მიშა სააკაშვილის იურისპრუდენცია

        პრეზიდენტის გადაწყვეტილების თანახმად, ფრაქცია «მოქალაქეთა კავშირს» თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი საქართველოს იუსტიციის მინისტრად დაინიშნა.
        უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ ჯონი ხეცურიანისათვის თანამდებობიდან წასვლა განსაკუთრებით მტკივნეული არ უნდა ყოფლიყო. შესაძლოა, მან მართლაც, თავად დაწერა განცხადება, ვინაიდან შესანიშნავად ესმოდა, რომ ფორმალურად პირდაპირ პასუხისმგებელია იმისათვის, რაც ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოხდა.
        მიუხედავად ამისა, პრეზიდენტი იმდენად მასზე არ იქნებოდა ნაწყენი, რამდენადაც უშუალოდ უწყების უფროს ყვარელაშვილზე, რომელსაც მანამდე დიდ პატივს სცემდა და ღირსების ორდენითაც დააჯილდოვა.
        ჯონი ხეცურიანს უმუშევრად არ დატოვებენ, რადგან ედუარდ შევარდნაძის თქმით, «მას დიდი დამსახურება» აქვს. შესაძლოა საზღვარგარეთაც შესთავაზონ სამუშაო. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, არსებობს ვერსია, თითქოს პრეზიდენტმა იგი იუსტიციის მინისტრად იმ მიზნით დანიშნა, რათა 1-2 წლის შემდეგ მთავრობიდან «გაუშვას» და ამით პოლიტიკური პერსპექტივა მოუსპოს როგორც მას, ასევე «ახალგაზრდულ გუნდს».
        იუსტიციის მინისტრის თანამდებობა ამ თვალსაზრისით არ ჰგავს საგადასახადოს მინისტრობას, რომლის მიმართაც პრეზიდენტმა გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს გეგმის შეუსრულებლობისათვის.
        ერთადერთი შესაძლო ვარიანტია იმის განმეორება, რაც ციხის რესპუბლიკური საავადმყოფოს გარშემო დატრიალდა, მაგრამ ასეთი რამ ძალზე იშვიათად ხდება – საქართველოს ციხეებში თითქმის აღარ დარჩა პატიმარი, რომლის გაქცევაც დიდ რეზონანსს გამოიწვევს.
        თუ არ ჩავთვლით გიგა გელაშვილსა და თემურ ხაჩიშვილს, თუმცა, საეჭოვა, მათ ეს შეძლონ.
        ამრიგად, მიხრეილ სააკაშვილის დანიშვნა იუსტიციის მინისტრად, როგორც ჩანს, ტაქტიკური ნაბიჯია. თვით იუსტიციის სამინისტრო კი სულაც არ არის «საპენსიო თანამდებობა».
        თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს კონსტიტუციამ ჩვენს ქვეყანაში «ამერიკული» სახელისუფლო მოდელი დააფუძნა, აგრეთვე ვიგულისხმებთ მიხეილ სააკაშვილის პიროვნულ ამბიციას, მის მიდრეკილებას რადიკალური ნაბიჯებისაკენ, უეჭველია, რომ სააკავშილი შეეცდება იუსტიციის სამინისტრო ძალიან სერიოზულ ბერკეტად აქციოს.
        ამას ორი ძირითადი ფაქტორი განაპირობებს – ჯერ ერთი, იმავე «ამერიკულ მოდელში» იუსტიციის სამინისტრო, შეიძლება ითქვას, ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანოა მთელ სახელისუფლო სტრუქტურაში.
        მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტრო მთლიანად აკონტროლებს არათუ ისეთ სტრუქტურებს, როგორიცაა გამოძიებათა ფედერალური ბიურო ან სადაზვერვო სამმართველო, არამედ თვით სანაპირო დაცვის სამსახურიც კი ამერიკაში ამ უწყებას ექვემდებარება.
        მცდარია აზრი, თითქოს «სხვა ქვეყნებში» იუსტიციის სამინისტრო «მეორეა მნიშვნელობით ფინანსთა სამინისტრსო» შემდეგ. ეს ბრიტანული მოდელია. «ამერიკულ მოდელს» თუ ვაშენებთ საქართველოში, მაშინ იუსტიციის სამინისტრო იქცევა ცენტრალურად. მით უმაეტეს, იმ პირობებში, როდესაც არ არსებობს მინისტრთა კაბინეტი და პრემიერ-მინისტრის ინსტიტუტი.
        აქვე, მცირე «გადახვევის» სახით, აუცილებლად უნდა ითქვას, რომ საქართველოს საკონსტიტუციო წყობა (კერძოდ, ხელისუფლებათა გამიჯვნის არსებული სისტემა) აუცილებლად მოითხოვს საპარლამენტო მხარდაჭერას არა მხოლოდ პრეზიდენტის, არამედ ცალკეულ სამინისტროთა დონეზეც. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც ვნახეთ, პრობლემები ობიექტურად წარმოიშობა მაშინაც კი, როცა პრეზიდენტი და საპარლამენტო უმრავლესობა ერთ პარტიას წარმოადგენენ.
        მეორე განმსაზღვრელი ფაქტორად იქცევა მიხეილ სააკაშვილის პიროვნული თვისებები: მისი აგრესიულობა და «ინტერესთა კონფლიქტში» იოლად შესვლის სურვილი, რაც მას არაერთგზის გამოუმჟღავნებია.
        ამ მიზეზით, იუსტიციის სამინისტრო «ქაღალდების მოსამზადებელი» უწყებიდან შეიძლება იქცეს საკანონმდებლო «ვულკანად», რომელმაც შეიძლება სიფრთხილისა და ზომიერების» ყოველგვარი წინაღობა წალეკოს.
        ჯონი ხეცურიანი ან თედო ნინიძე შესანიშნავი იურისტები იყვნენ, თუმცა ასეთი ამბიცია არ ჰქონიათ, ამიტომ მათი ხელმძღვანელობით, იუსტიციის სამინისტრო დარჩა ერთგვარ «საექსპერტო» ბიუროდ, რომლის დანიშნულება იყო მხოლოდ და მხოლოდ კანონების ექსპერტიზა და მათი იურიდიულად «გაფორმება».
        დასასრულ, ეუდარდ შევარდნაძეს შეუძლებელია არ სცოდნოდა, რამდენად მწვავე რეაქციას გამოიწვევს მიხეილ სააკავშილის დანიშვნა «ახალგაზრდა რეფორმატორის» მოწინააღმდეგე წრეებში. მაგრამ მან ეს ნაბიჯი მაინც გადადგა, რაც, უეჭველად, მიუთითებს, რომ იგი არ გამორიცხავს პოლიტიკურ გართულებებს ქვეყანაში, მაგრამ ამის არ ეშინია.

მერიდიანი, 6 ოქტომბერი, 2000 წელი

მთელ გვერდზე