«სისტემური უკმარისობა» საქართველოში
       ანუ კრიზისდროინდელი ქართულიო «არეოპაგეტიკა»

        რაკი ცნებათა «აღრევა-გაურკვევლობის» ეპოქაში ვცხოვრობთ, დეფინიციათა თაობაზე დისკუსიის გამართვა სრულებით უსაგნოდ და უაზროდ მიმაჩნია, თუმცა, გასულ კვირას «მოქკავშირის» სათათბიროს გაფართოებულ სხდომაზე (პარტიის მმართველი ორგანოს «გაფართოებული სხდომა» მაინც რაღაც ახალია მსოფლიოს პოლიტიკურ კულტურაში - ავტ.) გამოსული გამძვინვარებული ქალბატონის საგულისხმოდ უნდა შევნიშნო, რომ მე შესანიშნავად ვიСი, რა არის (ზოგადად) ელიტა და რა არის ინტელიგენცია. შეიძლება აქ სტილისტური, გრამატიკული, პუნქტუაციური, ან ორთოგრაფიული შეცდომა მომივიდეს, მაგრამ არა მგონია, შინაარსობრივად შევცდე თუ ვიტყვი: ეს ცნებები რომ ჩემთვის თეორიული ცოდნის განყენებული სუბსტანცია არ არის, თუნდაც იქიდან ჩანს, რომ მათ ცალ-ცალკე (კონტექსტში, რასაკვირველია) ბრჭყალები არ სჭირდებათ, მაგრამ ერთად, მე, პირადად, ყოველთვის ბრჭყალებში ვსვამ და სავსებით სამართლიანადაც.
       ასე რომ, «ელიტარული ინტელიგენციის» კონკრეტული დემარშის თაობაზე მსჯელობას ნურავინ გადაიტანს სულ სხვა სიბრტყეში და ნუ აღმიძრავს სურვილს, გავმართოთ მსჯელობა არა იმაზე, რას უწოდებენ ამა თუ იმ სოციალურ სუბიექტს «საკაცობრიო ინტელექტუალური» დეფინიციის შესაბამისად, არამედ იმის შესახებ, ჩვენში (საქართველოში) რას უწოდებენ ამა თუ იმ ცნებას.
       ხოლო თუ ვინმეს სურდა, დავემცირებინე იმით, რომ «არ ვიცი» (ანუ არ განვეკუთვნები) არც «ინტელიგენციას», არც «ელიტას» (ამჯერად ბრჭყალებში, ოღონდ მხოლოდ ფილოლოგიური კანონის შესაბამისად), მყისვე ვამშვიდებ: არანაირი პრეტენზია არასდროს მქონია და არც მაქვს. მე ვარ უბრალო ჟურნალისტი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ვარ, უბრალოდ, ჟურნალისტი! ეს მეამაყება და განსხვავებული აზრის საკმაოდ კორექტულად გამოთქმისათვის სამსახურიდან რომც გამათავისუფლონ (ბარაქალა!) - დავრჩები იმად, რაც ვიყავი და ვარ, ანუ უბრალო ჟურნალისტად!
       ქალბატონს არ ახსოვს, თორემ ჯერ კიდევ 1992 წელს უხდიდა მადლობას ვანო გამგებელს მისი ინტერვიუების (მართლაც, საკმოად საინტერესო ინტერვიუების) ჩაწერა-გამოქვეყნებისთვის, არც მეორე ქალბატონს ახსოვს, რომ 1993 წლის 17 სექტემბერს დარეკა გაზეთ «ივერია-ექსპრესში» და მადლობა შეუთვალა ავტორს სახელმწიფო მეთაურის გადადგომის შემდეგ მისი მართლაც ღირსეული საქციელის წარმოჩენისათვის.
       ამ ქალბატონის საგულისხმოდ კი უნდა აღვნიშნო: კონკრეტულად მის გამოსვლას მე ვერ დავესწარი, ამიტომ არ ვიცოდი, თუ სწორედ მან ისაუბრა 700 მანეთსა და 100 ლარზე. ეს რომ მცოდნოდა, ალბათ, ამ ფორმით არ დავწერდი, თუმცა, ზოგადად მაინც დავწერდი და ახლა თავის მართლებას არ ვაპირებ, რადგან მტკიცედ მწამს, რომ სიმართლე ვთქვი (თანაც ისე, რომ არავინ დამისახელებია) – ჩემი ბრალი არ არის, თუ ასე «ეცეცხლათ» უბრალო, უპრეტენზიო ჟურნალისტის ორიოდე ფრაზა.
       საკუთარი (და არა მხოლოდ) ღირსების შეურაცხმყოფელ უბადრუკ სისულელედ მიმაჩნია ახლა იმის მტკიცება, რომ ჩემთვის, რასაკვირველია, არავის არაფერი დაუვალებია და «ვთქვი» მხოლოდ ის, რასაც პირადად მე (ჟურნალისტი) ვფიქრობდი.
       თუმცა, აქვე ერთ ძალზე ნიშანდობლივ ნიუანსსაც შევნიშნავ. ჩვენში რატომღაც ყოველთვის ცდილობენ აზრის ერთგვარ «პერსონიფიცირებას». მაშინაც კი, როდესაც ამას თავად ავტორი არ ცდილობს. არადა, რა მნიშვნელობა აქვს (ჩვენს შემთხვევაში) «ვინ ამბობს». მით უმეტეს, რომ ეს «ვინ» (კვლავდაკვლავ ვიმეორებ) ჟურნალისტია და «სხვა არაფერი». ელემენტარული ლოგიკით, განმსაზღვრელი აქ ის არის, თუ «რას ამბობს».
