შანტაჟი და გარიგება

        გასულ კვირას, ხანგრძლივი დისკუსიისა და მძვინვარე პაექრობის შემდეგ, ეგრეთ წოდებული პოზიცია-ოპოზიცია კიდევ ერთხელ შეთანხმდნენ, რომ საარჩევნო კანონი ისევ უნდა შეიცვალოს.
        ამრიგად, გრძელდება ტრადიცია, რომლის თანახმად, საარჩევნო კანონი იცვლება ყოველი ახალი არჩევნების წინ იმისდა მიხედვით, პოლიტიკურ ძალთა როგორი განლაგება არსებობს «სახელისუფლებო ოლიმპზე». აქედან გამომდინარე, რაკი საქართველოში არჩევნები აღარ დაილევა, - უკვე გვიახლოვდება 2002 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც პოლიტოკრატიის «ბრძნული» გადაწყვეტილებით, პარტიულ პრინციპებით იმართება,   - უნდა ვივარაუდოთ, რომ საარჩევნო კანონის ცვლილებები პერმანენტული გახდება.
        აქვე უნდა ითქვას: «პოზიცია-ოპოზიცია» იმთავითვე უგვანი და არაკომპეტენტური ტერმინი თუ სიტყვათშეთანხმებაა, სინამდვილეში, არსებობს არა «პოზიცია-ოპოზიცია» ან «ოპოზიცია-პოზიცია», არამედ საკაცობრიო დემოკრატიული ტრადიციის შესაბამისად «ოპოზიცია-მთავრობა» და «უმრავლესობა-უმცირესობა», მაგრამ ჩვენთან ხომ ყველაფერი თავდაყირა უნდა იყოს. მხოლოდ საქართველოშია შესაძლებელი ისეთი აბსურდი, როგორიცაა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები პროპორციული მეთოდით ან იმგვარი ვითარება, როდესაც საპარლამენტო უმცირესობა არასდროს აკრიტიკებს (თუ ვცდები, შემახსენეთ თუნდაც ორი-სამი მაგალითი) კონკრეტულად მინისტრს, აღმასრულებელ ხელისუფლებას, სამაგიეროდ, უპირისპირდება საპარლამენტო უმრავლესობას, რომელიც, თავის მხრივ, თვითონ აკრიტიკებს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრებს, რომლებიც თავად დანიშნა.
        «ოპოზიცია-პოზიციის» უკუღმართი ტერმინიც სწორედ თანამედროვე ქართული პოლიტიკური სინამდვილის უკუღმართობას გამოხატავს.
        ასეთ ვითარებაში ნამდვილად არ არის გასაკვირი, თუ გასულ კვირას «ოპოზიცია-პოზიციამ» კვლავ მიაღწია გარიგებას. ფაქტობრივად, ეს იყო გარიგება ქვეყნისა და დემოკრატიის (ანუ მოსახლეობის ინტერესთა) ხარჯზე. და ამისათვის უპირველესი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს «მოქკავშირს», რომელმაც ვერ გაუძლო შანტაჟს და იმდენად დოყლაპია (მხდალიც) აღმოჩნდა, რომ დაეთანხმა საარჩევნო კომისიათა საბოლოო პოლიტიზებას.
        «აღორძინების» კოალიცია პრეზიდენტის არჩევნების წინ მოითხოვდა კანონში ცვლილებების შეტანას. წინააღმდეგ შემთხვევაში, არჩევნების ბოიკოტირებით იმუქრებოდა. ხელისუფლებისათვის ეს ბოიკოტი განსაკუთრებულ საფრთხეს (იურიდიული თვალსაზრისით) არ წარმოადგენდა, ვინაიდან ამომრჩეველთა 50 პროცენტზე მეტი მაინც აუცილებლად მივიდოდა არჩევნებზე, მაგრამ საქმე ისაა, რომ, ჯერ ერთი, «ბოიკოტი» დაადასტურებდა ქვეყნის (არა კონკრეტული ხელისუფლების, არამედ მთელი ქვეყნის) არამდგრადობას და, რაც მთავარია, აჭარაში «აღორძინების» გავლენის გათვალისწინებით, ბოიკოტი უეჭველად მიიღებდა რეგიონულ (ეთნოგრაფიულსაც კი) შეფერილობას. ეს კი საშუალებას მისცემდა საქართველოს არაკეთილმოსურნეებს, ელაპარაკათ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქციის არალეგიტიმურობაზე აჭარაში. ზუსტად ასეთივე ლოგიკით ისინი საუბრობენ საქართველოს იურისდიქციის არალეგიტიმურობაზე აფხაზეთსა და «სამხრეთ ოსეთში», ვინაიდან ამ რეგიონთა მოსახლეობაც არ მონაწილეობდა (მცირე გამონაკლისის გარდა) საქართველოში ჩატარებულ უკანასკნელ არჩევნებში.
