საარჩევნო კამპანია ისტორიით დაღლილ ქვეყანაში

        ვინაიდან ასლან აბაშიძე მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, «საარჩევნო მარათონი» ედუარდ შევარდნაძისა და ჯუმბერ პატიაშვილის შერკინებად გადაიქცა. თუმცა «შერკინება», როგორც რუსები იტყვიან, მეტისმეტად მკაცრად არის ნათქვამი, თორემ საარჩევნო კამპანიას სიცხარე და სიმწვავე ნამდვილად აკლია.
        ორივე მთავარი კანდიდატი ცდილობს ცეცხლის შენთებას, ისევე, როგორც მათი მხარდამჭერები, მაგრამ ბევრი არაფერი გამოსდით – ქართულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში დამკვიდრებულმა აპათიამ საბოლოოდ მოადუნა პოლიტიკური დაპირისპირების მთავარი ძარღვიც: კანდიდატები შესამჩნევად ღელავენ (მიუხედავად იმისა, რომ ძალთა რეალური თანაფარდობა მათზე უკეთ არავინ იცის), ოღონდ მთლიანად, საარჩევნო კამპანიას «მღელვარეს» ნამდვილად ვერ ვუწოდებთ;
        ქართველი ერი (აბა, სხვებს, საერთოდ, რა ინტერესი უნდა ჰქონდეთ) საბოლოოდ დაიღალა პოლიტიკით, დაიღალა გაუთავებელიო დაძაბულობით და ამჟამად საქართველოში დაახლოებით ისეთივე აპათიისა და მოდუნების ატმოსფეროა, როგორიც «უხელისუფლებობის ხანაში» - 1989-1990 წლებში, 9 აპრილიდან 28 ოქტომბრის უზენაესი საბჭოს არჩევნებამდე.
        პირსისხლიანი ქართული «პოლიტოკრატიის» შემდგომი აქტიურობა რეალურად ბევრს ვერაფერს ცვლიდა, ვინაიდან მათი «ცოფი» მხოლოდ პიროვნული მძვინვარე ამბიციისა თუ ანგარების გამოვლინება იყო (უფრო), ვიდრე საზოგადოებრივი აქტიურობისა.
        მაშინ ჯერ კიდევ ვერავინ გაბედავდა იმის თქმას, რომ ქართველ ერს გაცილებით ნაკლები ეროვნული ენერგია და პასიონარულობის გაცილებით ნაკლები დონე აღმოაჩნდეობდა (როცა საქმე საქმეზე მიდგა), ვიდრე არათუ ლიტველებსა და სომხებს, არამედ ჩეჩნებს, აფსუებს, ოსებსაც კი.
        შესანიშნავად ქართველ ისტორიკოსსა და პუბლიცისტს, ლოვარდ ტუხაშვილს, რომელიც კოლეგა ისტორიკოსების მნიშვნელოვანი ნაწილის «შურიანი სიძულვილის» მიუხედავად, უდავოდ უნიჭიერესი ადამიანი იყო, აქვს ასეთი თეზა: «ჩვენ ისტორიით დაღლილი ერი ვართ, - ჩვენ გვაქვს ისტორიულად დამარცხებული ერის ფსიქოლოგია».
        ეს უმწეობა, სასოწარკვეთა, ისტორიული სიმხდალე და დამარცხების შეგრძნება გამოვლინდა ჯერ კიდევ 1989 წლის 9 აპრილის ერთ ეპიზოდში. ალბათ, გახსოვთ ის მომენტი, როდესაც კათალიკოს-პატრიარქის მიმართვის შემდეგ, რამდენიმე წამით სიჩუმე ჩამოვარდა: ათი ათასი ქართველი შიშით (გაიხსენეთ «მოძრაობის» ლიდერთა თვალები) ელოდა გარდაუვალ დამარცხებას.
        «რომ არ გაიქცნენ», ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ გარდაუვალი დამარცხების სასოწარკვეთილი შეგრძნება არ ჰქონიათ. სხვა ფსიქოლოგიის ერის წარმომადგენლები (მაგალითად, იგივე ლიტველები ან სომხები) რელიგიური ლიდერის მოწოდებას საკმარისად ჩათვლიდნენ, რათა შეტრიალებულიყვნენ და წასულიყვნენ, თუ, საერთოდ, მოაწყობდნენ იდიოტურ აქციას, რომელსაც სრულიად უდანაშაულო ადამიანები უაზროდ ემსხვერპლნენ: არაფერი, ზიანის გარდა (ყველა თვალსაზრისით), 9 აპრილს საქართველოს არ მოუტანია. დღემდე გაუგებარია (რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს), რას მოითხოვდნენ მიტინგის ორგანიზატორები კონკრეტულად - დამოუკიდებლობის ასბტრაქტული, «უმისამართო» მოთხოვნა, დღევანდელი გადასახედიდან, ცოტა არ იყოს და, პროვოკაციულადაც მოჩანს – საქართველოში რომ მოვლენები ბალტიისპირულ-მოლდავური გზით, ანუ პოლიტიკური ტექნოლოგიის სრული დაცვით განვითარებულიყო, გაცილებით საშიში იქნებოდა კრემლისათვის, ვიდრე 9 აპრილის უაზრო სასაკლაო, რომელმაც კიდევ უფრო განამტკიცა ერში «დამარცხებულის ფსიქოლოგია» და არასრულფასოვნების «კომპლექსი».