       ვერ გავკადნიერდები, ღირსპატივცემულ ფილოლოგსა და ლიტერატორს (ყოველგვარი ირონიის გარეშე) ვასწავლო, რომ ფსევდონიმის «გახსნა» ელემენტარულად არასწორია. მით უმეტეს, იმ შემთხვევაში, როდესაც (აკი მოგახსენეთ) ეს ფსევდონიმი ავტორს ჯერ კიდევ 1992 წელს ჰქონდა, ანუ მაშინ, როდესაც არაფერი აკავშირებდა რომელიმე დაწესებულებასთან. ეს იმდენად ელემენტარული ლიტერატურული და ჟურნალისტური ნორმაა, წარმოუდგენელია, ქალბატონმა არ იცოდეს, მაგრამ, ეტყობა, იმდენად «დაბალ ღობედ» მიმიჩნია, - მისი დარღვევა აინნუშიც არ ჩააგდო. კი ბატონო, თქვენი ნებაა, - აკი მოგახსეანეთ, ერთი უბრალო, უპრეტენზიო ჟურნალისტი ვარ-მეთქი. ოღონდ, მოკრძალებით ამასაც გეტყვით: ამ სტატიაში სიფრთხილესა და თავდაჭერილობას მხოლოდ იმიტომ ვიჩენ, რათა მეორედ აღარ ჩათვალოთ აუცილებლად სხვა (ვინც უნდა ბრძანდებოდეს) «განაცვიფროთ» (ვერ ვბედავ ვთქვა «უხერხულობაში ჩააყენოთ») თქვენი «მქუხარე რიტორიკით». მაშინ, როდესაც თქვენი რიტორიკის მთავარმა ადრესატმა იმ დაუვიწყარ სხდომამდე ვანო გამგებლის არსებობის შესახებ საერთოდ აღარაფერი იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა.
       მაგრამ ყოველივე ზემოთქმული, როგორც სალტიკოვ-შჩედრინი იტყოდა «პრიმენიტელნო»... ანუ «რაც შეეხება...» ფორმას. ახლა ვისაუბროთ შინაარსზე. ოღონდ არა ისეთ ტონალობაში - იცით... «როგორ გაბედა!!» - მე კვლავ ვამბობ: რამდენად მართალი ვარ, ამის განსჯის უფლება მხოლოდ მკითხველს აქვს. ხოლო თუ ისეთ საქართველოში ვცხოვრობთ (რაც არა მგონია), რომ განსხვავებულიო აზრის გამოთქმისათვის «სამსახურებრივი მისამართის», შეცვლა ან გაუქმებაა საჭირო – მზად ვარ, დღესვე გავაუქმო ეს «მისამართი» ოღონდ კი აზრის თავისუფლად გამოთქმის უფლება და საშუალება შევინარჩუნო. ღმერთმა დამიფაროს, საკუთარი თავის გარდა ვინმეს, თუნდაც, მცირეოდენი პრობლემა შევუქმნა!
       

X X X

    სხვისი არ ვიცი და პირადად ჩემზე ხსენებულმა «სათათბიროს სხდომამ» უმძიმესი შთაბეჭდილება მოახდინა. აქ უკვე იმასაც კი არ ვგულისხმობ, რომ წარმოუდგენელია, ნორმალური პარტია ასე აშკარად «გამოჰფენდეს საჯაროდ» თავის . . . . . . შიდა პრობლემებს, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, ეს მისი ნებაა. მთავარი მაინც ის იყო, პატივცემულო მკითხველო, რომ შეკრება, რა თქმა უნ და, გასცდა პარტიული თავყრილობის ფარგლებს. ბევრ გამომსვლელს (და დამსწრეს) მიაჩნდა, რომ მონაწილეობს იმ არეოპაგის მუშაობაში, რომელმაც უნდა განსაზღვროს და გადაწყვიტოს ქვეყნის ბედი, გამოიმუშაოს პასუხები წარმოშობილ «გამოწვევებზე» (იმ აზრით, რასაც ამ სიტყვა-ცნებაში ინგლისელები დებენ) და ხელისუფლებას შესთავაზოს კონკრეტული წინადადებები, ან იქნებ კონკრეტული პროგრამაც კი შექმნილი, მართლაც, უმძიმესი ვითარების გამოსასწორებლად.
       სხვისი არ ვიცი და, მე იმ სხდომაზე მსგავსი ვერაფერი მოვისმინე - ორიოდე გამოსვლის გარდა. ერთი მათგანი ელგუჯა მეძმარიაშვილს ეკუთვნოდა. მეორეს არ ვასახელებ, შეგნებულად, იმისათვის რომ «სამსახურებრივი მისამართის» გამო ბოროტ განზრახვაში არ ჩამითვალონ. აქ, საერთოდ, არ ვგულისხმობ პრეზიდენტს, რომელიც ამ შემთხვევაში უფრო ისმენდა და პრეტენზიებზე პასუხობდა - თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ საკუთარი აზრი არ გააჩნდა იმ პრობლემასთან დაკავშირებით, რაც თვისებრივად განიხილებოდა.
       პრობლემის არსი კი თითქოს ის იყო, რომ ქვეყანაში უმძიმესი კრიზისია, ოღონდ, ბოლოს და ბოლოს, ამ კრიზისს მართლაც უნდა დავარქვათ სახელი, დავსვათ ზუსტი დიაგნოზი, თორემ ვერც პასუხს შევიმუშავებთ. სამწუხაროდ «ელიტარული ინტელიგენციის» (ისევ ბრჭყალებში გამომივიდა – რა ვქნა, რა წყალში ჩავვარდე?) წარმომადგენლები, რომელთაც ნამდვილად ეკითხებათ, და უნდა ეკითხებოდეთ კიდეც ჭკუა - მსჯელობდნენ იმ სტერეოტიპებით, იმავე იდეოლოგემებით, რაც ამჟამად მოარულია საზოგადოებაში. «საზოგადოებაში» - ყველაზე ფართო გაგებით. აქვე გავითვალისწინოთ, რომ ვერტყვიჭალელი გლეხიც საზოგადოების წევრია, თანაც, სრულუფლებიანი წევრი.
