უოლ-სტრიტი

           ნიუ-იორკი, ალბათ, ერთადერთი ქალაქია დედამიწის ზურგზე, რომელშიც შეიძლება სულ არ იგრძნობოდეს ისეთი მასშტაბის ღონისძიება, როგორიც არის «მილენიუმ სამიტი».
           ოთხი დღის განმავლობაში მსოფლიოს 160-მდე სახელმწიფოს მეთაური, პრეზიდენტი, მეფე, პრემიერი, გენერალური მდივანი თუ სამხედრო ხუნტის ხელმძღვანელი ბჭობდა მე-3 ათასწლეულში მსოფლიოს გადარჩენის გზებსა და საშუალებებზე.
           ასეთი მაშსტაბისა და მნიშვნელობის სამიტი მე-20 საუკუნეში არც ჩატარებულა. მასზე მკაფიოდ გამოიხატა, რომ მე-3 ათასწლეულში (უკვე 21-ე საუკუნეში) კაცობრიობა შეიძლება ვეღარც გადარჩეს: მას დაღუპავს სიღატაკე, კონფლიქტები და ეკოლოგიური პრობლემები.
           ამდენად, ათასწლეულის განთიადს სიხარულითა და იმედით ტყუილად ელოდა კაცობრიობა ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის 60-იანი, 70-იანი წლებიდან.
           მიუხედავად იმისა, რომ ატომური განადგურების საფრთხე მსოფლიომ თითქოს აიცილა თავიდან. თუმცა, დანამდვილებით ვერავინ იტყვის, რა მოხდება რუსეთში, ან ინდოეთში ან პაკისტანში, მაგრამ, «გამარჯვებული» კაცთა მოდგმა ნამდვილად ვერ არის და ბევრს ვერც დაიკვეხნის, ვინაიდან გლობალურ პრობლემათა სიმწვავე არათუ კლებულობს, არამედ იზრდება კიდეც.
           მრავალი მათგანი უკვე თვალსაჩინოა. ადამიანმა დედამიწაზე თითქმის შეჭამა თავისი რესურსი: პლანეტის ოზონის შრე წლიდან წლამდე მცირდება, რაც დედამიწის უკანასკნელი «დამცველი საფარის» მოშლას ნიშნავს. ეს იწვევს გლობალურ დათბობას, ოკეანის დონის აწევას რამდენიმე სანტიმეტრით და ასე შემდეგ.
           იქნებ გაჩნდეს კითხვა: მერედა რით ემუქრება ეს საქართველოს? ემუქრება თუნდაც იმით, რომ, მაგალითად, ქალაქი ფოთი სულ მალე აღარ იარსებებს, ხოლო თავთავიანი კულტურების (შესაძლოა, ბახჩეულისა და თვით ვენახისაც კი) მოყვანა საქართველოში უაზრობად იქცევა, რაც ქართულ სოფლის მეურნეობას განადგურების ტოლფას ზარალს უქადის.
           ნუ დავიმშვიდებთ თავს იმით, რომ რეალურად ეს საშიშროება შეიძლება, დაახლოებით, 2040-2050 წლისთვის დადგეს. სიმპტომები დღესაც იგრძნობა, ხოლო 50 წელი ისტორიისთვის არცთუ ძალიან დიდი ვადაა. ყოველ შემთხვევაში, თუ არ ვიცხოვრებთ ლუი XVI უზნეო მაქსიმით, «ჩვენს შემდეგ – თუნდაც წარღვნა».
           დავუმატოთ ამას დემოგრაფიული პრობლემა, ოღონდ არა იმ გაგებით, «2050 წელს ქართველები მეტნი ვიქნებით საქართველოში თუ, ეგრეთ წოდებული, არაქართველები» - ეს კიდევ არაფერია მსოფლიოს დემოგრაფიულ კატაკლიზმებთან შედარებით, რაც საქართველოზეც იქონიებს დამანგრეველ ზეგავლენას.
           თუ 2050 წლისთვის დედამიწის მოსახლეობა გაორმაგდა (უმთავრესად, ღარიბიქვეყნების დემოგრაფიული ბუმის ხარჯზე), შეუძლებელია ამან არ წარმოშვას უმწვავესი «სასურსათო კრიზისი». რაც ყველაზე მწარედ იმ ქვეყნებს დაარტყამს, რომლებიც ისედაც განიცდიან «რესურსულ შიმშილს», სავსებით ობიექტურად, სოციალ-ეკონომიკური წყობის, მით უმეტეს, ხელისუფლების მიუხედავად. ეს ისეთი ობიექტური რეალობაა, რომლის შეცვლა ძალიან ძნელია, ალბათ, შეუძლებელიც.
           კიდევ ერთი საშიშროება (პირველი ორი რომც არ არსებობდეს) არის, თუ შეიძლება ითქვას, «გეოსოციალური უსამართლობა». თანამედროვე მსოფლიოში არსებობს, «ოქროს მილიარდი», ანუ დედამიწის მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც ცხოვრობს ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევრაზიის ნაწილში. ეს არის, თუ პირობითად ვიტყვით, «პირველი კატეგორია», რომელსაც, შიდა სოციალური დიფერენციაციის მიუხედავად, მთლიანობაში «არა უშავს რა» - ყოველ შემთხვევაში, შიმშილით ან ეპიდემიით სიკვდილი ამ საზოგადოებაში დიდი იშვიათობაა.
