თბილისი – ქართული იერუსალიმი

        ბათუმთან რუსული სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფამ წლევანდელი «თბილისობა» რა თქმა უნდა, გააფერმკრთალა, ვინაიდან გაუქმდა ან გადაიდო ყველა საზეიმო ღონისძიება, კონცერტი თუ სანახაობა.
        მაგრამ თავისთავად, «თბილისობის» დღესასწაული კომუნისტურ ხანაში წარმოშობილ დღესასწაულთაგან ერთადერთია, რომელსაც გარკვეული ეროვნულ-სახელმწიფოებრივი საზრისიც ნამდვილად ახლავს თან.
        აქ, არავითარი გადაჭარბება არ არის და აი, რატომ: ბოლო ათწლეულში საქართველოს საზარელი ტრაგედიის უმთავრესი მიზეზი უდავოდ ის გახდა, რომ ეროვნულ ცნობიერებაში შეიქმნა აბსოლუტურად განუხორციელებელი დომინანტი.
        ის, რასაც ჩვენ «ქვეყნის მთლიანობას» ან «სამშობლოს მთლიანობას» ვუწოდებთ, დამოუკიდებლობის მოპოვების პროცესში აუცილებლად იქნებოდა ხელყოფილი, როგორც გარე, ასევე შიდა ძალების მიერ და რაც მთავარია (ისევ და ისევ დამოუკიდებლობის პირობებში), ამ ფასეულობების დაცვა სრულიად შეუძლებელი იქნებოდა – მეტისმეტად მძლავრი გეოპოლიტიკური ფაქტორები ამოქმედდა საქართველოს მთლიანობის საწინააღმდეგოდ.
        თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ თვალსაზრისით, 1988-93 წლებში რეალობასთან შეუსაბამო აღმოჩნდა და სრული კრახი განიცადა იმ ეროვნულ-სახელმწფიოებრივმა კონცეფციამ, რომელიც მთელი მეოცე საუკუნის განმავლობაში იქსოვებოდა ქართული ინტელიგენციის წიაღში და, სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, - ეფუძნებოდა ქართული ეროვნული ცნობიერების დომინანტებს ისევე, როგორც ისტორიულ ტრადიციას.
        «სამშობლოს მთლიანობა», «საქართველოების» (მიაქციეთ ყურადღება – და არა «ქართველთა») ერთიანობა უპირველესი ცნობიერი პრიორიტეტი იყო მაშინაც კი, როდესაც ქვეყანა ერთმანეთისგან სრულიად დამოუკიდებელ სამთავროებად, სამეფოებად, თუ საფაშო-სახანოებად დაიშალა, რომელთაც ერთმანეთთან წიგნიერების, ენისა და (არაყოველთვის და ყველგან) სარწმაუნოების გარდა არაფერი აერთიანებდათ.
        ეს ფსიქოლოგიური დომინანტი იმდენად თვისებრივი აღმოჩნდა, იმდენად შეესისხლხორცა ქართულ ეთნოფსიქოლოგიას, რომ მისმა ხელყოფამ, დარღვევამ, უაღრესად დამანგრეველი ზემოქმედება მოახდინა ეთნოფსიქიკაზე და, აქედან გამომდინარე, მსოფლიო აღქმაზე – რომ აღარაფერი ვთქვათ, ეგრეთ წოდებულ, «პოლიტიკურ პროცესებზე».
        არადა, რაც მთავარია, ეს დომინანტი აბსოლუტურად შეუსაბამო და შეუთავსებელია მეოცე საუკუნის მიწურულის საკაცობრიო დომინანტებთან, რომელიც (კოსოვოს მაგალითმა თვალნათლივ დაადასტურა) სრულებითაც არ მიიჩნევს პრიორიტეტად «ქვეყნის მთლიანობას». – ყოველ შემთხვევაში, «უმცირესობათა თვითგამორკვევისა» და მით უმეტეს, პიროვნული თავისუფლების პრიორიტეტებთან შედარებით. მაგრამ ქართულ ცნობიერებას ამ რეალობასთან შერიგება არ სურს. მას არ სურს შეურიგდეს იმას, რომ სომეხმა (ყარაბაღელმა), ოსმა და აფსუა სეპარატისტებმა გაიმარჯვეს, არა მხოლოდ რუსეთის ველიკოდერჟავულ-იმპერიული, უსინდისო, ორმაგ სტანდარტზე დაფუძნებული პოლიტიკის შედეგად (რაც იმავე რუსეთს ჩეჩნეთში, თუ სხვაგანაც ბუმერანგად დაუბრუნდებ), არამედ აგრეთვე იმის გამო, რომ ეს ტენდენცია მსოფლიო ტენდენციათა თანმხვედრი აღმოჩნდა.
