პროვოკაციის თავიდან ასაცილებლად საქართველოს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს; ჯავახეთში ვითარება იძაბება

        საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებული ცნობის თანახმად, ჯავახეთში ხდება ის, რაც დიდი ხნის წინ უნდა მომხდარიყო. საკვირველი ის არის, აქამდე თუ არ მოხდა – როგორც ჩანს, მხარის ქართველი და სომეხი ხელმძღვანელები «მარიფათიანი ხალხი» აღმოჩნდა და დიდი ხნის განმავლობაში ახერხებდნენ სიტუაცია გაეკონტროლებინათ, მაგრამ «შუბი ხალთაში არ დაიმალება». ხალხის მძვინვარებას (ადგილობრივ სომხებს ვგულისხმობ) უკვე შეეწირა საქართველოს სასაზღვრო პოსტი და ისიც გასარკვევია, მესაზღვრეები როგორ გადაურჩნენ ინციდენტს, რომელიც მას შემდეგ განვითარდა, რაც სომხეთიდან საქართველოში (ჯავახეთში) მომავალ სომეხს ქართველმა მესაზღვრემ საბუთი მოსთხოვა, რასაც ჩხუბი და აყალმაყალი მოჰყვა. არადა, აბა თუ მესაზღვრემ საბუთი მაინც არ გაუსინჯა საზღვრის გადამკვეთს, მაშინ ან ეს მესაზღვრე რა საჭიროა, ან თვით საზღვარი?
        სომხებმა სასაზღვრო პუნქტზე არსებული «შლაგბაუმი» სატვირთო ავტომანქანით (თუ ტრაქტორით) მოგლიჯეს. ესეც ერთობ ნიშანდობლივი ქმედებაა: სომხეთსა და საქართველოს შორის საზღვარი, ფაქტობრივად, არ არსებობს. ათეულობით კილომეტრის მანძილზე გადი-გამოდი სადაც გინდა. ამ ვითარებაში, ქართული სასაზღვრო საკონტროლო-გამშვები პუნქტი და შლაგბაუმი კინოფილმ «დაკარგულ სამოთხეში» კალმახელიძეების კარ-მიდამოს მოღიავებულ ეზოსთან ჩამოკონწიალებულ ჭიშკარს ჰგავს. მაგრამ ამ სიმბოლური ჭიშკრის («შლაგბაუმის») დანგრევას და განადგურებას, იქვე სულთმობრძავი «სასაზღვრო პუნქტის» მოსპობას სომხებისთვის უდიდესი სიმბოლური (სწორედ სიმბოლური!!!) მნიშვნელობა ჰქონდა.
        ეს ფაქტი ნუ გაგვაკვირვებს: აქამდე პრობლემები ჯავახეთში მხოლოდ იმიტომ არ გვქონდა, რომ იქ საქართველოს იურისდიქცია ისედაც არ ვრცელდებოდა, ხოლო თბილისში ამის თაობაზე ბევრს არ ნაღვლობდნენ.
        მაგრამ მას შემდე, რაც დასრულდა სამოქალაქო ომი, რაც სახელმწიფო, ასე თუ ისე, მოძლიერდა, პრობლემა პრობლემას ემატება, ვინაიდან უკვე იგრძნო (ვინც ჯერ არს), რომ სახელმწიფო, შესაძლოა, მართლაც იწყებოდეს საზღვრიდან – ჰოდა, იფიქრეს, დღეს საბუთებს გვისინჯავენ, ხვალ, შესაძლოა, საზღვარზე ხე-ტყე აღარ გაგვატანინონ, ზეგ, ვაითუ, ჩვენი იმედი – რუსული (სინამდვილეში, სომხური) ბაზა მართლა გააუქმონო – ამიტომ პრობლემა, უეჭველად, დაემატება პრობლემას და პროვოკაციის თავიდან ასაცილებლად საქართველოს «იუველირული სიფრთხილე» მართებს.

მერიდიანი, 16 ივნისი, 2000 წელი

მთელ გვერდზე