სჭირდებათ თუ არა დეპუტატებს იმუნიტეტი?

        დისკუსია «სადეპუტატო იმუნიტეტის» მიზანშეწონილობის თაობაზე ჯერ კიდევ დაუვიწყარ «პირველ პარლამენტში» მიმდინარეობდა. თუ გახსოვთ, მაშინ ედპ-ს სახელით ირინა სარიშვილი-ჭანტურიამ გაამწვავა ეს საკითხი, რასაც «ლიბერალ-დემოკრატმა» მიხო ნანეიშვილმა ასეთი კომენტარი გაუკეთა: არ შეიძლება ექიმს ლანცეტის (საოპერაციო დანის) ხმარება აუკრძალო – იმუნიტეტი კი დეპუტატის ლანცეტია. ამ არგუმენტს სარიშვილი-ჭანტურიამ ასე უპასუხა: «ექიმი თუ ლანცეტს ავადმყოფის მოსაკლავად იყენებს, ის ლანცეტი უმალვე უნდა გამოგლიჯო ხელიდან».
        და მაინც, რამდენად იყენებენ საქართველოში «იმუნიტეტს» ავადმყოფის (ანუ ეკონომიკის) მოსაკლავად, ხაზინის საძარცვად და ქვეყნის საყვლეფად? არა ყველასთვის, რასაკვირველია, მაგრამ ძალიან ბევრი დეპუტატისთვის «იმუნიტეტი» მართლაც ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირებული სეგმენტია «დეპუტატობისა».
        უფრო მეტიც, ზოგიერთი დიდძალ ფულს სწორედ ამიტომ იხდის დეპუტატობაში, რომ შემდეგ იმუნიტეტი აიფარონ და სხვადასხვა საქმეები «აიმასქნონ».
        მაგალითად, თუ საუბარია კომერციულ საქმიანობაზე, სადეპუტატო იმუნიტეტი, ზოგ-ზოგს აძლევს იმის საშუალებას, რომ «ხელი მოაწეროს» სარისკო დოკუმენტებს, გააფორმოს სარისკო საქმეები, ვინაიდან უპატრონოდ ხმას მაინც ვერავინ გასცემს.
        ამის მაგალითი ბევრია. ასეთი «რისკის შემთხვევაში» კი, რისკის «საფასურიც» სხვანაირად ირიცხება ანუ «წილი იზრდება». მორიგი არჩევნების მოახლოებისთანავე დეპუტატი, რომელსაც გვარიანად აქვს «ნაჭამი», გუდა-ნაბადს აიკრავს და სადმე შვეიცარიაში გადაიკარგება. სდიეთ მერე ქარს უდაბნოში.
        აი, ამას ნიშნავს «სადეპუტატო იმუნიტეტი» საქართველოში. თანაც, «ადგილობრივი თვითმმართველობის» გაძლიერებამ და იქაც იმუნიტეტის შემოღებამ ეს ძვირფასი საქონელი, ცოტა არ იყოს, «გააიაფა», რაკი უფრო მეტად და იოლად ხელმისაწვდომად აქცია.
        მტკნარი სისულელეა, თითქოს იმუნიტეტის აუცილებლობას საქართველოში ის განსაზღვრავს, რომ ხელისუფლებამ იგი შეიძლება «ოპოზიციის შევიწროებისათვის» გამოიყენოს.
        ჯერ ერთი, ამ ქვეყანაში ოპოზიციონერობა, ტრადიციულად, უკვე იმთავითვე იმუნიტეტია, ვინაიდან მაინც ვერავინ ადებს ხელს თუნდაც არ ჰქონდეს იმუნიტეტი, ანუ თუ «ცნობილი პოლიტიკური მოღვაწე» ხარ, იმთავითვე ხარ დაცული შენი საზოგადოებრივი იმიჯით.
        გარდა ამისა, რა უშლის ხელს იმუნიტეტის გაუქმებას (ვთქვათ) მხოლოდ ეკონომიკური ხასიათის დანაშაულთათვის? ამ სფეროში პროვოკაციის მოწყობა ხომ გაცილებით ძნელია?
        თანაც, დააკვირდით, რა გაიძვერულადაა ჩვენში «ინსტიტუირებული» ეს «იმუნიტეტი». ვერც ერთი მხრიდან ვერ მიუდგები: დეპუტატი ან უნდა დააპატიმრო, ან არ უნდა დააპატიმრო, მაგრამ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა და გამოძიების წარმოებაც, რატომღაც, დაპატიმრება-არდაპატიმრებაზეა მიბმული.
        კი, მაგრამ, რატომ არ შეიძლება (თუ დანაშაული ჩადენილია) დაპატიმრების გარეშეც მოხდეს გამოძიება? რატომ არ უნდა შეიძლებოდეს, ვთქვათ, ყველა საგამოძიებო პროცედურის ჩატარება (დაკითხვა, სასამართლო მოსმენა) დაპატიმრების გარეშე?
        ვითომ რა, ბევრი დააკლდება დეპუტატს, თუ სასამართლოში მიბრძანდება ჩვენების მისაცემად და კითხვებზე პასუხის გასაცემად? მაგრამ ჩვენში, რატომღაც, ეს იმუნიტეტი საერთოდ, კრძალავს ყოველგვარ გამოძიებას, სისხლის სამართლი სსაქმის აღძვრას და ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ყოველივე სპეციალურადაა გაკეთებული, რათა «სადეპუტატო იმუნიტეტი» უფრო მეტად მიმზიდველი იყოს.
        რაც შეეხება იმუნიტეტის გაუქმებას, ამას ბევრი პატიოსანი და არაკომფირებული დეპუტატი მოითხოვს როგორც უმრავლესობიდან, ასევე უმცირესობიდან და ოპოზიციიდან, მაგრამ ისინიც აბსოლუტურად არარეალისტურად აყენებენ საკითხს. პოლიტიკაში კი არარეალისტურობა იმთავითვე დამარცხებას ნიშნავს.
        მაგალითად, გამორიცხულია, დღევანდელმა პარლამენტმა და, მთლიანად, პოლიტიკურმა ელიტამ (განურჩევლად პოზიცია-ოპოზიციისა), თანხმობა განაცხადოს იმუნიტეტის სრულ გაუქმებაზე. ამიტომ უფრო მეტად რეალისტურია, შესაძლებელი იყოს ეჭვმიტანილი დეპუტატის მიმართ ყველა ღონისძიების გატარება, გარდა დაპატიმრებისა, ხოლო სასამართლოზე გამოუცხადებლობა ან მიმალვა იმთავითვე ითვლებოდეს იმუნიტეტის «თვითმოხსნად».

მერიდიანი, 20 დეკემბერი, 2000 წელი

მთელ გვერდზე