           მეორე კატეგორიას კი განეკუთვნება დანარჩენი მსოფლიო: დაახლოებით, 5 მილიარდი ადამიანი, რომლის სოციალური მდგომარეობა მერყეობს არსებობა-არარსებობის ზღვარზე. თუმცა, კაცობრიობის «ღარიბი ფენის» ზოგიერთ ნაწილს, ზოგიერთ სეგმენტს (ქვეყანას ან ქვეყნის სოციალურ ფენას) შეიძლება ჰქონდეს ილუზია, თითქოს საშიშ ზღვარს სამუდამოდ გასცდა, მაგრამ ეს ილუზიაა და სხვა არაფერი.
           შეუძლებელია, ამ რეალობამ მსოფლიოში დაძაბულობა არ წარმოშვას. «გეოსოციალური უსამლობა» ისეთივე აგრესიას იწვევს, როგორც მეტისმეტი უთანაბრობა ნებისმიერი საზოგადოების შიგნით, მაგრამ თუ საზოგადოებაში სოციალური რევოლუცია ასრულებდა და სარულებს «ორთქლის გამოშვების» ფუნქციას, პლანეტარული «ქვაბიდან» ორთქლის გამოშვება მეტისმეტად ძვირად დაუჯდება კაცობრიობას.
           ამიტომაც გამწვავდა «მილენიუმ სამიტზე» ვალების პრობლემა და განვითარებულმა ქვეყნებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს კეთილი ნება –ისინი მზად არიან, მთლიანად «ჩამოაწერონ» ვალები განვითარებად მსოფლიოს. ოღონდ იმ პირობით, თუ ის ქვეყნები, რომლებსაც ვალებს აპატიებენ (ანუ დასავლეთი თავად იტვირთებს ვალების გადახდას ფინანსური ორგანიზაციებისა და ბიუჯეტებისადმი, ვინაიდან უფასო ამქვეყნად არაფერია. – ავტ.), ყოველგვარი «მანევრების» გარეშე განავითარებს (ან შეინარჩუნებს) დემოკრატიულ სისტემას.
           ეს ყველას როდი ეპიტნავება. მაგალითად, არაბული ქვეყნები, «ოპიკში» თავის მოკავშირეებთან ერთად, აქტიურად ცდილობენ პრობლემის გადატანას სულ სხვა სიბრტყეში – ისინი სარგებლობენ ჩრდილოეთის ზღვაში ნავთობის მარაგის ამოწურვით და ფანტასტიკურად ზრდიან ფასებს ნავთობზე. ამით სურთ, «მოახრჩონ» დასავლეთი, რომელსაც ჩრდილოეთის ზღვის გარდა, ნავთობის (მით უმეტეს, ბუნებრივი აირის) საკუთარი მარაგი არც გააჩნია. მაგრამ ამ მეთოდით «დანარჩენმა მსოფლიომ» დასავლეთს ვერაფერი დააკლო და ვერც დააკლებს – ნავთობზე ფასები დღეს რეკორდულად მაღალია, ამერიკის შეერთებული შტატები კი მისი უდიდესი მომხმარებელია.
           მიუხედავად ამისა, ამერიკის შეერთებული შტატების გრანდიოზული ეკონომიკა განაგრძობს ზრდას და ბენზინის გაძვირება მასზე კეთილისმყოფლადაც კი მოქმედებს, ვინაიდან, როგორც ამერიკელი ექსპერტები ამბობენ, ბენზინის გაძვირება არ აძლევს ამერიკის ეკონომიკას «გადახურვების» საშუალებას.
           აქ უეჭველად იგულისხმება «ჭარბწარმოების» კრიზისი, რაც ბრეჟნევის შორეულ ეპოქაში დასავლური ცივილიზაციისთვის ყველაზე მეტად იყო დამახასიათებელი.
           და მაინც, რატომ არ გამოიწვია ბენზინის უპრეცედენტო გაძვირებამ დასავლურ სამყაროში ისეთივე კრიზისი, როგორიც იმავე ბრეჟნევის ეპოქაში, ანუ 70-იან წლებში? პასუხი თვალნათელია: დასავლურმა ცივილიზაციამ შექმნა არა მხოლოდ თვითკმარი, არამედ თვითრეგულირებადი სისტემა, რომელიც თავად უზრუნველყოფს საკუთარ მდგრადობას – ეს ნებისმიერი სისტემის განვითარების უმაღლესი სტადიაა, როდესაც, რესურსული კრიზისის პირობებში, სისტემა უეჭველად მოიძიებს და შექმნის ახალ რესურსებს.
           მაგალითად, 70-იან წლებში უმწვავესმა ენერგეტიკულმა კრიზისმა (არაბულმა ქვეყნებმა მაშინაც პოლიტიკური მოსაზრებით, გამარჯვებული ისრაელისადმი დასავლეთის მხარდაჭერის საპროტესტოდ, შეამცირა ნავთობის მოპოვება) გამოიწვია ალტერნატიული ენერგიის წყაროთა სწრაფი განვითარება. მათ შორის, ფანტასტიკური ტემპებით განვითარდა «მშვიდიობიანი ატომი» (ყოველგვარი «ჩერნობილების» გარეშე), ხოლო ახალმა ტექნოლოგიებმა «ბენზინის ბლოკადა» უაზრობად აქცია. მაგალითად, დღეს ამერიკის (ანუ დასავლეთის) საფონდო ბირჟაზე ნავთობკომპანიები მხოლოდ მეორე-მესამე ათეულში ფიგრურირებენ.