        ამიტომაც, ნუ გამოიწვევს მეტისმეტად მტკივნეულ რეაქციას თუ ვიტყვი, რომ აქ უეჭველად არსებობს «შეუქცევადის» ცნება. ხოლო ლტოლვილთა დაბრუნებას (პიროვნული უფლებების აღდგენას( ნუ გავაიგივებთ «ქვეყნის მთლიანობის აღდგენასთან». პივრელი სავსებთი შესაძლებელია და რეალური. მეორე კი, არ არის გამორიცხული, შეუძლებელიო აღმოჩნდეს- ისევ და ისევ, იმ (ჩვენი აღქმით) უსამართლო რეალობის გამო, რაც საქართველოს ირგვლივ იქმნება.
        ნურვის ჰგონია, თითქოს იმ შემთხვევაშიც კი, თუ რუსეთი მხარს დაგვიჭერს (რაც ზღაპარია) – საერთაშორისო გაერთიანებაც (იგივე დასავლეთი) დაუჭერს მხარს «მთლიანობის ძალით აღდგენას», ანუ ომითა და სისხლისღვრით.
        დღეს ქვეყნის მთლიანობის დარღვევას აღვიქვამთ, როგორც ფიზიკურ ტკივილს , ფიზიკურ ჭრილობას. ვერ წარმომიდგენია ნორმალური ქართველი, ვინც მართლაც ფიზიკურ ტკივილს არ გრძნობდეს, როდესაც შეხედავს საქართველოს რუკას და დაინახავს, მწარე ოხვრით აღიქვამს საქართველოს, რომლის საზღვარი (ფაქტობრივად) გადის ენგურზე და ზოგიერთ სხვა მდინარეზეც, ხოლო ქართლის გულში ღრმად შემოჭრილა უცხო, ვეებერთელა სხეული- მაჯლაჯუნა.
        ვიმეორებ: ასეთია ყველა ნორმალური ქართველის აღქმა, ვინაიდან ეს ისტორიული ეთნოფსიქოლოგიური ტრადიციაა.
        მაგრამ საუბედუროდ და სავალალოდ, ეს ტრადიცია, როგორც ჩანს, 21-ე საუკუნისა და მესამე ათასწლეულის შეუსაბამოა, ამიტომ რაოდენ ძნელი და მტკივნეულიც უნდა იყოს, აქ რაღაც უნდა შეიცვალოს.
        ეს იმდენად რთული და მნიშვნელოვანი საკითხია, რაიმე «რეცეპტის» ან «კონცეფციის» გამოთქმას, აბა, როგორ გავბედავ, მაგრამ მოდით შევადაროთ სხვის აღქმას. მაგალითად, ებრაელი ხალხისა. ებრაელი ერი, «სამშობლოს» ცნებას ეთნოფსიქოლოგიური თვალსაზრისით აბსოლუტურად განსხვავებულად აღიქვამს, ვიდრე ქართველობა. მიაქციეთ ყურადღება: ებრაელებისთვის არანაირი პრობლემა არ იყო ისრაელში კომპაქტურად დასახლებული პალესტინელებისთვის ავტონომიის მინიჭება, როგორც «დასავლეთ სანაპიროზე» (მდინარე იორდანეასა – ავტ.), ასევე ღაზას სექტორში. უფრო მეტიც, - ამჟამინდელი «ინტიფადას» მსვლელობისას ისრაელის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება «პალესტინური ტერიტორიებისაგან» ცალმხრივად გამოყოფა-გამიჯვნის» შესახებ. ისრაელის არმიამ დაიწყო რკინაბ-ეტოლნის ჯებირთა მშენებლობა ორივე «ავტონომიის» გარშემო და იქით სთავაზობს არაბებს- გამოაცხადეთ დამოუკიდებლობა და გამოგვეყავით, მოგვწყდით თავიდან – ჯანდაბამდეც გზა გქონიათო. ქართული ცნობიერებისთვის ამგვარი რამ აბსოლუტრურად მიუღებელი და გაუგებარია. ორივე ტერიტორია ისტორიული ისრაელის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა. ამდენად, «დასავლეთ-სანაპიროს», აგრეთვე «ღაზას სექტორის» გამოყოფა ისრაელის სახელმწფიოსაგან ხომ «ქვეყნის მთლიანობიოს დარღვევა იქნება?»
        აი, სწორედ ამ ფსიქოლოგიური განწყობით (როგორც «კუთვნილის დაკარგვა») აღვიქვამთ ჩვენ იმ პროცესს, რასაც ვუწოდებთ «ტერიტორიულ დანაკარგს». სამწუხაროდ, ამ პროცესს ვაიგივებთ ლტოლვილთა უბედურებაესთან, რაც სინამდვილეში ერთი და იგივე არ არის. მაგრამ არაბები, დამოუკიდებლობის გამოცხადებას არ ჩქარობენ, ვინაიდან მათ სურთ შექმნან სახელმწიფო დედაქალაქით იერუსალიმში!
