პატარა შემოსავლები – დიდი თავის ტკივილი

        საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტრომ (ფაქტობრივად, პირადად მიხეილ მაჭავარიანმა) შეიმუშავა კანონპროექტი «საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ», რომელიც ითვალისწინებს ძალზე პრინციპულ ცვლილებებს.
        ამთავითვე უნდა ითქვას, აქ სწორედ ეს «პრინციპული ცვლილებების» ფაქტორი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის მოგება, რომელსაც ბიუჯეტი მიიღებს.
        «ცვლილებებით» გათვალისწინებულია, რომ ავტომობილების იმპორტი დამატებითი ღირებულების, აქციზისა და საბაჟო გადასახადის ნაცვლად დაიბეგროს ფიქსირებული გადასახადით - «კუბატურის» მიხედვით – ყოველ კუბურ სანტიმეტრზე დაახლოებით 1 ლარის ოდენობით.
        უფრო დიდი «კუბატურის» მანქანებისთვის – დაახლოებით 2 ლარის ოდენობით და ა.შ. საკითხის «პრინციპულობა» კი იმაში მდგომარეობს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი ამგვარი ცვლილების კატეგორიული წინააღმდეგია ისევ და ისევ «ინსტიტუციონალური» მიზეზებით.
        იმავე მიზეზით, სსფ წინააღმდეგია «ფიქსირებული გადასახადის» და «ზღვრული ფასებისა» ნებისმიერ სფეროში. მაგრამ გადასახადების სამინისტრო ცვლილებებს ასაბუთებს საბიუჯეტო რეალობით: მას შემდეგ, რაც სსფ-ის მოთხოვნით, შეიცვალა დაბეგვრის რეჟიმი, შემოსავალი ამ მიმართულებით (ავტომანქანების იმპორტით) 40 პროცენტით შემცირდა ანუ 4 მილიონი დოლარით.
        ეჭვი არავის ეპარება, რომ «კუბატურის მიხედვით დაბეგვრა» გამოიწვევს შემოსავლების ზრდას. როგორც ჩანს, სხვა გზა არ იყო, ვინაიდან საქართველოს საზღვრების დაუცველობის გამო საბაჟო სივრცის გაკონტროლება შეუძლებელი ხდება. მსგავსი გადაწყვეტილებები მზადდება ბენზინისა და სიგარეტის იმპორტთან დაკავშირებით. ბუნებრივია, ეს სავალუტო ფონდის უკმაყოფილებას გამოიწვევს, მაგრამ სხვა გზა უკვე მართლა აღარ ჩანს. სავალუტო ფონდის რეკომენდაციათა სრულად შესრულება ინსტიტუციონალურად უფრო სრულყოფილ სისტემას ჩამოაყალიბებს (პერსპექტივაში), მაგრამ საამისოდ, უბრალოდ აუცილებელია კონფლიქტის განახლება ცხინვალის რეგიონში (ერგნეთის ბაზრობასთან დაკავშირებით) და კონფლიქტის დაწყება ზოგიერთ სხვა რეგიონშიც, რაც, რა თქმა უნდა, დაუშვებელია და ამაზე ხელისუფლება არ წავა (არც უნდა წავიდეს).
        მომზადებული ცვლილებების თაობაზე ინფორმაციამ კარგა ხნის წინ გაჟონა – იმთავითვე ცხადი იყო, რომ მიხეილ მაჭავარიანი არ დასჯერდებოდა «სტატისტის» როლს და ყველაფერს გააკეთებდა წარმატებისთვის. მით უმეტეს იგი წარმოადგენს «ჟვანიას გუნდს». ერთადერთი «ნამდვილი წარმატება» კი, რა თქმა უნდა, საბიუჯეტო შემოსავლების ზრდა იქნებოდა.
        ყველაზე საინტერესო აქ ისევ და ისევ «ჟვანიას გუნდის» მიმართებაა, როგორც მთავრობასთან, ასევე «გარესამთავრობო ოპოზიციასთან» პარლამენტში. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ე.წ. «აღორძინება» და მისი ლიდერი წაუგებელ თამაშს თამაშობს. მას ყველა შემთხვევისთვის ჰყავს «დაქოქილი» შესაბამისი ფიგურა, რომელიც «ჟვანიას გუნდის» ნებისმიერ გადაწყვეტილებას დაუპირისპირდება.