       რა განსაზღვრებებით და მიმართებებით გამოიხატება ეს სტერეოტიპები და იდეოლოგემები? - «ქვეყანა შეჭამა კორუფციამ», «ყველაფრის თავი და თავი ხელისუფლებაში გაბატონებული კორუფციაა», «თუ კორუფციას ვერ დაძლევთ, ბატონო პრეზიდენტო, ქვეყანა დაიღუპება, «საჭიროა სახელმწიფოებრივი ნება (იგულისხმება: «ამ ნებას თქვენ ვერ ამჟღავნებთ»), «სად წავიდა ასეულობით მილიონი დოლარის კრედიტი?»
       ეს უკანასკნელი რიტორიკული კითხვა მაინც განსაკუთრებით ნიშანდობლივია, რადგან იგულისხმება (ზოგიერთ გამოსვლაში გაკრთა კიდეც ქარაგმულად), რომ «კრედიტები შევარდნაძის ნათესაობამ შეჭამა». ამასთან დაკავშირებით, ძალაუნებურად და სავსებით აგრეთვე სამართლიანად (თანაც, ქვეყანაში არსებული ვითარების გათვალისწინებით), ადამიანს ბუნებრივი კითხვა გიჩნდება. ქალბატონებს, რა თქმა უნდა, არ ეხებათ, მაგრამ ზოგადად... თქვე, ოჯახაშენებულებო, «ელიტარულობაც» თქვენთვის დამითმია და «ინტელიგენტურობაც» (ფილოლოგები დამეთანხმებიან, ამ შემთხვევაში პუნქტუაციის სისწორეში), თქვენი გამოსვლა რაღაცით მაინც ხომ უნდა განსხვავდებოდეს ღირსხსენებული ვერტყვიჭალელი გლეხის გამოსვლისაგან? «რაღაცაში» არ ვგულისხმობ იმას, რომ ვერტყვიჭალელი იმერულად მოუქცევს», მაჩხაანელი - «კახურად», ხოლო თბილისელ რაფინირებულ ინტელიგენტს «ლიტერატურული ტონალობა» აქვს – ვგულისხმობ შინაარსს. შინაარსობრივად კი დიდი განსხვავება ნამდვილად არ იყო.
       «კორუფციაზე» უსაგნო, დაუკონკრეტებელი, ასბტრაქტულოი ლაპარაკი არის წყლის ნაყვა. წმინდა წყლის «ინტელექტუალური ფორმალობა» და (ფსიქოლოგიურად) გულის მოოხების საშუალება. არადა, სინამდვილეში, ამ ჩვენი უბედური ქვეყნის ძირითადი, სიღრმისეული პრობლემა შორს სცილდება «კორუფციის» ფარგლებს.
       ვიდრე ჩემს მოსაზრებას მოგახსენებთ, რამდენიმე მაგალითს მოვიყვან: მივუბრუნდეთ კითხვას (მეტი კონკრეტულობით): «სად წავიდა და ვინ შეჭამა ენერგეტიკის განვითარებისათვის გამოყოფილი 250 თუ 350 მილიონი დოლარის უცხოური კრედიტი?!»
       მართლაც, სად წავიდა და ვინ შეჭამა?
       კონტროლის პალატის თავმჯდომარის სულხან მოლაშვილის განცხადებით, კრედიტები «შეჭამა ამან და ამან». აქვე მივაქციოთ ყურადღება, რომ როგორც კი პალატის თავმჯდომარემ კონკრეტული გვარები დაასახელა, უმალვე დაიწყო საპირისპირო სტერეოტიპების ჩამოყალიბება: «შევარდნაძემ 37 წელი დააბრუნა», «შევარდნაძემ 72 წელი დააბრუნა», «უდანაშაულობის პრეზუმფცია ილახება», «ადამიანის უფლებები ირღვევა» - «შევარდნაძე უბიწო ხალხს ციხეებში ყრის» და ასე შემდეგ.
       თანაც ყოველივე სწორედ «შევარდნაძემ» და არა «მოლაშვილმა».
       ესეც ძალზე საინტერესო თემაა, მაგრამ ქართული ეთნოფსიქოლოგიის თავისებურებებზე (მათ შორის, «სახელისუფლებო პერსონიფიცირების» ჩვევაზე) მსჯელობა შორს წაგვიყვანს.
       კეთილი და პატიოსანი - დავუშვათ, სულხან მოლაშვილის დასახელებულმა თანამდებობის პირებმა «შეჭამეს» იმ 350 მილიონი დოლარის (ვთქვათ) 10 პროცენტი. დავუშვათ ასეა. სად წავიდა დანარჩენი? ვიცი, თითქმის არავინ დამიჯერებს, მაგრამ მაინც სრული დარწმუნებით და პასუხისმგებლობით მოგახსენებთ, რომ სინამდვილეში «დანარჩენი» 315 მილიონი დოლარი არავის «შეუჭამია». ეს ფული დასავლეთმა გამოგვიყო საქართველოს ენერგეტიკული სისტემის მოდერნიზაცია-განვითარებისათვის, მაგრამ რეალურად იგი მოხმარდა იმას, რომ სახელმწიფოს მიეწოდებინა ელექტროენერგია იმ საწარმოებისა და მოსახლეობის იმ ნაწილისათვის, რომელიც წლების განმავლობაში არ იხდიდა ელექტროენერგიის საფასურს.
       აი, ამას მოხმარდა!