        აი, ეს კი ნურას უკაცრავად!!! ებრაელი ხალხი ამას არასდროს შეურიგდება, ვინაიდან იერუსალიმი მისთვის არის არა ტერიტორია, არამედ ერის შემკრები ტრანსცენდენტური წერტილი, ეროვნულობის საფუძველი, ეთნოიდენტიფიკაციის სულიერი გამოხატულება, უფრო მეტიც, - გარკვეული აზრით, ეთნოიდენტიფიკაციის აუცილებელი პირობა, ისევე, როგორც ეროვნული თვითდამკვიდრებისა. ათასწლეულთა განმაევლობაში მსოფლიოს ყველა წერტილში მცხოვრები ებრაელები რამოდენიმე საათით განშორების რდოსაც კი ერთმანეთს ასე ეშმვიოდბებოდნენ: «გაისად შევხვდებით იერუსალიმში». ეს მათთვის იგივე იყო, რაც ჩვენთვის უბრალო «ნახვამდის». ამიტომ ჩემი აზრით, თუ «საქმე საქმეზე» მიდგა, ებრაელი ხალხი თვით «აფთქმული მიწის» უდიდეს ნაწილსაც კი გაცვლის იერუსალიმში – ოღონდ თვით ეს გრძნეული ქალაქი უპირობოდ და სამარადჟამოდ შეინარჩუნოს. მესმის, რომ ებრაული ეროვნული ტრადიციისათვის იერუსალიმი ბევრად უფრო მეტია, ვიდრე თბილიოსი ქართველებისთვის, მაგრამ აქ სხვა რამეზე გვაქვს საუბარი: აუცილებლად უნდა შეიცვალოს «სამშობლოსა» და «ეროვნულობის» ცნებათა ურთიერთმიმართება. წინაღმდეგ შემთხვევაში, ადრინდელიო ტრადიციული აღქმა იმდენად მტკივნეულია (რაკი ვეღარ განხორციელდება სრულქმნილად, რომ საბოლოოდ დაანგრევს ერის ფსიქიკას. გადარჩენისა და გამოჯანსაღების მაჩვენებელი ქნება მხოლოდ ასეთი დამოკიდებულება: «არ გინდათ საქართველოში ცხოვრება არ გინდათ ქართველობა (ზოგიერთ შემთხვევაში «სხვა მდინარეთა» მიმართ) – კისერიც გიტეხიათ! მესმის, მკითხველთა აბსოლუტური უმრავლესობა შემრისხავს, მაგრამ სხვა გამოსავალი არ არის მსოფლიო ტენდენციათა გათვალისწინებით, თორემ ისეთი ქართველი შევარცხვინე, ვისაც ეს უხაროდეს.
        სულ ერთია, საქართველო მაინც შეინარჩუნებს ქართულ რეგიონებსაც და ზღვაზე გასასვლელსაც, რაც საკმარისია ერის ცხოველმყოფელობისთვის. თბილისი კი «ეროვნულობის შემკრებად» იქცევა.
        სამშობლოს «ქართული აღქმა» რომ სხვა ტრადიციის წარმომადგენლისთვის აბსოლუტურად გაუგებარია, მაშინაც გამოჩნდა, როდესაც ებრაელმა სახაროვმა საქართველოს «მცირე იმპერია» უწოდა. არ გეგონოთ, აქ რაიმე სიძულვილი იყო ქართველებისადმი. უბრალლოდ, ანდრეი სახაროვი სხვა გენეტიკური ტრადიციული კოდის მატარებელი იყო და მისთვის «სამშობლოს» ქართული აღქმა ისეთივე გაუგებარი აღმოჩნდა, როგრც რუსული, რომელიც, სხვათა შორის, რაღაცით ქართულის მსგავსია, მაგრამ მაინც არა ასეთი მძვინვარე, ესოდენ მტკივნეული და მჭმუნვარედ ფანატიკურია, როგორც ჩვენ.
        და ბოლოს: სრული დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ის, ვინც თბილისს ემიჯნება, ვინც ცდილობს თბილისს დაუმკვიდროს ხატი «შეთქმულებათა ბუდისა», ვინც მოწადინებულია თბილისი დაუპირისპიროს დანარჩენ საქართველოს და გამიჯნოს იგი «საქართველოს» ცნებისგან, უეჭველად ქვეყნის უბოროტესი მტერია (სინამდვილეში), ვინაიდან... რა არ გადაიტანა იერუსალიმმა, რა «ქვა» არ დატრიალებულა მის თავს, ავაზაკობაც ბევრი იყო გრძნეულ ქალაქში, ეს ავაზაკები ხშირად მას მთლიანად ეუფლებოდნენ, მაგრამ... ავაზაკების გამო იერუსალიმი არავის შეუძულებია.

დილის გაზეთი, 30 ოქტომბერი, 2000 წელი

მთელ გვერდზე