2001 წელს გონიოს პოლიგონზე ნატო-საქართველოს სამხედრო მანევრები ჩატარდება

        ოთხშაბათს რუსულმა საინფორმაციო სააგენტომ «იტარ-ტასმა» გაავრცელა ისტერიული შინაარსის ინფორმაცია: «საქართველო აჭარაში რუსეთის სამხედრო ბაზაზე ნატოსთან ერთობლივი სამხედრო მანევრების ჩატარებას გეგმავს, რამაც შეიძლება რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან კონფლიქტი გამოიწვიოს, ვინაიდან, ამავე დროს, რუსეთიც გეგმავს გონიოს პოლიგონზე სწავლებას».
        ერთი სიტყვით, ატომურ ომამდე 5 წუთიღა დარჩა - რასაკვირველია, გონიოს პოლიგონზე ამერიკელი «მწვანებერეტიანების» დესანტის გადმოსხმა იმ დროს, როცა იქ რუსი მოტომსროლელები გულმოდგინედ ვარჯიშობენ, უეჭველად გამოიწვევს სამხედრო შეჯახებას, რასაც ჯაჭვური რეაქცია მოჰყვება პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით.
        როგორც გაირკვა, საქართველოს ხელისუფლება მართლაც, აწარმოებს მოლაპარაკებას ბრიუსელთან, ნატოს პროგრამა «პარტნიორობა მშვიდობისათვის» ფარგლებში, ერთობლივი წვრთნის ჩატარების თაობაზე. სწავლება იგეგმება გონიოს პოლიგონზე (ბათუმთან) ლეგენდით: დესანტირება ჰაერიდან და ზღვიდან საგანგებო სიტუაციათა ზონაში – შედეგების ლიკვიდაციისათვის.
        გონიოს პოლიგონი 1992 წელს საქართველომ «დაიმტკიცა», მაგრამ რუს სამხედროებს ეს სულაც არ აინტერესებთ, - ისინი პოლიგონს თავიანთ საკუთრებად მიიჩნევენ. თუმცა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში თვლიან, რომ 2001 წლის ზაფხულისათვის, როდესაც სწავლება უნდა ჩატარდეს, თვისებრივად განსხვავებული ვითარება იქნება: ჯერ ერთი, სტამბულის დოკუმენტების შესაბამისად, ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შემცირების ხელშეკრულების ფარგლებში რუსეთმა და საქართველომ უნდა გაარკვიონ არა მხოლოდ ვაზიანსა და გუდაუთაში დისლოცირებულ რუსულ დივიზიათა ბედი, არამედ ბათუმისა და ახალქალაქის სამხედრო ბაზების ლიკვიდაციის ვადები.
        ლიკვიდაციის საკითხი გადაწყვეტილია, ვინაიდან ზემოხსენებული ხელშეკრულება მხოლოდ დროებითი განლაგების სტატუსს ითვალისწინებს.
        «დროებითი» შეიძლება იყოს ორი წელი ან წელიწად-ნახევარი – ამას არა აქვს მნიშვნელობა. მთავარია, რომ რუსული ბაზის სტატუსი შეიცვლება და უფრო მეტად დაექვემდებარება როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო კანონმდებლობას. გარდა ამისა, 2001 წლისათვის ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს რუსეთ-ნატოს ურთიერთობაშიც.
        ვლადიმერ პუტინის განცხადებამ რუსეთის ნატოში შესაძლო გაწევრიანების შესახებ დასავლეთში ნამდვილი სენსაცია გამოიწვია. საქართველოში კი ამ განცხადებამ არა მხოლოდ გააოცა, არამედ უმძიმეს ვითარებაში ჩაყარა ვალერი კვარაცხელიასა და ვახტანგ გოგუაძის ტიპის პოლიტიკოსები, რომლებიც პუტინს «რუსეთის მრისხანე გამოღვიძების წინასწარმეტყველ მესიად» მიიჩნევდნენ, მაგრამ მათ ვერ წარმოედგინათ, თუ რუსეთი მხოლოდ იმისათვის იღვიძებდა, რათა ნატოში «ედურთა» თავი. ეს ელცინმაც კი ვერ მოახერხა.
        პუტინის განცხადების შემდეგ, ყოველგვარი საუბარი იმის შესახებ, რომ «ნატოსთან თანამშრომლობით საქართველო რუსეთს აღიზიანებს» – იოლად მოსაგერიებელი გახდება, ვინაიდან უმალვე დაისმება ბუნებრივი კითხვა: კი მაგრამ, თუკი რუსეთი თავად ისწრაფვის ნატოსთან გაერთიანებისაკენ და ლამის დაგვასწროს ამ ორგანიზაციაში შესვლა, რატომ არ შეიძლება საქართველომაც იმოძრაოს იმავე მიმართულებით?
        რაღა გამოდის – რუსეთი თვითონ იღვწის ნატოში გაწევრიანებისკენ, სხვებს კი ყოფილ «მოკავშირე რესპუბლიკებს» იგივეს კატეგორიულად უკრძალავს?!
        სხვა საქმეა, რუსეთი რომ ნატოს უპირისპირდეობდეს: ამ შემთხვევაში ექნებოდა უფლება, მოეთხოვა სხვებისაგან ნატოს გამიჯვნოდნენ. პუტინის განცხადების შემდეგ კი რუსეთმა ამის უფლება დაკარგა.
        ვლადიმერ პუტინმა პირველი ძალიან სერიოზული შეცდომა დაუშვა. მას სხვა რამის თქმა უნდოდა, დაახლოებით: «ჩვენ თქვენთან ვითანამშრომლებთ, თუ აღიარებთ რუსეთის პრიორიტეტს პოსტსაბჭოურ სივრცეში». მაგრამ არ გამოუვიდა, გაიძვერა ევგენი პრიმაკოვს უფრო დიპლომატიურად გამოსდიოდა.

მერიდიანი, 10 მარტი, 2000 წელი

მთელ გვერდზე