შავი დღე საქართველოს ისტორიაში

        გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ 27 სექტემბერი საქართველოს ისტორიის «შავ თარიღთაგან» ერთ-ერთი ყველა ტრაგიკულია. არადა, «შავ თარიღებს» რა დალევს საქართველოს ისტორიაში – რა არ დატრიალებულა ჩვენს თავს, მაგრამ არასდროს საქართველო ასე მწარედ არ დამარცხებულა. რაოდენ დაუჯერებლადაც უნდა მოეჩვენოს ვინმეს, ეს ნამდვილად ასეა. ვგულისხმობ, მარცხის პოლიტიკურ, ეთნოდემოგრაფიულ და ეთნოფსიქოლოგიურ შედეგებს. სამივე შედეგი უაღრესად დამანგრეველი იყო.
        საქართველოს ისტორიაში თითქმის არ ყოფილა მოვლენა, რომ ეთნოგრაფიულად ქართულ მიწაზე ომის წაგების შემდეგ ამ ტერიტორიაზე მტერს გრძელვადიანი ეთნოწმენდა მოეწყოს. ამ თვალსაზრისით, სოხუმის მარცხსა და აფხაზეთის ომის წაგებას კახეთში 1614-1616 წლების შაჰ-აბასის შემოტევებიც ვერ შეედრება, როდესაც ირანის ნახევრად შეშლილმა მმართველმა (ივანე ჯავახიშვილის განმარტების თანახმად) 100 ათასი ქართველი, ანუ მოსახლეობის ერთი მესამედი გადაასახლა ფერეიდანში. მაგრამ ერთი მესამედი და არა 100 პროცენტი! სხვა ვერ შეძლო, ხოლო მთაში გახიზნული ქართველობა სულ მალე დაუბრუნდა მშობლიურ მიწა-წყალს. რა თქმა უნდა, იმ დროს ტექნოლოგიური საშუალებებიც სხვა იყო, მაგრამ არა მგონია, მხოლოდ ეს ყოფილიყო მიზეზი, ხოლო აფსუა ფაშისტები სისასტიკითა და დაუნდობლობით ყიზილბაშებს სულაც არ ჩამოუვარდებოდნენ, თუ არ აჭარბებდნენ კიდეც.
        სოხუმის დაცემისა და აფხაზეთის დაკარგვის შედეგად საქართველომ დაკარგა შავი ზღვისპირეთის 61 პროცენტი! ანუ საფრთხე დაემუქრა ერთადერთი გეოპოლიტიკურ კოზირს, რაც, სინამდვილეში, გააჩნია საქართველოს.
        ეს გეოპოლიტიკური ასპექტია, ხოლო ეთნოფსიქოლოგიური თვალსაზრისით აფხაზეთში დამარცხებამ კიდევ უფრო განამტკიცა არასრულფაოსვნების ქვეცნობიერი კომპლექსი და კიდევ უფრო დააკნინა ერის პასიონარულობა, რომლითაც ქართველობა დიდად არც ოდესმე გამოვირჩეოდით – განსხვავებით თუნდაც სომხებისგან.
        სოხუმის დაცემა გაიგივებულია აფხაზეთის დაკარგვასთან, თუმცა აფსუ-აჩრდილოკავკასიელთა ფორმირებებმა მდინარე ენგურს მხოლოდ 30 სექტემბერს მიაღწიეს. ამიტომ სეპარატისტები სწორედ 30 სექტემბერს აღნიშნავენ «განთავისუფლების» დღეს. მიუხედავად ამისა, 27 სექტემბერი საქართველოსთვის სამართლიანად იქცა «აფხაზეთის დაკარგვის» დღედ, ვინაიდან, ომის ბედი სოხუმის დაცემამ გადაწყვიტა.
        არადა, სამხედრო სტრატეგიულიო თვალსაზრისით, სოხუმის დაკარგვას ასეთი შედეგი არ უნდა გამოეღო. სოხუმში, მაქსიმუმ, 2 ათას აფსუა სეპარატისტი და მათი ჩრდილოკავკასიელი მხარდამჭერი შეიჭრა 18 სექტემბერს.