           პირველ ადგილზეა «მაიკროსოფტი», რაც ნამვილად არ არის გასაკვირი: ინფორმაცია და მასთან დაკავშირებული ტექნოლოგია თანამედროვე მსოფლიოში ბენზინზე გაცილებით ძვირად ფასობს. ამიტომ ბენზინის გაძვირება დასავლეთის ეკონომიკას უკვე ვეღარაფერს დააკლებს, ხოლო თუ ეს «ხელოვნური გაძვირება» გარკვეულ ზღვარს გადასცდება და «სანავთობო ომის» სახეს შეიძენს, დასავლეთსაც აქვს ძლიერი ეკონომიკური ბერკეტები საპასუხო ზემოქმედებისთვის.
           ასე რომ, ამგვარი მეთოდები სრულიად ფუჭია. ამჟამინდელი ვითარების მიუკერძოებელი, უემოციო ანალიზი ცხადყოფს, რომ ერთადერთი საშუალება, რათა «მეორე მსოფლიომ» დასძლიოს ჩამორჩენა და გადაწყვიტოს თავისი პრობლემები, უეჭველად დასავლური «მოდელის», დასავლური ყაიდის «სისტემის» განვითარების უალტერნატივობის აღიარებაა.
           ეს რომ სავსებით შესაძლებელია, დაამტკიცეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის «პატარა ვეფხვებმა»: სინგაპური, მალაიზია, ტაივანი, სამხრეთ კორეა, ჰონგ-კონგი, დიდწილად, ფილიპინები და ინდონეზია, ბოლოს და ბოლოს, თვით იაპონიაც (იგი ხომ, ისევე როგორც გერმანია, მიწასთან გაასწორეს მეორე მსოფლიო ომის დროს) 30-40 წლის წინ უფრო «მეორე მსოფლიოს» განეკუთვნებოდნენ, ვიდრე პირველს.
           მაგრამ დღეს სხვისი სახვეწარი არაფერი სჭირთ – პრობლემების მიუხედავად, მათი განვითარება და პერსპექტივა ეჭვს არ იწვევს. თანაც, «ვესტერნიზაციის» პროცესში მათ საკუთარი ნაციონალური ნტერესები არ დაუკნინებიათ. პირიქით, ეს პროცესი სწორედ ნაციონალურ ინტერესთა განხორციელების საშუალება იყო. საქმეც სწორედ ის არის, რომ სხვებს ამის გაკეთება, ჯერჯერობით, არ სურთ და არც შეუძლიათ, ვინაიდან ამ აზრით «ვესტერნიზაცია» მეტისმეტად მტკივნეულ სოციალურ ტრანსფორმაციას მოითხოვს.
           მაგრამ სულ ერთია, სხვა გზა არ იქნება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კაცობრიობას უეჭველიო დაღუპვა ელის: მხოლოდ ის სისტემა, რომელსაც პირობითად ვუწოდებთ «დასავლურ ცივილიზაციას», შეიცავს ყველა ზემოთ ჩამოთლვილი პრობლემის გადაწყვეტისა და ყველა სამკვდრო-სასიცოცხლო საფრთხის თავიდან აცილების შანსს.
           შანსს და არა გარანტიას. უტრირებულად თუ ვიტყვით, ხვალ რომ დედამიწას კომეტის დაჯახება დაემუქროს, მხოლოდ ეს ცივილიზაცია შეძლებს მას ჯერ კიდევ მთვარის ორბიტაზე დაუშინოს ატომური მუხტები.
           არ დაიჯეროთ ბოროტი ტყუილი, თითქოს სწორედ «პოსტინდუსტრიული ცივილიზაცია» ანადგურებს ოზონის შრეს პლანეტაზე. სინამდვილეში მას ანადგურებს განვითარებადი (ანუ განუვითარებელი) მსოფლიო, რომელსაც შესაბამისი ტექნოლოგია არ გააჩნია და არც სურს განავითაროს, თორემ «წყეულმა ოქროს მილიარდმა» ჯერ კიედვ ათი წლის წინ მიიღო კონვენცია ფრეონის მოხმარების შეზღუდვის თაობაზე, რაც ოზონის შრის უპირველესი მტერია. «ეკოლოგიური უსაფრთხოების» ცნებაც დასავლეთში გაჩნდა.
           მხოლოდ დასავლური ცივლიზაციის პირობებშია შესაძლებელი ისეთი საზოგადოების შექმნა, რომელსაც დემოგრაფიული პრობლემების რეგულირება შეეძლება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
           ნებისმიერ შემთხვევაში, უკეთესი სისტემა კაცობრიობას არ შეუქმნია და პრობლემა თვით სისტემის მანკიერებაში კი არ არის (იქ, სადაც იგი არ მუშაობს), არამედ მის განუვითარებლობაშია.
           სწორედ აქ უკავშირდება «მილენიუმ სამიტს» ის დისკუსიები, რომლებიც გრძელდება საქართველოში «ორიენტაციის» თაობაზე და საქართველოს მონაწილეობა თვით «ათასწლეულის შეკრებაში».
           ეს სამიტი ედუარდ შევარდნაძემ იმის დასადასტურებლად გამოიყენა, რომ ქვეყანა, რომელსაც იგი წარმოადგენს, ავითარებს იმ სისტემას, რომელმაც სრულყოფას მიაღწია დასავლეთის სახელმწიფოებში (ამჟამად უკვე გეოგრაფიული გაგებით) და სწორედ ამიტომ იმსახურებს ვალების ჩამოწერასაც და ყოველგვარ მხარდაჭერას.
