რომელი პარტია უფრო ახლოსაა რუსეთთან, ეს სავიზო რეჟიმის შემოღებს შემდეგ გამოჩნდება

        გუშინ თბილისში გაგრძელდა რუსეთ-საქართველოს კონსულტაციები სავიზო რეჟიმის შემოღების თაობაზე. რუსული მხარე გაფაციცებით ცდილობს ეს საქმე ბოლომდე მიიყვანოს. იგულისხმება, უპირველეს ყოვლისა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ივანოვი, რომელსაც დედა ქართველი ჰყავს, რის გამოც (ანუ დედის ქართველობის გამო) რუსულ ისტებლიშმენტში სერიოზულ დისკომფორტს განიცდის და ყოველნაირად ცდილობს იმავე ისტებლიშმენტს დაუმტკიცოს, რომ დედამისის ქართველობის მიუხედავად, საქართველოსადმი არანაირი სიმპათია არა აქვს.
        სწორედ ამ ფსიქოლოგიური «კომპლექსით» იყო უმთავრესად განპირობებული რუსეთის დიპლომატიური უწყების უპრეცედენტოდ ტლანქი და სწორხაზოვანი ანტიქართული განცხადებები (ჩეჩნებისთვის ვითომდაც იარაღის მიწოდების თოაბაზე), რომელთაც მხოლოდ უკუშედეგი გამოიღო და საქართველოს საშუალება მისცა გაეძლიერებინა დასავლეთის ყოფნა სამხრეთ კავკასიაში – ჩეჩნეთის საზღვართან განლაგებული ეუთოს სამხედრო დამკვივრებლების (ნატო-ს წევრი ქვეყნების არმიათა ოფიცრების) სახით.
        ბუნებრივია, «ივანოვის სამინისტრო» ასეთივე გააფთრებით შეეცდება განახორციელოს პრეზიდენტ პუტინის კიდევ ერთი ბრძანება – საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემოღების თაობაზე. ძნელი მისახვედრი არ არის, რომ სინამდვილეში «სავიზო რეჟიმი» ჩეჩნეთის მოვლენებს იმდენად არ უკავშირდება (უშუალოდ), რამდენადაც საქართველოს სურვილს, გაიყვანოს თავისი ტერიტორიიდან რუსეთის სამხედრო ბაზები.
        სტამბოლის ხელშეკრულების თანახმად, 2001 წლის 1 ივლისამდე უნდა მოხდეს გუდაუთისა და ვაზიანის ბაზების ლიკვიდაცია. წლის ბოლომდე კი გადაწყდეს დანარჩენი ორი ბაზის (ახალქალაქისა და ბათუმის) გაყვანის ვადები.
        სავიზო რეჟიმი სწორედ საქართველოზე ზეწოლის მეთოდია, რათა მოლაპარაკება ბაზების გაყვანის თაობაზე რუსეთისთვის სასურველი მიმართულებით წარიმართოს.
        თუმცა, თეორიულად არ არის გამორიცხული საშუალედო ვარიანტიც. რუსეთმა შეიძლება შემოგვთავაზოს ისეთი სავიზო რეჟიმი, რომელიც სრულ ბლოკადაში მოაქცევს «სამხრეთ ოსეთსა» და აფხაზეთს.
        არ უნდა იყოს შემთხვევითი, რომ ორივე სეპარატისტულმა ხელისუფლებამ უკვე გამოთქვა სერიოზული შეშფოთება ამ მოლაპარაკებათა დაწყების გამო. თუ ეს ვარაუდი გამართლდა, საქართველოს თითქოს ეძლევა საშუალება, რეალურად განახორციელოს სეპარატისტული რეგიონების ბლოკადა სავიზო რეჟიმის მეშვოებით. საქმე ის არის, რომ შეთანხმება სავიზო რეჟიმის თაობაზე ფაქტობრივად ნიშნავს «სასაზღვრო რეჟიმის» შეთანხმებასაც. მაგალითად, საქართველომ და რუსეთმა შეიძლება შეათანხმონ არა მხოლოდ ვიზების გაცემის ვადა და წესი, არამედ საზღვრის გადაკვეთის ადგილიც. შესაძლოა ხელშეკრულებაში ჩაიწეროს, რომ ვიზებით საზღვრის გადაკვეთა დასაშვებია თბილოისისა და მოსკოვის აეროპორტებში, ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე და სხვა. ასეთი შეთანხმების შედეგად შეუძლებელი იქნება (ფორმალურად) საზღვრის გადაკვეთა ფსოუს ან როკის საკონტროლო-გამშვებ პუნქოტებზე, მაგრამ ქართველ დიპლომატებს აქ ძალიან სერიოზული სიფრთხილე მართებთ, რათა კიდევ ერთხელ არ მოგვატყუონ: ფორმალურად რეჟიმის დაფიქსირება არ ნიშავს, რომ იგი რეალურად განხორციელდება. რუსეთი უეჭველად შეეცდება ერთი მხრივ მიიღოს საქართველოსგან დათმობები ბაზების საკითხში, ხოლო მეორე, არც «აფხაზ და ოს მოკავშირეებს» აწყენინოს და სასაზღვრო შეზღუდვები, ჩვეულებრივ ბლეფად აქციოს.
