ორთავიანი მინისტრების აღსასრული

        ხვალ ან ზეგ სახელმწიფო კანცელარიის შენობაში პრეზიდენტის თავმჯდომარეობით გაიმართება «საგანგებო საფინანსო კომისიის» სხდომა, რომელიც ამჯერად «საგანგებო სამთავრობო კომისიის» ფუნქციას შეიძენს და რამდენიმე საკვანძო სამინისტროს ბედს გადაწყვეტს.
        ეს კომისია ორი წლის წინ შეიქმნა საბიუჯეტო კრიზისიდან გამოსვლის მიზნით. მას სახელმწიფო მინისტრი ხელმძღვანელობდა. თუმცა ფუნქციურად კომისია იმთავითვე გათვალისწინებული იყო, როგორც საგანგებო ღონისძიებათა განმახორციელებელი ორგანო. რა თქმა უნდა, პრეზიდენტს ნებისმიერ დროს შეეძლო მის მუშაობაში მონაწილეობა, თუმცა ედუარდ შევარდნაძემ ეს უფლება ბოლოსათვის შემოიტოვა.
        ნიშანდობლივია, რომ კომისია «ღიაა», როგორც სახელმწიფო კანცელარიის შესაბამისი სამსახურების, აგრეთვე პარლამენტარებისთვისაც. დღეს საქართველოს სახელისუფლებო ოლიმპზე ძალთა გადანაწილება-განლაგების გათვალისწინებით, ამას სერიოზული მნიშვნელობა აქვს ტექნოლოგიური თვალსაზრისით.
        პრეზიდენტის მრავალმნიშვნელოვანი განცხადება «ორთავიანი მინისტრების» შესახებ («ტყუილად გგონიათ, რომ ერთ თავს მოგკვეთენ და მეორე დაგრჩებათ»), უეჭველად, მეტყველებს, რომ პრეზიდენტი აღარ მოითმენს არა მხოლოდ «ორ სკამზე ჯდომას», არამედ «ორ წილში ყოფნასაც».
        ეს განცხადება ნამდვილად იმ მინისტრებს ეხებოდა, რომელთაც საკუთარ «სამეურნეო სფეროში» რამდენიმე საწარმოს გვარიანი «წილი გააჩნიათ» სრულიად ლეგალური აქციების სახით.
        არა აქვს მნიშვნელობა, ეს აქციები საკუთარ თავზეა გაფორმებული თუ ცოლზე ან სიდედრზე. ედუარდ შევარდნაძეს ამის თაობაზე, რასაკვირველია, სრული ინფორმაცია აქვს სპეცსამსახურებიდან, ამიტომაც შეუძლია მიუთითოს ყველა მინისტრს ამ «მასალაზე». ეს უკანასკნელები (მინისტრები) კრინტის დაძვრასაც ვერ გაბედავენ «გათავისუფლების» პასუხად. თუ მაინც გაბედავენ, არა ერთ, არამედ იმ მეორე თავსაც «მოკვეთენ», რომლითაც გემრიელად შეუძლიათ ჭამონ სიცოცხლის ბოლომდე ან შეირგონ ის, რაც უკვე ჭამეს.
        სხვა გამოსავალი მათ, უბრალოდ, არ ექნებათ, ამიტომ სერიოზული გართულებები მოსალოდნელი არ არის – ისტორიას ჩაბარდა «სიგუას ეპოქა», როდესაც პრემიერ-მინისტრს შეეძლო განეცხადებინა, რომ მიუხედავად პარლამენტის გადაწყვეტილებისა, არ აპირებდა თანამდებობიდან წასვლას და იქით უქნევდა თითს დეპუტატებს. ამას დღევანდელი მთავრობა ვეღარ შეძლებს.
        ოთხშაბათის მთავრობის სხდომაზე ზოგიერთი მინისტრის გამოსვლამ კი საბოლოოდ ნათელი მოფინა ამჟამინდელ მდგომარეობას. «ორთავიანი მინისტრები» შეურიგდნენ თავიანთ პერსპექტივას, მზად არიან «ერთი თავი დადონ» საქართველოში ფინანსური სტაბილიზაციის, საბიუჯეტო პრობლემათა გადაწყვეტის სამსხვერპლოზე, ოღონდ კი «მეორე თავი» შეინარჩუნონ.
        სხვათა შორის, ეს მინისტრები ბოლო დროს უკვე სწორედ იმ «მეორე თავით» ლაპარაკობენ: მათ მოულოდნელად აუჩუყათ გული ქართველი ბიზნესმენების უბედურებამ –დამატებითი ღირებულების გადასახადის სიდიდემ, სახელმწიფო შესყიდვების თანხის აუნაზღაურებლობამ და ასე შემდეგ.
        ამის მიხედვითაც ძალიან ზუსტად შეიძლება დადგინდეს, ვის «შეუდგა წყალი» და ვის ჰკვეთენ «სამინისტრო თავს», ოღონდ უტოვებენ «საბიზნესმენოს».
