2 წლის შემდეგ პარტიზანული მოძრაობა კვლავ ძალას იკრებს

        როგორც ჩანს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლება, რომლის უმთავრესი დანიშნულება უნდა იყოს თუნდაც გალის რაიონში აფსუა სეპარატისტთა თავისუფალი «პარპაშის» აღკვეთა, დიდი ხნის დაგვიანებით, მაგრამ მაინც მიხვდა, რომ ჩეჩნეთის მოვლენები საამისოდ უაღრესად ხელსაყრელ ფონს ქმნიდა – თუნდაც იმიტომ, რომ თვით რუსი ჟურნალისტებიც კი ვერ შეძლებენ, იმ დროს, როცა რუსეთი ჩეჩენი ხალხის გენოციდს ახორციელებს და «სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობის ურღვევობას» ანიჭებს უპირატესობას – დაგმოს საქართველოს აგრესია «მცირერიცხოვანი, მაგრამ ამაყი აფხაზი ხალხის წინააღმდეგ».
        მიაქციეთ ყურადღება: რუსულმა მასმედიამ თითქმის «ვერ შენიშნა» ბოლოდროინდელი მოვლენები აფხაზეთში. არადა, 1993-94 წლებში, ასეთ მოვლენებს საინფორმაციო ისტერიკა მოჰყვებოდა.
        დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ჩვენი ძველი «კოლეგა-მეგობრები», რუსლან ხაშიგი და კრისტიან ბჟანია ამჟამადაც გააგზავნიდნენ მოსკოვში შესაბამის სიუჟეტებს, მაგრამ რუსული ტელეკომპანიები მათ ნაკლებ ყურადღებას მიაქცევდნენ – ტელეეთერი ხომ თითქმის მთლიანად «ჩეჩნური ომითაა» სავსე.
        აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობას სხვა საქმე არც უნდა ჰქონდეს – გარდა სპეციალური დივერსიული ჯგუფის მომზადებისა. როგორც ჩანს, სწორედ ამ დივერსიულმა ჯგუფებმა მოუმზადეს არძინბას ხროვას «სიურპრიზი» ორი დღის წინ.
        სამურზაყანოში რამდენიმე კარგად მომზადებული და პროფესიულად განხორციელებული თავდასხმის შედეგად, ქართველმა პარტიზანებმა 4 აფსუა «ბოევიკის» ლიკვიდაცია მოახდინეს – მათ შორის საკმაოდ «ბობოლა» სეპარატისტებისა. კიდევ 3 სეპარატისტი რუხთან ჩაცხრილეს, სწორედ ეს დივერსიაა ყველაზე მეტად ნიშანდობლივი.
        მართალია თამაზ ნადარეიშვილი აცხადებს, რომ სეპარატისტები ენგურის მარცხენა ნაპირზე გადმოვიდნენ ტერაქტების განსახორციელებლად, მაგრამ უფრო მეტად სარწმუნო ჩანს მეორე ვერსია, რომლის თანახმად, აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლები შეშფოთებით ადევნებდნენ თვალს ზუგდიდისა და გალის მაფიოზურ დაჯგუფებათა «შეხმატკბილებას» თხილისა და მანდარინის ბიზნესის საფუძველზე.
        ენგურის ხიდი ამ თვალსაზრისით ნამდვილ «კონტრაბანდულ ოქროს ხიდად» იქცა. ნიშანდობლივია, რომ მოკლული სეპარატისტები «აფხაზეთის რესპუბლიკის» მებაჟეები იყვნენ. ისინი ენგურის მარცხენა მხარეს გადმოვიდნენ უეჭველად ქართველ კოლეგებთან შესათანხმებლად ან წილის გასაყოფად, მაგრამ «შეხმატკბილება» ნადარეიშვილის ხელისუფლების ხელდასმით მოქმედმა დივერსიულმა ჯგუფებმა დაურღვიეს და სწორედაც მოიქცნენ.
        ამის შემდეგ, ქართველ და აფხაზ «მანდარინის მეფეებს» ერთმანეთთან შეხმატკბილების სურვილი ალბათ აღარ გაუჩნდებათ – ისევე, როგორც სეპარატისტები ვეღარ გაბედავენ ზუგდიდში გადმოსვლას.
        ძნელი მისახვედრი არ არის აგრეთვე, რომ ქართულ დივერსიულ ჯგუფს ექვსივე სეპარატისტის ტყვედ აყვანა შეეძლო, მაგრამ «წინდახედულად» მოიქცა, ვინაიდან საქართველოს ხელისუფლება არძინბას რეჟიმს მათ მაინც გაუცვლიდა პრინციპით «ყველა - ყველაზე».
        26-27 იანვრის მოვლენები სამურზაყანოსა და ზუგდიდთან თამამად შეიძლება ჩაითვალოს ქართული დივერსიული ჯგუფების მიერ ძალის დემონსტრირებად. რაც სავსებით გამართლებულია «წყლის ნაყვის» მორიგი რაუნდის ანუ ე.წ. «საკოორდინაციო საბჭოს» სხდომის შემდეგ, რომელმაც არანაირი შედეგი არ გამოიღო და ვერც გამოიღებს.
