მდუმარე პრეზიდენტს კარგი გამგონი უნდა;
        შევარდნაძე ან საქთმელს მალავს, ან მისმა სიტყვამ წონა დაკარგა

        გუშინდელ «ძრწოლის მომგვრელ სხდომას» მთელი საქართველო (უფრო სწორედ მისი ის ნაწილი, რომელიც ჯერ კიდევ დაინტერესებულია პოლიტიკით) უდიდესი ინტერესით ელოდა; გამოითქმებოდა სხვადასხვა მოსაზრება, რომ უკვე გუშინდელ სხდომაზე პრეზიდენტი კინწისკვრით გააგდებდა მინისტრებს, გამოაცხადებდა მინისტრთა კაბინეტის შექმნას, კონსტიტუციაში ცვლილებათა შეტანას და ა.შ.,
        მაგრამ ვინც კარგად იცნობს შევარდნაძის პოლიტიკურ ტექნოლოგიას, იმთავითვე ეჭვი ეპარებოდა მოვლენათა ამ სცენარის განვითარებაში – შევარდნაძე არ არის ელცინი. ისევე, როგორც საქართველო არ არის რუსეთი, სადაც ხელისუფლების პროპაგანდა მისი «რადიკალურ-პოპულარული» დონით განისაზღვრება.
        საქართველოში სხვა ტექნოლოგიაა საჭირო ურთულესი პრობლემების გადასაწყვეტად – მათ შორის სახელისუფლებო სისტემის ტრანსფორმაციის პროცესში. თუმცა, «პოლიტიკური მიზანსცენების» მოწყობა შევარდნაძესაც უყვარს და ეხერხება – მაგალითად, სხდომა დაიწყო მისი ჟესტით თავდაცვის მინისტრ დავით თევზაძისადმი – გვერდში მომიჯექიო. დაძაბულ ატმოსფეროში ამ ჟესტს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა.
        როგორც შემდგომ აღმოჩნდა, ტარდებოდა არა მთავრობის, არამედ «ფინანსური სტაბილურობის» კომისიის გაფართოებული სხდომა, რომელსაც პრეზიდენტის ბრძანებულებით ვაჟა ლორთქიფანიძე უდგას სათავეში; ამიტომ სხდომა სახელმწიფო მინისტრმა წაიყვანა (და არა პრეზიდენტმა, როგორც მთავრობის სხდომებზე), რასაც თითქოსდა წმინდად «ტექნიკური» მნიშვნელობა ჰქონდა;
        მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ლორთქიფანიძე შემდგომ პირველი გამოვიდა სიტყვით, ამ დეტალსაც ერთგვარად «ქარაგმული» დატვირთვა დაეკისრა და იქნებ სახელმწიფო მინისტრის საბოლოო «ანგარიშადაც» იქცა – თუმცა ამის თქმა დანამდვილებით ჯერ არავის შეუძლია.
        ზოგიერთი ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის, თითქოს «იცის», რას აპირებს პრეზიდენტი, თუმცა ეს აშკარა ბლეფია, ვინაიდან მხოლოდ შევარდნაძემ იცის, რას აპირებს შევარდნაძე. ასეთი «ტექნოლოგიური მეთოდები» მას არასდროს ეშლება. ბოლოდროინდელი მოვლენები კი აშკარად ადასტურებს, რომ ხმები ბაბუს «დაბერების» თაობაზე ერთობ გადაჭარბებულია.
        როგორც ჩანს, პრეზიდენტმა მთავრობის მექანიკურ «შეცვლას» «მინისტრთა კაბიონეტის» შემოღებას და სხვა პოპულარულ ნაბიჯებს, რომელსაც არანაირი შედეგი არ მოჰყვებოდა (მით უმეტეს არჩევნების დასრულების შემდეგ) – მთავრობასა და მთლიანად, ისტებლიშმენტში «ბალანსის» შეცვლა არჩია.
        «ახალი ქართული ოლიგარქიის» ჩამოყალიბება უკვე დასრულებულია – შევარდნაძემ მიიჩნია, რომ აშკარად საკმარისია მისი «დაფერთხვა» და «კაპიტალის პირველადი დაგროვების» ოთხწლიანი პერიოდის შემდეგ კოკნრეტული მოთხოვნების წაყენება – რათა კეთილი ინებონ და სახელმწიფო ბიუჯეტს «წილი» გაუზარდონ.
        უპირველეს ყოვლისა, ეს ეხება სიგარეტისა და ბენზინის იმპორტს. სხვათა შორის, მთავრობის ამ სხდომაზე გაირკვა, რომ ცნობილი ცვლილებები საგადასახადო კანონმდებლობაში, რომლითაც შეიცვლება ბენზინის დაბეგვრის რეჟიმი – სულ რამდენიმე დღის წინ შევიდა ძალაში, ამიტომ «ფისკალური» ეფექტის მოლოდინი დღემდე ერთობ «გადაჭარბებული» იყო.
        თუმცა, სახელმწიფო მინისტრის თქმით, რაკი სახელმწიფომ შეასრულა სიტყვა, იმპორტიორებმაც უნდა შეასრულონ პირობა – როგორც ჩანს მთავრობის ზოგიერთ წევრს იმედი ჰქონდა, რომ ბიუჯეტის შესრულებას იმპორტიორები «წინმსწრები ენერგიით» შეუდგებოდნენ რაკი საერთაშორისო სავალუტო ფონდსი მედგარი წინააღმდეგობის მიუხედავად, საგადასახადო კანონმდებლობაში მაინც შევიდა შესაბამისი ცვლილება.