        იმჟამინდელი მოძრაობის ავანგარდის, «ეროვნულ-დემოკრატიული» პარტიის იდეალი იყო ავღანელი საველე მეთაური ჰექმათიარი, რომელმაც, თურმე, არც კი იკადრა ბაბრაქ ქარმალთან ან ნაჯიბულასთან მოლაპარაკების გამართვა, ვინაიდან ეს უკანასკნელნი კრემლის მიერ იყვნენ ხელდასხმულნი. ამავე ლოგიკით, ისინიც «არ კადრულობდნენ» (იმხანად) მოლაპარაკებას ჯუმბერ პატიაშვილთან, აქაოდა, კრემლის მარიონეტს რა ველაპარაკოთო.
        დღეს უკვე მისი «საარჩევნო შტაბის» უფროსებს გაახსენდათ, რომ, თურმე პატიაშვილსა და შევარდნაძეს შორის ფარული დაპირისპირება არსებობდა და ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი შეიძლება ყოფილიყო.
        მაშინ (1988-1989 წლებში), ეს რომ ვინმეს მოძრაობის ლიდერთა თანდასწრებით ეთქვა, როგორც მინიმუმ, სასაცილოდ აიგდებდნენ - «ხა-ხა-ხა, რა სისულელეა, რა მნიშვნელობა აქვს, - მაგათი დაპირისპირება ვარჩიოთ ახლა, ტო...»?!
        არადა, დღეს უფრო და უფრო ცხადი ხდება პატიაშვილის მიერ მოსკოვში გაგზავნილი «პანიკური დეპეშების» ნამდვილი მიზანი: პატიაშვილს შეეძლო ორჯერ იმაზე მეტი მილიციელის მობილიზება (საქართველოშივე), ვიდრე თვით ყველაზე კრიტიკულ მომენტში (9 აპრილის დილის 4 საათისთვის), მომიტინგეთა ოდენობა იყო, მაგრამ პატიაშვილს სურდა, დარბევა მოსკოვს განეხორციელებინა, რათა ხალხის სიძულვილი არა მისკენ, არამედ მოსკოვისაკენ, უფრო ზუსტად კი, მისთვის საძულველი შევარდნაძისკენ ყოფილიყო მიმართული.
        მაგრამ იმ დროს «მოძრაობის ლიდერები» ასეთ სისულელეებს არც კი ითვალისწინებდნენ და შეურაცხყოფადაც კი მიაჩნდათ ამაზე ფიქრი. მით უმეტეს, საუბარი; მაშინ მათთვის პატიაშვილი, შევარდნაძე, გორბაჩოვი, როდიონოვი, კრავჩუკი, ფოფხაძე აბსოლუტურად «ერთი და იგივე» იყო.
        ხოლო მას შემდეგ, რაც მოძრაობამ სრული დისკრედიტაცია განიცადა 1989-1993 წლების მოვლენათა შედეგად, აი, მხოლოდ ამის შემდეგ მოვიდნენ კომპრომისისა და შერიგების ხასიათზე; თუმცა მათივე იდეოლოგიიდან გამომდინარე, აბსოლუტურად გაუგებარია, რითი სჯობს პატიაშვილი – შევარდნაძეს ან რჩეულიშვილი – ჟვანიას.
        ჰექმათიარს რაც შეეხება, ამ ხალხს ვერც მაშინ შეაგნებინებდი, რომ ჰექმათიარი ამას როცა ამბობდა, ზურგს უკან უძლეველი ავღანელი ერი ედგა (ეს ერი ვერც რუსებმა დაამარცხეს, ვერც ინგლისელებმა, ვერც შაჰ-აბასმა, ვრეც თემურ-ლენგმა და ვერც მონღოლებმა) და მთელი დასავლეთი უჭერდა მხარს.
        ერთი სიტყვით, ამ ისტორიული აჩრდილების «ბორიაყში» პოლიტიკური პროცესის გახალისებას ვერც კვერცხების სროლა შესძლებს და ვერც ტრაგიკული შედეგით დასრულებული ავტოავარია. მით უმეტეს, რომ აშკარა პროვოკაციაა იმის მტკიცება, თითქოს საბურავის დაჭრით შეიძლება (პატიაშვილის) ავტომანქანამ მართვა დაკარგოს ნახევარი საათის შემდეგ, ტრასაზე მოძრაობისას. თუ საბურავი დაჭრილია, მძღოლი ამას 5-10 წუთში, უეჭველად, იგრძნობს.
        თუმცა, მაინცდამიანც ეს ისტორიაც უკვე აღარავის აღელვებს, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი სამუდამოდ დასახიჩრდა.
        ისევე, როგორც 1999 წლის 9 აპრილს, ათი წლისთავზე, რუსთაველის გამზირზე ასიოდე ადამიანიც არ შეიკრიბა. ერთადერთი, ვინც მართლა კაცურად მოიქცა, თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე იყო, რომელმაც ზუსტად 4 საათზე (როცა ძალღლთაპირმა როდიონოვმა ოპერაციის დაწყების ბრძანება გასცა), 9 აპრილის მემორიალურ ქვასთან ყვავილები მიიტანა.
        თუმცა ეს საქციელიც «ჩაიკარგა» საერთო აპათიასა და გულგრილობაში.
        მოსახლეობა ათი წლის შემდეგ მიხვდა, რომ იგი მოიქცა როგორც შესაწირად განწირული ცხვრის ფარა, ამიტომ უახლესი წლების განმავლობაში ნებისმიერი კატაკლიზმისა და ცვლილების წინააღმდეგი იქნება.
        ამ თვალსაზრისით, მოსახლეობა 9 აპრილის არჩევნებში პატიაშვილის წინააღმდეგ კი არ მისცემს ხმას, არამედ მისი «უწინდელი» მოწინააღმდეგეებისა და ამჟამინდელი «თანამებრძოლების» წინააღმდეგ.

მერიდიანი, 22 მარტი, 2000 წელი

მთელ გვერდზე