           სხვაგვარად გაუგებარია, დასავლეთმა ვის რატომ უნდა აპატიოს ვალი? თანაც 20-30 წლის წინანდელი ინფლაციის შედეგად ათგზის შემცირებული. ვისაც არ უნდოდა, უბრალოდ, არ აიღებდა ამ ვალებს.
           «ათასწლეულის სამიტმა» კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ «თავისუფალი არჩევნის» უზენაესობა კვლავ განმსაზღვრელია. დასავლური ცივილიზაცია ასეთი არჩევნის საშუალებას გაძლევს, ანუ, მიუხედავად მისი გარეგნული «სიცივისა», იგი ყველაზე მეტად არის მიახლოებული ადამიანურ იდეალთან, რომელიც თავის მხრივ, ბუნებრივად, თვით ადამიანური არსით, მიისწრაფვის არა «ჯოგურობის», არამედ თავისუფლებისაკენ.
          
          

საქართველო, ათასწლეულთა გასაყარზე, კვლავ უდიდესი არჩევნის წინაშე დგას. ჩვენი ქვეყანა იმ ღრმა «ცივილიზაციური მენტალიტეტით», რომელიც უფრო ძველია, ვიდრე სოციალურ-ეკონომიკური წყობა, უფრო «ბიზანტინისტური ცივილიზაციის» ნაწილია, ვიდრე დასავლური ცივილიზაციისა, რაც ამ კონტექსტში ერთი და იგივე სულაც არ არის.
           იმავე კონტექსტში, «დასავლურ ცივილიზაციას», საერთო ფესვების გარდა, თვისებრივად მაინც ცოტა რამ თუ აქვს საერთო დასავლურ (ევროპულ-დემოკრატიულ) ცივილიზაციასთან.
           დაახლოებით უკანასკნელი 1000 წლის განმავლობაში ეს ცივილიზაციები სხვადასხვაგვარად ვითარდებოდნენ და, ალბათ, მოვიდა დრო, მივხვდეთ, რომ «ბიზანტინისტური ცივილიზაცია», რომელმაც შეისისხლხორცა დიდი რომის უფრო იმპერიული ეპოქის (ვიდრე ანტიკური დემოკრატიის) ტრადიცია, იმთავითვე მკვდრადშობილი ცივილიზაცია იყო, თუმცა მისი ხრწნა და კვდომა შეიძლებოდა საუკუნეობით, თვით ათასწლეულობითაც გაგრძელებულიყო.
           მაგალითად, ბიზანტია, ბიზანტინისტური სამყარო, რომელსაც საქართველო განეკუთვნებოდა, ყველა თვალსაზრისით, რუსეთთან შეერთებამდე 1000 წლით ადრეც, ჩასახვისთანავე იწყებს ლპობასა და კვდომას და ეს პროცესი, აგრეთვე, თითქმის 1000 წელს გრძელდება (V-VI საუკუნეებიდან 1453 წლამდე, როდესაც თურქულმა იატაჰანმა შემუსრა მიხრწნილი ცივილიზაციის ნარჩენი), მაგრამ მისი აღსასრული გარდაუვალი იყო, ვინაიდან იგი არ ეფუძნებოდა ერთადერთ პერსპექტიულ მოტივაციას – პიროვნების თავისუფლებასა და «არჩევნის» უჭკნობ ფასეულობას.
           საქართველოს ენიჭება შანსი, გადარჩეს იმ ცივილიზაციასთან ერთად, რომელიც კონსოლიდირებულად (და საკმაოდ «კომპეტენტურად») პასუხობს ახალი ეპოქის ყველა გლობალურ გამოწვევას: დაწყებული გეოდემოგრაფიით, დამთავრებული გეოეკონომიკითა და ეკოლოგიით თუ გეოპოლიტიკური პრობლემებით, კონფლიქტებით და ასე შემდეგ.
           სხვა შანსი გადარჩენის და «თავის შენარჩუნებისა» საქართველოს უბრალოდ არა აქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი საბოლოოდ დაიშლება და შეწყვეტს არსეობას. სხვაგვარად თუ ვიტყვით, დღეს ყველა «გზა» სწორედ ნიუ-იორკში მიდის, ვინაიდან, ფორმალური სტატუსის მიუხედავად, ეს ქალაქი დასავლური ცივილიზაციის დედაქალაქია და ყველა პრობლემის გადასაწყვეტად აუცილებელ, ასე თუ ისე, ქმედით რეცეპტს (ან ასე თუ ისე შესაძლო გამოსავალს) სწორედ ეს ცივილიზაცია გვთავაზობს.
           სხვა დღეს არსებულ ცივილიზაციებს ან მათ ნარჩენებს ნამდვილად ქმედითი, გრძელვადიანი და პერსპექტიული გამოსავლის შემოთავაზება არ შეუძლიათ, ვინაიდან ყველა ალტერნატიული «რეცეპტის» საფუძველში პიროვნების თავისუფლების შეზღუდვა, ანუ ტოტალიტარიზმი ძევს – დრომ და ისტორიის მსველობამ კი, ათასწლეულის მრისხანე ჟამტეხილთან საბოლოოდ დაამტკია, რომ ეს კონცეფცია უპერსპექტივოა, ვინაიდან მხოლოდ დროებით ეფექტს იძლევა და კარდინალურად ვერ წყვეტს პრობლემას. ამდენად, ყველაფერთან ერთად, ეს არის არა ემოციური, არამედ პრაგმატული არჩევანი, ხოლო საკუთარ ფასეულობათა ჰეროიზაციის მიუხედავად, დასავლურ ცივილიზაციას პრაგმატიზმი (ცივი რაციონალიზმი) არასდროს აკლდა.