        თუმცა, ვითარება 1998 წლის მაისის მოვლენათა შემდეგ მაინც მნიშვნელოვანწილად შეიცვალა – საქმე მხოლოდ ჩეჩნეთის ომი როდია. საქართველოს უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლები უკვე ღიად აცხადებენ, რომ მხარს არ დაუჭერენ პარტიზანულ მოძრაობას, ვინაიდან «მას უკვე მოჰყვა ტრაგიკული შედეგი».
        ხელისუფლებამ, რა თქმა უნდა, ასე უნდა ილაპარაკოს, რაც სრულებითაც არ უშლის ხელს პარტიზანებს, თავიანთი საქმე აკეთონ -–ოღონდ იმის გათვალისწინებითა და აღიარებით, რომ მთელი პასუხისმგებლობაც მათვე დაეკისრებათ: დღევანდელ პირობებში (უპირველესად საგარეო პოლიტიკურ ვითარებას ვგულისხმობ) საქართველოს ნამდვილად არ შეუძლია ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების დაწყება საჯარისო ნაწილებითა და ყველა ძალების მობილიზებით.
        საუკეთესო მეთოდი იქნებოდა სწორედ პარტიზანული მოძრაობის გაშლა სამურზაყანოში, რასაც (ისევ და ისევ ჩეჩნეთის ომის გამო) არძინბას რეჟიმი ვერ უპასუხებდა გალის შარშანწინდელის მსგავსი მოვლენებით.
        რაც შეეხება სამურზაყანოელ ქართველებს – ისინი ენგურის მარცხენა ნაპირზე გადმოსასვლელად ისედაც ყოველთვის მზად არიან. ამჟამად გალის რაიონში ომამდელი 100 ათასი მცხოვრებიდან მხოლოდ მესამედი თუ დაბრუნდა; მათი უმეტესობა ზუგდიდში ცხოვრობს და გალში მხოლოდ დროდადრო გადადიან – სასოფლო სამეურნეო სამუშაოთა შესასრულებლად.
        ვიმეორებ: ყველაფერი დამოკიდებული იქნება ქართველ პარტიზანთა პროფესიონალიზმზე და ბროძლისუნარიანობაზე – მათ სავსებით შეუძლიათ შექმნან ისეთი ვითარება (თუნდაც სამურზაყანოში), რომ «სეპარატისტების ფეხქვეშ მიწა იწვოდეს» გალის რაიონში.
        ეს ნამდვილად შესაძლებელია, ვინაიდან ჯერჯერობით (ჯერჯერობით!) არძინბას რეჟიმს იქ სერიოზული დასაყრდენი არა აქვს და იძულებულია აფხაზეთის სხვა რაიონებიდან გამოაგზავნოს რაზმები.
        რაც დრო გადის, მას (თუნდაც როტაციის მეთოდით) სულ უფრო უჭირს ამის გაკეთება. სეპარატისტთა რესურსები არც ერთი თვალსაზრისით ამოუწურავი არ არის. იმავდროულად, საქართველოს ხელისუფლებამ და მასმედიამ უნდა შექმნან ინფორმაციული სტერეოტიპი, რომელიც მიმდინარე მოვლენებს დაუკავშირებს უპირველეს ყოვლისა ენგურის ორივე მხარეს მოქმედ მაფიოზურ ჯგუფთა კომერციულ ინტერესებს – იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც საქმე გვექნება წმინდა წყლის პარტიზანული ბრძოლის გამოვლინებასთან.
        ამიტომ, როდესაც სეპარატისტთა წარმომადგენლები იმავე «საკოორდინაციო საბჭოს» სხდომაზე პროტესტს გამოთქვამენ «დივერსიული ჯგუფების შემოგზავნის გამო» - ქართულმა მხარემ უნდა უპასუხოს, რომ სინამდვილეში აქ საქმე გვაქვს კრიმინალურ «გარჩევებთან», ხოლო პარტიზანული მოძრაობა კარგა ხნის წინ შეწყდა . . . . სინამდვილეში კი, პარტიზანული მოძრაობა არათუ უნდა შეწყდეს, არამედ უნდა გაძლიერდეს და «აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების» მეშვეობით მას სახელმწიფომ ყოველნაირად დახმარება უნდა გაუწიოს.
        ამჟამად უკვე ყველა ნიშანი არსებობს იმისა, რომ პარტიზანები ორი წლის წინანდელი მარცხისგან გამოერკვნენ, იმდროინდელი შეცდომები გაითვალისწინეს და მზად არიან სეპარატისტებს თავი «მწარედ შეახსენონ».

7 დღე, 2 იანვარი, 2000 წელი

მთელ გვერდზე