საქართველოსთვის მზე ამჯერად შუა აზიიდან ამოდის

        ახლად არჩეული პრეზიდენტის პირველი ვიზიტი ყოველთვის განსაკუთრებით ნიშანდობლივია. ამის მიხედვით შეიძლება ვიმსჯელოთ მის მომავალ პოლიტიკასა და ძირითად ორიენტირებზე. ედუარდ შევარდნაძემ ინაუგურაციამდე რამდენიმე დღით ადრე მონაწილეობა მიიღო ალმა-ათის საერთაშორისო კონფერენციაში «ევრაზია 2000».
        კონფერენცია გაიმართა დავოსის ფორუმის ეგიდით, რაც მის მაღალ დონეზე მეტყველებს. ზოგადად დავოსის ფორუმი თანდათანობით პოსტსაბჭოურ სივრცეზე დასავლური პოლიტიკის არა მხოლოდ ფორმირების, არამედ რეალური განხორციელების ინსტრუმენტადაც იქცევა.
        ექვსი წლის წინ დავოსში ინტელექტუალები შეიკრიბნენ თეორიული მსჯელობისათვის. უპირველესად რუსეთის პრობლემებზე. აღსანიშნავია, რომ შევარდნაძეს დავოსის არც ერთ ფორუმში მონაწილეობა არ მიუღია (მიუხედავად იმისა, რომ ყოველწლიურად იწვევდნენ); სამაგიეროდ, აქტიური მონაწილეობა მიიღო ალმა-ათის კონფერენციაში, რომელიც თითქოსდა დავოსთან შედარებით «ქვემდებარე» იყო.
        ამ უცნაურობის მიზეზი კი გახდა არა ნურსულთან ნაზარბაევის პირადი თხოვნა (ან ყოველ შემთხვევაში არა მხოლოდ ეს), არამედ ის ფაქტი, რომ დავოსის პროცესმა შეიძლება პირველად შეიძინოს პრაქტიკული მნიშვნელობა და ევრაზიული დერეფნის იდეის განხორციელების ერთ-ერთ ფაქტორად იქცეს.
        ამ თვალსაზრისით ალმა-ათაში გაცილებით საქმიანი საუბარი გაიმართა, ვიდრე გაუთავებელი თეორიული დისკუსია (უბრალოდ თუ ვიტყვით, ლაყბობა) დავოსში – რუსული ინტელიგენციის ისტორიულ როლზე ამ ქვეყნის დემოკრატიზაციასა და საბაზრო ეკონომიკის ჩამოყალიბებაში. მაშინ, როდესაც სახელგანთქმულ რუსულ ინტელიგენციას საბაზრო ეკონომიკა დღემდე ის ბაზარი ჰგონია, სადაც ქართველებისაგან მამასისხლად ყიდულობდა ვაშლსა და ყურძენს.
        ალმა-ათის სამიტი სწორედ პრაქტიკული მნიშვნელობის საკითხებს მიეძღვნა. მათ შორის კასპიის აუზიდან დასავლეთში ნავთობისა და ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებას, რასაც, გასაგები მიზეზების გამო, ჩვენი ქვეყნისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
        ამრიგად, ედუარდ შევარდნაძემ ალმა-ათის ფორუმში მონაწილეობით დაადასტურა, რომ მისი პოლიტიკის ძირითადი ვექტორი მომავალი ხუთი წლის განმავლობაში უცვლელი დარჩება. ეს არის ქვეყნის ჩართვა საერთაშორისო მნიშვნელობის პროცესებში და ამ გზით საქართველოსათვის შრომის მსოფლიო განაწილების «სისტემაში» ადგილის მოპოვება.