XXX

ამ ცივილიზაციის დასახასიათებლად სულ რამდენიმე შტრიხიც კმარა – იმას მოგახსენებდით, რომ ნიუ-იორკში «მილენიუმ სამიტი» საეროთდ არ იგრძნობოდა, თუ არ ჩავთვლით ხანმოკლე «ტრაფიკებს», გზის დროებით გადაკეტვას, რომლის მიზეზიც ნიუიორკელთა უმრავლესობამ ვაერც კი გაიგო.
           მესმის, რომ ამ გრანდიოზულ ქალაქში «ათასწლეულის სამიტი» შეიძლება არც იყოს «პირველი ნიუსი», მაგრამ მეორე მაინც? მესამე, მეოთხე, მეხუთე? – თქვენც არ მომიკვდეთ: ამერიკისა და ნიუ-იორკის სატელევიზიო თუ რადიოარხები მხოლოდ მეექვსე, მეშვიდე «ახალ ამბად» აცხადებდა თვით სამიტის გახსნის დღეს იმ ფაქტს, რომ ნიუ-იორკში თითქმის მთელი მსოფლიოს «ელიტა» შეიკრიბა.
           ისიც მხოლდ იმ კონტექსტში აცხადებდა, რომ თვით ამერიკის პრეზიდენტი გამოდიოდა სიტყვით.
           მაშასადამე, რიგითი ამერიკელისათვის ეს მოვლენა სწორედ მეექვსე-მეშვიდე ხარისხოვანია თავისი მნიშვნელობით და მედია ამ გარემოებას უფრო ითვალისწინებდა, თუმცა ამერიკულ ისტებლიშმენტს შესანიშნავად ესმოდა ამ სამიტის მნიშვნელობა მსოფლიოსა და თვით ამერიკისათვის.
           «პირველი ნიუსი» ყველგან და ყოველთვის ამერიკაში საფონდო ბირჟის უკანასკნელი მონაცემებია. ეს «ამბავი» პირველად რჩება მაშინაც კი, როდესაც დიქტორი სხვას გიამბობთ, ვინაიდან «მორბენალი სტრიქონი» განუწყვეტლივ გიჩვენებთ «დოუ-ჯონსისა» და «ნასდაქის» ინდექსთა მერყეობას.
           თავისთავად, ნიუ-იორკის საფონდო ბირჟა სავსებით განსაკუთრებული მოვლენაა. იგი ამ ცივილიზაციის ძალიან ზუსტი სარკეა.
           წარმოიდგინეთ უოლ-სტრიტი, რომელზეც კონცენტრირებულია მსოფლიოს საბანკო კაპიტალის მთელი ძლევამოსილება. ვერაფრით წარმოიდგენთ, რომ კაპიტალის ეს მექა სულ 300-400-ოდე მეტრის სიგრძის პატარა, ვიწრო ქუჩაა, ხოლო საკუთრივ საფონდო ბირჟა, სადაც გლობალური ეკონომიკის გული ფეთქავს – ერთი შეუხედავი შენობა. მაგრამ ეს – თვალის ერთი შევლებით. საკმარისია სიტუაციას დააკვირდეთ, რომ უმალვე დარწმუნდებით.: არც მთლად ასეა საქმე. უპირველესად, ადამიანები იპყრობენ ყურაღდებას, საოცრად დამუხტულნი, დაძაბულნი, თითქოს გაუცხოებულნი «ამქვეყნიური ამაოებისაგან». არადა, ისინი ხომ «ამაოების მსახურნი» არიან და «ყვითელ ეშმაკს» ემსახურებიან, როგორც ათეული წლობით გვასწავლიდნენ?»
           საკუთრივ საფონდო ბირჟას პატარა დარბაზი უკავია, რომელიც პირდაპირ გადაჭედილია ელექტრონიკითა და მონიტორებით.
           «მიკროკომპიუტერები» იატაკზე ქაღალდებივით ყრია. «ბროკერები» კლავიატურაზე დაუხედავად კრეფენ ინფორმაციებს და მხოლოდ იმ მონიტორებს შესცქერიან, სადაც გაუთავებლად გარბის ფინანსური ინფორმაციის, დოუ-ჯონსისა და ნასდაქის მაჩვენებელთა ლენტა.
           განსაკუთრებული ფაციფუცი თითქოს არ იგრძნობა, ოღონდ დარბაზი იმ ბრძოლის ველს ჰგავს, რომელზეც ერთი შეტაკება უკვე დასრულდა და მეორისთვის ემზადებიან: მშვიდად, წყნარად ირჯებიან, მაგრამ საკმარისია... საკმარისია ციფრები მნიშვნელოვნად შეიცვალოს მორბენალ არზე, რომ პატარა დარბაზი ერთბაშად იფეთქებს, ბროკერები ერთმანეთს დაერევიან, ტელეფონებს ეცემიან, შეჯგუფდებიან სავაჭროდ და ხმის ჩახლეჩვამდე იყვირებენ მხოლოდ მათთვის ცნობილი და გასაგები ჟესტიკულაციით.
           პატარა დარბაზში მეფობს CNN-ი, რომელიც ყოველი საათის განმავლობაში რამდენჯერმე გადასცემს დაწვრილებით ინფორმაციას ბირჟაზე არსებული ვითარებისა და კოლოსალურ კომპანიათა აქციების ღირებულების შესახებ.
           დიქტორებიც საოცრად დაძაბულნი არიან.
