შევარდნაძეს დასავლეთი კვლავ დაეხმარება

        ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტს, «მილენიუმ სამიტში» მონაწილეობისა და იქ წამოჭრილ გლობალურ პრობლემათა განხილვის გარდა, ედუარდ შევარდნაძისათვის სხვა მნიშვნელობაც ჰქონდა: იგი შეხვდა როგორც «დემოკრატებს», ასევე «რესპუბლიკელებს». მათ შორის, ჯორჯ ბუშის თანაშემწეს ეროვნული უშიშროების საკითხებში რობერტ ზოლეკს, რომელიც ჯორჯ ბუში-უმცროსის «გაპრეზიდენტების» შემთხვევაში, ადმინისტრაციაში, უეჭველად, დაიკავებს ერთ-ერთ საკვანძო პოსტს. ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობას. დემოკრატთაგან კი სხვასთან შეხვედრა საჭირო არ იყო – პრეზიდენტი კლინტონი ჯერჯერობით «უპირველეს დემოკრატად» რჩება.
        ედუარდ შევარდნაძესთან შეხვედრისას ბილ კლინტონმა განაცხადა, რომ დარჩენილ ვადაში (არადა, ახალი ადმინისტრაცია მუშაობას შეუდგება მხოლოდ 2001 წლის იანვრიდან, ანუ ვადა არცთუ ისე მცირეა) «თეთრი სახლი» ყველაფერს გააკეთებს, რათა დაეხმაროს საქართველოს. ზოგიერთი საკითხი უკვე გადაწყდა კიდეც – მაგალითად, ამერიკა საქართველოს შეპირებული ოდენობის ხორბლის გარდა, კიდევ 2 მილიონ 700 ათასი დოლარის დახმარებას გამოუყოფს. გარდა ამისა, ეს ქვეყანა ხომ თითქოს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის წევრია? ამ ორგანიზაციებში თავის გავლენასაც საქართველოს დასახმარებლად გამოიყენებს, რათა გვალვის დამანგრეველი შედეგი რაც შეიძლება ნაკლებ მტკივნეული იყოს.
        რაც შეეხება «საგარეო ვალებს» - დასავლეთი და ამერიკის შეერთებული შტატები ვერ აიძულებს თურქმენეთს, სომხეთსა და რუსეთს, ვალები გვაპატიოს, მაგრამ მას შეუძლია ვალების რესტრუქტურიზაციაში დაგვეხმაროს – პარიზისა და ლონდონის კლუბებში მოლაპარაკებებზე «გამოგვყვეს», თუმცა ისიც საკითხავია, სომხეთის ვალი არც ერთ ქვეყანას არა აქვს და რაღა ჩვენ «ავიკიდეთ»? ეს იმას ჰგავს, ერევნის «არარატი» რომ ყველა თამაშს აგებდა და მაინცდამაინც თბილისის «დინამოსთვის» უნდა მოეგო. «სომხეთის ვალი» საქართველოსთვის ავადსახსენებელი სამოქალაქო ომის პირდაპირი შედეგია, როდესაც ეშელონები იძარცვებოდა, ჭკვიანი სომხები კი ამას ვალში გვითვლიდნენ. ხოლო «საერთაშორისო სავალუტო ფონდისა» და «მსოფლიო ბანკის» ვალები შეიძლება კიდეც ჩამოგვაწერონ, თუმცა ეს ვალები 30-40 წლის ვადითაა აღებული და, ღმერთმა ნუ ქნას, საქართველო იმ დროისათვისაც ისეთი დაჩაჩანაკებული სახელმწიფო იყოს, ვალების გადახდა ვერ შეძლოს. ასე რომ, პრინციპში, ვალების «ჩამოწერა» არც უნდა გვიხაროდე ს-ე ს იმის მანიშნებელი იქნება, რომ (ისევე, როგორც აფრიკის ქვეყნებში) კრედიტები ჩინოვნიკებმა შეჭამეს და ისინი ქვეყნის ყოველმხრივ განვითარებას არ მოხმარებია.
        ნიუ-იორკში შევარდნაძის მოლაპარაკებათა ერთ-ერთი მთავარი თემა აფხაზეთი ყო. ამ საკითხზე იგი ესაუბრა ამერიკის პრეზიდენტს და გაეროს გენერალურ მდივანს. ორივე შემთხვევაში «საპასუხო ფორმულა» არ შეცვლილა – გაერთიანებული ერების ორგანიზაციაც და ამერიკის შეერთებული შტატებიც მზად არიან დაგვეხმარონ. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველო შეცვლის მოლაპარაკებათა ფორმატს. უფრო ზუსტად – ისინი არსებული ფორმატის ფარგლებშიც განაგრძობენ ჩვენთან თანამშრომლობას, მაგრამ არსებული ფორმატის ფარგლებში რომ არაფერი გამოვა, ჩვენ თვითონ უნდა მივხვდეთ – ისინი თავად ამას არ გვეტყვიან, რათა რუსეთის გაღიზიანება არ გამოიწვიონ, ესეც ნიშანდობლივია: «არავინ დაუწყებს რუსეთს ომს ჩვენი გულისთვის». ასევე, «არავინ გააღიზიანებს რუსეთს ჩვენს ნაცვლად». თუ გაღიზიანება და კონფრონტაცია გვინდა (საქმის გასაკეთებლად და ამჟამინდელი ვითარების შესაცვლელად), ჩვენ თვითონ უნდა ვიკისროთ ის რისკი, რომელსაც ჩვენს ნაცვლად არავინ იკისრებს.
