რატომ არ ვჭამთ ბალახს?

        1988 წელს «მოძრაობის» გარიჟრაჟზე, როდესაც «აქციები» ის იყო იწყებოდა, «პატიაშვილის ტელევიზიით» ერთი საბჭოთა ეკონომისტი გამოიყვანეს, რომელიც არცთუ კეთილგანწყობით, მაგრამ საკმაო სიზუსტით დაგვემუქრა: დამოუკიდებელი საქართველოს ეკონომიკას რესურსი არ ეყოფა და ხალხი უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდებაო.
        ეს განცხადება იმდროინდელ «ლიდერებსა» და მათ მხარდამჭერებს, რასაკვირველია, სასაცილოდაც არ ეყოთ: რა სისულელეა, ისრაელმა ხომ გაძლო, გარდა ამისა, მარტო «ბორჯომი» გვაცხოვრებს და, საეროთდ, ოღონდ დამოუკიდებლები ვიყოთ და ბალახს შევჭამთო.
        რა თქმა უნდა, მაშინ ვერავის შეასმენდი, რომ ჯერ ერთი, ისრაელს ამერიკა ყოველწლიურად 3 მილიარდ დოლარს ჩუქნის (ასეც რომ არ ყოფილიყო, ქართველები რომ ვერც ერთი თვალსაზრისით ებრაელებს ვერ შევედრებით, დრომ დაამტკიცა). მეორეც, «ბორჯომის» შემოსავლებს ფალსიფიკაცია გაანადგურებდა, ვინაიდან ასეთ სავაჭრო მარკას საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე (რუსეთი) ხელიდან არ გაუშვებდა.
        რაც შეეხება ბალახს, იგი იჭმება, როგორც «სუფრის მოსართავი» - წიწმატი, ომბალო, ქინძი, პრასი . . . . . განსაკუთრებით კარგია ტარხუნა, მაგრამ ესეც ფული ღირს და ასეც რომ არ იყოს, მარტო ამით ვერ გაძღები, სხვა ბალახი კი, საერთოდ, არ იჭმება.
        მთელი ეს არგუმენტაცია განსაკუთრებით აქტუალური ხდება მას შემდეგ, რაც რუსეთმა განაცხადა, რომ გამოდის ბიშკეკის ხელშეკრულებიდან «უვიზო რეჟიმის» შესახებ.
        ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთი იტოვებს უფლებას შემოიღოს «სავიზო რეჟიმი» იმ ქვეყნებთან, რომელთანაც საჭიროდ ჩათვლის.
        ზოგიერთ ქვეყანასთან (სომხეთთან, ბელორუსთან) რუსეთი სავიზო რეჟიმს, საერთოდ არ შემოიღებს. სხვებთან «შერბილებული» რეჟიმი იქნება.
        ერთადერთი ქვეყანა, რომლის წინააღმდეგაც რუსეთი «სავიზო რეჟიმს» გამოიყენებს, როგორც ეკონომიკურ სანქციას, იქნება სწორედ საქართველო.
        მიზეზი, რასაკვირველია «ჩეჩენი სეპარატისტების მხარდაჭერა» არ არის. სინამდვილეში, რუსეთი იმან გააცოფა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანა. ეს თითქოს არ უნდა იწვევდეს რუსეთის აღშფოთებას: მას ხომ ყოფილი საბჭოთა კავშირის თითქმის არც ერთ ქვეყანაში (გარდა სომხეთისა და ტაჯიკეთისა) შეიარაღებული ძალები არ ჰყავს
        მაშ რატომ აღიზიანებს ასე საქართველოს მოთხოვნა ბაზების ლიკვიდაციის თაობაზე? თანაც, საქართველო ხომ აშკარა კომპრომისზე მიდის და თანახმაა ეს პროცესი ეტაპობრივად, რამდენიმე წლის განმავლობაში განვითარდეს?
        სულაც დააკანონებდა ამ ბაზებს, თუ რუსეთი ოდნავ მაინც შეცვლიდა პოლიტიკას აფხაზეთში. მაგრამ საქმე ისაა, რომ რუსულ საზოგადოებას ტკბილ მოგონებად ახსოვს, თუ როგორ დაამარცხა, ჩაწიხლა, დაამცირა «თავხედი საქართველო» 1993 წელს, ამიტომ, როდესაც ეს ქვეყანა კიდევ ბედავს «კრინტის დაძვრას» - უკვირს: როგორ, ესენი კიდევ ცოცხლები არიანო?