        მაგალითად, «მაჭავარიანის ინიციატივებმა» «ამღორძინებელი ლიბერალის», ნოდარ ჯავახიშვილის გამძვინვარება გამოიწვია – მისი წინასწარმეტყველებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდი ამ ცვლილებათა და «მონეტარისტული პრინციპების» დარღვევის გამო უეჭველად შეწყვეტს ყოველგვარ ურთიერთობას საქართველოსთან. თითქოს არ იცის ბატონმა ჯავახიშვილმა, რომ თუ «ჟვანიას გუნდი» იძულებული გახდა ასეთი ნაბიჯი გადაედგა – ამაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის სწორედ მის ბლოკს, რომელმაც შექმნა ისეთი პოლიტიკური კონფიგურაცია, როცა საბაჟო ფაქტობრივად ვერ აკონტროლებს საქართველოს საზღვაო აკვატორიის მნიშვნელოვან ნაწილს და იმ ტერიტორიას, სადაც «საწყობდება» კონტრაბანდული სიგარეტი და კონტრაბანდული ავტომანქანები. ეს ყოველივე ვითომ არ იციან «ამღორძინებელმა მონეტარისტებმა», როდესაც ჟვანიას გუნდს «სავალუტო ფონდის რეკომენდაციათა» დარღვევაში ადანაშაულებენ. სხვა შემთხვევაში «ბლოკს» გამზადებული ჰყავს «ამღორძინებელი-სოციალისტები», რომლებიც უკვე «მეორე მხრიდან» ანუ «პატერნალისტურ-პროტექციონისტული» პოზიციებიდან გააკრიტიკებენ იმავე ჟვანიას გუნდს «სავალუტო ფონდის მონური მორჩილებისთვის» და ა.შ.
        ერთი სიტყვით, ნებისმიერ შემთხვევაში ჟვანია იქნება დამნაშავე – როგორც არ უნდა მოიქცეს, როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს.
        «ოპოზიციური ბლოკი» კი ყოველთვის «მართალი» იქნება. მას ხომ «საჭირო ოთახში» ყოველთვის შემონახული ჰყავს «მონეტარისტ-მემარჯვენეებიც» და «სოციალისტ-პროტექციონისტებიც». გააჩნია, როდის რა დასჭირდება.
        სხვათა შორის, ამ აბსურდული ბლოკის წევრებს ტყუილად ჰგონიათ, რომ მოსახლეობა (იგივე ელექტორატი) «რეგვენია» და ვერ ამჩნევს, რა არის აქ მთავარი.
        «მთავარი» კი, ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერ ვარიანტში, ნებისმიერი პოლიტიკის გატარების დროს, ყოველთვის «ცენტრალური ხელისუფლების» ოპოზიციაში ყოფნაა – ეს მეტად სარფიანი საქმეა. ამიტომ სხვადასხვა სიტუაციაში, სხვადასხვა მომენტში, სხვადასხვა «იდეოლოგიის» ხალხს აყეფებენ. მოსახლეობა ამას ხვდება და არ ტყუვდება – ამიტომაც წააგო მემარცხენე-მემარჯვენე ლიბერალ-სოციალისტ, კომუნისტ-ზვიადისტთა ბლოკმა 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში.
        უეჭველია, რომ 9 აპრილის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ თავდასხმები «ჟვანიას გუნდზე» სულ უფრო და უფრო გაძლიერდება. მაგრამ ჯერ ერთი, შევარდნაძე რომ ამ გუნდს არ გაწირავს – უეჭველია. გარდა ამისა ზოგიერთებს ტყუილად ჰგონიათ, რომ «იძირება» რეფორმათა ხომალდი და დროა გაიქცნენ (წყალში გადაცვივდნენ) ვირთხებივით.
        თუ ზურაბ ჟვანიას ეყოფა ძალა და პასუხისმგებლობა, თავის თავზე (გუნდთან ერთად) მიიღოს მთავარი დარტყმა, სტრატეგიული თვალსაზრისით, იგი უეჭველად მოიგებს. მთავრობაში «რეფორმატორული გუნდის» წევრთა პოზიციების გაძლიერება და მათ მიერ უკვე გარდაუვალ აუცილებლობად ქცეული გადაწყვეტილებების მიღება ირიბად შევარდნაძის პოზიციებსაც გააძლიერებს.
        მოსალოდნელია, რომ 9 აპრილის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მოხდება მთავრობის კონსოლიდირება, რითაც დასრულდება საუბარი «განხეთქილებაზე» მმართველ პარტიაში; მიიღწევა კონსენსუსი ისეთ საკითხებზეც, რაც ადრე უთანხმოებას იწვევდა, ხოლო შემდგომი «განხეთქილების» მსურველნი ვერ გააღწევენ მთავრობის დამტკიცების «საცერში».
        ნურავის დაავიწყდება, რომ პრეზიდენტი უეჭველად შესთავაზებს (კონსტიტუციით ვალდებულია) არჩევნების შემდეგ პარლამენტს მთავრობის «ძველ-ახალ» შემადგენლობას დასამტკიცებლად, რაც, არჩევნების შემდგომი პოლიტიკური ვითარების უმთავრეს ინტრიგად იქცევა.
        თანაც, სათუოა «საერთაშორისო სავალუტო ფონდის» განაწყენებამ მართლაც გამოიწვიოს სსფ-ის მიერ ურთიერთობათა გაწყვეტა საქართველოსთან.
        ეს საერთაშორისო ორგანიზაცია მოქმედებს პრინციპით «შენდებოდეს – შეეწიე, ინგრეოდეს – შეესიეო.»

7 დღე, 27 მარტი, 2000 წელი

მთელ გვერდზე