       მაგალითად, როდესაც ახალი ჰიდროელექტროსადგურების ასაშენებლად გამოყოფილიო კრედიტი იხარჯება იმ ენერგობლოკების შესაკეთებლად, რომლებიც (ანაზღაურების შემთხვევაში) «თვითკმარი» უნდა ყოფილიყო - ამას ეწოდება «არამიზნობრივი და უყაიროთო ხარჯვა».
       თუ ამ ლოგიკურ ჯაჭვს გავაგრძელებთ, შემდეგი კითხვა უნდა იყოს.: მერედა, რატომ იახრჯებოდა კრედიტები არამიზნობრივად, რატომ აწვდიდნენ უფასოდ ელექტროენერგიას მოსახლეობას, მაშინ, როდესაც ეს კრედიტები ენერგოსისტემის განვითარებაზე უნდა დახარჯულიყო?
       ოოოო – ეს უკვე საქმიანი კითხვაა, თუმცა, ბოდიში, ამ კითხვას მე ვსვამ, თორემ საჯაროდ (ვერც ერთი საზოგადო მოღვაწე) მის დასმას ვერ გაბედავდა: «რას ჰქვია, არ მაწვდი დენს (შუქს) გადაუხდელობის გამო – აბა, პენსია რომ წლობით არ ამიღია?»
       ელექტროენერგიის მაგალითი იმიტომ მომყავს, რომ იგი ძალზე ნიშანდობლივია. ყველას ეადვილება, ზოგადად, «კორუფციაზე» ლაპარაკი, მაგრამ როგორც კი დააკონკრეტებ, როგორც კი ლოგიკურ ჯაჭვს მიჰყვები – უმალვე დარწმუნდები: ასე მარტივად და პრიმიტიულად არ არის საქმე.
       კიდევ კარგი, 350 მილიონ დოლარს არ უმატებენ 450 მილიონს, რომელიც თურქმენეთისა გვმართებს. «საიდან გაჩნდა ეს ვალი?», «ვინ უნდა აგოს პასუხი?» - მოდით, გავარკვიოთ, «საიდან» გაჩნდა და «სად წავიდა».
       მით უმეტეს, რომ არც ისე ძნელი გასარკვევია: საქართველოს საგარეო ვალის ყველაზე «მძიმე» ნაწილი თურქმენეთის ვალია. ეს ვალი დაგროვდა 1992-1994 წლებში, როდესაც უყაირათოდ მოვიხმარდით ბუნებრივ აირს, განუსაზღვრელი ოდენობით ვაწვდიდით მას «თბილსრესს», ხოლო მოხმარებული ელექტროენერგიისათვის გადასახადს არავინ იხდიდა.
       ვინ უნდა აგოს პასუხი? - ხელისუფლებამ უნდა აგოს პასუხი! ანუ 1993 წლის გაზაფხულზე (აღარ შეგახსენებთ, რომ მაშინ ქვეყანაში სამოქალაქო ომი მძვინვარებდა) შევარდნაძეს უნდა დაერეკა თურქმენეთში საფარმურად ნიაზოვისთვის და კატეგორიულად მოეთხოვა საქართველოსთვის ბუნებრივი აირის მოწოდების შეწყვეტა, ვინაიდან არც «გაზის» არც «შუქის» (თუ «დენის») საფასურს არავინ იხდიდა, ხოლო სახელმწიფოს «ადრე გადასახდელი» ვალი უგროვდებოდა.
       დიახ, სწორედ ასე უნდა მოქცეულიყო! განსაკუთრებით იმ დროს, როცა ქობალიას ლაშქარი ანაკლიაში წვრთნებს ასრულებდა, არძინბას ხროვა სოხუმს უტევდა, პარლამენტში ძაღლიო პატრონს ვერ ცნობდა, ხოლო ამჟამინდელი არეოპაგის წევრებს ისღა ჰქონდათ სადარდელ-საფიქრალი: «გადავრჩებით ამჯერად თუ «ნაცნობ ჭადრებზე» ფეხებით ჩამოგვკიდებენო». ედუარდ შევარდნაძემ ერთ-ერთი წინასაარჩევნო გამოსვლისას არცთუ უსაფუძვლოდ შენიშნა: «მაშინ ხელფასების გაუცემლობას არავინ მსაყვედურობდაო».
       რას უსაყვედურებდნენ, როდესაც საერთოდ არ იყო?
       როგორც მოგახსენეთ, თუნდაც ერთი მიმართულებით ლოგიკურად ჯაჭვის შედარებით «სიღრმეში» მიყოლამ ისეთი პრობლემები წარმოაჩინა, რომლებიც მხოლოდ «კორუფციას» არ უკავშირდება. მაშასადამე, ამ ერთი მიმართულებითაც მხოლოდ «კორუფციაში» არ ყოფილა საქმე.
       ახლა წინასწარ ვიცი, ზოგიერთი ოპონენტი რას მისაყვედურებს: «ეგ სამოქალაქო ომის დროს, - მერე რა გვიშლიდა ხელს, მოგვეწესრიგებინა აღრიცხვა და მიგვეწოდებინა ელექტროენერგია მხოლოდ გადამხდელისათვის, - «განა დღეს მამაძაღლი სქუოლი...»
       დღეს კი.
       ანუ: კი, დღეს ასეა.
       მაგრამ «როგორც» ამ «პათეტიკური» კითხვის ავტორს მიაჩნია, თავიდათავი პრობლემისა ის არის, რომ «შევარდნაძეს სახელმწიფოებრივი ნება არ გააჩნია».
       საერთოდ, ეს ძალზე ხელსაყრელი და მოხერხებული ფორმულაა: არ იღებ რაიმე გადაწყვეტილებას, მაშასადამე, სახელმწიფოებრივი ნება არ გაგაჩნია!
       «ამირჩიეთ მე, მე გამოვიჩენ სახელმწიფოებრივ ნებას, მივიღებ გადაწყვეტილებას და პრობლემაც გადაწყდება».
