«შესანიშნავი შვიდეული» დღეს ერთად დააქუხებს

        პრეზიდენტ შევარდნაძის ბრძანებულებით შექმნილი კომისია დღეს წარმოადგენს პროექტს იმ პროგრამისთვის, რომელიც ჯერ არ არსებობს, მაგრამ მჟღერი სახელწოდება აქვს: «კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პროგრამა».
        თვით ეს «ფუნდამენტური» და «დოქტრინული» დოკუმენტი ნოემბრის ბოლომდე გამოქვეყნდება. იგი მოიცავს, აგრეთვე, იმ მონაცემებს, რაც «ჩრდილოვანი ეკონომიკის» შესწავლის პროცესში შეიმუშავეს სამთავრობო ექსპერტებმა, ეკონომიკის სამინისტროს ეგიდით.
        ბუნებრივია, ეს ორი საკითხი ერთმანეთს უკავშირდება, ვინაიდან, თვისებრივად «კორუფციის» პრობლემა საქართველოში განუყოფელია «ჩრდილოვანი ეკონომიკის» პრობლემისგან, როგორც «მიკრო», ასევე «მაკრო» გამოვლინებებში, ანუ ბობოლა ჩინოვნიკთა «კუშებში», რომლებიც საირმეზე სიდედრ-სიმამრთა სახელებზე გაფორმებულ სახლებში ყვავილდება, და უბედურ ლტოლვილთა ლუკმა-პურში აკაკი წერეთლის ძეგლთან, სადაც პერმანენტულად იქმნება რევოლუციის სიტუაცია.
        თუ წინათგრძნობა არ მღალატობს (არ მგონია მღალატობდეს), «შესანიშნავი შვიდეული» ყოველნიაირად შეეცდება, დღეს დაუძვრეს ამგვარ დაკავშირებას და აქცენტი გააკეთოს კორუფციის კლასიკურ გაგებაზე, რაც ყველაზე გავრცელებულია საქართველოში. ანუ, ზის მინისტრი სახლში და შემოაქვთ ქრთამი იმ საქმისთვის, რაც კანონით აკრძალულია – ვთქვათ, მიაკუთვნოს სახელმწიფო შეკვეთა უვარგის სამეწარმეო ნიმუშს და ასე შეამდეგ.
        სინამდვილეში, საქმე აქ გაცილებით რთულად არის. «კორუფცია» საქართველოში ხორციელდება, იმ სფეროებში, იმ არეალში, სადაც უკანონობა-კანონიერების დადგენა ძალიან ძნელია, ხოლო «ქრთამი» კარგი ხანია, ასევე, «ნახევრად კანონიერი» ფორმით არის ლეგალიზებული «არაფორმალური» შეთანხმებებით, რომელთა აღსრულების გარანტია «გაგებაა» და არა «კანონი».
        აქედან გამომდინარე, «შესანიშნავი შვიდეულის» წინადადებები, საეჭვოა, გასცდეს იმ ინიციატივებს, რაც წამიერ პროპაგანდისტულ გნიასს გამოიწვევს და რეალურად ბევრს ვერაფერს შეცვლის. მაგალითად, მინისტრებისთვის (მხოლოდ მათთვის) ხელფასების გაზრდა თვეში 1000 ან 2000 ლარამდე, - გულუბრყვილო რწმენით, რომ მინისტრი ამის შემდეგ ქრთამს არ აიღებს და არც სხვას მისცემს საშუალებას, აიღოს, რაკი უწყებაში ყველაფერს აკონტროლებს.
        სინამდვილეში, პრობლემა, რასაკვირველია, უფრო რთულია და ვერანაირი «გამჭვირვალობით» ამ სახელისუფლებო «ჩრდილს» ვერ დავასხივებთ.
        კორუფცია საქართველოში ხორციელდება (ვიმეორებ) ინტერესთა თანხვედრის პირობებში, კანონიერებისა და უკანონობის ზღვარზე, - მოხელე ქრთამს იღებს არა იმის გაკეთებისთვის, რაც არ უნდა გააკეთოს, არამედ ისეთი მოქმედებისთვის, რაც ისედაც უნდა გაეკეთებინა, მაგრამ შეიძლება, არც გააკეთოს. რაც შეეხება «გამჭვირვალობას», «საჯაროობას», «კონტროლს» და ასე შემდეგ – არსებული საკანონმდებლო ბაზა ისედაც ყოვლისმომცველია, მაგრამ უმაქნისი.
        სხვანაირად თუ ვიტყვით, «დიდი შვიდეულის» ძალისხმევა არანაირ შედეგს არ გამოიღებს, თუ მათი ვექტორი კორუფციის რეალურად არსებული, მაგრამ «არაშემუსვრადი» სახეობების წინააღმდეგ იქნება მიმართული.
        სხვა საქმეა, «ჩრდილოვანი ეკონომიკა» და ორი მისი მთავარი გამოვლინება: ფალისიფიკაცია და კონტრაბანდა. «მაღლა და მაღლა» ეს ბიზნესი თეთრდება და ჩინოვნიკს ეძლევა საშუალება, ფული ნახევრად ლეგალურ «ინტერესთა თანხვედრის» საფუძველზე იშოვოს.
        ამიტომ, კორუფციის ამ სახეობათა წინააღმდეგ ბრძოლა უფრო პერსპექტიულია («ფესვების გადაჭრაა»), მაგრამ საქმე სწორედ ის არის, რომ მათ წინააღმდეგ ბრძოლა ნაკლებად «სერიოზულია» და საზოგადოებაში აუცილებლად ჩამოყალიბდება კონცენტრირებული სტერეოტიპი: «საირმის სასახლეთა ნაცვლად, ორ ბლოკ სიგარეტს დასდევენო». არადა, ვერავის შეაგნებინებ, რომ ის ბობოლა ჩინოვნიკი სასახლეს სწორედ იმ ორი ბლოკის «ლეგალიზებით» ახერხებს. ამიტომ, «შესანიშნავი შვიდეულის» დღევანდელ ქუხილში ზოგიერთი წევრის პოლიტიკური ინტერესების ნოტაც მკაფიოდ გაიჟღერებს, ხოლო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას ამით არაფერი ეშველება – იგი პოსტტოტალიტარული საზოგადოების განუყოფელი თვისებაა და მხოლოდ მენტალიტეტის შეცვლით დაიძლევა.

დილის გაზეთი, 20 სექტემბერი, 2000 წელი

მთელ გვერდზე