რას ვერ მიხვდა ჯეფრი საქსი? ანუ ანგარიშსწორება კიმ ირ სენის ბიუსტებით
       

        უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება არაკომპეტენტური გნიასი ე.წ. «ნულოვან ვარიანტთან» დაკავშირებით. როგორც ცნობილია, საქართველოს პრეზიდენტმა საკანონმდებლო ორგანოს შესთავაზა უარი თქვას ყოფილ საბჭოთა კავშირის «აქტივებსა და პასივებზე», რის სამაგიეროდ, რუსეთი გადაგვივადებს 158 მილიონი დოლარის ვალის გადახდას, ხოლო საერთაშორისო სავალუტო ფონდი განაახლებს ურთიერთობებს საქართველოსთან, რაც კონკრეტულად მიმდინარე წელს 150 მილიონი დოლარის მიღებას ნიშნავს - ეს თანხა უკვე გათვალისწინებულიცაა ბიუჯეტში.
        იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა ვერ შეძლებს სავალუტო ფონდთან ურთიერთობის აღდგენას, წელსვე გადასახდელი გვექნება დამატებითი 300 მილიონი დოლარი, გარდა იმ თანხისა, რაც ისედაც გათვალისწინებულია ბიუჯეტის მიხედვით. ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ ასეთ შემთხვევაში საქართველოს გაკოტრება (ანუ სახელმწიფოებრივი დეფოლტი) გარდაუვალია.
        ყოფილი საბოჭთა კავშირის ყველა რესპუბლიკა (ბალტიის ქვეყნების ჩათვლით) თურმე «იდიოტი აღმოჩნდა», რაკი დათანხმდა ნულოვან ვარიანტს. უკრაინაც კი, როგორც საბოჭთა პერიოდიდან გაეროს წევრი, მხოლოდ საელჩოებისა და დიპლომატიური წარმომადგენლობების შენობათა ნაწილს მოითხოვს (ჯერჯერობით უშედეგოდ) და არა «ალმასის ფონდს». ამ დროს საქართველო (თითქოს ზესახელმწიფო ვიყოთ) 6 მილიარდ დოლარს ითხოვს რუსეთისაგან!!!
        რუსმა ჟურნალისტმა ანდრეი კარაულოვმა ამას წინათ სასაცილოდ აიგდო ერთი ცნობილი ქართველი ქალბატონი (ბურჯანაძე) - პოლიტიკოსი: მომეცით 6 მილიარდი დოლარი და შეგიყვარებთო.
        არა, მაინც რა ვართ ეს ქართველები - ყველა იდიოტია, ჩვენს გარდა: ყირგიზებიც, ლიტველებიც, მოლდოველებიც, ესტონელებიც, სომხებიც, ლატვიელებიც, აზერბაიჯანელებიც... მხოლოდ ჩვენ ვიცავთ საკუთარი ქვეყნის ინტერესებს, სხვაგან ყველგან რეგვნები და მოღალატეები არიან, რაკი «ნულოვან ვარიანტს» დაეთანხმნენ.
        სულ მთლად «გასაგიჟებელია» ის არგუმენტი, რომ, თურმე, ყოფილი საბჭოთა კავშირის აქტივებიდან ერაყის, კუბის ან ინდოეთის ვალები თუ მაინც მივიღეთ, ავშენდებით, ვინაიდან მათი 10 პროცენტად «გადაყიდვა» შეიძლება.
        არადა, იმ ხალხს, ვინც ასეთ აშკარა აბსურდს ამტკიცებს, რატომღაც, აზრად არ მოსდის ელემენტარული კითხვა: განვითარებადი ქვეყნების ვალების თუნდაც 10 პროცენტად გაყიდვა რომ შეიძლებოდეს, განა რუსეთი თვითონ არ გაყიდდა მათ 8 წლის განმავლობაში? ე.ი. ისევ ჩვენ, ქართველები, ვართ გენიოსები, ხოლო რუსები დებილები არიან - ვერ მოიფიქრეს საწყლებმა, «ფაქტორინგული ოპერაციის» განხორციელება და ამ გზით «პარიზის კლუბისადმი» 60 მილიარდიანი დავალიანების შემცირება!