       მართლაც და, ამაზე ადვილიო რა არის? მაგალითად, განა რა შეიძლება იყოს ამაზე ადვილი, რომ «საქენერგოგენერაციას» და «თელასს» (პროივატიზებამდე) უბრძანო, საერთოდ შეუწყვიტოს «დენის» მიწოდება თბილისს, ვიდრე საბურთალოს, ვაკის ვასიზუბნის, ვარკეთილის, გლდანის (ამ რაიონის ხსენებისათვის - ბოდიში) მოსახლეობა თვითონ არ გამოიტანს სადარბაზოებში მრიცხველებს? ეჰ, ძვირფასო მკიხთველო, ასე ადვილად რომ «იხსნებოდეს», რას ნიშნავს «სახელმწიფოებრიტვი ნება»...
       მაგალიოთად, ნეტარხსენებულ (თუმცა, არ ვიცი, ცხონდა თუ არა) ზვიად გამსახურდიას ქვეყნის მართვა ბრძანებულებაზე ხელის მოწერა ეგონა.
       დიახ, ნამდვილად გამოამჟღავნა «სახელმწიფოებრივი ნება», როდესაც ხელი მოაწერა ბრძანებულებას თენგიზ კიტოვანის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ.
       რა შედეგი მიიღო (ქვეყანამ) – ყველამ კარგად ვიცით.
       ასე რომ, «სახელმწიფოებრივი ნების» გამომჟღავნებას, უპირველესად, ჭკუა უნდა, თორემ იმაზე საშიში და ტრაგიკული არაფერია, როდესაც რეგვენი ამჟღავნებს «სახელმწიფოებრივ ნებას». არც იმაზე ადვილია რაიმე, ასეთი ნების გამომჟღავნებას სხვას სთხოვდე, როცა (ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა) შედეგისთვის არანაირ პასუხს არ აგებ.
       ახლა ავიღოთ იმავე კატეგორიის მეორე მაგალითი: ხელისუფლებამ გამოამჟღავნა სახელმწიფოებრივი ნება, დაიწყო რეალური ბრძოლა კორუფციასთან და დააკავა ფალსიფიცირებული «ბორჯომის» პარტია თბილისში.
       ამ პარტიის მეპატრონეებმა დაუყოვნებლივ გადაკეტეს სტრატეგიული მნიშვნელობის ავტომაგისტრალი, პოლიციის წარმომადგენლები კი არაფერში ჩარეულან. «არ ჩარეულან» იმავე ლოგიკით, რაც თბილისის პოლიციის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა «გაახმოვანა» საქართველოს ტელევიზიით: «ფინანსთა მინისტრ ნოღაიდელს მართალია, კაბინეტში არ უშვებენ, მაგრამ ეგენი გაჭირვებული ხალხია და...»
       ბუნებრივია, რაკი პოლიციას 6 თვეა, ხელფასი არ აუღია, ედუარდ შევარდნაძე ვალდებულია, «სპეცნაზის უფროსის» თემურ მღებრიშვილისაგან ინათხოვროს «სპეცსაშუალებები» და პირადად უზრუნველყოს ფინანსთა სამინისტროს ფუნქციონირება, აგრეთვე, თბილისი-ახალციხის გზის გათავისუფლება.
       არ ვაპირებ, მკითხველი გადავღალო მაგალითებით. თუმცა, შემეძლო, კიდევ უამრავი მაგალითი მომეყვანა იმის საილუსტრაციტოდ, რომ საქართველოს ამჟამინდელი სახელმწიფოებრივი პრობლემა შორს სცილდება სუბიექტურ ფაქტორს იმ შემთხვევაშიც კი, თუ «სუბიექტურ ფაქტორში», ზოგადად, კორუფციის პრობლემასაც ვიგულისხმებთ. მით უმეტეს, თუ «სუბიექტურ ფაქტორად» - «სახელმწიფოებრივი ნების» დეფიციტს მივიჩნევთ. ვაი, რომ საქართველოს სახელმწიფოებრივი პრობლემა უფრო რთული და ძნელადგადასაწყვეტია – საერთოდ, თუკი ექვემდებარება გადაწყვეტას.
       ჩემი აზრით, დღევანდელიო საქართველოს პრობლემათა ერთობლიობა «სისტემური უკმარისობის» თეორიის სფეროს უფრო განეკუთვნება.
       «სისტემათა თეორიას» დღეს (პოსტინდუსტრიულ ხანაში) ვერავინ აუარა გვერდი. მათ შორის, ახალი ეპოქის მეცნიერებმაც. საქართვლოში კი ეს თეორია თითქმის უცნობია. ალბათ უცნობია იმ უბრალო მიზეზით, რომ კომუნისტურ ხანაში ნებისმიერი სისტემის «უკმარისობის» თვით თეორიული შესაძლებლობის პროეცირებაც კი (არსებულ სისტემაზე) – იმდროინდელ რეჟიმს სერიოზულ საფრთხეს შეუქმნიდა. აქედან გამომდინარე, მეცნიერების ეს მიმართულება დღემდე არათუ ვერ განვითარდა, არამედ თუნდაც მეტ-ნაკლებად ვერ აისახა (ლიტერატურაში), მათ შორის, ამჟამად არსებულ პრობლემებზე მსჯელობისას.
       «სისტემათა თეორიის» შესაბამისად კი, ის რაც ამჟამად ხდება საქართველოში, არის «სისტემური უკმარისობის კრიზისი».
       ახლავე მოგახსენებთ, რას ვგულისხმობ:
       ნებისმიერი სისტემა ნორმალური ფუნქოციონირებისთვის საჭიროებს გარკვეულ უზრუნველყოფას, მათ შორის - უზრუნველყოფას რესურსებით. სხვადასხვა სისტემაში რესურსებიც მრავალფეროვანია. მაგალითად, ბიბლიოთეკის სისტემისთვის «რესურსული უზრუნველყოფის» ერთი რიგია აუცილებელი, მაგრამ ბიბლიოთეკათა სისტემისათვის (ანუ რამდენიმე ბიბლიოთეკისათვის ერთად) - უკვე ხარისხობრივად უფრო რთული, რადგან რთულდება კომუნიკაცია და ასე შემდეგ.
