რუსული მოდელი საქართველოს ეკონომიკას გაანადგურებს

         ედუარდ შევარდნაძის საარჩევნო გამოსვლა ამბროლაურში (რაჭა-ლაჩხუმის მხარეში) ბევრ საინტერესო მიზანს შეიცავდა, რომელთა ანალიზი უეჭველად მეტყველებს ერთგვარ მერყეობაზე სოციალ-ეკონომიკური კურსის შემდგომ განხორციელებასთან დაკავშირებით.
         პრეზიდენტის თქმით, მას «არ შეუძლია ხალხი მოატყუოს, თორემ დღესვე დაბეჭდავდა 500 მილიონ ლარს და გაისტუმრებდა ყველა დავალიანებას».
         გარდა ამისა, ფორმალურად ხელისუფლებას აქვს საშუალება, თავისი შეხედულებისამებრ გამოიყენოს ის 130 თუ 140 მილიონი დოლარი, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან მიიღო «მონეტარისტული» პოლიტიკის განსახორციელებლად. ვიმეორებ: ფორმალურად სავალუტო ფონდი ამას საქართველოს ხელისუფლებას ვერ დაუშლის, თუმცა, რა თქმა უნდა, შეწყვეტს ყოველგვარ ურთიერთობას ჩვენს ქვეყანასთან და საქართველო სრულ ეკონომიკურ იზოლაციაში მოექცევა – ყოველ შემთხვევაში, რაიმე ფინანსური დახმარების იმედი აღარ გვექნება არა მხოლოდ სავალუტო ფონდისგან, არამედ მსოფლიო ბანკისა და ევროკავშირისგან.
         უეჭველია, რომ როგორც «მოქალაქეთა კავშირის» ელიტაში, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების წიაღში (31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ) ასეთი ვარიანტები მუშავდებოდა. განსაკუთრებით მაცდუნებელი იქნებოდა რუსეთის მაგალითი, რომელმაც «აგვისტოს კრიზისის» შემდეგ არა მხოლოდ დასავლელი კრედიტორები «გადააგდო», არამედ მოახდინა ეროვნული ვალუტის დევალვაცია 400 პროცენტით!!! ანუ გააცამტვერა და გაანადგურა მოსახლეობის ანაბრები და... არაფერი! რუსეთში ამას არავითარი რევოლუცია არ მოჰყოლია – პირიქით, დარიგდა ხელფასები, პენსიები, გასტუმრებულია ძალისმიერ სტრუქტურათა ყოველგვარი დავალიანება. ამას დაემატა ნავთობის ფასების ზრდა მსოფლიოს ბაზარზე, ერთი სიტყვით, რუსეთმა თითქოს «თავისუფლად ამოისუნთქა».
         დანამდვილებით ცნობილია, რომ გარკვეული წრეები ედუარდ შევარდნაძეს სთავაზობდნენ დაახლოებით ასეთივე მეთოდებს კრიზისის დასაძლევად: საპარლამენტო უმრავლესობა უზრუნველყოფდა გადაწყვეტილებას 100 მილიონიანი ემისიის შესახებ ან (კიდევ უარესი) დაიწყებოდა «ქართული პირამიდის» მშენებლობა ანუ მოკლევადიანი სახაზინო ვალდებულებების გამოშვება 100-200-300 პროცენტიანი საპროცენტო სარგებლით – სულ 3-4 თვის ვადით.
         შემდეგ, ახალი ვალდებულებების გამოშვება წინა ვალდებულებათა დასაფარავად, და ასე შემდეგ - ისევე, როგორც რუსეთში, 1994-1998 წლებში, იმავდროულად, ეროვნული ბანკის რეზერვებს «ჩამოეჭრებოდა» 50-60 მილიონი დოლარი. ეს თანხები სავსებით საკმარისი იქნებოდა, ყოველ შემთხვევაში, ხელფასებისა და პენსიების დავალიანებათა გასასტუმრებლად.
         ერთი სიტყვით, «სოციალური დაძაბულობა» (თუნდაც, დროებით, საარჩევნოდ) ქვეყანაში მოიხსნებოდა.
         მაგრამ ედუარდ შევარდნაძე ამ წინადადებებს არ დაეთანხმა (ისევე, როგორც «ჟვანიას გუნდი»), ვინაიდან ზუსტად გათვალა, რომ შესაძლო მოგება (ე.წ. «დაძაბულობის მოსხნა) არაფერი იქნებოდა იმ ზიანთან შედარებით, რასაც ასეთი ქმედება მოიტანდა სამომავლოდ: ჯერ ერთი «სოციალურად პროტესტულ» ელექტორატს ის 12 ლარი რომც დაურიგო, მაინც ოპოზიციას მისცემს ხმას – ამიტომ ასეთი კომპრომისით ხელისუფლება ბევრს ვერაფერს მოიგებს. ხოლო სამომავლო ზარალი ჭეშმარიტად აუნაზღაურებელი იქნებოდა – რაც მთავარია, იგი დაკარგავდა იმ «საშუალო ფენის» მხარდაჭერას, რომლის მეშვეობითაც გაიმარჯვა 31 ოქტომბრის არჩევნებში.