           დავუშვათ, რაიმე მნიშვნელოვანი მოხდა, ხოლო CNN-ის ცენტრალური არხი ამ დროს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის პრესკონფერენციას გადასცემს პირდაპირ ეთერში. როგორ მოიქცევა რედაქცია? ამას კითხვაც არ უნდა: ღრმადპატივცემულ ამერიკის პრეზიდენტს ყოველგვარი მობოდიშების გარეშე გააპანღურებენ ეთერიდან (ან ეკრანის კუთხეში მიუჩენენ ადგილს) და დაუყოვნებლივ ჩართავენ უოლ-სტრიტს, - საფონდო ბირჟის დარბაზს.
           საოცარი ფაქტია: პირველი პრეზიდენტი, რომელმაც 1792 წელს დაფუძნებული «ბირჟა» მოინახულა თითქმის 200 წლის განმავლობაში, იყო რონალდ რეიგანი!!!
           იგი 1985 წელს ეწვია ბირჟას. ეს ძალიან მრავლისმეტყველი ფაქტია: ამერიკის პრეზიდენტები (და მათი სახით, ამერიკის სახელმწიფო) თითქოს ცდილობდნენ გამიჯვნოდნენ უოლსტრიტსა და იმ სულისკვეთებას, რომელიც იქ სუფევს.
           დიდი რონალდ რეიგანი კი მიხვდა, რომ ეს მტკნარი სისულელეა; რომ რაოდენ «ანგარებითი სულიც» უნდა ტრიალებდეს უოლ-სტრიტზე, იქ ფეთქავს ნამდვილი სიცოცხლე, იქ სუნთქავს «ჩვეულებრივი ადამიანი» ყველა მისი მანკით, ვნებითა და ღირსებით. ის ადამიანი, რომელიც უფალმა შექმნა «სახედ თვისად» და ამდენად უნდა ამაღლდეს «ოქროს ვნებაზე», მაგრამ განა უფალმა უმანკოდ შექმნა ადამიანი?
           იგივე ბირჟა ხომ შინაარსობრივად ასეულობით მილიონი, მილიარდობით ადამიანის პიროვნულ ბედნიერებას განსაზღვრავს? აქ იქმნება სამუშაო ადგილები, რომლებიც განსხეულებულია აქციებსა და დოლარში. Aამიტომ, საბოლოოდ, ეს «ყვითელი ჯოჯოხეთი» ისევ ადამიანებს ემსახურება და საკაცობრიო პროგრესს უწყობს ხელს.
           «ბიზანტინისტური ცივილიზაციის» სიმბოლო კი ის მკვდარი მუმია იყო, მოსკოვის მავზოლეუმში ათეული წლობით რომ ნემსებს უკეთებდნენ.
           ერთხელ, სამოციან წლებში, ჰიპებისა და «ყვავილთა ძალაუფლების» ეპოქაში, წვეროსანი ჰიპები ტურისტებისთვის განკუთვნილ აივანზე აიპარნენ (შესვლა ტრადიციულად უფასოა, რაც აგრეთვე ძალიან ნიშანდობლივია – ავტ.) და სავაჭრო დარბაზში ზემოდან დოლარები გადმოყარეს.
           იმ დროს დარბაზში გაცხარებული ვაჭრობა მიმდინარეობდა, ნავთობის კომპანიათა აქციები მაღლა მიიწევდა, ბროკერები იბრძოდნენ, ამ დროს კი ზემოდან დოლარების წვიმა წამოვიდა... ყვავილები რომ გადმოეყარათ, ყურადღებას არავინ მიაქცევდა, მაგრამ დოლარები! ნამდვილი დოლარები!!! ბორკერები კარგა ხანს იდგნენ გაოგნებულნი, ვიდრე მუშაობას განაგრძობდნენ, თუმცა, არც ერთ მათგანს, რა თქმა უნდა, იატაკზე დავარდნილი დოლარი არ აუღია, როგორც პურს აიღებს აუცილებლად ქრისტიანი მიწიდან, ეამბორება და მათხოვართათვის შემოდებს ღობეზე.

            ვდგავარ და ვაკვირდები 2000 წლის საფონდო ბირჟის სავაჭრო დარბაზს.
           თან ვიცი, რომ სწორედ იმ დროს მილიონობით ადამიანის ყურადღება იქეთკენ არის მიმართული. ვიღაც აქციებს ყიდულობს, მთელ თავის ქონებას სასწორზე დებს. თუ არ გაუმართლა, თავს მოიკლავს (1929 წლის დეპრესიის დროს პირდაპირ დარბაზში იკლავდნენ თავს) და სულს სამუდამო სატანჯველად გასწირავს. . . . . . ბროკერი კი მხოლოდ სხვისი ნების აღმსრულებელია. რაკი იგი აქტიურობს, ყვირის, ჟესტიკულირებს, კომპიუტერზე ინფორმაციას კრეფს, მაშასადამე, აქციათა მფლობელის, ან მყიდველისგან მიიღო ბრძანება. ეს უკანასკნელი კი ამ დროს შესაძლოა, კალიფორნიის ბაღში ზის, ან იერუსალიმში გოდების კედელს მიყრდნობია შუბლით და მობილურ ტელეფონს ჯიბეში იდებს, ან პარიზის კაფეში უკვეთავს ყავას «რძის გარეშე» ან ლონდონ-დელის მარშრუტით მიფრინავს...
