ეროვნული უშიშროების საბჭოს პოზიციები ძლიერდება
       

        რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთ გამოსვლაში, პრეზიდენტმა საგანგებოდ მიულოცა ეროვნული უშიშროების საბჭოს დაარსებიდან 5 წლისთავი და საოცარი განცხადებაც გააკეთა: გადაუჭარბებლად ვიტყვი, რომ ამ ორგანოს გარეშე ჩვენი ცხოვრება და არსებობაც კი ვეღარ წარმომიდგენიაო.
        ეს განცხადება, უეჭველად, მიუთითებს, რამდენად მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებდა და ასრულებს «უშიშროების საბჭო» სახელისუფლებო სისტემაში. ამ საბჭოს თავმჯდომარე ნუგზარ საჯაია საქართველოს ხელისუფლებაში ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებ ანგაჟირებული ფიგურაა - იგი ერიდება ინტერვიუებს, თითქმის არსად ჩანს, მაგრამ, სინამდვილეში, ძალიან დიდი გავლენა აქვს უმნიშვნელოვანეს სხალემწიფოებრივ სტრუქტურებსა და შესაბამის პროცესებზე, რომელსაც მტკიცედ აკონტროლებს.
        უპირველეს ყოვლისა, ნუგზარ საჯაიამ კარგი ურთიერთობა შეინარჩუნა უკლებლივ ყველა «ძალისმიერი სტრუქტურის» ხელმძღვანელთან, რამაც საშუალება მისცა, უშიშროების საბჭოს, გავლენა გაეზარდა, თანაც, იმ ვითარებაში, როდესაც კანონმდებლობითა და კონსტიტუციით, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს უფლებამოისლება ბევრად შეზღუდულია, ვიდრე, ვთქვათ, რუსეთის უშიშროების საბჭოსი.
        გარდა ამისა, ეროვნული უშიშროების საბჭო საკვანძო თანამდებობებზე მნიშვნელოვან ფიგურათა დაწინაურების არეალად იქცა, რაც ისევ და ისევ საჯაიასადმი პრეზიდენტის ნდობას ადასტურებს.
        რაც შეეხება იმას, რომ «უშიშროების საბჭო» ყოფილ მაღალჩინოსანთა თავშესაფარია, ეს შეფასება სწორი არ არის. მაგალითად, საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრი, ჯემალ გახოკიძე, რომელიც 1999 წლის მოვლენათა შედეგად თავად გადადგა თანამდებობიდან, «ყოფილი» და «ჩამოწერილი» ფიგურა არათუ არ არის, არამედ კვლავაც პრეზიდენტის ძალიან სერიოზული და ძლიერი რეზერვია, რომელიც დღესაც ასრულებს მნიშვნელოვან დავალებებს, ოღონდ განსაკუთრებული ხმაურისა და გნიასის გარეშე.
        «უშიშროების საბჭოს» წიაღში მომზადდა რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება - მათ შორის შეწყალებათა თაობაზე.
        ეროვნული უშიშროების საბჭოს ფუნქცია და გავლენა თანდათან იზრდება კიდეც, ამას ადასტურებს თუნდაც ის გარემოება, რომ რამდენჯერმე სწორედ უშიშროების საბჭოზე განიხილეს თითქოსდა წმინდა ეკონომიკური მნიშვნელობის საკითხები. მათ შორის, საბაჟო სივრცის დაცვის შესახებ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები გადასახადებთან და აქციზებთან დაკავშირებით და სხვ.
        არავინ იცის, რა როლს ასრულებს უშიროების საბჭო აფხაზეთის საკითხებში, თუმცა, საეჭვოა, საჯაია ამ პრობლემისადმი გულგრილი იყოს. ზოგიერთი ცნობის თანახმად, პრეზიდენტი ნუგზარ საჯაიას ყველაზე მეტად ენდობა და სწორედ მისგან იღებს «დამატებით ინფორმაციას» პროცესების შესახებ.
        თუმცა, საეჭვოა, საჯაია «რუხ კარდინალად» იქცეს - ედუარდ შევარდნაძეზე გავლენის მოხდენა (თუ მას თავად არ სურს), ფაქტობრივად, შეუძლებელია. ასე რომ, აქ უფრო პროფესიონალიზმისა და ხსენებული «არაანგაჟირებულობის» მომენტი მუშაობს.
        გარდა ამისა, ეროვნული უშიშროების საბჭო ხომ თვით ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელთა მაკოორდინირებელი ორგანოა - იმ აზრით, რომ რადგან კონსტიტუცია «ძალისმიერთა» გაერთიანებას კრძალავს, მათ სწორედ «უშიშროების საბჭოს» ეგიდით შეუძლიათ შეკრება და მოქმედებათა შეთანხმება, - პრეზიდენტის უშუალო ხელმძღვანელობით.

მერიდიანი, 7 თებერვალი, 2001 წელი

მთელ გვერდზე