        ნიშანდობლივია, რომ 1995 წლიდან (ჯერ კიდევ ავთანდილ მარგიანიდან) დაწყებული, არც ერთი მინისტრი არ წასულა პოსტიდან უშუალოდ პენსიაზე. ყველა მათგანი ბიზნესში წავიდა, უფრო ზუსტად, «დაბრუნდა». მათთვის ბიზნესი იყო განმსაზღვრელი, ხოლო მინისტრობა – თანამდევი, შეთავსებადი: მინისტრობას, უბრალოდ, ითავსებდნენ ნიჭიერი ბიზნესმენები და არა პირიქით. მინისტრობა მათთვის «საზოგადოებრივი დატვირთვა» იყო, რომელსაც ნებაყოფლობით ასრულებდნენ ძირითადი საქმიანობის (ბიზნესის) პარალელურად, - «ძირითადი საქმიანობისაგან» თავისუფალ დროს.
        ეს მაინც სხვა მოვლენაა, ვიდრე რუსეთში არსებული სიტუაცია. იქ, მაგალითად, ყოფილი პრემიერ-მინისტრი კირიენკო, რომელიღაც უდიდეს «ჰოლდინგს» ჩაუდგა სათავეში, მაგრამ ამ «ჰოლდინგს» მისი სახელი სჭირდებოდა, როგორც სოლიდურობისა და სანდოობის სავიზიტო ბარათი.
        აბა ამოდენა ქვეყნის პრემიერ-მინისტრობა ხუმრობა საქმე ხომ არ არის? აქედან გამომდინარე, რუსეთი კონკრეტულად ამ თვალსაზრისით, საქართველოზე ბევრად განვითარებული ქვეყანაა – ყოველ შემთხვევაში, იქ «გამინისტრებულმა» ოლიგარქიამ ან «ჩამოოლიგარქიებულმა» მინისტრმა გარკვეული ზღვარი მაინც იცის საკუთარ და სახელმწიფო ინტერესებს შორის –ჩვენში არც ეს იციან.
        მიუხედავად პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის «მტკიცე» გადაწყვეტილებისა, მთავრობის რეორგანიზაცია და მინისტრების «გაშვება» შესაბამისი ტექნოლოგიის სრული დაცვით მოხდება. სამინისტროების რაოდენობის შემცირება არ არის განპირობებული მხოლოდ «უწყებათა გამსხვილების» აუცილებლობით – ეს, თავისთავად, მაგრამ «გამსხვილება» მაინც თანმდევი და პარალელური პროცესია.
        რაც მთავარია, მთავრობიდან უნდა წავიდნენ ის მინისტრები, რომლებმაც, ერთი მხრივ, ბიუჯეტი «ჩააფლავეს», მეორე მხრივ, კი ხელისუფლებას «იმიჯი» შეულახეს.
        ყველაზე მეტად საინტერესო აქ ორი მომენტია: შეინარჩუნებს თუ არა პოსტს სახელმწიფო მინისტრი ვაჟა ლორთქიფანიძე? კომისიის საგანგებო სხდომამდე რაიმეს გადაჭრით თქმა შეუძლებელია, თუმცა არსებობს სიმპტომები ორივე ვარაუდის სასარგებლოდ.
        ერთი რამ ცხადია: ვაჟა ლორთქიფანიძის თანამდებობიდან წასვლა არამც და არამც არ გამოიწვევს მისი პოლიტიკიდან წასვლას – შესაძლოა, მისი «ამორტიზატორი» გახდეს მოქალაქეთა კავშირის შტაბბინა, სადაც ბოლო დროს შესამჩნევი ცვლილებები მოხდა. ნიკო ლეკიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის პოსტი დაიკავა, ხოლო მიხეილ მაჭავარიანმა საგადასახადო შემოსავლების მინისტრისა.
        ვაჟა ლორთქიფანიძის მენტალიტეტიდან გამომდინარე, საეჭვოა, მან ოპოზიციაში გადაინაცვლოს. თუმცა მისი თანამდებობიდან «გაშვებაც» საბოლოოდ გადაწყვეტილი ჯერ არ არის. ბევრი იქნება დამოკიდებული «სახელისუფლებო ბალანსზე», რომლის კონტურები ახალ სახელისუფლებო კონფიგურაციასთან ერთად გამოიკვეთება.
        მეორე: მიიღებენ თუ არა პოსტებს ოპოზიციური (რა თქმა უნდა, იგულისხმება საპარლამენტო) პარტიები აღმასრულებელ ხელისუფლებაში? «აღორძინებასა» და «მოქკავშირს» შორის ბოლოდროინდელი «დატკბობის» გათვალისწინებით ეს გამორიცხული ნამდვილად არ არის, რაც მთლიანად ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის სტაბილიზაცია-კონსოლიდირების მძლავრი ფაქტორი გახდება.

მერიდიანი, 21 აპრილი, 2000 წელი

მთელ გვერდზე