       რაც ურფო რთულია სისტემა, მით მეტ და მრავალფეროვან «რესურსულ უზრუნველყოფას» მოითხოვს ნორმალური ფუნქციონირებისათვის. მაგალითად, ბიბლიოთეკამ შეიძლება შეძლოს ფუნქოციონირება შიდა კავშირგაბმულობის გარეშე, მაგრამ შეწყვეტს ფუნქციონირებას, თუ ელექტროენერგია გამოირთო. ხოლო ბიბლიოთეკათა ქსელისთვის ეს რესურსები საკმარისი არ არის - აუცილებელია აგრეთვე, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და უფრო რთული კომუნიკაციის არსებობა.
       «სისტემათა თეორიის» სპეციალისტები ამას «სისტემურ მდგრადობას» უწოდებენ რუსულად «სისტემნი ზაპას პროჩნოსტი».
       ეს მაგალითი საკმაოდ მეტყველად მეჩვენება, ამიტომ კვლავ მას დავუბრუნდები: თუ არსებობს მაღალიო ალბათობა იმისა, რომ ბიბლიოთეკებს შორის კომუნიკაცია შეიძლება ადვილად შეწყდეს (მიზეზს არ აქვს მნიშვნელობა), ან სისტემას მხოლოდ ერთი სატრანსპორტო საშუალება აქვს, ნაცვლად სამისა (ორი - სამარქაფოდ) – მაშინ ამ სისტემის «მდგრადობის «კოეფიციენტი იმდენად დაბალია, რომ მისი ფუნქციონირება უდიდეს (მეტისმეტ) დაძაბვას მოითხოვს. ფუნქციონირებისას «გადაძაბვა» კი სისტემისათვის მომაკვდინებელია.
       ახლა კი წარმოვიდგინოთ, რამდენად უფრო რთული სისტემაა სახელმწიფო! თანაც გავითვალისწინოთ, რომ «სისტემათა თეორია» აფუძნებს ისეთ ცნებას, როგორიცაა «სისტემის აპრიორული უკმარისობა», ანუ ისეთი ვითარება, როდესაც შეიქმნება იმთავითვე ძალზე არამდგრადი სისტემა, რომელსაც «რესურსული მდგრადობის», ანუ «სისტემური მდგრადობის ძალზე დაბალი კოეფიციენტი აქვს.
       მოვიდა დრო, ვაღიაროთ: დამოუკიდებელ ქართულ სახელმწიფოს ნორმალური ფუნქციონირებისათვის იმაზე მეტი რესურსი ესაჭიროება, ვიდრე რეალურად გააჩნია, ან შეუძლია მოიპოვოს (თეორიულადაც კი).
       ამ «რესურსებში» ვგულისხმობ არა მხოლოდ და არა იმდენად საწვავს, ნავთობს, ბუნებრივ აირს, რამდენადაც თვით სისტემის კომპონენტებს.
       ასეთი კომპონენტია, მაგალითად, ის ფაქტორი, რომ ქვეყანა, სახელმწიფო (სისტემა) მტკიცედ უნდა აკონტროლებდეს ეკონომიკურ საზღვრებს. მაგრამ ეს მხოლოდ ერთი კომპონენტია.
       საქართველოს სახელმწიფოს (სწორედ «სისტემური მდგრადობის» თვალსაზრისით) უდიდესი და ურთულესი პრობლემები აქვს. კორუფცია მხოლოდ ერთი მათგანია და ისიც უფრო «საზოგადო პრობლემაა», ვიდრე მხოლოდ ხელისუფლების მანკი. სხვა პრობლემებია «აფხაზეთი», «სამხრეთ ოსეთი», ურთიერთობის მოუწესრიგებლობა ბათუმთან, საზოგადოების შიგნით სოციალური მიმართებების განუვითარებლობა, კანონმდებლობის სისუსტე, ეკონომიკური ბაზისის «არათვითკმარობა», სამოქალაქო ომის შედეგად ჩამოყალიბებული პოლიტიკური სპექტრის «დაუწმენდაობა», დემოკრატიული და სახელმწიფოებრივი ტრადიციის სიმყიფე, მეზობელ სახელმწიფოთა ინტერესების «შეუთავსებლობა» (ხშირად) საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებთან, ანუ «გეოპოლიტიკურ ინტერესთან თანხვედრის» არარსებობა, მატერიალური რესურსების სიმწირე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ - თითქმის უსასრულოდ შეიძლება ამ რიგის გაგრძელება.
       ბუნებრივია, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყველა ახლად წარმოშობილ სახელმწიფოს ჰქონდა და აქვს «სისტემური უკმარისობის კრიზისი», მაგრამ გააჩნია სისტემას, გააჩნია მისი მდგრადობისა და «რესურსული უზრუნველყოფის» ხარისხს. მაგალითად, ლიტვის სახელმწიფო, ისევე, როგორც სომხეთის სახელმწიფო, გაცილებით უფრო «მდგრადი სისტემაა», ვიდრე საქართველო.
       ყოველივე იმას როდი ნიშნავს, რომ საქართველოს (როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოებრივ სისტემას) პერსპექტივა არ გააჩნია. ღმერთმა ნუ ქნას, ასე იყოს. თუმცა, ასეც შეიძლება იყოს - თეორიულად, გამორიცხული არაფერია.
