სტუდენტური ზამთარი

        გუშინ თბილისში ძალზე ნიშანდობლივი მოვლენა მოხდა, რომელიც უეჭველად მეტყველებს, რომ საქართველომ სოციალური განვითარების გარკვეულ დონეს მიაღწია. ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს «პროგრესს», არამედ უბრალოდ გულისხმობს სერიოზულ ძვრებს საზოგადოების სოციალურ სტრუქტურასა და მასობრივ ცნობიერებაში.
        ფაქტობრივად, 2000 წლის 22 დეკემბერს (საოცრად სიმბოლური დამთხვევაა) თბილისში შედგა საქართველოს ისტორიაში პირველი მასშტაბური სტუდენტური აქცია (თანამდევი აუცილებელი შეხლა-შემოხლით) სოციალური და არა პოლიტიკური მოთხოვნებით.
        სტუდენტები მოითხოვდნენ ზამთრის სესიის შემაჯამებელი გამოცდების გაუქმებას. სანამ თვით ამ მოთხოვნაზე ვიტყოდეთ ორიოდე სიტყვას, უნდა აღინიშნოს, რომ სტუდენტურმა აქციებმა ჩვენზე გაცილებით ძლიერი და სტაბილური დემოკრატიები შეაზანზარა. სხვათა შორის, ქართველ სტუდენტებს ეს, რასაკვირველია, არ ეხებათ, მაგრამ თუ ლენინი «პროლეტარიატს» თვლიდა ყველაზე რევოლუციურ და ისტორიის «მამოძრავებელ» ძალად, ტროცკის მიმდევრები სტუდენტობას აკისრებდნენ ამ ფუნქციას.
        XX საუკუნის 60-იან წლებში დასავლურმა სამყარომ სტუდენტურ ამბოხთა რამდენიმე ტალღა გადაიტანა. ყველაზე მძვინვარე გამოსვლები, საომარი მოქმედებებითა და მსხვერპლით, მოხდა საფრანგეთში. მოძრაობის ეპიცენტრად იქცა პარიზი. სტუდენტებმა დაიპყრეს უნივერსიტეტები, რომელთა აღება ბოლოს პოლიციას შტურმით უხდებოდა. ფრანგი სტუდენტების მოთხოვნები თეორიულად მწყობრად «დაგებული» არ ყოფილა – ეს იყო ტროცკიზმისა და მაოიზმის, სტალინიზმისა და ლენინიზმის უცნაური ნაზავი.
        ამერიკის შეერთებულ შტატებში სტუდენტური მოძრაობის საფუძვლად იქცა ომი ვიეტნამში – სტუდენტები გმობდნენ ომს, რომელსაც, სხვათა შორის, ამერიკა აწარმოებდა ვიეტნამის დამოუკიდებლობისა და ერთიანობის დასაცავად კომუნისტური ჩინეთისა და კომუნისტური საბჭოთა კავშირის მარიონეტის – ხოში მინის აგრესიისაგან, რაც ხორციელდებოდა საბჭოთა იარაღითა და ჩინური «ცოცხალი ძალით».
        იმავდროულად, სტუდენტურ რევოლუციას მთელ მსოფლიოში (ტოკიოდან – სან-ფრანცისკომდე) თან სდევდა შესაბამისი იდაეოლოგია - «ყვავილთა ძალაუფლება», «ჰიპრების ეთიკა», როკ-მუსიკა და ასე შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ამ ათწლიან მოძრაობას მნიშვნელოვანი მსხვერპლი და დესტაბილიზაცია მოჰყვა, მთლიანობაში მან მხოლოდ განამტკიცა დასავლური ცივილიზაცია – თაობა, რომელიც პარიზის, ნიუ-იორკის, მილანისა და ჩიკაგოს ქუჩებში ვიტრინებს ამტვრევდა, ათი-თხუთმეტი წლის შემდეგ ნორმალურ «ბურჟუად» იქცა და მას ალბათ, მხოლოდ ნოსტალგიურ ტკბილ ღიმილს მოჰგვრის ცნობები იმ ქვეყნებში ანალოგიური «სტუდენტურ-ანარქიული ამბოხის» შესახებ, სადაც მხოლოდ დღეს იწყება შესაბამისი სოციალური ტრანსფორმაციისა და «სოციალურ განზრახულობათა ამოწურვის» პროცესი.
        თუმცა, ღმერთმა ნუ ქნას, თბილისში სტუდენტურმა ამბოხმა ისეთი მაშტაბი შეიძინოს და ისეთი შედეგები გამოიღოს – სნნ-ის გლობალურმა ტელეარხმა უჩვენოს იმ ლონდონელ და ბერლინელ, ნიუ-იორკელ და პარიზელ სტუდენტებს, რომლებიც მილიონობიოთ იკრიბებოდნენ ვუდსტოკისა და სხვა ანალოგიურ როკ-ფესტივალებზე თავიანთი კერპების - «როლიონგ სტოუნზისა» და სანტანას მოსასმენად, ხოლო კონცერტის შემდეგ «ბურჟუათა» თავპირის მვტრევა ღირსეულ საქმედ მიაჩნდათ.
        საბედნიეროდ, ასეთი მძვინვარებისათვის თბილისელ სტუდენტთა აქციას არ მიუღწევია. რაც შეეხება მოთხოვნას - იგი ცოტა არ იყოს მართლაც უცნაურად ჟღერს: გაუქმდეს საზამთრო სესიის შემაჯამებელი გამოცდები – ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში (21-ე საუკუნის დადგომასთან დაკავშირებით). მაგრამ სწორედ ეს «უცნაურობა» ამსგავსებს გუშინდელ სტუდენტურ მღელვარებას ევროპის «კლასიკურ სტუდენტურ» მოძრაობას. იმ მოძრაობას ურფო აბსურდული მოთხოვნებიც ჰქონდა.
        საერთოდ, სტუდენტობა მართლაც ძალზე მობილური და (ამ აზრით) საშიში» ძალაა – ბევრს მიაჩნია, მაგალითად, რომ რუსეთის დიდი ანტიმონარქისტული რევოლუციის ერთ-ერთი მიზეზი უნივერსიტეტებში ლათინური ენის იძულებითი სწავლება გახდება, რაც სტუდენტებს «უაზრო ტანჯვად» მიაჩნდათ.
        «21-ე საუკუნის დადგომასთან დაკავშირებით» კი გამოცდები არსად გაუუქმებიათ და არც გადაუვადებიათ, თუ არ ჩავთვლით ამერიკის 3 უნივერსიტეტს (600-დან), სადაც სასწავლო პროცესის გაგრძელება უბრალოდ შეუძლებელი იყო დიდთოვლობის გამო.
        მიუხედავად ამისა, სტუდენტთა ასეთი მოთხოვნის პასუხად «ჯინაზე» მოქმედება უარეს შედეგს გამოიღებს – თუ 22 დეკემბრის (მადლობა ღმერთს) მშვიდობიანი ამბოხი დიდი მოძრაობის დასაწყისია, მაშინ ამჟამად მხოლოდ პირველ ცდას შევესწარით და ერთ შეცდომას შეუძლია, გაუთვალისწინებელი აფეთქება გამოიწვიოს.

    დილის გაზეთი, 23 დეკემბერი, 2000 წელი

    მთელ გვერდზე