სუუამი - «განწირული თანამეგობრობის» ამორტიზატორი

        დღეს თბილისში მთავრდება საერთაშორისო კონფერენცია «ახალი პერსპექტივები მესამე ათასწლეულში», რომელიც საინტერესოა არა იმდენად ოფიციალური შინაარსით, რამდენადაც მონაწილეთა შემადგენლობით და კულუარულ მოლაპარაკებათა თემატიკით.
        ძნელი შესამჩნევი არ იყო, რომ კონფერენცია «სუუამის» ეგიდით მიმდინარეობდა.
        სხვათა შორის, რუსეთს ეს აბრევიატურა ძალზე აღიზიანებს, ვინაიდან, რუსულად ჟღერს, როგორც «გუუამ» - ამერიკის შეერთებული შტატის «სეხნიად».
        ამ თვალსაზრისით, თბილისის კონფერენცია შეიძლება მართლაც სერიოზულ მოვლენად იქცეს.
        «სუუამის» ქვეყნები აგრძელებენ კონსულტაციებს ისეთი სისტემის შესაქმნელად, რაც წევრ სახელმწიფოს შეუქმნის გარანტიებს «დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის» გარდაუვალი რღვევის პირობებში.
        რღვევის პროცესი განსაკუთრებით დაჩქარდა მას შემდეგ, რაც პირველად, 1992 წლიდან, რუსეთმა «ორმხრივ» ურთიერთობებს მიანიჭა უპირატესობა, «დსთ-ის კოლექტიურ კონვენციასთან» შედარებით.
        მოსკოვმა განაცხადა, ბიშკეკის ხელშეკრულების ცალმხრივი დენონსირების შესახებ.
        ამის შემდეგ სავსებით ბუნებრივია, თუ თბილისის კონფერენციის მსველობისას, კულუარული მოლაპარაკებების დროს, «სუუამის» წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში განხორციელება ამ რეგიონული ორგანიზაციის ინსტიტუირება და მის ფარგლებში დაფუძნდება არა მხოლოდ «თავისუფალი სავაჭრო ზონა», არამედ «უვიზო მიმოსვლის რეჟიმი», შემდგომ ინტეგრაციის დონე ამაღლდება და მას უეჭველად დაემატება ჯერ პოლიტიკური, შემდეგ სამხედრო-სტრატეგიული კომპონენტიც, ხოლო «ევრაზიული დერეფანი» და «ახალი აბრეშუმის გზა» შეიძლება ყველა თვალსაზრისით იქცეს ამ რეგიონული ორგანიზაციის ფუნქციონირების ძირითად პირობად.
        როგორც ჩანს, სწორედ ეს იქნება უახლოეს წლებში საქართველოს ძირითადი საგარეო პოლიტიკური ვექტორი. მთავარ ფაქტორად კი უკრაინა იქცევა.
        რაც უფრო დაიძაბება ურთიერთობა რუსეთსა და საქართველოს შორის (არადა, დაძაბულობის ესკალაცია მათ შორის გარდაუვალია, იმდენად განსხვავებულია სახელმწიფოებრივი ინტერესები), მით უკეთესი «სუუამისა» და საქართველოსთვის.
        რუსები შემთხვევით არ ღელავდნენ ამ ორგანიზაციის შექმნასთან დაკავშირებით. უფრო ზუსტად, თავდაპირველად იგი «ორგანიზაციაც» არ ყოფილა – ვირტუალური გეოპოლიტიკური განზრახულობა იყო, რაც თითქოსდა მხოლოდ «ევროპაში» ჩვეულებრივი შეიარაღების შემცირების თაობაზე მოლაპარაკების პროცესში წარმოიშვა «შემთხვევით», მაგრამ სინამდვილეში იმდენად ზუსტი «მიგნება» აღმოჩნდა, რომ გლობალური მნიშვნელობაც კი შეიძინა.
        საკმარისია გავიხსენოთ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის გადაწყვეტილება «სუუამის» ქვეყნებისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის თაობაზე. ეს დადგენილება უეჭველად იმას ნიშნავს, რომ «სუუამის» მნიშვნელობას ვაშინგტონის «გეოპოლიტიკურ ლაბორატორიებშიც» აღიარებენ.
        ეს გაერთიანება მრავალფუნქციონურია და სწორედ ამით არის პერსპექტიული საქართველოსთვის – მან შეიძლება «დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის» ფუნქცია შეასრულოს აფხაზეთის კონფლიქტთან დაკავშირებითაც. რა ფუნქცია აქვს დსთ-ს? – თითქოს არავითარი, გარდა რუსეთის სამშივდობო მისიის ფორმალიზებისა.
        მაგრამ თუ რუსეთი «წავა» აფხაზეთიდან (გამორიცხული უკვე აღარაფერია) და აუცილებელი გახდება ალტერნატიული ძალის მოძიება, «სუუამი» მის ფორმალიზებასაც შეძლებს.
        სწორედ ამ შესაძლებლობათა პერსპექტივითაა იგი ძალზე საინტერესო საქართველოსთვის და საშიში – რუსეთისთვის, რომელიც ამჟამად «დერჟავის» აღორძინებას ცდილობს.
        თბილისში ჩატარებულმა კონფერენციამ დაადასტურა, რომ დღევანდელ პერიოდში, საქართველოსთვის საგარეო პოლიტიკის სწორედ ეს მიმართულებაა ყველაზე პერსპექტიული.
        ერთი მხრივ, საქართველო ჯერ კიდევ ყოფილი საბჭოთა კავშირის ნაწილია მრავალი თვალსაზრისით. ამიტომ «სუუამის» განვითარებამ შეიძლება იგივე ფუნქცია შეასრულოს და ის იმედებიც გაამართლოს, რასაც 7-8 წლის წინ «ევოლუციური განვითარების» მომხრენი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაზე ამყარებდნენ.

დილის გაზეით, 6 ოქტომბერი, 2000 წელი

მთელ გვერდზე