       თუ ასეა, შევთანხმდეთ: თეორიულად შესაძლებელია საქართველოს «სისტემური მდგრადობის» თანდათანობით განმტკიცება, შიდა და გარე რესურსების მობილიზება და «სისტემური მდგრადობის» ხარისხის ამაღლება - რაშიც, ყველაფერ სხვასთან ერთად, რასაკვირველია, სოციალური პრობლემატიკის გადაჭრაც იგულისხმება - «სოციალური დაძაბულობა» სახელმწიფოს» სისტემური გადაძაბვის» უპირველესი ნიშანია.
       მაგრამ სისტემის გაძლიერებას უდიდესი დრო, ძალისხმევა, ქედჩაუხრელი შრომა ესაჭიროება - ყველა რესურსის (დაწყებული ნავთობით, დამთავრებული ინტელექტუალური რესურსებით) მობილიზების განხორციელებით, მით უმეტეს, ისეთი სუსტი და არამდგრადი სისტემისა, როგორიც საქართველოა.
       ისრაელის სახელმწიფომ სისტემის განმტკიცებას თითქმის 25 წელი მოანდომა და ეს მაშინ, როდესაც მის რესურსს (ყველა თვალსაზრისით) «ამოუწურავად» აქცევდა ამერიკის შეერთებული შტატების ძლევამოსილება. ასევე გერმანია, ასევე იაპონია» (ანუ ომით განადგურებული ქვეყნები - სისტემის მაშსტაბს მნიშვნელობა არა აქვს).
       ერთი სიტყვით, საქართველოს სახელმწიფოებრივი სისტემის თანდათანობით განმტკიცება და გაძლიერება ურთულესი პრობლემაა - არ არის გამორიცხული, ერს გულიც აუცრუვდეს «დამოუკიდებლობაზე», «გული გაუტყდეს», პრობლემებს შეუშინდეს. სწორედ ეს პროცესი მიმდინარეობს ამჟამად: ამის გამოვლენა «წკიპზე» მიმდგარი «სოციალური ამბოხი», გახშირებული საპროტესტო აქციები და ასე შემდეგ.
       ამ დროს კი როგორ ირჯება ერის ელიტა, რომელსაც ედუარდ შევარდნაძემ «ქართველი ხალხის სულიერი არისტოკრატია» უწოდა? - ნაცვლად იმისა, ერი გაამხნევოს, დაუყვავოს, მომავლის რწმენა შთაუნერგოს, სირთულეთა გადალახვის შესაძლებლობა დაანახვოს, თავად ეძლევა სამარცხვინო პანიკას და პრეზიდენტთან შეხვედრებს იყენებს ემოციური აფეთქებისათვის: «გვშიაააა...», «გვწყურიააააა». კი ბატონო დავუშვათ, ხალხის გაჭირვებას გულისხმობენ და არა საკუთათრ «შიმშილს» ან «წყურვილს» - ამით აბსოლუტურად არაფერი იცვლება.
       ერის ინტელექტუალური არეოპაგიც რაღაცით ხომ უნდა განსხვავდებოდეს «თბილტრანსის» საბრალო მძღოლების თავყრილობისაგან?
       «კორუფციაზე» გაუთავებელი, უსაგნო ლაპარაკიც იმავე «გვშია-გვწყურიას» გადამღერებაა და სხვა არაფერი. ეს, უბრალოდ, სასაცილო ხდება (სატირალი უკვე არის): ის ხალხი, ვისაც ჭკუა მოეკითხება, საჯაროდ, ერის გასაგონად ამბობს, რომ ქვეყანა კატასტროფის პირას არის, მაგრამ არაფერს ამბობს იმაზე, თუ როგორ და სად ესახება გამოსავალი, რა უნდა შეიცვალოს სისტემაში კონკრეტულად, რა მიმართულება უნდა გაძლიერდეს, რა პირიქით - ნაკლებ რესურსს საჭიროებს, რა უნდა შეიცვალოს საგარეო პოლიტიკაში კონკრეტულად, რა უნდა გაკეთდეს (ასევე კონკრეტულად) შიდა პოლიტიკური მიმართულებით და რაც მთავარია – რატომ უნდა გაკეთდეს ან რა შედეგს მოიტანს ესა თუ ის ცვლილება.
       «მინისტრთა კაბინეტის» მოთხოვნა არ კმარა, რადგან ვერავინ დაასაბუთა, რით სჯობდა 6-7 წლის წინანდელი «მინისტრთა კაბინეტი» დღევანდელ მთარვობას, რომელსაც პრეზიდენტი უშუალოდ ხელმძღვანელობს.
       თუ არ ეთანხმებით არსებულ კურსს, - «კი ბატონო, ბრძანეთ: დაასახელეთ ალტერნატივა ან შექმენით პოლიტიკური ძალა კონკრეტულიო პროგრამით, რომელსაც ხელისუფლება «ვერ ხედავს» და «რატომღაც» არ ახორციელებს და ასე შემდეგ.
       «ვოტ არიედეტ ბარინ»... არადა, შეუძლებელია ამ პასუხისმგებლობის პერსონიფიცირება. ეს, თუ შეიძლება ასე თიქვას, «კოლექტიური ინტელექტუალური პასუხისმგებლობის» საკითხია.
       განა უცნაური არ არის: იმ შეკრებებზე, რომლებსაც «წარჩინებული ინტელექტუალები» ესწრებიან - აფხაზეთის პრობლემა აღარავის ახსოვს. განა ნიშანდობლივი არ არის, რომ უკანასკნელ შეკრებაზეც არავინ მიაქცია ყურადღება ბათუმის უნივერსიტეტის ყოფილიო რექტორის აზიზ ახვლედიანის სენსაციურ გამოსვლას? არ დავაკონკრეტებ, რატომ მიმაჩნია ეს გამოსვლა «სენსაციურად» - ვინც ყურადღება მიაქცია, ისედაც დამეთანხმება.