           და მაინც, რატომ მივიდა უოლ-სტრიტზე პირველად რონალდ რეიგანი? იმიტომ, რომ რეიგანი დიდი პრეზიდენტი იყო და იგი მიხვდა იმას, რასაც ვერ მიხვდა ვერც ერთი წინამორბედი: როდესაც უოლ-სტრიტმა შეიძინა (ბუნებრივად) მილიარდობით უბრალო ადამიანის ბედნიერებისა და უბედობის ფუნქცია, მან ამით (მიუხედავად საკუთარი ცოდვილი ბუნებისა), იმთავითვე შეიძინა ერთგვარი კეთილშობილებაც!
           ამიტომ დიდმა რონალდ რეიგანმა იმ ადამიანებს სცა პატივი უოლ-სტრიტზე მისვლით, რომელთაც არასდროს ცხოვრებაში არც ერთი აქცია არ უყიდიათ. შესაძლოა, ძულდეთ კიდეც «ყვითელი ეშმა», მაგრამ მათი ბედნიერება თუ უბედობა მაინც ამ «ეშმას ბუდეში» იჭედება, სადაც თითქოს ყოველივე ემორჩილება დოლარს.
           სწორედ ამიტომ იყო (მესამედ ვიმეორებ) რონალდ რეიგანი ჭეშმარიტად დიდი პრეზიდენტი და დასავლური სამყაროს სწორუპოვარი ლიდერი!!! ამ გენიალობის წყალობით დაანგრია მან ბოროტების იმპერია (იგივე «ბიზანტინისტური ცივილიზაცია»), თუმცა კი წერა-კითხვა არ იცოდა ხეირიანად და ერთხელ პრესკონფერენციაზე საანეკდოტო რამ თქვა; «მსოფლიოს «დიდი შვიდეული» რომ შევიკრიბეთ ვენეციაში, ამ ქალაქში საშინელი წყალდიდობა იყო, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ ჩვენ სოლიდარობაც გამოვხატეთ მოძმე ვენეციელი ხალხის მიმართო»
           იცინეთ, რამდენიც გნებავთ! პოლიტიკოსის გენიალობა სწორედ მის მთავარ ნაბიჯებში მჟღავნდება და არა ასეთ სულელურ «იაღლიშებში».
           რონალდ რეიგანის «მთავარი ნაბიჯი» კი სწორედ ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე სტუმრობა იყო. ამით დიდმა ამერიკამ დასავლური ცივილიზაციის სულს მიაგო პატივი და მის წინაშე მოიხარა ქედი.
           შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რას ნიშნავს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟა არა მხოლოდ ამერიკის, არამედ მთელი მსოფლიოსათვის?
           შეგნებულად არ გამოვყოფ «ეკონომიკას», ვინაიდან ეს, უბრალოდ, ცნების უტრირება ან დაკნინგება იქნებოდა: როდესაც 1998 წელს სამხრეთაღმოსავლეთ აზიაში საფონდო ბირჟებზე ფინანსური ნგრევის ტალღა აგორდა, როცა ამ ტალღამ წალეკა ტოკიოს, ჰონ-კონგის, სინგაპურის, მალაიზიის, ინდონეზიის ბირჟები, როცა მის დარტყმას ვერ გაუძლო და მუხლებზე დავარდა «ჭაბუკი ევრო», რომელსაც დიდი გერმანული მარკის ძლევამოსილება უმაგრებდა თითქოს ზურგს და როცა ახლოვდებოდა დილა ნიუ-იორკში, საადც ვაჭრობა უნდა დაწყებულიყო ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე, (ანუ მსოფლიოს მთავარ ბირჟაზე), იმ დროს ვაშინგტონში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის შტაბ-ბინაში, ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მიშელ კამდესიუ ინფარქტს ებრძოდა.
           მას მთელი ღამე არ ეძინა, აღმოსავლეთიდან იღებდა ინფორმაციებს და ცახცახით ელოდა, რა მოხდებოდა მსოფლიოს მთავარ ბირჟაზე, თან სულ ფრანგულად იგინებოდა და სულს ღაფავდა. მხოლოდ მაშინ დაწყნარდა, როდესაც ცხადი გახდა, რომ უოლ-სტრიტის ბებერმა კედლებმა გაეუძლეს დარტყმას და გადაარჩინეს ათეულობთი მილიონი ოჯახი გაუბედურებას, ბავშვები გადაარჩინეს შიმშილსა და დამცირებას!
           გეკითხები, ძვირფასო მკითხველო, რომელიც უეჭველად «ბიზანტინისტური ცივილიზაციის» მენტალიტეტით ხართ ჯერ კიდევ გაჟღენთილი და ცნობიერად თუ ქვეცნობიერად გეზიზღებათ (ყოველ შემთხვევაში, უღირსებოდ მიგაჩნია) დოლარი, სხვა რა არის კეთილშობილება, თუ არა ის, რომ, განურჩევლად მოტივაციისა, ათეულობით მილიონი ბავშვი შიმშილსა და სიცივეს გადაარჩინო?
           რატომ ღელავდა ასე მიშელ კამდესიუ? გარწმუნებთ, პიროვნულად არც მას, არც მის შვილებს, შვილიშვილებსა თუ შვილთაშვილებს, შიმშილი ან სიცივე არ დაემუქრებათ არასდროს.
           რაც უნდა მომხდარიყო უოლ-სტრიტზე, პირადად მიშელ კამდესიუს ცხოვრების დონეზე ან (ურო ფართო გაგებით) «ცხოვრებაზე» ეს არანაირ ზეგავლენას არ მოახდენდა – თანამდებობის ვადა ისედაც ეწურებოდა.
