რუსეთი – საქართველო: «ხომ არ გავცვალოთ ოპოზიციები?!»

        ქართული ოპოზიციის ლიდერები თუ მოსკოვში დარბიან, სამაგიეროდ რუსმა ოპოზიციონერებმა საქართველოში მოუხშირეს. საკმარისია გავიხსენოთ პერზიდენტის ყოველწლიური მოხსენება, რომელსაც ანდრეი ილარიონოვი, ვალერია ნოვოდვორსკაია, ვლადიმერ ბუკოვსკი, ოლეგ პანფილოვი და კონსტანტინე ბოროვოი უსმენდნენ.
        ჩვენებურ ოპოზიციონერებს სასაცილოდაც არ ეყოთ – «ეს რა ხალხია, ესენი ხომ არასერიოუზლი ფიგურები არიან, მათ ყურადღებას ვინ აქცევს, რუსეთში არანაირი გავლენით არ სარგებლობენო».
        იგულისხმება: აი, ჩვენ ვართ რაც ვართ, პუტინიც იმიტომ შეგვხვდა, რომ ჩვენს ქვეყანაში გაცილებით მეტი გავლენა გვაქვს, ვიდრე რუს ოპოზიციონერებს – რუსეთში.
        თუმცა ჯერ ერთი, მანამდე არაფერი ეტკინოთ, სანამ ვლადიმერ პუტინი ნინო ბურჯანაძეს ან ზურაბ ნოღაიდელს თავისი ყოველწლიური მიმართვის მოსასმენად არ მიიწვევს კრემლის დარბაზში.
        გარდა ამისა, თუ ვინმე გავლენიანი იყო ან რეალურ პრობლემებს უქმნიდა, რუსეთის დღევანდელმა მმართველმა ან მოკლა (ანა პოლიტკოვსკაია) ან დაიჭირა (მიხეილ ხოდორკოვსკი) ან ქვეყნიდან გააძევა ოლეგ პანფილოვივით თუ ანდრეი ილარიონოვივით. ჩვენი ოპოზიციონერები ჯერ ასეთი ტანჯულნი არ არიან, თუმცა კი ძალიან უნდათ ამგვარი მანტია მოისხან და თავი კოცონზე დამწვარ ჟანა დ,არკად ან ვატიკანის მოედანზე თავდაღმა ჯვარცმულ წმინდა პეტრედ წარმოადგინონ.
        მეორეს მხრივ, გააჩნია რას ვგულისხმობთ «გავლენად». ბუნებრივია, თანამედროვე რუსეთში ეს ოპოზიციონერები გაველნიანნი არ არიან და იმდენს არავინ გააბედინებს, რასაც ქართველი ოპოზიციონერები ბედავენ.
        ძნელი წარმოსადგენია, მაგალითად, მათ წითელ მოედანზე სამთვიანი მიტინგი გამართონ, ხალხი რომ შეამოაკლდებათ გალიები დადგან და მოსკოვის სპეცნაზი ამას მშვიდად უყურებდეს. რუსეთის ტელევიზიაშიც ასჯერ ნაკლებად ჩანან, ვიდრე «ჩვენები» - ქართულ ტელეარხებზე.
        ბუნებრივია, თუ ტელეეკრანზე საერთოდ არ გამოაჩინე ანდრეი ილარიონოვი, გავლენაც ვერ ექნება. კიდევ უფრო ნაკლები გავლენა აქვთ ციხეში მჯდომ მიხეილ ხოდორკოვსკის და მიწაში მყოფ პოლიტკოვსკაიას. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ანდრეი ილარიონოვი და ვლადიმერ ბუკოვსკი ხელწამოსაკრავი ფიგურები არიან. ასე რომ იყოს, ყველაზე გავლენიანი დასავლური გაზეთები მათ განცხადებებს არ გამოაქვეყნებდნენ და დასავლელი ლიდერებიც არ შეხვდებოდნენ.
        თავის ქვეყანაში რომ მარგინალებად ითვლებიან – მხოლოდ იმიტომ, რომ რუსული დემოკრატია და საზოგადოებაა მარგინალური. საქართველოს ხელისუფლება პოლიტიკურ ოპონენტებს არ ხოცავს და ოპოზიციის ლიდერთაგან ჯერ ჯერობით ვირის აბანოში თავი არავის ამოუყვია.
        თანაც, შევადაროთ პრობლემები, რომელსაც ქართული ოპოზიცია უქმნის ხელისუფელბას – მათი რუსი კოლეგების მოქმედებას. მართლაც, რა ისეთი პრობლემა შეეძლო პუტინისთვის შეექმნა ჟურნალიტს და ადამინის უფელბათა დამცველ ანია პოლიტკოვსკაიას? ბევრი არაფერი! მაგრამ პუტინის იმპერიული ტოტალიტარიზმი მცირესაც არ მოითმინეს.
        «ისინი თუ დადიან ჩვენთან, ჩვენ რატომ არ შეიძლება იქ ვიაროთო» - კი მაგრამ საქართველოს ხომ რუსეთის ტერიტორია არ დაუბომბავს, რუსეთის ტერიტორიები არ მიუტაცებია, ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკების დამოუკიდებლობა არ უცვნია? ქართული ტანკები ხომ არ დგნან მოსკოვიდან ოცდაათიოდე კილომეტრში?
        ახლა კი დავაკვირდეთ თვით ოპოზიციის შემადგენლობას: ანდრეი ილარიონოვი პუტინს კი არ გაუთავისუფლებია მრჩევლის თანამდებობიდან (მას შემდეგ რაც «ედინაია როსიას» სიაში ოჯახის მეგობრების ჩართვაზე უარი უთხრა), არამედ მართლა პრინციპული მოსაზრებებით გადადგა თანამდებობიდან. ანდრეი ბუკოვსკი და ვალერია ნოვოდვორსკაია ჯერ კიდევ საბჭოთა ეპოქის დისიდენტები არიან. კონსტანტინე ბოროვოი – ბიზნესმენი, რომელიც ელცინის დროს დემოკრატიულად აირჩიეს დეპუტატად.
        შევადაროთ ჩვენი «სულიერი ოპოზიციის ლიდერებს» - დღე და მოსწრება ხელისუფლებაში იყვნენ (თანაც უმაღლეს თანამდებობებზე) და აღარც მალავენ: სამ თვეზე მეტს ოპოზიციაში რა გაგვაძლებინებს – ხელისუფლებაში უნდა დავბრუნდეთო.
        ეგება ვთხოვოთ პუტინს ოპოზიციის გაცვლა? ქვეყნის დემოკრატიული განვითრებისთვის იქნებ უკეთესიც იყოს, - ანდრეი ილარიონოვის ან ვლადიმერ ბუკოვსკის დარი ოპოზიციონერები არსებობდნენ. საქართველოს ხელისუფლებას კი ნამდვილად ხელს აძლევს იმგვარი «ოპოზიციონერების» არსებობა, როგორიც ყავს.

მთელ გვერდზე