        აქვე უნდა ითქვას, რომ ეს კურსი ობიექტურად გამართლებულია იმ პირობებში, როდესაც საქართველოს არც წიაღისეული სიმდიდრე გააჩნია და არც იმის შანსი, რომ სამრეწველო წარმოებით როდესმე დაჯაბნოს რეგიონის მძლავრი სახელმწიფოები – თურქეთი და რუსეთი, რომელთაც ინვესტიციათა მოზიდვითა და საკუთარ ნედლეულზე დაყრდნობით წარმოების განვითარებისათვის გაცილებით ხელსაყრელი პირობები აქვთ და საქართველოს ათი-ოცი წლით «უსწრებენ» ამ თვალსაზრისით.
        მაშასადამე, საქართველოს ერთადერთი შანსი – როგორმე დაეწიოს მათ და შემდგომ ევროკავშირთან არა სიმბოლურ, არამედ რეალურ თანამშრომლობაზეც იფიქროს – ის არის, რომ ინვესტიციათა მოსაზიდად შექმნას სხვა გარანტიები, კერძოდ მოიპოვოს მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ფუნქცია ნავთობსადენებისა და გაზსადენების მეშვეობით.
        სხვა შანსი (ეს უკვე ნათელია) საქართველოს არ აქვს და არც ექნება. ამიტომ შევარდნაძის გამგზავრება ალმა-ათის სამიტზე სავსებით ლოგიკურია, ისევე, როგორც აღარ გააჩნია (არც გააჩნდა) ალტერნატივა ევრაზიული დერეფნის ფარგლებში საქართველოს განვითარებას.
        გუშინ ალმა-ათაში შევარდნაძე შეხვდა არა მხოლოდ კოლეგა პრეზიდენტებს, არამედ მსოფლიო ბანკისა და სავალუტო ფონდის, აგრეთვე ევრობანკის ხელმძღვანელობას.
        ინტერესის უმთავრესი საგანი იყო ტრანსკასპიური პროექტი, რომელიც ითვალისწინებს თურქმენეთიდან კასპიის ზღვისა და სამხრეთ კავკასიის გავლით ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებას ევროპაში. ბოლო დროს გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ეს პროექტი ჩაიშალა, ვინაიდან თურქმენბაშმა რუსეთთან კომპრომისი არჩია. მაგრამ ეს ინფორმაცია არ გამართლდა: არათუ თურქმენეთი, არამედ ყაზახეთიც აქტიურადაა დაინტერესებული ტრანსკასპიური გაზსადენის აგებით, ვინაიდან ტრილიონობით კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მარაგი აქვს.
        რასაკვირველია, ნურსულთან ნაზარბაევისათვის იდეალური ვარიანტი იქნებოდა ამ სიმდიდრის რუსეთის გავლით ტრანსპორტირება დასავლეთში, რუსეთის საკომუნიკაციო სისტემის მეშვეობით, - ყოველგვარი ახალი გაზსადენების გარეშე.
        მაგრამ მან შესანიშნავად იცის, რომ ეს არარეალურია - «გაზპრომი» ყაზახურ გაზს ისევე არ გაატარებს, როგორც არ ატარებს თურქმენულს. ერთადერთი, რასაც შეიძლება მან მიაღწიოს, არის გაზის მიყიდვა რუსეთისათვის (მხოლოდ ამას მიაღწია თურქმენეთმაც), რომელიც შემდგომ სამჯერ უფრო ძვირად გაიყიდება ევროპაში და ვალუტას რუსეთის ბიუჯეტი მიიღებს.
        ალმა-ათის სამიტის დროს ყაზახ პრემიერ-მინისტრ კასიმ ჟიმარ დოკაევთან შეხვედრისას რუსეთის ვიცე-პრემიერმა ვიქტორ ხრისტენკომ მასპინძლებს თანხმობის ნაცვლად მტკიცე უარი განუცხადა ყაზახური გაზის ტრანსპორტირებაზე რუსეთის ტერიტორიის გავლით.