        ოპოზიციამ ზუსტად გაითვალისწინა, რომ ხელისუფლება ამგვარი პერსპექტივის შიშით იძულებული გახდებოდა წასულიყო გარკვეულ (პრინციპულ) დათმობებზე და მიაღწია კიდეც საწადელს: შედეგად მივიღეთ მორიგი გარიგება, რომელიც დიდად არ აზარალებს «პოზიცია-ოპოზიციას», გადაარჩენს (თითქოს) ქვეყანას კიდევ ერთ რეგიონში იურისდიქციის არაგელიტიმურობისაგან, მაგრამ უაღრესად მავნე და მანკიერია დემოკრატიული პროცესის განვითარების თვალსაზრისით.
        ფაქტობრივად, ამჟამინდელმა «ოპოზიციამ («აღორძინებამ») მიაღწია ისეთი ვითარების შექმნას, როდესაც ცენტრალური საარჩევნო კომისია იქცევა პოლიტიკური გარიგებებისა და ვაჭრობის ასპარეზად. ვაჭრობაში მონაწილეობას არ მიიღებს პარლამენტს გარე ოპოზიცია ან მისი მონაწილეობა მხოლოდ ნომინალური იქნება.
        «აღორძინებამ» დაიმკვიდრა უფლება, «შეათანხმოს» არჩევნების შედეგი (?) მმართველ პარტიასთან. აქ არავითარი ილუზია ან პარადოქსი არ არის – თანამედროვე საარჩევნო ტექნოლოგიათა გათვალისწინებით, ამგვარი რამ სავსებით შესაძლებელია, ანუ «ოპოზიციის» მიზანი არჩევნების დემოკრატიულობა კი არ იყო (როგორც აცხადებენ ურცხვად და თვალთმაქცურად), არამედ ისეთი ვითარების შექმნა, როდესაც საარჩევნო კომისია არა მხოლოდ მმართველი პარტიის, არამედ ამ კონკრეტული ოპოზიციური დაჯგუფების სასარგებლოდაც იქნებოდა ტენდენციური, ანუ კვლავ და კვლავ იარსებებდა გარიგებებისა და ვაჭრობის საფუძველი.
        პატიოსანი და «უპატიოსნო» პოზიციის განსაზღვრა აქ, სინამდვილეში, ძალზე ადვილია. ჭეშმარიტად დემოკრატიული, მიუკერძოებელი, ობიექტური არჩევნების ჩასატარებლად აუცილებელია პროფესიული (არაპარტიული) საარჩევნო კომისიის შექმნა, რომელიც დაკომპლექტდება პროფესიონალი იურისტებისაგან კენჭისყრის მეთოდით და თავად აირჩევს თავმჯდომარეს, ექნება გადაწყვეტილებათა ანონიმურად მიღების საშუალება (რაც არ გამორიცხავს ამ გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებას) და აიკრძალება წევრების ნებისმიერი სახით «გამოწვევა».
        «აღორძინებას» რომ ჭეშმარიტად ობიექტური «საარჩევნო წესის» დამკვიდრება სდომოდა და ვიწროპარტიული «ქვენაგრძნობა» არ ჰქონოდა, იგი სწორედ ასეთი საარჩევნო წესის დამკვიდრებას მოითხოვდა და არ გაურიგდებოდა მმართველ პარტიას.
        ამრიგად, გარიგება თითქოს შედგა და ქვეყანა ბოიკოტს გადაურჩა, თუმცა, უმალვე (როგორც მოსალოდნელი იყო) განვითარდა კიდევ უფრო რთული პროცესი.
        «მოულოდნელად» აღმოჩნდა, რომ «აღორძინების» კოალიციის სხვადასხვა სუბიექტს აბსოლუტურად განსხვავებული ინტერესები აქვთ. თუმცა, ამის პროგნოზირება შეიძლებოდა: უკვე ხუთშაბათ-პარასკევს, როდესაც პირველად გამოქვეყნდა ცნობა «შეთანხმების» შესახებ და ჟვანია-ბოჭორიშვილის ერთობლივი ბრიფინგიც გაიმართა – ადვილად შესამჩნევი იყო სხვაობა «აღორძინების» სხვადასხვა სუბიექტის პოზიციასა და (რაც მთავარია) განწყობაში.
