რატომ გაუწყრა პრეზიდენტი მირცხულავას

        მთავრობის უკანასკნელ სხდომაზე პრეზიდენტის უპრეცედენტოდ მკაცრმა განცხადებამ ენერგეტიკის მინისტრის მიმართ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. თანაც ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც შევარდნაძე დათო მირცხულავას «მკაცრად აფრთხილებს». სპორტულ ტერმინოლოგიას თუ მივმართავთ, სათბობ-ენერგეტიკის მინისტრმა (ეს თანამდებობა ჩვენს ქვეყანაში აშკარად დაუცველია) – უკვე ორჯერ მიიღო «ყვითელი ბარათი», რაც ასპარეზიდან (ამ შემთხვევაში, მთავრობიდან) გაძევებას უნდა ნიშნავდეს.
        თუმცა, ამჟამინდელი პრეზიდენტის სახელისუფლებო ტექნოლოგიიდან გამომდინარე, «წითელი ბარათი» - ორ «ყვითელს» ავტომატურად არ მოჰყვება და დავით მირცხულავას თანამდებობიდან პრეზიდენტი მხოლოდ მას შემდეგ გაათავისუფლებს, რაც «მეორე გაფრთხილების» ჭეშმარიტ შინაარსს არ გაითვალისწინებს და მოთხოვნებს არ შეასრულებს.
        მაგრამ რაში მდგომარეობს ეს მოთხოვნა? რატომ «გაუჯავრდა» პრეზიდენტი დავით მირცხულავას მაშინ, როდესაც კონკრეტულად განსახილველი საკითხი (ზესტაფონის «ფეროშენადნობთა» ქარხნის ელექტრომომარაგება) თითქოსდა «გაბრაზების» საფუძველს არ იძლეოდა?
        მართლაც, იმერეთის გუბერნატორმა თემურ შაშიაშვილმა სათბობ-ენერგეტიკის მინისტრი «შეაქო» იმის გამო, რომ მან იმერეთს «ენერგომაჯლაჯუნა» ფირმა «ალიონი» მოაშორა და ქარხანა შვებით «ამოასუნთქა». ამას კი ედუარდ შევარდნაძის თითქოსდა არაადეკვატური რეაქცია მოჰყვა. «მე თუ გისმენთ, თქვენც ვალდებული ხართ, მომისმინოთ და გაითვალისწინოთ ჩემი ნათქვამი». სხდომის შემდეგ თემურ შაშიაშვილიცა და დავით მირცხულავაც «მხრებს იჩეჩდნენ» _ აქაოდა გაუგებარია, პრეზიდენტი რას გვემართლებოდაო. იმერეთის გუბერნატორი ნამდვილად გულწრფელი იყო, ვინაიდან მისთვის შევარდნაძის გამოსვლა «კონტექსტიდან ამოვარდნილი» აღმოჩნდა – იგი არ დასწრებია მთავრობის სხდომას («ვიწრო შემადგენლობით»), როდესაც სათბობ-ენერგეტიკის მინისტრს სხვა მოთხოვნები და პრეტენზიებიც წაუყენეს.
        პრეზიდენტი სწორედ მათ ითვალისწინებდა და არა «ფეროშენადნობთან» დაკავშირებულ კონკრეტულ ეპიზოდს. თუმცა, არავის ეპარება ეჭვი, რომ «ფეროშენადნობის» პრობლემაც არ არის სტრატეგიული თვალსაზრისით გადაწყვეტილი – ამ ქარხანამ ვერა და ვერ მიაღწია მისთვის ადგილობრივი ჰიდროელექტროსადგურის გადაცემას, რაც სავსებით ლოგიკური იქნებოდა საწარმოს მნიშვნელობიდან გამომდინარე, მაგრამ არც ეს იყო შევარდნაძის «გაჯავრების» მთავარი მიზეზი.
        სარწმუნო წყაროთა ცნობით, მთავარი მიზეზი გახდა სამხრეთ საქართველოში, კერძოდ, ჯავახეთში შექმნილი მდგომარეობა. ადგილობრივ სომხურ მოსახლეობას ელექტროენერგია არ მიეწოდება – გარდა თბილისისა, სადაც ამერიკულმა კომპანიამ ასე თუ ისე, საქმეს თავი მოაბა». მაგრამ ვინაიდან ჯავახეთელი სომხები «უშუქობით» იტანჯებიან – ერევანში გული აუჩუყდათ და საქართველოს ხელისუფლებას დაჟინებით სთავაზობენ ამ რეგიონისთვის ელექტროენერგიის მიწოდებას, თანაც «ფასზე მოვილაპარაკოთო», ანუ სომხეთი – სომხებს ელექტროენერგიას მიაწვდის, ხოლო შემდეგ (რაკი სომხები საფასურს საქართველოს ბიუჯეტში არ გადაიხდიან) თანხა საქართველოს დაეწერება სახელმწიფო ვალად – სომხეთისადმი.
        უფრო ზუსტად, ვალი კიდევ უფრო გაიზრდება. მაშასადამე, ეს სტრატეგიული საკითხია – ისევ სჯობს, დაწესდეს გარკვეული გრაფიკი, რათა მოსახლეობას მაინც მიეწოდოს ელექტროენერგია, თორემ ერევანმა ხაზი უკვე საზღვრამდე მიყვანა.
        პრეზიდენტმა მირცხულავას ადრე სთხოვა ამ საკითხის გადაწყვეტა, მაგრამ პრობლემა კვლავ რჩება.

დილის გაზეთი, 11 აგვისტო, 2000 წელი

მთელ გვერდზე