აფხაზეთის პრობლემა ან არ გადაწყდება, ან გადაწყდება მხოლოდ ძალით

        აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ თამაზ ნადარეიშვილმა ხელისუფლებას შეახსენა, რომ აფხაზეთის პრობლემა არსებობს და მას გადაწყვეტა სჭირდება.
        ნიშანდობლივია, რომ «აფხაზეთი» აღარ ახსოვს არა მხოლოდ მმართველ, თუ სახელმწიფო პარტიას, არამედ ე.წ. ოპოზიციასაც. ყოველ შემთხვევაში, აფხაზეთის შესახებ რაიმე სერიოზული დისკუსია პარლამენტში არ ყოფილა 1997 წლიდან, როდესაც «სახალხო პარტიამ» გალის რაიონიდან რუსეთის სამშვიდობო ძალების გაყვანა მოითხოვა.
        მათთვის მოულოდნელად, მოქალაქეთა კავშირმა და პრეზიდენტმა ამ წინადადებას მხარი დაუჭირა, ოპოზიციამ (იგი წინააღმდეგობას ელოდა) კი უკან დაიხია, ვინაიდან პასუხისმგებლობას შეუშინდა.
        1998 წლის მაისის მოვლენათა შემდეგ, საქართველოში, ალბათ, აღარავის ეგონა, რომ სამურზაყანოში ვინმე ოდესმე კიდევ რაიმეს გაბედავდა. სეპარატისტებიც «საუკუნოვან გამარჯვებას» ზეიმობდნენ. მაგრამ შეცდნენ, საბედნიეროდ, უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში ქართველმა პარტიზანებმა გალის რაიონში ოცამდე შეიარაღებული სეპარატისტი გაანადგურეს.
        არძინბას ხელისუფლება არ იმჩნევს, მაგრამ შოვინისტურად განწყობილი სეპარატისტული მოსახლეობაც მიხვდა, რომ «ომის დამთავრება» ილუზიაა და, მიუხედავად ომში გამარჯვებისა, მშვიდი ცხოვრება ნამდვილად არა აქვთ და არ ექნებათ. ბუნებრივია, ამ პროცესებს სწორედ აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლება ხელმძღვანელობს. ყოველ შემთხვევაში, ასე უნდა იყოს – აბა, სხვა რა საქმე აქვთ? თამაზ ნადარეიშვილის ძალიან დიდი (ყველაზე დიდი) დამსახურება ის არის, რომ მან შეინარჩუნა შეიარაღებული ფორმირება, რომელსაც ბევრი რამის გაკეთება შეუძლია. ოღონდ აბსოლუტურად გაუგებარია, რას მიაღწევს ნადარეიშვილი «გაეროში საკითხის გამწვავებით».
        სრული უაზრობაა დღევანდელ პირობებში გაეროში «რუსეთის ოკუპანტობის» დამტკიცებისათვის პოლიტიკური ბრძოლის წამოწყება. არავინ ამ წინადადებას მხარს არ დაუჭერს და, ბოლოს და ბოლოს, დასავლეთის სახელმწიფოებიც გვეტყვიან: «თქვე დალოცვილებო, 6 წელია რუსეთს ეხვეწებოდით დახმარებას სეპარატისტთა წინააღმდეგ, თქვენვე დაუკანონეთ «მშვიდობისმყოფელის» სტატუსი და ახლა გაგახსენდათ, რომ 1992-93 წლებში სწორედ მან დაგამარცხათ აფხაზეთში?»
        ასე არ გამოვა?!
        დღეს გაეროში რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ საუბარი სრულიად უნაყოფო იქნება. გარდა ამისა (რაც უფრო მნიშვნელოვანია), ეს მიზანშეუწონელია იმ ვითარებაში, რაც ამჟამად შეიქმნა: მივაქციოთ ყურადღება, რომ ერთი თვის განმავლობაში, სამურზაყანოელი პარტიზანების მიერ ოკუპანტების წინააღმდეგ გაჩაღებულ სამართლიან ტერორს რუსეთის მხრიდან რეაქცია არ მოჰყოლია.
        რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ (წინა წლებისაგან განსხვავებით) არ დაგმო «დივერსიული ჯგუფების» მოქმედება, ხოლო სამშვიდობო ძალების სარდლობამ ყოველგვარი კომენტარისაგან თავი შეიკავა.
        სეპარატისტები გაცოფებულნი არიან იმით, რომ რუსეთის «სამშვიდობო ძალები» რეალურად არ ეხმარებიან «ქართველი დივერსანტების» წინააღმდეგ ბრძოლაში და «ერთობლივი პატრულირებაც» არ ხორციელდება, მიუხედავად არძინბას არაერთგზის მოთხოვნისა.
        რუსებს სულაც არ სურთ სეპარატისტებთან ერთად მოხვდნენ «ცეცხლის არეში». რასაკვირველია, ამ ყოველივეს კონკრეტული მიზეზიც აქვს: რუსეთს ნამდვილად არ სურს საქართველოსთან ურთიერთობის გაფუჭება იმ ვითარებაში, როდესაც თავად აწარმოებს ანტისეპარატისტულ ომს ჩეჩნეთში და გადაწყვეტის სტადიაშია საქართველოში მისი სამხედრო ბაზების საკითხი – რუსეთი ან შეინარჩუნებს ბაზებს (ოთხიდან ორს მაინც), ან იძულებული იქნება, საეროთდ დატოვოს საქართველო, რომელსაც მისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს გეოსტრატეგიული თვალსაზრისით.
        აქედან გამომდინარე, თამაზ ნადარეიშვილის მხრიდან გაცილებით გონივრული გადაწყვეტილება იქნება პირიქით – მხარი დაუჭიროს რუსეთის სამშვიდობო ძალთა დატოვებას სამურზაყანოში (რათა სეპარატისტებმა ენგურთან მძიმე ტექნიკისა და არტილერიის შემოყვანა ვერ შეძლონ) და პარალელურად ყოველნაირად შეუწყოს ხელი (თუ ეს შეუძლია) პარტიზანული მოძრაობის გააქტიურებას.
        პარტიზანებს გალის რაიონში ნამდვილად შეუძლიათ «წერტილოვანი», განუწყვეტელი დარტყმებით დიდი ზარალი მიაყენონ მოწინააღმდეგეს, მოსვენება არ მისცენ მტერს, გაუმწარონ სიცოცხლე სეპარატისტულ საზოგადოებას, შესაბამისი მომზადების შემთხვევაში კი, მთლიანად დამბლა დასცენ სეპარატისტთა ადმინისტრაციას სამურზაყანოში.
        სეპარატისტები არ იმჩნევენ, თორემ გალის რაიონში თითოეული «ბოევიკის» დაკარგვა მათთვის უდიდესი დარტყმაა, რასაც ძალზე მტკივნეული რეაქცია ახლავს სეპარატისტულ საზოგადოებაში და გარკვეულ «შიდა პროცესებსაც» ამწიფებს.
        პარტიზანებს (და მათ მხარდამჭერებს) წინ აქვთ 6-7 თვე, რათა სამურზაყანოში აფსუა ფაშისტების განკითხვის დღე მოაწყონ. მანამდე რუსეთიც «გაარკვევს» თავის პოზიციას: რა ურჩევნია – სეპარატისტთა მხარდაჭერა, თუ საქართველოსთან ჭეშმარიტად პარტნიორული ურთიერთობების დამყარება ორმხრივად სასარგებლო (ანტისეპარატისტულ) ნიადაგზე!

მერიდიანი, 12 მაისი, 2000 წელი

მთელ გვერდზე