        დავუშვათ, სოხუმის აღება მოახერხეს, მაგრამ გროზნოს მაგალითმა ხომ დაადასტურა, რომ ქალაქში ბრძოლა თვეობით შეიძლება გაგრძელდეს. იმ დროს სოხუმში 7 ათასამდე შეიარაღებული ქართველიო იმყოფებოდა. იქვე იყო ედუარდ შევარდნაძეც. არძინბამ ქვეწარმავლური ეშმაკობით ძალიან ზუსტად გათვალა, რომ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, 27 ივლისის ხელშეკრულების დარღვევას და სოუხმზე შეტევის განახლებას, ისევე როგორც რუსეთის პოზიციას, საქართველოზე დამანგრეველი ზეგავლენა ექნებოდა და ის განწყობა, რაც მაშინ ქართულ საზოგადოებაში სუფევდა, აუცილებლად გადაეცემოდა აფხაზეთში საქართველოს შეიარაღებულ ძალებსაც.
        სამხერდო მეცნიერების თვალსაზრისით, უმაღლესი მთავარსარდალი სოხუმში, რა თქმა უნდა, არ უნდა ჩასულიყო, მაგრამ ნუ დავივიწყებთ, რომ იმ დროს ქვეყანაში სამოქალაქო ომი მძვინვარებდა და სახელმწიფო მეთაურის ბევრი გადაწყვეტილება იმ ვარაუდითაც იყო განპირობებული, თუ როდის «შეატრიალებდნენ» დასავლეთ საქართველოში იარაღს სოხუმის ნაცვლად თბილისისაკენ.
        სრული დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში სამოქალაქო ომი გახდა სოხუმის დაცემისა და აფხაზეთის ტრაგედიის მთავარი მიზეზი. სეპარატისტებმა ბრწყინვალედ ისარგებლეს ქართველთა ურთიერთდაპირისპირებით და ისიც ზუსტად გათვალეს, რამდენად მნიშვნელოვან ფაქტორად იქცეოდა აფხაზეთის პრობლემა სამოქალაქო ომში: «ზვიადისტები» - «ანტივზიადისტებს» ბრალად დასდებდნენ ომის პროვოცირებას სულელური არგუმენტით: «რომ არ ყოფილიყო დეკემბერ-იანვარი, ეს ომი არ იქნებოდა», ხოლო ანტიზვიადისტები-ზვიადისტებს დაადანაშაულებდნენ არანაკლებ სულელური არგუმენტით:
        «რომ არ ყოფილიყო კაბალური კანონი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ – ომი არ იქნებოდა». ორივე ეს არგუმენტი ნახევარსიმართლე იყო, ანუ ნახევარტყუილი. სინამდვილეში, თუ ვეძებთ დამნაშავეს აფხაზეთის დაკარგვისთვის, ჯერ ის უნდა გავითვალისწინოთ, რომ აფხაზეთი საბჭოთა ეპოქაში მხოლოდ იმდენად შედიოდა საქართველოს შემდაგენლობაში, რამდენადაც საქართველო შედიოდა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში.
        ამდენად, თუ საქართველო დამოუკიდებლობას მოიპოვებდა, ომი აფხაზეთში გახდებოდა აბსოლუტურად გარდაუვალი ისევე, როგორც გარდაუვალი იქნებოდა დამარცხება – ძალთა რეალური განლაგების თვალსაზრისთ.
        სამწუხაროდ, 1988-89 წლებში «მოძრაობის» ლიდერები გვიმალავდნენ ასეთი ალტერნატივის არსებობას: ან დამოუკიდებლობა, ან აფხაზეთის ტრაგედიის თავიდან აილება. თუმცა კი, ძნელი გასათვლელი არ უნდა ყოფილიყო, რას რა მოჰყვეოდა. საფრთხის შესახებ მოსახლეობას არ მიანიშნა არც იმდროინდელმა ხელისუფლებამ და არც ე.წ. ქართულმა ისტებლიშმენტმა, რომლის უპასუხისმგებლობა ყოველგვარ ზღვარს სცილდება, თორემ მაშინ რომ გვცოდნოდა (მით უმეტეს, აფხაზეთის ქართულ მოსახლეობას რომ სცოდნოდა), საეჭვოა, ისევე გვერბინა ხბოებივით რუსთაველზე ლოზუნგით «ძირს რუსეთის დამპალი იმპერია!» კიდევ კარგი, დღეს მაინც ჩნდება კითხვა: «ღირდა თუ არა ის, რაც ამჟამად გვაქვს, იმად, რა ფასადაც იგი დაგვიჭდა?

მერიდიანი, 27 სექტემბერი, 2000 წელი

მთელ გვერდზე