        თუ, მაგალითად, ვახტანგ რჩეულიშვილი, კაკო ასათიანი, ვახტანგ ბოჭორიშვილი არა აღფრთოვანებით, მაგრამ მაინც აშკარა კმაყოფილებით მიესალმნენ შეთანხმებას, ვინაიდან მიიღეს ის, რაც სურდათ (უპირატესობა სხვა ოპოზიციურ დაჯგუფებებთან შედარებით)- ასლან აბაშიძის უშუალო ხელქვეითებს უკმაყოფილება და ერთგვარი გაღიზიანებაც ეტყობოდათ.
        მათ აშკარად არ ეპიტნავათ ეს შეთანხმება, ვინაიდან იმთავითვე სხვა მოტივაცია ჰქონდათ: მოეძებნათ საბაბი, გაემართლებინათ ასლან აბაშიძის უარი, სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღოს პრეზიდენტის არჩევნებში.
        «საარჩევნო კანონთან» დაკავშირებით ატეხილი გნიასი ასლან აბაშიძის გუნდის წევრებისთვის (არც ასათიანი, არც რჩეულიშვილი, ბოჭორიშვილი ან თუნდაც პატიაშვილი, ჯაველიძე და სხვები – სინამდვილეში ამ გუნდის წევრები არ არიან) იყო საშუალება და გამართლება (საბაბი), გამიჯვნოდნენ არჩევნებს, თანაც ისე, რომ პროტესტულად განწყობილი ელექტორატის თვალში «ქულები არ დაეკარგათ».
        მმართველი პარტიის უარი, დათანხმებოდა ულტიმატუმს – საამისოდ შესანიშნავი საბაბი იქნებოდა; ზურაბ ჟვანიამ (სამართლიანობა მოითხოვს ითქვას) მისთვის ჩვეული გონებამახვილობითა და ეშმაკობით «შეაჯახა» ეს საპირისპირო მოტივაცია და უმალვე ნათელჰყო, რამდენად მყიფე და წინააღმდეგობრივია «აღორძინების» კოალიცია.
        ასლან აბაშიძის გარემოცვა აშკარად დაიბნა. მოვლენათა ამგვარ განვითარებას თითქოს ელოდა, მაგრამ ადეკვატური რეაგირება მაინც ვერ მოახერხა. იგი თანდათან აღიზიანებს მომხრე ელექტორატსაც კი და უპირისპირდება «კოალიციის» სხვა წევრთა ინტერესებს. ამ უკანასკნელთ, მიღწეული კომპრომისი სავსებით საკმარისად მიაჩნიათ, რათა უზრუნველყონ თავიანთი პარტიული ინტერესების დაცვა.
        ისინი შესანიშნავად ხვდებიან, რომ კოალიციის მეორე ნაწილის დაჟინებით შეიძლება მიღწეულიც დაკარგონ, რაკი საარჩევნო კანონი ისე შეიცვლება, როგორც შეთანხმდნენ «მოქკავშირთან», ან არ შეიცვლება საერთოდ და პროპაგანდისტულ ეფექტსაც ვეღარ მიაღწევენ – ბოლოს და ბოლოს, შეთანხმება და მოლაპარაკება გულისხმობს ორმხრივ კომპრომისებს, როდესაც, მაგალითად, ერთი მხარე მეორეს უყენებს 10 მოთხოვნას და მიაღწევს დათმობას თუნდაც ნაწილობრივ – ეს მისთვის საკმარისი უნდა იყოს.
        არ შეიძლება მაინცდამაინც ათივე მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვო, ან თუნდაც ერთის დაუკმაყოფილებლობისას, ცხრა კომპრომისი (შენთვის სასარგებლო კომპრომისი) დაკარგო.
