ანტიკორუფციული «შესანიშნავი შვიდეული» უნიათოდ იწყებს

            როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოს პრეზიდენტის «სენსაციურ» განცხადებას ტელევიზიის პირველი არხის პირდაპირ ეთერში (ედუარდ შევარდნაძემ ამ პრივილეგიით პირველად ისარგებლა 1994 წლიდან – თუ არ ჩავთვლით საახალწლო გამოსვლას), განსაკუთრებული გამოხმაურება არ მოჰყოლია.
            «ანტიკორუფციული პროექტის» შემმუშავებელი ჯგუფი ერთხელ შეიკრიბა, საკმაოდ უღიმღამო პრესკონფერენცია ჩაატარა და მას შემდეგ ამ «შესანიშნავ შვიდეულზე» არაფერი ისმის. პრეზიდენტის გეგმის შესაბამისად კი, მათ 21 სექტემბრამდე უნდა შეიმუშავონ ანტიკორუფციული პროგრამის ძირითადი პრინციპები, ხოლო თვით პროგრამა ნოემბრის ბოლომდე უნდა გამოქვეყნდეს.
            ძნელი მისახვედრი არ არის: არანაირი განსაკუთრებული შედეგი ამ ორომტრიალს არ მოჰყვება - იმაზე უფრო მეტად «ანტიკორუფციული ღონისძიება» რა უნდა ყოფილიყო, როდესაც სულხან მოლაშვილმა პირდაპირ დაასახელა 10 თანამდებობის პირი და მათ საჯაროდ «გარეწრები» უწოდა (ნიშანდობლივია, რომ არც ერთ მათგანს შეურაცხყოფისათვის სასამართლოში არ უჩივლია), პალატის ახალი თავმჯდომარე სწორედ ამით განსხვავდა «ძველი» თავმჯდომარე შავიშვილისაგან, რომელიც 8 წლის განმავლობაში არასდროს საჯაროდ, აშკარად, არ დაპირისპირებია არც ერთ, მეტ-ნაკლებად გავლენიან ოლიგარქსა და თანამდებობის პირს (კულტურის მინისტრის «მოადგილის მოადგილეები» არ ითვლება).
            მერედა, რა შედეგი მოჰყვა კონტროლის პალატის თავმჯდომარის გამოსვლას? აბსოლუტურად არაფერი! ასევე აბსოლუტურად ნულოვანია რეაგირება პრესის, დამოუკიდებული მედიის უამრავ სენსაციურ პუბლიკაციაზეც – ერთი სიყტვით, «წერე და იკითხე», ჰოდა, ვწეროთ და ვიკითხოთ.
            კორუფციაზე უაზრო, უსაგნო, გაუთავებლად უშედეგო ლაპარაკმა საქართველოს უკვე ისე გაუტეხა სახელი საერთაშორისო ასპარეზზე, რომ ჩვენი ქვეყანა პოსტსაბჭოურ სივრცეში კორუფციის «ჩემპიონად» ითვლება, არადა, ეს მთლად სამართლიანიც არ უნდა იყოს - არა გვგონია ამ თვალსაზრისით ნებისმიერი პოსტსაბჭოური რესპუბლიკა (ბალტიისპირეთის სახელმწიფოთა გარდა) საქართველოს დიდად «ჩამორჩებოდეს», მაგრამ ეს ვერაფერი შეღავათია ჩვენი «დამოუკიდებელი სახელმწიფოსათვის», რომელსაც «პროდასავლურობისა» და «ევროპული ორიენტაციის» პრეტენზია აქვს.
            მეორე მხრივ, ობიექტურობა მოითხოვს ითქვას, რომ ყოველივე მხოლოდ ხელისუფლების ბრალიც არ უნდა იყოს, - ქვეყანაში (საზოგადოებაში) უნდა არსებობდეს ისეთი ატმოსფერო, რომელიც კორუფციას «მორალურად მიუღებლად» აქცევს. ასეთი რამ კი საქართველოში არასდროს ყოფილა. თვით ყველაზე «თვალსაჩინო ინტელიგენტებიც» არასოდეს თაკილობდნენ ქურდებთან და ავაზაკებთან სუფრაზე ქეიფსა და დედმამიშვილების სადღეგრძელოების შესმას, ისევე, როგორც დღეს არ თვლიან მოპარული კონტრაბანდითა და ფალსიფიკაციით ნაშოვნი (აბა, კორუფცია სხვა არაფერია - ავტ.) ფულის გამორთმევას ან ფილმის გადასაღებად, ან წიგნის გამოსაცემად თუ გამოფენის მოსაწყობად.