        რაც შეეხება ანალოგიურ ცვლილებებს სიგარეტთან დაკავშირებით, - მოლაპარაკებები მხოლოდ ახლა მიმდინარეობს, რადგან სიგარეტი უფრო რთული მატერია აღმოჩნდა და აქ «აზრი გაიყო», ანუ ზემოთხსენებულმა ოლიგარქიამ თანხმობას ვერ მიაღწია.
        აქვე უნდა ითქვას, რომ მხოლოდ სიგარეტის, ბენზინის, ფქვილის და ალკოჰოლის აღურიცხავობის შედეგად (კინაღამ წამომცდა «მეშვეობით») საბაჟომ ბიუჯეტს 50 მილიონი ლარი დააკლო პირველ კვარტალში. შესაბამისად, ქვეყანამ ვეღარ მიიღო გრანტები დასავლეთისგან და გარღვევამ იანვრიდან დღემდე 85 მილიონ ლარს მიაღწია. თუმცა, ეს არის «გარღვევა-გარღვევაში», ვინაიდან 85 მილიონი ლარი ემატება გასული ორი წლის 200 მილიონიან დავალიანებას.
        ერთი სიტყვით, მდგომარეობა კატასტროფულია, თუმცა ედუარდ შევარდნაძე «ახალ მმართველობას ნამდვილად დაიწყებს რადიკალური რზომებით, - ოღონდ იმ საერთო (სტრატეგიის ფარგლებში, რომელსაც იგი ახორციელებდა დღემდე – ეს «ფარგლე;ბი» გულისხმობს ასტროფირებულ სისტემების რეაბილიტაციას და არა რაღაც ახალი სისტემის შექმნას. მაგალითად, უეჭველად გაძლიერდება ადმინისტრირება, არ არის გამორიცხული, რმო გამკაცრდება სისხლის სამართლის კოდექსი (განსაკუთრებით კონტრაბანდის მუხლი).
        ადვილი შესამჩნევი იყო აგრეთვე «ჩხარტიშვილის ფრთის» გაძლიერება სახელმწიფო კანცელარიაში, ისევე, როგორც ბადრი ხატიძისა, რომელიც «შევარდნაძის გუნდში» რეგიონულ ელიტათა «მართვისთვის» შეუცვლელ ფიგურად ითვლება.
        გარდა ამისა, უკვე გარდაუვალია გამგებლების პირდაპირი არჩევა (მიაქციეთ ყურადღება არა საკრებულოების მიერ, არამედ პირდაპირ). მათ შორის თბილისის მერის არჩევაც სპეციალური კანონის საფუძველზე, - ამით მოხდება პასუხისმგებლობის გადანაწილება ცენტრიდან – ადგილებზე.
        განსაკუთრებით, ადგილობრივი გადასახადების აკრეფისა და შესაბამისი ხარჯების თვალსაზრისით. სერიოზული ცვლილებებია მოსალოდნელი «ტრანსფერების» დარგში; უეჭველად დაიძაბება ვითარება სამართალდამცავ უწყებათა შორის (რისი ნიშნებიც გუშინ თვალნათელი იყო), თუმცა, პრეზიდენტი შეეცდება ამას «კონკურენციის» იერი მისცეს.
        სხდომაზე როგორ იქნა, ჩამოყალიბებულად მოვისმინეთ «კონტრაბანდისტულ წრეში» მოქმედი სისტემის ვერბალური ფორმულა: «ერთი ასწავლის კონტრაბანდისტს, როგორ დაარღვიოს კანონი, მეორე თვალს ხუჭავს ამაზე, მესამე «კრიშის» როლს ასრულებს. შედეგად პოლიცია ვერ იღებს ხელფასს და შინაგან ჯარს ტანსაცმელიც ენატრება – საჭმელზე ხომ არაფერს ვამბობ».
        «ძალოვანმა მინისტრებმა» სახელმწიფო კანცელარიის კიბეებზე რამდენიმე «თავი დააგორეს» მათ მიერ მხილებული კანონდამრღვევებისა, თუმცა ასეთი ფაქტები ყოველთვის იყო და ზუსტად იმდენს შეადგენდა, რამდენსაც წვეთი – წყნარ ოკეანეში.
        ვითარების ტრაგიკულობის შეგრძნება გაამძაფრა განცხადებამ, რომ კონტრაბანდის პრობლემა საერთოდ კატასტროფული გახდება თუ გადაწყდა აფხაზეთის საკითხი – მაშასადამე, უნდა ვილოცოთ, რომ ეს პრობლემა არ გადაწყდეს, თორემ საერთოდ დავიღუპებით?
        ნამდვილი ტრაგედიაა – ანეკდოტი არავის ეგონოს: საბიუჯეტო კრიზისი საქართველოში ისეთ სტადიაში შევიდა, როდესაც ერთი ნაპერწკალია საკმარისი «საერთო ეროვნული აფეთქებისათვის». ასეთ ვითარებაში ედუარდ შევარდნაძე «ექსპერიმენტებს», «მინისტრთა კაბინეტებსა» და სხვა ტიპის ავანტიურებს არ დაუშვებს, ვინაიდან შესანიშნავად იცის, რომ არაფერი შეიცვლება. ყოველ შემთხვევაში, უკეთესობისკენ.
        ამჟამინდელი ვითარების გამოსწორება შესაძლებელია არსებული სისტემის ფარგლებშიც: სახელმწიფო და პოლიტიკური ნების პირობებში – თუნდაც, «საგანგებო ეკონომიკური მდგომარეობის» საფარქვეშ.
        შევარდნაძე ამწიფებს ვითარებას პრეზიდენტის «ბრძანებულებითი უფლების» გასაფართოებლად. ეს გადაწყვეტილებაც საკმაოდ «მძლავრი სტარტია» ხანგრძლივი ხუთწლიანი მარათონის დასაწყისში.

7 დღე, 26 აპრილი, 2000 წელი

მთელ გვერდზე