შეხვედრა ბრანდენბურგის კარიბჭესთან

        გუშინ დილით საქართველოს პრეზიდენტი სპეციალური თვითმფრინავით გაემგზავრა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, სადაც გერმანიის გაერთიანების 10 წლისთავთან დაკავშირებით გრანდიოზული საზეიმო ღონისძიებები იწყება.
        ედუარდ შევარდნაძე გერმანიაში ფედერაციული რესპუბლიკის ოფიციალურმა ხელისუფლებამ მიიწვია. იგი შეხვდა როგორც ფედერალურ კანცლერ გერჰარდ შრიოდერს, ასევე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტ იოჰანეს რაუს.
        გაიმართა რამდენიმე მიღება ედუარდ შევარდნაძისა და მისი კოლეგების საპატივცემოდ. ბერლინში მიწვეულნი იყვნენ საგარეო საქმეთა მინისტრები, რომლებიც 10 წლის წინათ მონაწილეობდნენ მოლაპარაკებებში გერმანული ერთობის თაობაზე. მათ შორის იყო დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლორდ დუგლას ჰერდი, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰანს დიტრიხ გენშერი, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი როლან დიუმა, აგრეთვე, ყოფილი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ლოთარ დემეზირი, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯეიმს ბეიკერი.
        გუშინ გერმანიის ტელეკომპანია ARD-ში მოეწყო მრგვალი მაგიდა მინისტრების მონაწილეობით, რომლებმაც იმსჯელეს 10 წლის წინანდელ მოვლენებზე. ეს ღონისძიება მთლიანად ამ ტელეკომპანიის ინიციატივა იყო და მისი ორგანიზებაც ფინანსური თვალსაზრისით, მანვე მოახერხა.
        სარწმუნო წყაროების ცნობით, ყველაზე დიდი სირთულე სწორედ საქართველოს პრეზიდენტის, ბერლინში ჩასვლას უკავშირდებოდა, ვინაიდან ჩვენს ქვეყანაში შექმნილი მძიმე ფინანსური მდგომარეობა გამორიცხავდა გერმანიაში საქართველოს ბიუჯეტის ხარჯზე გამგზავრებას. ამიტომ გერმანიის მხარემ, კერძოდ ხსენებულმა ტელეკომპანიამ დააფინანსა მთლიანად შევარდნაძის ვიზიტი.
        თბილისში სპეციალურად ჩამოფრინდა თვითმფრინავი, რომლითაც საქართველოს პრეზიდენტი გაემგზავრა ბერლინში. იმავე თვითმფრინავით, დღეს სისხამ დილით, დელეგაცია საქართვლეოში ბრუნდება. ვიზიტის დროს იგრძნობოდა, რომ ედუარდ შევარდნაძე თავისი ყოფილი კოლეგებისგან გამოირჩეოდა, ვინაიდან მათგან განსხვავებით, იგი მოქმედი პოლიტიკოსი და პრეზიდენტია. ამიტომ მან გერმანიაში ყოფნა, რა თქმა უნდა, საქმიანი შეხვედრებისთვის გამოიყენა. კერძოდ, გერმანიის ფედერალურ კანცლერთან გერჰარდ შრიოდერთან შეხვედრისას შევარდნაძემ კვლავ სთხოვა გერმანელ მეგობრებს, ჩვენი ქვეყნისთვის გვალვის შედეგების დაძლევაში დახმარება აღმოეჩინათ და მტკიცე დაპირება მიიღო, რომ გერმანიის მთავრობა აუილებლად გამოყოფს დამატებით დახმარებას როგორც გრანტის, ასევე, გრძელვადიანი სასურსათო კრედიტის სახით.
        იმავე თემაზე შევარდნაძე ესაუბრა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ იოშკა ფიშერს. ასე რომ, ვიზიტი, რომელიც მთლიანად გერმანიამ დააფინანსა, საქართველოსთვის პრაქტიკული თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანი აღმოჩნდა და არ შემოიფარგლა მხოლოდ ცერემონიალური ღონისძიებებით. თუმცა, ისიც სასიამოვნოა, რომ საქართველოს პრეზიდენტს, კოლეგებთან ერთად, ბრანდენბურგის კარიბჭესთან ათასობით ბერლინელი ეგებებოდა.
        წლევანდელი ზეიმი გერმანელებისთვის ძალზე მნივშნელოვანია, რადგან განვლილმა ათწლეულმა ზოგიერთებს იმედი გაუცრუა და «ასრულებული ოცნება» მეტად მძიმე გამოდგა – დასავლეთ გერმანელებს ყოფილი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ სოციალური და მენტალური ასიმილირება ძალიან გაუჭირდათ და ამ თვალსაზრისით უამრავი პროობლემაც შეექმნათ.
        მაგრამ გერმანიაში ყველა, ვისაც ესმის, რას ნიშნავს «გერმანული ერთობა», შესანიშნავად ესმისი ისიც, რომ ათი წლის წინ ნამდვილად განისაზღვრა უდიდესი კულტურის შემოქმედი ერის მომავალი გზა და ბედი მესამე ათასწლეუბლში.
        ამიტომ ზეიმი ბრანდენბურგის კარიბჭესთან, ყველაფრის მიუხედავად, მათვის ჭეშმარიტად ეროვნული დღესასწაულია.

დილის გაზეთი, 29 სექტემბერი, 2000 წელი

მთელ გვერდზე