            სამივე კეთილშობილური საქმეა, მაგრამ იცის იმ გარეწარმა (ვინც ამ კეთილშობილური საქმისათვის ფულს იძლევა), რომ შედეგად ათჯერ და ასჯერ მეტი საფასური შერჩება, ვინაიდან საკმარისია მოხდეს სასწაული და «საქმეზე წაასწრონ» - მის დასაცავად ის ხალხი აღდგება, ვის აზრსაც ხელისუფლება ყოველთვის გაითვალისწინებს.
            ამიტომაცაა სრული უაზრობა საქართველოში ნებისმიერი «ანტიკორუფციული პროგრამის» შემუშავება. რაოდენ კარგი პროგრამაც არ უნდა შემუშავდეს, იგი არ შესრულდება და ვერ შესრულდება, ვიდრე ქვეყანაში ატმოსფერო არ შეიცვლება და ვიდრე ნებისმიერი ქურდობა დანაშაულად არ ჩაითვლება.
            მანამ მოიპარავენ ბობოლა ვირთხები, მანამ შეჭამენ მილიონობით დოლარს, სანამ წვრილმანი კონტრაბანდა «დასაშვებად» ჩაითვლება. ასე არაფერი გამოვა – სხვათა შორის, «შესანიშნავი შვიდეულიც» იძულებული იქნება შეიმუშაოს ზომები არა მხოლოდ «მსხვილი» კორუფციის, არამედ «წვრილი» კონტრაბანდისა და «წვრილი» ფალსიფიკაციის წინააღმდეგ, რაც, ჯერ ერთი, არანაკლებ ზიანს აყენებს ბიუჯეტს, და, მეორეც: ელემენტარული ჭეშმარიტებაა, რომ «მსხვილი კორუფცია» - «წვრილით» საზრდოობს.
            ზოგადად, კორუფციის ფენომენს, თუ შეიძლება ასე ითქვას, «პირამიდის» ფორმა აქვს, ხოლო ფული მოძრაობს ქვემოდან: «პირამიდის» საძირკვლიდან (წვრილმანი კონტრაბანდიდან, წვრილმანი ფალსიფიკაციიდან) – პირამიდის მწვერვალამდე, ანუ მინისტრამდე.
            აქ უმალვე გამოჩნდება, რამდენად გულწრფელნი არიან «შესანიშნავი შვიდეულის» წევრები, ვინაიდან «ანტიკორუფციული პროგრამა», რომელიც გაითვალისწინებს ზომებს «მსხვილი კორუფციის» აღსაკვეთად (ვთქვათ, საზოგადო კონტროლს ტენდერებზე და ა.შ.) და არ გაითვალისწინებს უმკაცრეს ღონისძიებებს «წვრილი» (ხშირ შემთხვევაში ღარიბი და გაჭირვებული, ულუკმაპუროდ დარჩენილი) კონტრაბანდისტების, წვრილი ფალსიფიკაციების, ერგნეთის ბაზრობის წინააღმდეგ - ჩირადაც არ ეღირება, ანუ არ ეღირება იმდენიც კი, რამდენიც ის ქაღალდი, რომელზედაც ასეთი «ანტიკორუფციული პროგრამა» შეიქმნება, ვინაიდან სუფთა, «დაუხარჯავი» საწერი ქაღალდი მაინც უფრო ძვირად ფასობს.
            «კორუფციის» წინააღმდეგ ზოგადად, დაუკონკრეტებლად აბსტრაქტულად ყბედობა ადვილია. ძნელია, როცა კონკრეტულ ინტერესებს შეეხები. რაც, რა თქმა უნდა, გამოიწვევს მძვინვარე საპასუხო რეაქციას.

მერიდიანი, 24 ივლისი, 2000 წელი

მთელ გვერდზე