ედუარდ შევარდნაძე «სასტიკი ზომებისათვის» ემზადება

        საქართველოს მოქმედი პრეზიდენტისა და პრეზიდენტობის ნომერ პირველი კანდიდატის, ედუარდ შევარდნაძის სიტყვა «სპორტის სასახლეში» გამართულ წინასაარჩევნო ფორუმზე, შესაძლოა, ბევრს მორიგი წინასაარჩევნო რიტორიკა ჰგონია, მაგრამ, სინამდვილეში, ამჯერად შევარდნაძემ სრულად გამოიყენა მომწიფებული საზოგადოებრივი აზრი, რათა იმთავითვე განეცხადებინა მეორე საპრეზიდენტო ვადის უმთავრესი პრიორიტეტი. ეს პრიორიტეტი იქნება «კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა», რაშიც, ედუარდ შევარდნაძეს გაცილებით მეტი ესმის და გაეგება, ვიდრე ნებისმიერ სხვა მოღვაწეს საქართველოში.
        1972 წელს შევარდნაძემ პოლიტიკური მოღვაწეობა სწორედ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლით დაიწყო. აქვე უნდა ითქვას, რომ იმჟამინდელ საქართველოში მხოლოდ პირველი მდივანი იყო პოლიტიკური ფიგურა და მას გარკვეული შესაძლებლობები (რა თქმა უნდა, «ჩარჩოებში») ჰქონდა, რათა მოეხდინა ამა თუ იმ პროცესის პროვოცირება. მაგრამ შევარდნაძე (ეს არის მისი ერთ-ერთი განმასხვავებელიო თვისება) ყოველთვის უწევდა ანგარიშს (ესეც «ჩარჩოებში») არა მხოლოდ კრემლის, არამედ ქართული საზოგადოების აზრს.
        ამიტომ არ არის შემთხვევითი, რომ საპრეზიდენტო პროგრამის წარდგენისას, კორუფციის თემაზე საუბრის კონტექსტში, შევარდნაძემ კვლავ ახსენა «სიტუაციის» მომწიფება – მომწიფებაში იგი, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ საზოგადოებრივი აზრის მომწიფებას გულისხმობს, ანუ პრეზიდენტი გულისხმობს, რომ მისმა ოპონენტებმა ქართულ საზოგადოებაში შექმნეს ისეთი სტერეოტიპები და იდეოლოგემები, რაც მას საშუალებას აძლევს «გაიხსენოს ახალგაზრდობა» და იმოქმედოს მკაცრად – კორუფცირებულთა წინააღმდეგ. თანაც, ისე, რომ აღარ შეეშინდეს საპირისპირო სტერეოტიპების, საპირისპირო იდეოლოგემებისა – «შევარდნაძემ 37 წელი განაახლა, შევარდნაძემ ტერორი დაიწყო» და ა.შ. ურთიერთსაპირისპირო ბრალდებები «სხვადასხვა მხრიდან» ერთი და იმავე ქმედებისათვის, საქართველოში უკვე შეუძლებელი ხდება.
        ამრიგად, პრეზიდენტი, როგორც ჩანს, მართლა აპირებს იმას, რაც განაცხადა, ანუ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უნდა ველოდოთ მკვეთრ დემარშებსა და ქმედებებს კორუფციის აღმოსაფხვრელად. თანაც, არა მხოლოდ «მაკრო», არამედ «მიკრო» დონეზეც. ეს «მაკრო»-ცა და «მიკრო»-ც ედუარდ შევარდნაძეს შემთხვევით არ უხსენებია. შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთი შეხვედრისას მან მეტად მრავალმნიშვნელოვანი ფრაზა თქვა: დღემდე ვერიდებოდი ანტიკორუფციის სამსახურის შექმნას, ვინაიდან პირველები ბადეში ისინი მოჰყვებიან, ვინც ერთი ტომარა ფქვილი ან ორიოდე კოლოფი სიგარეტი შემოიტანა კონტრაბანდითო.
        შევარდნაძემ შესანიშნავად უწყის, რომ კორუფცია სწორედ «მიკროდონიდან» იწყება და მხოლოდ შემდეგ აღწევს «მაკროდონეზე», ანუ უმაღლეს სახელისუფლო ეშელონებში, რომლის წევრები «წილს» ელოდებიან და იღებენ;
        რომ არ არსებობდეს კორუფცია «მიკრო» დონეზე, არ იარსებებდა იგი «მაკროეშელონებში», ამიტომ თუ შევარდნაძემ საბოლოოდ გადაწყვიტა, ბადე მოისროლოს. ამ ბადეში, უპირველეს ყოვლისა, სწორედ «ლიფსიტები» უნდა მოჰყვნენ, რათა მათი მეშვეობით «ღლავებს» მისწვდეს.
        ამ პროცესის «ღლავებით» დაწყება შეუძლებელია, ვინაიდან «საბრალდებო მასალას» სწორედ «ლიფსიტები» ქმნიან და მათ გარეშე «ღლავები» კვლავ დაუძვრებიან ბადეს.
        ამრიგად, შევარდნაძის ბადეში (ისევე, როგორც 1972 წელს) შეიძლება ათასობით ადამიანი მოჰყვეს, - ჩვეულებრივი კონტრაბანდისტებიდან, «ბობოლა მექრთამეებამდე». მაგრამ პრეზიდენტი საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ამის გარეშე არც ბიუჯეტს ეშველება რაიმე, არც საგადასახადო პოლიტიკას და, საერთოდ, არც სახელმწიფოებრივ ინსტიტუტებს, რომლებიც (ბიუჯეტის შეუვსებლობის გამო) თანდათანობით ლპება და დეგრადირდება.
        არც ის უნდა იყოს შემთხვევითი, რომ «კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის» კონტექსტში ედუარდ შევარდნაძემ ისაუბრა საბოლოო შერიგებაზე – საქართველოს გამოცდილმა (მრავლისმნახველმა) ლიდერმა შესანიშნავად უწყის, რომ ბადის მოსროლას უეჭველად მოჰყვება საქართველოში სერიოზული პოლიტიკური გართულება – ბადეში მოყოლილი ღლავებიცა და ლიფსიტებიც, მათი ოჯახის წევრები და ახლობლები (ისევე როგორც 1991-1992 წლებში) ყველაფერს გააკეთებენ, რათა პრეზიდენტთან დაპირისპირებას პოლიტიკური შეფერილობა მისცენ.
        რა თქმა უნდა, ისინი არ დაასახელებენ ნამდვილ მოტივს, მაგრამ სწორედ მაშინ გაახსენდებათ ზვიად გამსახურდიას მთავრობის უნიათობაც, კაკო ელიავას დაჩაგრულობაც და ა.შ.
        ერთი სიტყვით, კორუფციის წინააღდმეგ რეალურ ბრძოლას საქართველოში მორიგი რევოლუციის საფრთხე და შესაბამისი ატმოსფეროს შექმნა მოჰყვება, რითაც შეიძლება ისარგებლოს რომელიმე გენერალმა ან პოლკოვნიკმა.
        ამიტომაც სჭირდება ედუარდ შევარდნაძეს, კორუფციის წინააღმდეგ ნამდვილი ბრძოლის დაწყებამდე, «შერიგების» უზრუნველყოფა, რათა დაზარალებულმა კორუფციონერებმა ვეღარ შეძლონ საზოგადოებაში არსებული «ცნობიერი ანტაგონიზმით» მანიპულირება.

მერიდიანი, 5 აპრილი, 2000 წელი

მთელ გვერდზე