         ტყუილია, თითქოს საქართველოში «საშუალო ფენა» ვერ ჩამოყალიბდა – სინამდვილეში, ჩვენში 1992 წლის «შოკიდან» სოციალური ტრანსფორმაციის პროცესი გაცილებით სწრაფად განვითარდა ვიდრე რუსეთში და უკვე შეიძლება თამამად ვთქვათ, რომ საქართველოში «საშუალო ფენის» კონტურები ძირითადად მაინც გამოიკვეთა.
         ეს ფენა კი სისხლხორცეულად არის დაინტერესებული მონეტარისტული კურსის გაგრძელებით, ვალუტის სტაბილურობით, საბანკო სისტემის მდგრადობით და ა.შ.
         დღევანდელი ვითარების უნიკალურობა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ხელისუფლების ელექტორალური დასაყრდენი შეიძლება გახდეს არა «საბიუჯეტო კმაყოფაზე მყოფი აპარატი», რომელმაც 31 ოქტომბრის არჩევნებში, გარწმუნებთ, ძირითადად «აღორძინებას» მისცა ხმა, არამედ ის «საშუალო ფენა», რომელსაც ხელისუფლებასთან უშუალოდ თითქოს არც არაფერი აკავშირებს. ეს თითქოს პარადოქსია, მაგრამ მხოლოდ ერთი შეხედვით. სინამდვილეში კი არანაირი პარადოქსი არ არის.
         რაც შეეხება რუსეთს, სოციალური დაძაბულობის შერბილება ემისიით ის ნარკოტიკია, რაც ქვეყანას საბოლოოდ დაალპობს და გახრწნის. სულ მალე დაეცემა ფასები ნავთობზე (საუდის არაბეთმა, ვენესუელამ და ირანმა უკვე მოილაპარაკეს ამის თაობაზე და უმალვე აღმოჩნდება, რომ ემისიით რუსეთმა ადგილობრივი მწარმოებლის სტიმულირების სარგებელიც კი ვერ ნახა. სამაგიეროდ, სამუდამოდ დაკარგა ნდობა საერთაშორისო ასპარეზზე, ხოლო ეკონომიკამ შეიძინა ექსტენსიური განვითარების ინერცია, რაც (განსხვავებით ინტენსიური განვითარებისაგან) არის «გზა არსაით» - სიმბოლო ისტორიულ ჩიხში.
         მადლობა ღმერთს, საქართველოში ჩამოყალიბდა ისეთი ვითარება, როდესაც ხელისუფლების პრაგმატული, თუ გნებავთ ეგოისტური ინტერესები ობიექტურად (ხელისუფლების «კეთილშობილებისგან» დამოუკიდებლად - ამის იმედად მტერი იქნა) დაუკავშირდა მკაცრი, უკომპრომისო მონეტარისტული კურსის გაგრძელებას და თუ ხელისუფლებას კვლავაც ეყოფა გონიერება და ეშმაკობა, არ დაუჯეროს იმათ, ვინც ბრიყვულად უმტკიცებს, თითქოს ემისიის მეშვეობით, ხელფასებისა და პენსიების «დროულად გაცემით» მოიგებს პროტესტული ელექტორატის გულს და რომ თითქოს სწორედ ამაზეა დამყარებული მისი შემდგომი ბედი – ქვეყანას კვლავაც ექნება განვითარებისა და «ინტენსიური» ინერციის შენარჩუნების შანსი.
         ამ ინერციის შენარჩუნების შემთხვევაში კი, ე.წ. «მემარცხენეებს», და სხვა სოციალურ სპეკულანტებს ექნებათ საშუალება ყველა არჩევნებში მიიღონ ხმების 20-25 პროცენტი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში – უმრავლესობა, ვინაიდან «საშუალო ფენა», რომელიც სრულებითაც არ არის დამოკიდებული უშუალოდ სახელმწიფოზე, უშუალოდ ბიუჯეტზე, ხელფასებსა და პენსიებზე – საქართველოში უმრავლესობა ხდება.
         ამით განსხვავდება დღევანდელი საქართველო დღევანდელი რუსეთისაგან, რომლის მიბაძვა უბედურების გარდა არაფერს მოგვიტანს.

7 დღე, 13 მარტი, 2000 წელი

მთელ გვერდზე