დღეს პოლიციელის დღეა
        პირველი პოლიციელი თავის პროფესიულ დღესასწაულს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტში შეეგება

        «ნაშა მილიცია ნას ბერეჟეტ» – ამ კომუნისტური მაქსიმით თაობები აღიზარდნენ საბჭოთა კავშირში. არ გეგონოთ, მხოლოდ ფორმალური განსხვავებაა «მილიციასა» და «პოლიციას» შორის. ათწლეულობით გვაშინებდნენ «პოლიოციური სახელმწიფოებით», სადაც სამართალდამცავი ორგანოები კლასობრივი ძალადობის ინსტრუმენტები არიან.
        დღეს საქართველოს უწოდებენ «პოლიციურ სახელმწიფოს», არადა, ნეტავ, ვიყოთ! პოლიციური სახელმწიფო წესრიგს მაინც უზრუნველყოფდა – ადამიანის უფლებათა დარღვევის მიუხედავად.
        აი, ასეთი იდეოლოგიზებული ფანტომებით ცხოვრობს თანამედროვე საქართველო დამოუკიდებლობის გამოცხადებისა და «ეროვნული მილიციის» დაარსების მე-10 წლისთავზე. ზვიად გამსახურდიას მიერ «ეროვნულად» სახელდებული მილიცია, არსობრივად არც მას შემდეგ შეცვლილა, რაც «პოლიცია» ეწოდა. იგი კვლავ რჩება უსაშველოდ გაბერილ მონსტრად და პოლიტიკური ფუნქციის მატარებელ სახელმწიფოებრივ ინსტრუმენტად.
        დღეს პოლიციის დღე აღინიშნება, რომელსაც თვით პოლიციაც და საზოგადოებაც არაერთგვაროვანი განწყობით ხვდება. ვერა და ვერ მოხერხდა ამ ორ სუბიექტს შორის ნორმალური ურთიერთობების დამყარება.
        ფაქტობრივად, დამოკიდებულება არ შეცვლილა იმ ეპოქის შემდეგ, როდესაც მილიციელებს რასაც ეძახდნენ – მკითხველს კარგად ემახსოვრება. დღესაც იმავეს ეძახიან. არადა, იმ «ევროპაში» (ანუ დასავლეთში) როლისკენ «ორიენტაციასაც» ვიბრალებთ, მსგავსი განყობა მხოლოდ სოციალურ ნაძირლებს ახასიათებთ და არა მთელ საზოგადოებას (როგორც ჩვენში).
        ამ განწყობის გამოხატულებაა ბრიუს უილისის გმირის სახე «კერკეტი კაკლიდან». გარწმუნებთ, სწორედ ასე აღიქვამს პოლიციელს (სამართლის დამცველს) ნორმალური საზოგადოება. ჩვენ ისევე შორს ვართ «ნორმალური მდგომარეობისგან», როგორც პოლიციელის «ქართული» აღქმა დასავლურისგან.
        თავს ოდნავ თუ დავიმშვიდებთ იმით, რომ დაახლოებით ასევე აღიქმება სამართალდამცველი რუსეთში, უზბეკეთში, სომხეთში და პოსტსაბჭოური სივრცის თითქმის ყველა ქვეყანაში, მაგრამ საქართველო ყველაფერში უნიკალურია.
        ჩვენში ყველაფერი ჰიპერბოლიზებულია და ჰიპერტროფირებული.
        თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნის პროცესში (საპარლამენტო კომიტეტში გამოსვლისას) მინისტრმა კახა თარგამაძემ განაცხადა, რომ შეიმუშავა ქართული ფბი-ს ჩამოყლაიბების გეგმა – ამერიკის გამოძიებათა ფედერალურრ ბიუროს მსგავსად. «გამოძიებათა ბიუროში» უნდა გაერთიანებულიყო როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე უშიშროებისა და პროკურატურის საგამოძიებო სამსაურები.
        შემდგომ ეს წინადადება რაღაცნაირად მიჩუმათდა – როგორც ჩანს, იმის გამო, რომ არც ერთმა სახელისუფლებო ძალამ (მათ შორის, არც ოპოზიციამ) ამ «ნოველას» სერიოზული ყურადღება არ მიაქცია. თუმცა, ფაქტია – წინადადება თვით მინისტრისგან მოდიოდა და იგი მზად იყო, ქცეულიყო «ავტოინსპექტორების მინისტრად», როგორც შემდგომ ხუმრობდნენ. თუმცა, პოლიოცია რომ «მამა აბრამის ბატკნებისგან» არ შედგება, ამას ყოველი ჩვენგანი გრძნობს «წვრილმანებიდან» - «მსხვილმანებამდე». ქართული ფბი-ს იდეა არ განორციელდა, ვინაიდან, თვისებრივად ამით ვითარება არ შეიცვლებოდა, ხოლო დღევანდელ სიტუაციაში «ოპერატიული ფუნქცია» გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე თუნდაც საგამოძიებო, რაც იმთავითვე არანორმალურია.
        მით უმეტეს, იმ პირობებში, როდესაც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა სასიცოცხლო აუცილებლობა ხდება.
        პოსტკომუნისტურ ეპოქაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მინისტრის ფიგურა. თარგამაძემ ნამდვილად შეიძინა პოლიტიკური ფუნქცია არა მხოლოდ როგორც მინისტრმა, არამედ (რაც უფრო მნიშვნელოვანია), როგორც საჯარო მოღვაწემ, ანუ, უბრალოდ თუ ვიტყვით, პოლიტიკოსმა.
        ზოგიერთი განცხადება, ამ თვალსაზრისით, თარგამაძის სერიოზული შეცდომა გამოდგა, ვინაიდან, მმართველმა პარტიამ ყველა შესაძლებლობა გამოიყენა და მინისტრს აშკარად აჯობა. ყოველ შემთხვევაში, ცნობილი დისკუსიის შემდეგ «მოქალაქეთა კავშირის» მმართველი დაჯგუფება უფრო მომგებიანად გამოიყურება ამ კონფლიქტში, ხოლო თარგამაძის ერთადერთი ხსნა ისევ და ისევ რეფორმაა.
        წინააღმდეგ შემთხვევაში, მე-11 თუ არა, მე-12 წლისთავს მაინც იგი რიგით მოქალაქედ შეხვდება.

დილის გაზეთი, 10 ნოემბერი, 2000 წელი

მთელ გვერდზე