საქართველომ ნატოსგან ტანკები იყიდა

        გუშინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ დაასრულა მოლაპარაკება ჩეხეთის ნახევრად სახელმწიფო ფირმასთან მძიმე სამხედრო ტექნიკის შეძენის თაობაზე. გაფორმებულია კონტრაქტი, რომლითაც საქართველოში შემოვა ტ-55-ის ტიპის 11 ტანკი, 1 გამწევი და მაკომპლექტებელი დეტალების მნიშვნელოვანი რაოდენობა.
        თანაც, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანხა (დაახლოებით, 300 ათასი დოლარი) წინასწარ უნდა გადაეხადა და გადაიხადა კიდეც.
        დაინტერესებულ მკითხველს ემახსოვრება, რომ ამ თემაზე საუბარი ჯერ კიდევ ორი წლის წინ დაიწყო. მაშინ რუსეთის პრესამ ძალზე საეჭვო ისტერია წამოიწყო «საქართველოს მიერ იარაღის შეძენის» გამო, თითქოს საქართველოს ხელისუფლება ვალდებული იყო, წინასწარ დაკითხვოდა მოსკოვს.
        რუსი ჟურნალისტები «გულამოსკვნილნი» იყვნენ იმის გამოც, რომ საქართველო ფულს ხარჯავს უვარგისი ტექნიკის შესაძენად. სინამდვილეში, რასაკვირველია, აქ სხვა ინტერესია ჩადებული. მართლაც, ვინ მოგყიდის 300 ათას დოლარად 11 ტანკს? თუ ტანკი «ქმედუნარიანია», იგი ერთი შეიძლება ღირდეს 300-400 ათასი დოლარი.
        მაგრამ ნუ დავივიწყებთ, რომ ჯერ ერთი, საუბარია მოძველებულ ტექნიკაზე (რომელსაც, საქართველოს სპეციფიკის გათვალისწინებით, მაინც შეიძლება ჰქონდეს სამხედრო მნიშვნელობა, თუნდაც, როგორც «თვითმავალ ქვემეხს» ან სასწავლო ობიექტს) და რაც მთავარია, სამხედრო ტექნიკის რაოდენობის გაზრდით, საქართველო ობიექტურად ამცირებს რუსეთის კვოტას თავის ტერიტორიაზე.
        შეგახსენებთ, რომ «ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შემცირების» ადაპტირებული ხელშეკრულების თანახმად, რუსეთს (საქართველოს თანხმობით) ეძლევა უფლება, ჩვენს ქვეყანაში დროებით განალაგოს სამხედრო ტექნიკის გარკვეული რაოდენობა.
        საქართველოსა და რუსეთის სამხედრო ტექნიკა ერთად არ უნდა აღემატებოდეს განსაზღვრულ კვოტას. სტამბოლში მიღწეული კომპრომისით, რუსეთმა მიიღო უფლება, საქართველოში დროებით განალაგოს სამხედრო ტექნიკა. მოსკოვში მიაჩნიათ, რომ «დროებით» შეიძლება ნიშნავდეს 25 წელს.
        რუსი სამხედროები და დიპლომატები ეშმაკობენ – მათ სურთ, პირნათელნი იყვნენ ევროპის წინაშე (ხელშეკრულება ეუთოს ეგიდით გაფორმდა), ანუ შეამცირონ სამხედრო ტექნიკის რაოდენობა ხსენებულ კვოტამდე, მაგრამ დანარჩენი სამხედრო ტექნიკა, ანუ მთლიანად სამხედრო კონტინგენტი არ გაიყვანონ საქართველოდან.
        ასეთ შემთხვევაში, თბილისი დასავლეთის მხარდაჭერას ვეღარ მიიღებს, ვინაიდან ფორმალურად რუსეთი პარიზის ხელშეკრულებას არ დაარღვევს.
        ოღონდ, თუ საქართველო თანდათან გაზრდის საკუთარ სამხედრო ტექნიკას კვოტის ფარგლებში, ამით იგი იურიდიულადაც «შეავიწროვებს» რუსეთის სეგმენტს ამ კვოტაში და აიძულებს დასავლეთს, კვლავ აქტიური მონაწილეობა მიიღოს სამხედრო ტექნიკის გაყვანაში ჩვენი ქვეყნიდან:
        დასავლეთი ხომ ვერ დაუშვებს ხელშეკრულების დარღვევის პრეცედენტს?! 11 ტანკით რუსეთის კვოტა არ ამოიწურება, მაგრამ სარწმუნო წყაროს ცნობით, უკვე შეძენილი 11 ტანკი მხოლოდ დასაწყისია – ასევე იაფად საქართველომ შეიძლება კიდევ 100-150 ტანკი შეიძინოს.
        იგივე მეთოდოლოგია იქნება გამოყენებული საარტილერიო სისტემებთან დაკავშირებითაც. საბოლოოდ კი, რუსული სამხედრო ტექნიკის რაოდენობა კვოტას გადააჭარბებს და დასავლეთი მას აუცილებლად აიძულებს საერთოდ გაიყვანოს სამხედრო ტექნიკა საქართველოდან.
        ტექნიკის გარეშე კი, სამხედრო კონტინგენტის დისლოცირება, სტრატეგიული თვალსაზრისით, უაზრობაა. ამის გარდა, ამ ბერკეტების მეშვეობით, საქართველოს შეეძლება ეგრეთ წოდებული, «სამშვიდობო ძალების» გაყვანაც აფხაზეთიდან: თუ «სამშვიდობო ძალების» გაყვანას არ მივიჩნევთ მიზანშეწონილად, გარკვეული რაოდენობის ტექნიკას ჯერ არ შევიძენთ. თუ შემცირებას მოვინდომებთ, შევამცირებთ, ან სულაც ამოვწურავთ. აი, ეს აზრია, როგორც ჩანს, ჩადებული ჩეხებისგან «ჩამოწერილი» ტანკების შეძენაში.
        თუმცა, თავისთავად, ის ფაქტიც მნიშვნელოვანია, რომ საქართველო პირველად იძენს სამხედრო ტექნიკას ნატოს წევრი ქვეყნისაგან! ჩეხეთი ხომ «ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის» სრულუფლებიანი წევრია?! ამ პრეცედენტის მეშვეობით კი სრულიად ახალი პოლიტიკური რეალობა იქმნება.
        მაშასადამე, შორს აღარ არის ის დრო, როდესაც საქართველო ნატოს წევრი სხვა ქვეყნებისგანაც შეძლებს არა მოძველებული, არამედ უახლესი სამხედრო ტექნიკის მიღებას.

დილის გაზეთი, 2 სექტემბერი, 2000 წელი

მთელ გვერდზე