შევარდნაძე ამერიკელ მრჩეველს ინიშნავს

        გუშინ საქართველოს პრეზიდენტი შეხვდა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის და პრეზიდენტის ადმინისტრაციის საკვანძო ფიგურას კასპიის ენერგორესურსების საკითხებში, ჯონ ვულფს.
        სარწმუნო წყაროს ცნობით, ედუარდ შევარდნაძემ ამერიკელ სტუმარს სთხოვა, თბილისში გაისხნას სპეციალური ოფისი, რომლის ხელმძღვანელს «საქართველოს პრეზიდენტის კონსულტანტის» სტატუსი ექნება და, ძირითადად, სწორედ «კასპიის პროექტებზე» იმუშავებს, როგორც ერთგვარი დამაკავშირებელი რგოლი საქართველოსა და ამერიკას შორის ამ საკიათხში.
        ასეთი პრაქტიკა ბევრ ქვეყანაშია მიღებული, მაგრამ ამ ინსტიტუტის დაფუძნება თუმცა მცირე, მაგრამ ძალზე ნიშანდობლივი და მეტყველი სიმპტომია სამხრეთ კავკასიაში (მათ შორის საქართველოში) ამერიკის პოზიციათა განმტკიცების და ორმხრივი ურთიერთობის დონის ხარისხობრივი ამაღლებისა.
        5-6 წლის წინათ ასეთი სიმპტომებიც არ არსებობდა.
        მით უმეტეს, რომ ჯონ ვულფი თბილისში მოსკოვიდან ჩამოვიდა, სადაც მისმა კოლეგამ და ფუნქციონალურად «ტყუპნისცალმა» ვიქტორ კალუნჟიმ პირდაპირ განუცხადა: კასპიის ზღვის აუზი რუსეთის ექსკლუზიური ეკონომიკური ინტერესების ზონაა და იქ რატომ იჭრებითო.
        მანამდე ჯონ ვულფი ანკარაში შეხვდა თურქეთის ახალ პრეზიდენტს სეზერს და პრემიერ-მინისტრ ეჯევეთს. თურქებს ჯერ არ დაუკარგავთ საბოლოოდ იმედი, რომ მონათესავე თურქმენთა «მამა» საფარმურად ნიაზოვს დაარწმუნებენ, გააცოცხლოს და ააღორძინოს ტრანსკასპიური გაზსადენის პროექტი, ანუ თურქმენული გაზის მიწოდება კასპიის ზღვის ფსკერზე აგებული გაზსადენით, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით _ თურქეთსა და ევროპაში;
        რაც შეეხება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს, - ეს პროექტი უკვე ხორციელდება, ნავთობსადენის მშენებლობა 2004 წლის გაზაფხულზე დასრულდება და მაშინვე დაიტვირთება პირველი ტანკერი თურქეთის ხმელთაშუაზღვისპირა პორტ ჯეიჰანში.
        ჯონ ვულფი ედუარდ შევარდნაძეს შეპირდა, რომ 2000-2001 წლის ზამთარში ამერიკა საქართველოს კვლავ დაეხმარება ენერგომატარებლებით. კერძოდ, იგულისხმება მაზუთის მოწოდება, რასაც ქართული ენერგოსისტემისთვის შესაძლოა, სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდეს.
        არის სხვა პროექტებიც (გარდა აზერბაიჯან-საქართველო-თურქეთის გაზსადენის მშენებლობისა). კერძოდ, რუსეთმა შეიძლება დაიწყოს თურქეთში ბუნებრივი აირის ექსპორტი საქართველოს გაზსადენის სისტემის გამოყენებით და ასე შემდეგ.
        ჯონ ვულფის ამჟამინდელი ვიზიტის ყველაზე საინტერესო ნიუანსი ის იყო, რომ მას თან ახლდა სპეციალური «კონტრტერორისტული ოფისის» თანამშრომელი, რომელიც, როგორც ჩანს, შეიმუშავებს ნავთობსადენის უშიშროების უზრუნველყოფის სპეციალურ პროგრამას – ქართველ სპეციალისტებთან ერთად.
        შევარდნაძემ კი საჭიროდ ჩათვალა აღენიშნა, რომ ბაქო-სუფსის მშენებლობისას ასეულობით მილიონი დოლარიდან «არცერთი ცენტი» არამიზნობრივად არ დახარჯულა.
        ასევე იქნება «დიდი ნავთობსადენის» მშენებლობის დროსაც. საქართველო ამ მხრივ უფრო «გამჭვირვალეა,» ვიდრე ყაზახეთი, სადაც ანალოგიური თანხების მითვისებისთვის გრანდიოზული სკანდალი «ააგორა» დასავლურმა პრესამ.

დილის გაზეთი, 13 ივლისი, 2000 წელი

მთელ გვერდზე