        ამიტომაც განიცდიან ასე საქართველოდან ჯარების გაყვანას მიუხედავად იმისა, რომ სხვა რესპუბლიკებიდან ჯარები დიდი ხნის წინ გაიყვანეს.
        ამრიგად, რუსეთთან «სავიზო რეჟიმი» გარდაუვალია. აბსოლუტურად გარდაუვალია ისიც, რომ რუსეთი არაფრით შეზღუდავს აფხაზეთისა და «სამხრეთ ოსეთის» მცხოვრებლებს. საქართველოს კი, საპასუხოდ, არანაირი არგუმენტი არ ექნება, ვინაიდან რუსეთის საქმეა, ვის მისცემს ვიზებს და ვის – არა.
        მე ვისაც მინდა, იმას შემოვუშვებ ჩემს ქვეყანაში. საერთაშორისო პრაქტიკა (ხაზს ვუსვამ: «პრაქტიკა» და არა რაიმე კონვენცია ან კანონი) ადასტურებს, რომ სავიზო რეჟიმი ორ ქვეყანას შორის ორმხრივი მოლაპარაკებებით ფუძნდება. მაგრამ ეს სულაც არ არის აუცილებელი: იმ შემთხვევაში, თუ მხარეები ვერ მოილაპარაკებენ, რუსეთს შეეძლება ისეთი რეჟიმი დააწესოს, როგორც თავად მოესურვება.
        მაგალითად, ვერაფრით დავავალდებულებთ რუსეთს, რომ მან ვიზები გასცეს თბილისის საელჩოში და არა (ვთქვათ) სოჭში ან ვლადიკავკაზში: ჩემი ქვეყანაა _ რა შენი საქმეა, მე სად გავცემ ვიზებს ჩემს ქვეყანაში შემოსასვლელად? საქართველო კი «ადეკვატურ ზომებს» ვეღარ მიიღებს, ვინაიდან თუ აფსუა და ოსს თავისუფლად შეუძლია გადალახოს საზღვარი და რუსეთში შევიდეს, ჩეჩნები ასე ადვილად საქართველოში ვეღარ გადმოვლენ. ეს შანსი ჩვენ ხელიდან გავუშვით, როდესაც ჩეჩნეთში მეორე ომი დაწყებული არ იყო, ხოლო ცხინვალი-ვლადიკავკაზის გზის არასანქცირებული ფუნქციონირების პარალელურად, ჩეჩნები იტუმკალე-შატილის გზის აღდგენასა და ამოქმედებას გვთავაზობენ.
        რაც შეეხება ეკონომიკურ სანქციებს, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ «სავიზო რეჟიმი» დაახლოებით ორჯერ შეამცირებს საქართველოდან ექსპორტს რუსეთში (ზარალი ყოველწლიურად 200-300 მილიონი დოლარია).
        გარდა ამისა, კიდევ 200-300 მილიონ დოლარს ქვეყანა იზარალებს რუსეთიდან - საქართველოს მოქალაქეთა გამოძევების შედეგად, ვინაიდან შეწყდება ვალუტის შემოდინება. ამას დავუმატოთ ისიც, რომ რუსეთი აუცილებლად გადაგვიკეტავს (როგორც დამატებითი ზომა) ბუნებრივი აირის მოწოდებას – ვალის გადაუხდელობის გამო (ამ ვალის ოდენობა 40 მილიონი დოლარია), ანუ წინასწარ უნდა შევურიგდეთ იმ აზრს, რომ საშინელი ზამთარი გველის, რასაც თავიდან ვერაფრით ავიცილებთ. ჯაბა იოსელიანის პერიფრაზით: ვინც გადავრჩებით, მომავალ გაზაფხულს არტოს ბაღში შევიკრიბოთ და სურათი გადავიღოთო.
        მაგრამ ვინ გაბედავს კრინტის დაძვრას? – ვერავინ! რადგან დამოუკიდებლობა საქართველოსთვის ძალით არავის მოუხვევია თავს, და, საერთოდ, მოსახლეობამ საკუთარ მისწრაფებათა შედეგებზე თავად უნდა აგოს პასუხი, მომავალ ზამთარს სიბნელეში ბევრი დრო გვექნება ამის გასააზრებლად.

მერიდიანი, 6 სექტემბერი, 2000 წელი

მთელ გვერდზე