სავალუტო ფონდმა «სუფრაზე წიხლი გვიკრა»

        გუშინ რუსეთის საინფორმაციო საშუალებებმა დიდი ზარზეიმით გამოაქვეყნეს ცნობა: საერთაშორისო სავალუტო ფონდმა «შეწყვიტა ყოველგვარი ურთიერთობა საქართველოსთან».
        ბუნებრივია, სსფ-ს უკანასკნელ (დროის მიხედვით) მისიას საქართველოში რაიმე პოზიტიური შედეგი რომ მოჰყოლოდა, რუსული მედია ამ ცნობას არ გამოაქვეყნებდა, თუმცა «ყოველგვარი ურთიერთობის შეწყვეტა» მაინც მეტისმეტია.
        სავალუტო ფონდის მისიამ მართლაც არადამაკმაყოფილებლად შეაფასა საქართველოს საფინანსო სფეროში შექმნილი მდგომარეობა, მაგრამ დასკვნაში მითითებულია არა «ყოველგვარი ურთიერთობის» შეწყვეტა, არამედ «ახალ პროგრამაზე» მუშაობის შეჩერება, ვიდრე საქართველოს ხელისუფლება კეთილს არ ინებებს და ელემენტარულ პრობლემას არ გადაწყვეტს.
        რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, სავალუტო ფონდის მისია ადასტურებს, რომ არავითარი ეკონომიკური კრიზისი საქართვლეოში არ არის. სავალუტო ფონდი გვაკრიტიკებს არა ეკონომიკური, არამედ მმართველობითი კრიზისის გამო. მით უარესი საქართველოსა და მისი ხელისუფლებისათვის! ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი რომ იყოს, საერთაშორისო სავალუტო ფონდი მიგვითითებდა შეცდომებზე სტრატეგიაში, შეეცდეობდა, ზემოქმედება მოეხდინა ხელისუფლების ეკონომიკურ პოლიტიკაზე და ან მიაღწევდა შედეგს ან ვერა. ყოველ შემთხვევაში, პოზიციები ნათელი იქნებოდა.
        გაცილებით უარესია, როცა ხელისუფლება მთლიანობაში სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას ატარებს, მაგრამ სახელმწიფოებრივ სტრუქტურათა სისუსტის გამო გადასახადების აკრეფას ვერ ახერხებს: მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობასთან შეფარდებით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი 2,5 მილიარდ ლარს უნდა აღემატებოდეს, რეალურად კი ერთ მილიარდს ძლივს აღწევს. ასეთ პირობებში სავალუტო ფონდს არ აინტერესებს (არც შეიძლება, აინტერესებდეს), თუ რატომ ვერ ვახერხებთ ქვეყნის ეკონომიკური საზღვრების დაცვას, აფხაზეთისა და «სამხრეთ ოსეთის» კონფლიქტების მოწესრიგებას, «წვრილი კონტრაბანდის» აღმოფხვრას.
        ვაშინგტონიდან უკვე აღარ გვთხოვენ (ესიც დიდი შეღავათია) გარკვეული (საკმაოდ მაღალი) ოდენობის ბიუჯეტის შედგენას და აკრეფილი გადასახადის მლთიანი შიდა პროდუქტის მოცულობასთან შესაბამისობაში მოყვანას.
        ამჟამად გვთხოვენ ერთადერთს: რაკი ვერ ახერხებთ გადასახადების აკრეფას (მიუხედავად იმისა, რომ საგადასახადო ბაზა ამის საშუალებას გაძლევთ) – ის მაინც უნდა გააკეთოთ, რომ იცხოვროთ შემოსავლების შესაბამისად!
        რა არის ამაში გასაკვირი? გაქვს შემოსავალი 10 ლარი და ხარჯავ 15-ს. «ამას» არც ერთი დონორი არ დააფინანსებს! ანუ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ურთიერთობის პერსპექტივა საქართველოს არ დაუკარგავს (თუ, რასაკვირველია, ემისიით თვითმკვლელობას არ ჩავიდენთ)? მაგრამ ქვეყანამ უნდა იცხოვროს შემოსავლების შესაბამისად – სადამდეც საბანი გაგვწვდება.

დილის გაზეთი, 24 ივნისი, 2000 წელი

მთელ გვერდზე