        ბუნებრივია, მას «გაზპრომისაგან» შესაბამისი უფლებამოსილებაც ექნებოდა ასეთი უარისათვის. შესაბამისად ნურსულთან ნაზარბაევმა (იგი დემონსტრაციულად არ შეხვდა ხრისტენკოს, სამაგიეროდ შეხვდა შევარდნაძეს) სამიტზე გამოსვლისას დაადასტურა, რომ კასპიის აუზის სიმდიდრე მსოფლიო პროგრესის სამსახურში უნდა ჩადგეს, ხოლო ტრანსპორტირებისათვის რამდენიმე გზა არსებობს; მათ შორის, რა თქმა უნდა, სამხრეთ კავკასიის გავლით.
        ყაზახი პრეზიდენტი სწორედ ამიტომ თხოვდა ქართველ კოლეგას აუცილებლად ჩასულიყო ალმა-ათაში, რათა ხაზი გაესვას ყაზახეთისათვის სამხრეთ-კავკასიური მიმართულების უპირატესობას. ამიტომვე დათანხმდა ნაზარბაევი შარშან სტამბულის სამიტზე ყოველწლიურად 20 მილიონი ტონა ყაზახური ნავთობი (თენგიზის საბადოდან) გაატაროს სამხრეთ-კავკასიური დერეფნით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მეშვეობით. მაშინ, როდესაც თითქმის მზად არის თენგიზ-ნოვოროსიისკის ნავთობსადენი.
        ყაზახეთი პოტენციურად მართლაც უმდიდრესი ქვეყანაა, მაგრამ იგი რუსეთის მაჩანჩალად დარჩება, თუ ალტერნატიული კომუნიკაციები არ მოიპოვა ამ სიმდიდრის დასავლეთის ბაზრებზე გასატანად.
        ედუარდ შევარდნაძეს, რასაკვირველია, ყაზახეთის გეოპოლიტიკური პრობლემები აღელვებს მხოლოდ იმდენად, რამდენადაც მათი გადაწყვეტა საქართველოს მოუტანს სარგებელს. ჯერჯერობით ეს სარგებელი მხოლოდ «მწიფდება», მაგრამ გაჩნდა პირველი რეალური სიმპტომები ჩვენი ქვეყნისადმი ინტერესის ზრდისა არა მხოლოდ ჩეჩნეთის მოვლენებთან, არამედ ტრანსკასპიურ პროექტებთან დაკავშირებით.
        ეს კიდევ უფრო თვალნათელი გახდება, როდესაც პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ დაიწყება ვიზიტების «მეორე წრე» დასავლეთის ქვეყნებში და დასავლეთის სახელმწიფოებიდან – საქართველოში.
        ამრიგად, ედუარდ შევარდნაძის პირველი ვიზიტი შეიძლება ჩაითვალოს «კურსის უცვლელობის» დადასტურებად. მით უმეტეს, იმ ვითარებაში, როდესაც იწყება საქართველოდან რუსეთის არმიის გაყვანის ისტორიული პროცესი.
        ეს უკვე სასიცოცხლოდ აუცილებელია, ვინაიდან სანამ საქართველოში რუსეთის ოთხი ბაზაა დისლოცირებული. დასავლელ ლიდერებს სასაცილოდაც არ ჰყოფნით მსჯელობა საქართველოს რეალურ დამოუკიდებელ გეოპოლიტიკურ ფუნქციაზე. ხოლო ნავთობსადენებისა და გაზსადენების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად ისინი მოსკოვის გავლენის გაძლიერების მომხრენიც კი იქნებიან, რათა კომუნიკაციების უსაფრთხოება რუსის ჯარმა «უზრუნველყოს» ანუ ერთდროულად საქართველოს ტერიტორიაზე გლობალური მნიშვნელობის საკომუნიკაციო ხაზების გაყვანა და იმავდროულად რუსეთის სამხედრო ყოფნის შენარჩუნება არათუ საქართველოს დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს, არამედ პირიქით, - ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დაკნინების გარანტია გახდება.

7 დღე, 28 აპრილი, 2000 წელი

მთელ გვერდზე