინდელი ორომტრიალთან გამიჯვნას ნიშნავს.
        სრულებითაც არ არის გამორიცხული, ეს ორომტრიალი ზურაბ ჟვანიას მიერ ჩაფიქრებული და განხორციელებული კიდევ ერთი ეშმაკური სვლა იყოს (პრეზიდენტთან შეთანხმებით), რათა საპარლამენტო ოპოზიციისთვის პოლიტიკური არგუმენტაცია (ანუ პოლიტიკური საფუძველი) გამოეცალა.
        თუ «აღორძინების კოალიციას» ჰგონია, რომ არასდროს არავინ შეახსენებს იმას, რაც მინისტრების კანდიდატურათა კენჭისყრისას მოხდა, ძალიან ცდება. უკვე შეახსენეს კიდეც: როგორც აღმოჩნდა, ნინო ჩხობაძის, მერაბ ადეიშვილისა და ბაკურ გულუას კანდიდატურების კენჭისყრისას, «ოპოზიციის» მრავალმა წარმომადგენელმა «მომხრედაც» მისცა ხმა და «წინააღმდეგაც».
        მათ უბრალოდ არ გაითვალისწინეს, რომ აპარატურა, რომელიც დამონტაჟებულია სხდომათა დარბაზში, აფიქსირებს მხოლოდ პირველ სიგნალს (მომხრედ) და არა ორივეს (მომხრეც და მოწინაღმდეგეც), ამიტომ შეუძლებელია ისეთი შთაბეჭდილების შექმნა, თითქოს ოპოზიციამ სამივე «მინისტრს» წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო მინისტრი მაინც გავიდა, ვინაიდან «უმრავლესობის – უმრავლესობამ» ჟვანია-სააკაშვილის გუნდს მხარი არ დაუჭირა.
        სინამდვილეში, მაგალითად ჩხობაძესთან დაკავშირებით, მმართველ პარტიაში ხმები დაახლოებით თანაბრად გაიყო და სწორედ ოპოზიციის ხმათა დახმარებით «გავიდა» იგი კენჭისყრის შედეგად.
        იმავდროულად, თუ «სმკ»-ში განხეთქილებაზე» საუბრისას გულისხმობენ პარლამენტში ზურაბ ჟვანიას პოზიციათა შესუსტებას, ჯერჯერობით, საამისო საფუძველი არ არსებობს: «მოქალაქეთა კავშირის» პირობითი გაყოფა «რეტროგრადებად» და «რეფორმატორებად» სრულებითაც არ ნიშნავს, თითქოს ამა თუ იმ საკითხში «რეფორმატორებთან» დაპირისპირებას «რეტროგრადები» გადააქცევენ ზურაბ ჟვანიასთან დაპირისპირებად.
        ანუ ზურაბ ჟვანიას ეძლევა შანსი, დაიწყოს «ბალანსირება» ამ ორი ფრთის ინტერესებზე, თუმცა, მისი სტრატეგიული ინტერესი რომელს უკავშირდება – იმთავითვე ნათელია. «მოქალაქეთა კავშირის» ბაზაზე შეიძლება შეიქმნას კიდევ ერთი-ორი საპარლამენტო დაჯგუფება, მაგრამ ჟვანია მოახერხებს «გადანაწილება» მოხდეს «უმრავლესობის» შიგნით, რაც უზრუნველყოფს მანევრირებისათვის აუცილებელი სივრცის გაფართოებას არა მხოლოდ ჟვანიასთვის, არამედ შევარდნაძისთვისაც.
        სხვა საქმეა თვით «უმრავლესობის» დაშლა, მაგრამ ნუ დავივიწყებთ, რომ «აფხაზეთის» ფრაქციაც კი, რომელიც გავიდა «უმრავლესობიდან» - «ოპოზიციაში» არ გადასულა: მან, უბრალოდ მოიპოვა პოლიტიკური დამოუკიდებლობა და არ სურს შეზღუდოს იგი «უმრავლესობის» ან «უმცირესობის» კოალიციებისადმი პასუხისმგებლობით იმ პირობითაც კი, რომ ორივე კოალიცია ითვალისწინებს გარკვეულ «ავტონომიას» თავისი სუბიექტებისათვის.
        ცოტამ თუ მიაქცია ყურადღება კიდევ უფრო მნიშვნელოვან მომენტს: «ბალანსირება» სრულებით ახალი ტაქტიკაა ზურაბ ჟვანიასთვის, რაც მის სამომავლო გეგმებზე მეტყველებს, მაგრამ ეს «საპარლამენტო ტაქტიკა» (ვიმეორებ) მთლიანად შეესაბამება პრეზიდენტ შევარდნაძის ინტერესებს.