       კიდევ უფრო უცნაურია, რომ ეს ხდება მაშინ, როდესაც საქართველოს ჰყავს პრეზიდენტი, რომლისთვისაც «ელიტის აზრი», შეიძლება ითქვას, კანონია! ვიმედოვნებ, არ ჩამეთვლება კადნიერებად, თუ ვიტყვი, რომ ეს არის ედუარდ შევარდნაძის «სისხლხორცეული თვისება», რომელიც მისი სოციალური, წარმომავლობიდან მომდინარეობს. იგი ქართული სოციუმის იმ სეგმენტის წარმომადგენელია, რომელსაც ისტორიულად მოსდგამდა ქართული ინტელიგენციის ბავშვურად გულუბრყვილო რწმანა.
       ამიტომ, თუ რაიმეს ღირებულს და მართლა გასათვალისწინებელს, ან, თუნდაც, ანგარიშგასაწევს შესთავაზებენ - შეუძლებელია, სრულფასოვნად არ აღიქვას.
       არავითარ შემთხვევაში ედუარდ შევარდნაძე არ იმოქმედებდა ისე, როგორც თვითონ «თვლიდა» - უეჭველად ჰკითხავდა ვინმე «ავტორიტეტს», ანუ «სამეცნიერო კორიფეს» და იმოქმედებდა ამ საკითხში (რაკი ენდობა ავტორიტეტებს) ისე, როგორც ის ურჩევდა.
       აქედან გამომდინარე, ძალაუნებურად ეჭვიც გიჩნდება, რომ მთელი ეს ამბავი, აგრეთვე, უფრო «სოციალური ტრანსფორმაციის» შედეგია და არა იმისა, რომ ვიღაცას არ სურს, რაღაც «შეისმინოს» და გაითვალისწინოს».
       საბედნიეროდ, საქართველოში ყალიბდება ნორმალური სოციალური სისტემა (დემოკრატიული წესწყობილების შესაბამისად), რომელიც გულისხმობს თვით ელიტის პოლიტიკურ დიფერენცირებას, მაგრამ არავითარ შემთხვევაში, ძველი გაგებით, «ისტებლიშმენტის» შენარჩუნებას. მით უმეტეს, რომ თანამედროვე ქართულმა ისტებლიშმენტმა, ჩვენი ქვეყნისთვის კრიტიკულ პერიოდში (1988-89 წლებში), ვერ შეძლო ერთიანი პოზიციის შემუშავება და დაცვა. ხოლო «წარსულის ხიბლი» სრული ილუზიაა და რეალობასთან საერთო არაფერი აქვს. რასაკვირველია, ეს ტრანსფორმაცია «ინტელიგენციის», როგორც სოციალური ფენის მოსპობას არ ნიშნავს და არც უნდა ნიშნავდეს: ჰენრიხ ბიოლიც «ინტელიგენტია» და ბილ გეიტსიც - მიუხედავად იმისა, რომ ერთი მწერალია, მეორე კი – კომპიუტერული პროგრამების ავტორი )და მულტიმილიარდერი), მაგრამ თუ ისინი ოდესმე გამოვლენ საზოგადოებრივ ასპარეზზე – უეჭველად კონკრეტული პროგრამაც ექნებათ. პოლიტიკაში კი არასდროს ჩაერევიან «უპარტიოდ» - მხოლოდ «ინტელიგენტობის» პოზიციებიდან.
       და ბოლოს, უდიდეს მადლობას ვუძღვნი ჩემთვის უსაყვარლეს «დილის გაზეთს», რომელიც აზრის თავისუფლად გამოთქმის საშუალებას მაძლევს. ეს გაზეთი გამორჩეულია თუნდაც იმით, რომ უმძიმესი ვითარების ახსნას არა მხოლოდ ხელისუფლების «დანაშაულებრივი პოლიტიკის», არამედ ობიექტური პრობლემების არსებობითაც ცდილობს, არადა, როგორც ჩანს, ეს ნამდივლად საშიშია საყოველთაო; უაზრო და არაფრისმომცემი ისტერიის პირობებში.
       ზემოთ რომ «სისტემურ უკმარისობაზე» მოგახსენეთ – სახელმწიფოებრივი სისტემის მდგრადობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რესურსი ის არის, თუკი ერს საერთოდ სურს, იყოს დამოუკიდებელი და ჰყავს ინტელიგენცია, რომელმაც იცის, რა უნდა ერს და რა უნდა თვითონ. ან რა უნდოდა, საერთოდ.
       როგორი რისხვაც უნდა დამატყდეს თავს, ბატონებო და ქალბატონებო (თუმცა, ქართულ ლიტერატურაში «ბატონებო» ორივეს გულისხმობს, ისევე, რორგორც «დამსახურებული კაცი» შეიძლება ქალიც იყოს), მაინც ვიტყვი, რომ დღევანდელი საქართველო არის განხორიელება იმ მისწრაფებების და «ცნობიერი დომინანტებისა», აგრეთვე იმ «იდეალებისა», რომლებიც იმათ აღზარდეს ერში, ვისაც ახლა საკუთარი «შემოქმედების» შედეგი არ აკმაყოფილებს.
       თუმცა, მეტისმეტად ნუ განრისხდებით და განსაკუთრებულ ყურადღებას ნუ მიაქცევთ ამ სტატიას – საქართველოში პრესა თავისუფალია და «რა არ იწერება», ვიღაც უჩინარი ჟურნალისტი რაღაცას დაწერს, - ყველაფერზე რეაგირება როგორ გეკადრებათ.
       თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, «სამსახურებრივი მისამართის» შეცვლა აზრს ვერ შემაცვლევინებს, რადგან მართლა იმას ვწერ, რასაც ვფიქრობ.

დილის გაზეთი, 10 ივლისი, 2000 წელი

მთელ გვერდზე