        ეს ნიუანსი ზუსტად გაითვალისწინა ჟვანიამ, რომელიც «მოქკავშირის» მხრიდან თამაშობდა «პარტიას». და თამაშობდა ძალიან ოსტატურად: ყოველ შემთხვევაში, «აღორძინების კოალიცია» სწორედ პრეზიდენტის არჩევნების წინ სრული დაშლის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. ასლან აბაშიძის გარემოცვამ დაიწყო ერთადერთი (უკანასკნელი) კოზირის გამოყენება: იგი დაჟინებით მოითხოვს ამომრჩევლის მარკირებას («დადაღვას») ვითომდაც იმისათვის, რომ გამორიცხულიყო არჩევნების გაყალბება. მან შესანიშნავად იცის, რომ «მოქალაქეთა კავშირი» ამას ვერ დათანხმდება, რადგან, მით უმეტეს ჩვენი ეთნოფსიქოლოგიიდან გამომდინარე, ეს გამოიწვევს საშინელ აღშფოთებას და გაღიზიანებას. თანაც მოსახლეობის აღშფოთება, რა თქმა უნდა, მიმართული იქნება არა ოპოზიციის, არამედ სწორედ ხელისუფლების წინააღმდეგ, ვინაიდან არავის ეხსომება (არავის ეცოდინება), რომ «დადაღვის» თაობაზე გადაწყვეტილება მიღებულია ოპოზიციის დაჟინებული მოთხოვნით. რომც გაიხსენოს - ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე მაინც ხელისუფლება აგებს პასუხს, ანუ ოპოზიცია ამ შემთხვევაშიც წაუგებელ თამაშს თამაშობს: თუ ხელისუფლება ამომრჩევლის დადაღვას დაეთანხმა – ეს ამომრჩეველს გააღიზიანებს და ბუნებრივად შეამცირებს არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობას. თუ არ დათანხმდა – მიიღებენ საბაბს არჩევნების ბოიკოტისათვის.
        ოპოზიცია რომ აშკარად არაგულწრფელია და «მარკირების» (დადაღვის) საკითხს «საბაბად» იყენებს, სულ ადვილად დასამტკიცებელია. ადამიანის საქონელივით დადაღვის ასეთი მექანიზმი რამდენჯერმე გამოიყენეს აფრიკისა და წყნარი ოკეანის ქვეყნებში, სადაც მოსახლეობამ წერა-კითხვა არ იცის და პირადობის დამადასტურებელი მოწმობებიც არ გააჩნია. ერთადერთი გამონაკლისია ბოსნია-ჰერცეგოვინა, მაგრამ იქაც საგანგებო ვითარება იყო და, რაც მთავარია, მოსახლეობა ამას შეურაცხყმყოფელად არ აღიქვამდა.
        წარმოუდგენელია ამგვარი რამ მოხდეს (ანუ ამომრჩეველი დადაღონ, ხელზე შტამპი დაარტყან, საღებავი წაუსვან და ასე შემდეგ) ნორმალურ ქვეყანაში, სადაც ადამიანებს ადამიანური ღირსება არ დაუკარგავთ.
        ამ შემთხვევაში რომ «აღორძინება» მხოლოდ საბაბს ეძებს და იმთავითვე მიუღებელ მოთხოვნას აყენებს, კიდევ ერთი არგუმენტით დასტურდება: რატომ მოითხოვენ მაინცდამაინც დადაღვას, ანუ ადამიანებისთვის ხელზე შტამპის დარტყმას მაშინ, როდესაც არსებობს მარკირების სხვა, ნაკლებად შეურაცხმყოფელი მექანიზმი. მაგალითად, შტამპი მოქალაქეს შეიძლება ჩაერტყას პასპორტში ან საღებავი წაესვას პირადობის დამადასტურებელი მოწმობის კუთხეში (საღებავი 24 საათის განმავლობაში თავად აორთქლდება) და ასე შემდეგ. «აღორძინება» ამ მოთხოვნასაც არ თანხმდება და დაჟინებით მოითხოვს მაინცდამაინც სხეულზე (ხელზე) დამღის დასმას» - წარმოიდგინეთ, რა ამბავი მოჰყვება ამას საარჩევნო ოლქებში, როდესაც «უფერული საღებავით» დადაღული ადამიანების შემოწმებას მოითხოვს პოლიციისაგან რომელიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი! პირადობის დამადასტურებელი მოწმობების მარკირებას კი უარყოფენ იმ აშკარა აბსურდული და დემაგოგიური მოტივით, რომ «ხელისუფლება დაამზადებს დუბლიკატებს».
        მაგრამ ასეთ შემთხვევაში, არჩევნების შედეგზე რეალური ზეგავლენის მოსახდენად ხომ ათეულობით ათასი დუბლიკატის დამზადება იქნება საჭირო.
        განა ეს დაიმალება?
        ერთი სიტყვით, მიზეზი არ ილევა და არც დაილევა, რაც ნამდვილად არ არის გასაკვირი, ვინაიდან საარჩევნო კომისიათა დაკომპლექტების წესზე პრინციპული შეთანხმების მიღწევის შემდეგ საკუთრივ «აღორძინების პარტია» (და არა მთლიანად «აღორძინების კოალიცია») ძალზე რთულ ვითარებაში აღმოჩნდა. აღარ ჩანს ხელშესახები, თუნდაც ფორმალური საბაბი არჩევნების ბოიკოტისთვის.