        დაახლოებით ასეთივე პოზიციაა ბაზებთან დაკავშირებით. სარწმუნო წყაროთა ცნობით, ამ საკითხზე საყურადღებო შეხვედრები ჰქონდათ როგორც თვით პრეზიდენტს, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრ ირაკლი მენაღარიშვილს. ამერიკელთა პოზიცია აქაც სრულიად გასაგებია: თქვენ დათანხმდით რუსებს, დროებით განალაგონ ბაზები თქვენს ტერიტორიაზე. დათანხმდით, მიუხედავად იმისა, რომ იცოდით: ხელშეკრულებით ეს ვადა განსაზღვრული არ არის – შეიძლება «დროებითი» სამი წელიც იყოს და 25 წელიც, დათანხმდით განსხვავებით მოლდოვასაგან, რომელმაც, საერთოდ, აკრძალა უცხო ვქეყნის ბაზების დისლოცირება თავის ტერიტორიაზე. რუსებს კი ცოცხალი ძალა (და ტექნიკა), საერთოდ, არ გაჰყავთ იმის მომიზეზებით, რომ პარიზის ხელშეკრულება «ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შემცირების» თაობაზე მხოლოდ სამხედრო ტექნიკის გაყვანას ითვალისწინებს. სხვაგვარად თუ ვიტყვით, ამერიკელები აქტიურად დაგვეხმარებიან, რათა სკრუპულოზური სიზუსტით შესრულდეს შეთანხმება «საქართვლეოში რუსული სამხედრო ტექნიკის» შემცირების თაობაზე, მაგრამ ეს სრულებითაც არ ნიშნავს ბაზების ლიკვიდაციას და ჯარების სრულ გაყვანას – თუნდაც 3-4 წლის შემდეგ.ა ქ კი, ნურას უკაცრავად! ეს რისკიც მხოლოდ თავად შეიძლება ვიკისროთ: ქართულ საზოგადოებას და ისტებლიშმენტს (არა მხოლოდ ხელისუფლებას) უნდა, რომ არც მწვადი დაწვას და არც შამფური – ერთი მხრივ, რუსეთის ჯარების გაყვანაც სურს, რათა მსოფლიო ასპარეზზე სრულყოფილ ქვეყნად წარმოვჩინდეთ და არა სატელიტად, ხოლო მეორე მხრივ, ურსეთის გაღიზიანებას ერიდება, რაკი სულაც არ ეპიტნავება ზამთარში ელექტროენერგიის გარეშე დარჩენა – ძნელი გასათვლელი არ არის, რომ საქართველოს მოთხოვნები მოსკოვის გაავებას გამოიწვევს, ამიტომ ბუნებრივი აირის მიწოდებასაც შეგვიწყვეტს და სავიზრო რეჟიმსაც შემოიღებს.
        ორივე ერთად არ გამოვა. სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ როდესაც 1999 წლის ნოემბერში სტამბულის ისტორიულ სამიტზე საქართველოს დელეგაციამ ეს გადაწყვეტილება მიიღო, მაშინ ჯერ კიდევ არ იყო ქართულ საზოგადოებაში ამოწურული ილუზია, თითქოს ჩვენ შევძლებდით რუსეთის მეშვოებით, რუსეთის დახმარებით (რასაც ბაზების სანაცვლოდ მივიღებთ) გადაგვეწყვიტა აფხაზეთის პრობლემა. რა თქმა უნდა, ეს სრული ილუზია იყო, მაგრამ შეუძლებელია ხელისუფლებას იგი არ გ აეთვალისწინ ებინა. მით უმეტეს, რომ ჰყავდა «საარჩევნო ოპონენიტი», რომელიც, უეჭველად, უსაყვედურებდა (ამასაც მოვესწარით) რუსეთისადმი «მეტისმეტად ხისტი» პოლიტიკის გატარებას. ასეა თუ ისე, გადაწყვეტილება მიღებულია და ახლა რისკის, ა გრეთვე მტკივნეული რეაქციის გარეშე აღარაფერი გამოვა.
        ნიუ-იორკში ედუარდ შევარდნაძემ რამდენიმე ნიშანდობლივი შეხვედრა გამართა. მათ შორის, ირანის და თურქეთის პრეზიდენტებთან. იაპონიის პრემიერ-მინისიტრთან, გაეროს გენერალურ მდივანთან. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც იყო სუუამის (საქართველო, უკრაინა, უზბეკეთი, აზერბაიჯანი, მოლდოვა) ლიდერთა შეხვედრა, რომელზედაც ოფიციალურად გამოცხადდა, რომ ორგანიზაციას შეუერთდა რუმინეთიც. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეზე შექმნილ ორგანიზაციას ამ სივრცის გარეთ არსებული სახელმწიფოც უერთდება. რუმინეთის გაწევრიანებით «სუუუამი» სრულებით განსხვავებულ და განსაკუთრებულ შინაარსს იძენს იუსეთის მიღებაზე კი (არადა, კრემლმა ასეთი სურვილი გამოთქვა) ნიუ-იორკში შეკრებილმა წევრმა ქვეყნებმა უარი თქვეს, ვინაიდან რუსეთი «სუუამისთვის» მეტისმეტად არასასურველი წევრია. ეს ფაქტი აშკარად ამჟღავნებს ახალი რეგიონული გაერთიანებისადმი მოსკოვის ნევროზულ დამოკიდებულებას: ექსპერტთა აზრით, «სუუამის» რუსეთს იმიტომ ეშინია, რომ პოსტსაბჭოურ სივრცეში ახალი «ძალის წყარო» ჩნდება უკრაინა-რუმინეთის საკმოად მძლავრი ტანდემის სახით, მას არა მხოლოდ აფხაზეთის, არამედ დნესტრისპირეთის კონფლიქტის გადაწყვეტისთვისაც ექნება საკმაოდ დიდი მნიშვნელობა.

მერიდიანი, 11 სექტემბერი, 2000 წელი

მთელ გვერდზე