        ამიტომ ეს თეორიული ვარიანტი ნაკლებად სარმწუნოა - უფრო მეტად რეალურია, რომ რუსეთი ცდილობს პრობლემა გადაწყვიტოს საქართველოზე ზეწოლით: მოსკოვში მიაჩნიათ, რომ სავიზო რეჟიმით პრობლემებს შეუქმნიან საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც, თავის მხრივ, პრობლემას შეუქმნიან რუსეთისადმი «ურჩ» ხელისუფლებას.
        სავიზო რეჟიმი მართლაც სერიოზულად გაართულებს იმ ადამიანთა მდგომარეობას, ვინც დღენიადაგ რუსეთში დადის «სარჩოს მოსაპოვებლად» (იმავე კონტრაბანდისტებს) ან ლეგალურ წვრილ მოვაჭრეებს, მოსკოვსა და სხვა ქალაქებში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს – ისინი ვალდებულნი იქნებიან დაუყოვნებლივ დატოვონ რუსეთის ტერიტორია.
        როგორც ჩანს, ეს გარდაუვალია, თუმცა საქართველოს მოსახლეობას მოუწევს შეურიგდეს იმ აზრს, რომ დამოუკიდებელი ქვეყნისათვის «სავიზო რეჟიმი» სავსებით ბუნებრივი და ჩვეულებრივი მოვლენაა.
        ამას უარყოფითი მომენტებიც მრავლად ახლავს – ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის, რაც ამ მოქალაქეებს 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმზე უნდა გაეთვალისწინებინათ, თორემ ახლა წუწუნი უკვე გვიანია.
        მეორე მხრივ, «სავიზო რეჟიმის» შემოღებას დადებითი მომენტებიც აქვს. ჯერ ერთი, ამ რეჟიმის შემოღებისთანავე, რუსეთის ყველა მოქალაქე (არა აქვს მნიშვნელობა, ჟურნალისტი თუ ბიზნესმენი), ვინც აფხაზეთის ან «სამხრეთ ოსეთის» ტერიტორიაზე შემოვა ვიზის გარეშე - კანონის დამრღვევად ჩაითვლება და საქართველოს ხელიოსუფლებას ექნება საშუალება, პოლიტიკური პროტესტი განუცხადოს რუსეთს, - დაადანაშაულოს იგი «ორმაგი სტანდარტებით» ოპერირებაში.
        გარდა ამისა, რუსეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა მასობრივი დაბრუნება საქართველოში შეიძლება სასარგებლოც იყოს – ისინი ხომ «ხელცარიელნი» არ დაბრუნდებიან. ამასთან ერთად, იძულებულნი გახდებიან აფხაზეთში დაბრუნდნენ აგრეთვე არძინბას რეჟიმს გარიდებულიო სეპარატისტებიც – ეს კი უეჭველად დაძაბავს ვითარებას აფხაზეთში.
        საქართველო მიიღებს საშუალებას, დააწესოს სავიზო სატრანზიტო გადასახადი (ვთქვათ) სომხეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეებისთვის, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის გავლით მიემგზავრებიან რუსეთში - ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი შემოსავალი იქნება.
        რაც შეეხება ექსპორტის შემცირებას - «სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა» (ზოგი ჭირი მარგებელიაო) არ დაუშვებს «გადატვირთვების» შემცირებას საქართველოდან – რუსეთში (ჩრდილოეთ ოსეთში) ვინაიდან ეს მისი «სახელმწიფო ბიუჯეტის» ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წყაროა.
        ამრიგად, სავიზო რეჟიმის შემოღება უკვე გარდაუვალი ხდება, ვინაიდან საქართველოს ხელისუფლება ბაზების გაყვანაზე უარს ვეღარ იტყვის, ან რუსეთის მხრიდან «სანქციები» აუცილებელია.
        აქ არის კიდევ ერთი საინტერესო ასპექტი. კერძოდ, როგორ იმოქმედებს სავიზო რეჟიმი საქართველოს ხელისუფლებასა და პოლიტიკურ ისტებლიშმენტში ძალთა განლაგებაზე? რუსეთთან სავიზო რეჟიმი ბევრი გავლენიანი ოლიგარქისათვის საკმაოდ მძიმე დარტყმაა – შესაძლოა ამან ხელი შეუწყოს ფინანსური ნაკადების მიმართულების შეცვლას და რუსული რუბლიდან – დოლარად კონვერტირებულმა ფინანსურმა ნაკადულებმა დანიშნულება შეიცვალონ. ეს სულ მალე დადასტურდება ამა თუ იმ პარტიის პოზიციათა შესუსტებით თუ პირიქით – სხვა პარტიების გაძლიერებით.
        ნებისმიერ შემთხვევაში დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკურ ვითარებაში ახალ ეტაპს ეყრება საფუძველი.

7 დღე, 19 აპრილი 2000 წელი

მთელ გვერდზე