        არადა, რუსეთი, რომელმაც წელს უარი თქვა «პარიზის კლუბის» ვალების გადახდაზე და ამით კიდევ ერთხელ მოიჭრა თავი პოტენციური ინვესტორების წინაშე (ვინ ენდობა ქვეყანას, რომელიც ვალებს არ იხდის?!), რატომაც არ გაცვლიდა კუბის, ინდოეთის, ანგოლის, ერაყის, სირიის, ლიბიის ვალებს მთლიანად - დასავლეთისადმი საბჭოთა კავშირის ვალის თუნდაც 10 პროცენტში? ეს რომ შესაძლებელი იყოს, რუსეთი რატომ თავად არ განახორციელებდა ასეთ «გაცვლას»? თანაც, ფულზე ხომ არ იქნებოდა საუბარი, არამედ მხოლოდ და მხოლოდ მისი ვალების 10 პროცენტის ჩამოწერაზე - განვითარებადი ქვეყნების ვალის 100 პროცენტის სანაცვლოდ!
        ე.ი. ქართველი ეკონომისტები მიხვდნენ რაღაცას თავიანთი პატარა ჭკუით და გაიდარი, ჩუბაისი, იავლინსკი, შატალინი, აბალკინი, ლეონტიევი ვერ მიხვდნენ, რომ შესაძლებელია ვალების 10 პროცენტად გაყიდვა «ფაქტორინგული ოპერაციით»?! უფრო მეტიც, ეს შესაძლებლობა ვერ დაინახა თვით ბორის ელცინის მთავარმა ეკონომიკურმა მრჩეველმა ჯეფრი საქსმა.
        მაშასადამე, ქართველი ეკონომისტები, რომლებსაც ხაშურის რაიონის მესაქონლეობაზე აქვთ დისერტაციები დაცული, მიხვდნენ, ხოლო ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი საქსი ვერ მიხვდა, ამდენი ვერ მოიფიქრა, - პრეზიდენტ ელცინისათვის ერჩია, ერაყისა და ვიეტნამის ვალი 10 პროცენტად გაეყიდა!
        ამაზე მეტი იდიოტიზმი გაგონილა?
        იმავე ხალხს ვერაფრის დიდებით შეაგნებინებ, რომ სრულიად არარეალურია ყოფილი საბჭოთა კავშირის უძრავი ქონებიდან (საზღვარგარეთ), მით უმეტეს, ალმასისა და ოქროს ფონდებიდან საქართველომ რაიმე მიიღოს. რუსეთთან ხანგრძლივი (მინიმუმ სამწლიანი) მოლაპარკების შედეგად, შეიძლება 1,68 პროცენტის ანგარიშში გადმოგვიგდონ იმავე ჩრდილოეთ კორეის ვალი. ჰოდა, გავაგზავნოთ დელეგაცია ფხენიანში ან გამოვაქვეყნოთ ინტერნეტში წინადადება საქართველოსადმი ჩრდილოეთ კორეის ვალის 3 პროცენტად გაყიდვის შესახებ - ვნახოთ ერთი, ვინ იყიდის.
        ისიც გასათვალისწინებელია, რომ საბჭოთა კავშირის სავალო ხელშეკრულებები «სოციალისტური ბანაკის» ქვეყნებთან ბარტერის შესაძლებლობას ითვალისწინებდა, ანუ დოლარით ანგარიშგებას არ გულისხმობდა.
        ამრიგად, ჩრდილოეთ კორეას (თუ მაინცდამაინც) შეუძლია ანგარიში გაგვისწოროს კიმ ირ სენის ბიუსტით, რომელსაც თითოეულს 100 დოლარად შეაფასებს.
        ჰოდა, მოვრთოთ დედაქალაქი ამ ბიუსტებით. ამასობაში კი, უკვე მიმდინარე წლიდან ყოფილი საბჭოთა კავშირის ვალის «ჩვენი კუთვნილი წილი» გადავუხადოთ ამერიკას, გერმანიას, საფრანგეთს, ინგლისს. თანაც, «მყარი ვალუტით» ან ოქროთი, ვინაიდან ჩვენი გენიალური ეკონომისტ-ექსპერტების ბიუსტებს ისინი, ალბათ, არ მიიღებენ.
        სინამდვილეში, თუ «საპნის ბუშტის» სანაცვლოდ რუსეთის ვალის თუნდაც ერთი წლით გადავადებას მივაღწიეთ და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ურთიერთობა აღვადგინეთ, ესეც სერიოზული წარმატება იქნება, თუმცა ქვეყანაში, სადაც ყველა გენიოსია, უკლებლივ ყველა დარგში (მაკროეკონომიკიდან - ფეხბურთის ჩათვლით), ამას აბა, ვის შეაგნებინებ?

მერიდიანი, 10 იანვარი 2001 წ.

მთელ გვერდზე