        იმთავითვე ასე ჰქონდათ განსაზღვრული: ან შეთანხმებას ვერ მიაღწევდნენ, მოლაპარაკება ჩაიშლებოდა და გამოაცხადებდნენ «ბოიკოტს» მომგებიანი «საპროტესტო» ელექტორალური განწყობის ფონზე, ან (რაც უფრო სავარაუდოა) უკანასკნელ მომენტში ასლან აბაშიძე «კანდიდატობას» დაუთმობდა ჯუმბერ პატიაშვილს.
        მაგრამ ფიგურები აქაც «აერიათ», ვინაიდან პარტია ისე წარიმართა, რომ ასლან აბაშიძე იძულებული გახდა (ხაზს ვუსვამ: იძულებული გახდა) 19 თებერვლამდე შეეტანა განაცხადი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.
        რჩებოდა ქრონოლოგიური «ლიუფტი» 29 თებერვლამდე, როდესაც იწურება 50 ათასი ხელმოწერის წარდგენის ვადა. თუ «მოქალაქეთა კავშირი» კომპრომისზე უარს იტყოდა, მაშინ «აღორძინების კოალიცია» მთლიანად და ერთობლივად გამოაცხადებდა ბოიკოტს, ანუ ასლან აბაშიძე მოხსნიდა თავის კანდიდატურას, მაგრამ მოვლენები სხვაგვარად განვითარდა: ზურაბ ჟვანიამ საკმაოდ ეშმაკური «კომპრომისული სვლა» განახორციელა და «აღორძინების კოალიცია» უმძიმეს, თუმცა, გარკვეული თვალსაზრისით, კომიკურ ვითარებაში აღმოჩნდა: თუ ასლან აბაშიძე, კომპრომისის მიუხედავად, მაინც მოხსნის თავის კანდიდატურას, მაშინ «აღორძინების ბლოკის» კანდიდატი პატიაშვილი გახდება.
        ჯუმბერ პატიაშვილის კანდიდატურა 19 თებერვალს შეიტანეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. პატიაშვილისა და აბაშიძის კანდიდატურათა ერთდროული «შეტანა» (რა თქმა უნდა, «განაცხადთა შეტანას» ვგულისხმობ. – ავტ.) ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში იმთავითვე კიდევ უფრო კომიკურ ვითარებას შექმნის – აბა ხომ არ შეიძლება ერთიან პოლიტიკურ ორგანიზაციას ერთდროულად ორი საპრეზიდენტო კანდიდატი ჰყავდეს და ორივეს ერთად უჭერდეს მხარს?
        საქართველოში კი ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ ეს მაინც მეტისმეტია.
        აქედან გამომდინარე, მოვლენები შეიძლება მხოლოდ შემდეგი მიმართულებით განვითარდეს: «აღორძინების ბლოკი» მარკირების პრობლემის მომიზეზებით მაინც «ჩაშლილად» გამოაცხადებს მოლაპარაკებას და გამოაცხადებს ბოიკოტს, რაც, უეჭველად გამოიწვევს განხეთქილების გაღრმავებას კოალიციის შიგნით, ვინაიდან ამით «სოციალისტები», «ტრადიციონალისტები» და «ზვიადისტები» დაკარგავენ იმას, რასაც კომპრომისის შედეგად მიაღწიეს;
        რასაკვირველია, ზურაბ ჟვანია ყველაფერს გააკეთებს, რათა პროცესი ისეთნაირად წარმართოს, რომ არ მისცეს ოპოზიციას საშუალება, ერთი მხრივ, სარგებელიც მიიღოს და როცა «გაინაღდებს», ბოიკოტი მაინც გამოაცხადოს. თუმცა, ამ შემთხვევაში, ოპოზიცია საკუთარი ამომრჩევლის თვალშიც ძალიან ბევრს წააგებს.
        შეიძლება მოხდეს სასწაული და ასლან აბაშიძემ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში, რაც პიროვნულად მისთვის ძალზე წამგებიანია, რადგან ედუარდ შევარდნაძესთან უეჭველად დამარცხდება (ამას ყველა სოციოლოგიური გამოკითხვა ადასტურებს), ხოლო მეტ-ნაკლებად ღირსეული დამარცხებისათვის აუცილებელი გახდება არა აჭარაში გამოკეტვა (რაც სასაცილო იქნება), არამედ მთელი საქართველოს «ფეხით მოვლა», რაც, აგრეთვე, გამორიცხულია.
        თუმცა, «ვნახოთ».

დილის გაზეთი, 21 თებერვალი, 2000 წელი

მთელ გვერდზე