        მით უმეტეს, რომ შევარდნაძეს, როგორც ჩანს, ეჭვი არ ეპარება: ავტონომიურობის როგორი დონითაც არ უნდა სარგებლობდეს «უმრავლესობის» სხვადასხვა დაჯგუფება, ჟვანია მოახერხებს მათ კონსოლიდირებას კარდინალური (პრეზიდენტისათვის მართლაც «სასიცოცხლოდ» აუცილებელი) გადაწყვეტილების მისაღებად. არც გულუას, არც ჩხობაძის და არც «ეროვნული რეკვიზიტების» პრობლემატიკა ასეთ საკითხთა რიგს არ განეკუთვნებოდა.
        ედუარდ შევარდნაძე ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის, თითქოს «პარლამენტი არ ეპუება», მაგრამ სინამდვილეში, საპარლამენტო უმრავლესობა სტრატეგიულ საკითხებში (რამდენიმე წვრილმან, ტაქტიკური მნიშვნელობის საკითხს არ ვთვლი – ავტ.) სწორედ მისი ინტერესების შესაბამისად მოქმედებს, ხოლო, როდესაც ეს ინტერესები შეილახა (ცნობილი «ხელმოწერების» ეპიზოდში) პრეზიდენტის «მუშტის დაბრახუნება» საკმარისი გახდა «მეტისმეტი ფრონტის» ჩასახშობად.
        მთლიანობაში კი, ეს ტაქტიკა საშუალებას აძლევს ედუარდ შევარდნაძეს, არ დაარღვიოს პიროვნული პასუხისმგებლობით და პიროვნული მადლიერებით ნაკისრი ვალდებულებები (თუნდაც იმავე ბაკურ გულუას მიმართ) ამიტომ თითქმის ყველა, ვინც «მოქალაქეთა კავშირის» სხვადასხვა დაჯგუფების მზარდ ავტონომიურობას შეეწირა, ინარჩუნებს ლოიალობას პრეზიდენტისადმი.
        შესაძლოა, «სხვა გზაც არა აქვს», ვინაიდან ფორმალურად, ედუარდ შევარდნაძეს არც ერთი «ობლიგაცია» არ დაურღვევია. ყოველ შემთხვევაში, ასეთი ახალი «თამაში წესი» ყველა იმ სუბიექტს აძლევს ხელს, ვისაც «საერთო პოლიტიკური ნიადაგი» არ დაუკარგავს, როგორც ჩანს, «საერთო ნიადაგის» თეორიით ჯერ-ჯერობით ედუარდ შევარდნაძემ და ზურაბ ჟვანიამ უფრო ისარგებლეს, ვიდრე მათმა მოწინააღმდეგეებმა. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ არსებობს გარკვეული ზღვარი, რომლის დარღვევა ნამდვილად არ შეიძლება და რომლის «გადასვლა» მეორე უკიდურესობაში გადავარდნას ნიშნავს.
        ამრიგად «უმრავლესობის ფრაგმენტაცია» გარკვეულწილად ასახავს პოლიტიკური სპექტრისა და ელექტორატის ფრაგმენტაციას. პარლამენტში ფუძნდება ორი კოალიცია. თითოეული სუბიექტის ინტერესები კარდინალურად ეწინააღმდეგება მეორე კოალიციის სუბიექტთა ინტერესებს – მჟღავნდება «საერთო ნიადაგის» ვითარება, როდესაც ერთს ედუარდ შევარდნაძე უქმნის «ნიადაგს», მეორეს – ასლან აბაშიძე და არც ერთი მათგანი, რა თქმა უნდა, არ მოინდომებს ფეხქვეშ ნიადაგის გამოცლას.
        ვგულისხმობ, ერთი მხრივ, ნიადაგის შემოქმედთ, მეორე მხრივ კოალიციათა სუბიექტებს.
        შესაძლოა დღევანდელი პარლამენტი (უფრო ზუსტად, პარლამენტში დღეს არსებული პოლიტიკური კონფიგურაცია) უფრო იმ ვითარებას ასახავდეს, რომ დეპუტაციებს (ფრაქციული «სუბიექტურობის» მიუხედავად) ამჟამად მეტისმეტად «შორეულად» და უსაფრთხოდ მიაჩნიათ 2003 წლის არჩევნების ძლივს გასაგონი გრუხუნი. მაგრამ მისი მოახლოებისთანავე «საერთო ნიადაგი» მაინც შეასრულებს თავის უმთავრეს ფუნქციას. ასე რომ, ორივე კოალიცია კვლავინდებურად მყარად დგას თავ-თავის ნიადაგზე.

7 დღე, 7 ივნისი, 2000 წელი

მთელ გვერდზე