ორმაგი მოქალაქეობა პანაცეა არ არის

        რუსეთის მხრიდან შოვინისტური ბლოკადისა და «სავიზო რეჟიმის» შემოღებასთან დაკავშირებით, საქართველოში კვლავ ალაპარაკდნენ «ორმაგი მოქალაქეობის» შესახებ.
        ეს თემა «არახალია». ჯერ კიდევ 1994-95 წლებში, კონსტიტუციაზე მუშაობისას, იმდროინდელ პარლამენტში ბევრი მოითხოვდა «ორმაგი მოქალაქეობის» დაკანონებას, თუმცა, ოპოზიცია მაშინაც წინააღმდეგი იყო და არცთუ უსაფუძვლოდ.
        ოღონდ სანამ არსზე ვიტყოდეთ ორიოდე სიტყვა, ისიც უნდა შევნიშნო, რომ ორმაგი მოქალაქეობა... უკვე არსებობს, ოღონდ არალეგალურად!
        სრული დარწმუნებით შეიძლება ითქვას: საქართველოში მცხოვრებ ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლებს, როგორც წესი, უკვე აქვთ სხვა ქვეყნების მოქალაქეობა, სომხებს – სომხეთის (მით უმეტეს, ჯავახეთში მცხოვრებ სომხებს) აზერბაიჯანელებს – აზერბაიჯანის, სხვებს – რუსეთის და ასე შემდეგ.
        რასაკვირველია, საქართველოს კანონმდებლობა კრძალავს ორმაგ მოქალაქეობას, მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ 100-დან 99 შემთხვევაში ისინი საქართველოს მოქალაქეებიც არიან, რათა არ დაკარგონ შესაბამისი პრივილეგიები, ოღონდ ამას არ გაამხელენ, ხოლო შესაბამისი ქვეყნები არასდროს მოგვაწვდიან ინფორმაციას თავიანთი მოქალაქეების შესახებ.
        მიაქციეთ ყურადღება – სომხეთი, აზერბაიჯანი და რუსეთი არამც და არამც არ გვთანხმდებიან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებაზე «ორმაგი მოქალაქეობის თავიდან აცილების შესახებ», თანაც, თვით სომხეთის კანონმდებლობაც არ ითვალისწინებს ორმაგ მოქალაქეობას -–ამ საკითხზე ერევანში ბობოქარი დისკუსიები მიმდინარეობს.
        საქართველოსთან კი შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება არ სურთ- რატომ? პასუხი თვალნათელია: იმიტომ, რომ საქართველოში ნახევარი მილიონი სომეხი ცხოვრობს. სომხეთში კი ქართველები თითქმის არ არიან. ასეთ პირობებში სომხები «გიჟვრაცუები» ხომ არ არიან, ასეთი ხელშეკრულება გაგვიფორმონ?
        ვერც ათიოდე ათასი ინგილო გადასწონის 250 ათას აზერბაიჯანელს. რუსეთზე ხომ ამ თვალსაზრისით ლაპარაკიც ზედმეტია. უფრო მეტიც: ძალიან ბევრ ქართველს, ვინც თბილისში ან საქართველოს სხვა ქალაქებში ცხოვრობს, საქართველოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გარდა, რუსეთის მოქალაქის პასპორტიც აქვს («საბჭოთა პასპორტზე» ხომ საეროთდ აღარაფერს ვამბობ).
        მაშასადამე, საქართველოში ორმაგი მოქალაქეობა რეალურად უკვე არსებობს. ისევე, როგორც რუსეთში მცხოვრებ ქართველთა 70-80 –მა პროცენტმა ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინათ, «ყოველი შემთხვევისთვის», მიიღო რუსეთის მოქალაქეობა.
        განსაკუთრებით ინტენსიური ხასიათი შეიძინა ამ პროცესმა 1999 წლის სექტემბრიდან, როდესაც ოფიციალური მოსკოვი პირველად ალაპარაკდა «სავიზო რეჟიმზე». რუსეთის მოქალაქეობის მიღება ყოფილი საბჭოთა კავშირის მოქალაქეებისთვის იმაზე გაცილებით იოლი იყო, ვიდრე (ვთქვათ) მოსკოვში «ჩაწერის» გაკეთება. ამას თუ ახერხებდნენ, მოქალაქეობას მით უფრო «გაახერხებდნენ», მაგრამ ამის აფიშირებას არ მოჰყვებოდნენ ისევ და ისევ საქართველოს კანონმდებლობის შიშით, რომელიც კრძალავს ორმაგ მოქალაქეობას.
        ადამიანის ფსიქიკიდან გამომდინარე, მას უეჭველად ექნებოდა შიში: ჩამომართმევენ საქართველოს მოქალაქეობას, წამართმევენ ქონებას საქართველოში (ვთქვათ, ბინას) და ასე შემდეგ. სხვა საქმეა, რამდენად გამართლებული იყო ასეთი შიში. ოღონდ ამგვარი განწყობა ნამდვილად არსებობდა.
        მაშასადამე, ხელისუფლების დამოკიდებულება რუსეთის მუქარისადმი («სავიზო რეჟიმის» თაობაზე») გამართლებული იყო იმ აზრით, რომ ეს რეჟიმი განსაკუთრებულ სირთულეს არ შექმნის. მათ შორის, არ შეუქმნის პრობლემებს რუსეთში მცხოვრებ ქართველებს, რომელთაგან მხოლოდ მცირე ნაწილი თუ გახდება იძულებული, დაბრუნდნენ საქართველოში.
        ასეთ პირობებში «ორმაგი მოქალაქეობის» დაკანონებას უბრალოდ, აზრი არა აქვს. დადებით შედეგს იგი ვეღარ მოიტანს (რაკი ისედაც არსებობს) ხოლო ნეგატიური შედეგი კი მრავლად ექნება: დღეს ჯავახეთელი სომხები, ან ქვემო ქართლელი აზერბაიჯანელები ღიად, აშკარად ვერ გაამხელენ თვით ორმაგ მოქალაქეობას, მაგრამ როგორც კი საქართველოს კანონმდებლობა ამ ინსტიტუტს (ორმაგ მოქალაქეობას) დააფუძნებს, კომპაქტურად დასახლებული ეროვნული უმცირესობები თვიანთ მეორე სამშობლოსთან უფრო აქტიური სამართლებრივი ურთიერთობების დამყარებას შეეცდებიან.
        ასეთ პირობებში, სამხრეთ-საქართველოს რეგიონებში სავსებით შესაძლებელი იქნება (დღის წესრიგში აქტიურად დადგება) არჩევნების მოწყობის საკითხი: ჯავახეთში - სომხეთის არჩევნებისა, ქვემო ქართლში – აზერბაიჯანისა და ასე შემდეგ, «ორმაგი მოქალაქეობით» რუსეთსაც ვანიჭებთ დამატებით არგუმენტებს, ანუ ჯობს არაფორმალური რეალობა, ვიდრე მისი გაფორმება და ჩვენი პრობლემების კიდევ უფრო დამძიმება.

დილის გაზეთი, 8 დეკემბერი, 2000 წელი

მთელ გვერდზე