           არაერთგზის უთქვამს, რომ საკუთარი თავი ეზიზღებოდა იმ კაბინეტში, ვინაიდან, სიძულვილისა და ზიზღის გარდა (ხალხისგან), არაფერი უნახავს. ორიოდე დღით ადრე ფილიპინებზე მყოფს ვიღაც «ანტიდოლარის რომანტიკოსმა» ტორტი შეახოცა სახეში.
           არ უჩივლია, რადგან «ფრანგს თავისი სიამაყე აქვს».
           ჰოდა, მე თქვენ გეკითხებით, რატომ ღელავდა ასე, რას დაგიდევდათ, დაეცემოდა თუ არა დოუ-ჯონსი 400 პუნქტით და განმეორდებოდა თუ არა 1929 წლის შავი ოქტომბერი?

        პასუხის ნაცვლად, ერთი უცნაურობის შესახებ: რატომ იგრძნობა დასავლურ ცივილიზაციაში განსაკუთრებული პატივისცემა დოლარის (ფულისადმი, ზოგადად) და რატომ ითვლება «ბიზანტინისტურ ცივილიზაციაში» იგი მხოლოდ საზიზღარ «ხელის ჭუჭყად?»
           იმიტომ, რომ დასავლურ ცივილიზაციაში ფული (ქონება, კაპიტალი) განსხეულებული შრომაა, თანაც ფანატიკური, ჯოჯოხეთური შრომა, თაობათა ძალისხმევა!
           შეამოწმეთ ნებისმიერი ამერიკელი მილიონერის გენეალოგია – ყოველიო მათგანის პაპის პაპა XIX საუკუნეში წავიდა ამერიკაში, დაიწყო წვრილი ვაჭრობით, ან თუნდაც «ფეხსაცმელების მწმენდავი» იყო და, რასაც მიაღწია მან ან შვილმა და შვილიშვილმა, მიაღწია ფანატიკური თავაუღებელი შრომით, უძილო ღამეებით, საქმისთვის ჯანმრთელობის შეწირვით.
           «ბიზანტინისტური ცივილიზაცია» კი, საკუთარი არსით, ეწინააღმდეგება ასეთ გაგებას. ამ ცივილიზაციას სხვადასხვაგვარად სახელდებული ჩინოვნიკი მართავდა ოდითგან. სწორედ იგი ქმნიდა იდეოლოგიურ კონცეფციებს ადამიანის დასამონებლად, რაკი გრძნობდა, რომ ის წყეული «ოქრო» თავისუფლების და პიროვნების თავისუფალი არჩევნის გარანტად შეიძლებოდა ქცეულიყო.
           ამიტომ ითვლება ჩვენშიც და რუსეთშიც ფული «ხელის ჭუჭყად», რაკი სიმდიდრე ამ ცივილიზაციაში უფრო ხშირად (განუზომლად უფრო ხშირად), გაიძვერობისა და თაღლითობის შედეგია, ვიდრე პატიოსანი ვაჭრობის, პატიოსანი მეწარმეობის, ზოგადად, პატიოსანი შრომისა, როგორც ეს დასავლურ ცივილიზაციაშია.
           დასავლურ ცივილიზაციაში რომ არაფრისგან მილიარდერი გახდე, «ინდოუსის» მაგვარი გენიალური რამ უნდა მოიგონო. ბიზანტინისტურ ცივილიზაციაში კი თაღლითობის ნიჭიც საკმარისია, ან თანამდებობა!
           სხვათა შორის, თანამდებობა დასავლურ ცივილიზაციაში ბევრს არაფერს ნიშნავს. «ბიზანტინისტურ ცივილიზაციაში» კი იგი ნიშანვს ყველაფერს! ესეც კიდევ ერთი თვისებრივი სხვაობა ამ ორ ცივილიზაციას შორის.
           არადა, სწორედ იმ «უსულგულო» დასავლურმა ცივილიზაციამ შექმნა ადამიანის პიროვნული ბედნიერების, მისი მისწრაფებების განხორციელების, ყოველმხრით თავისუფალი განვითარებისა და, ზოგადად, კაცთა მთელი მოდგმის გადარჩენის პირობები. დაწყებული ელექტროობიიდან და ქოლერის თუ ცოფის საწინააღმდეგო აცრიდან, დამთავრებული ოზონის ფენის გადარჩენით.

           უსულგულო, ბნელი, გაუნათლებელი, ხეპრე, მხოლოდ ოქროს თაყვანისმცემელიაო დასავლური ცივილიზაცია – გვიჭედავდნენ თავში წლების განმავლობაში. უზნეო და ბინძურიაო დასავლური ცივილიზაცია – ამტკიცებდა ერთი ასეთი «მორალისტი». თურმე ნუ იტყვით, სან-ფრანცისკოში ყოფილა და რა იხილა მისმა თვალებმა: ყოველ ნაბიჯზე «სექსშოპები «და პორნოკინოთეატრები!
           კი, ნამვილად არის.
           მაგრამ რაღა იმ სიბინძურეში მიძვრები, შე ოჯახაშენებულო, სან-ფრანცისკოში სხვაც ყოფილა. მახსოვს, იქვე, იმავე ქალაქში, სასტუმრო «სან-ფრანცისკოში» ვიღაც მეორეხარისხოვანი პიანისტი კონცერტს მართავდა და იმდენი ხალხი მიაწყდა, რიგი ქუჩიდან იწყებოდა კონცერტზე შესასვლელად.
           თანაც ის ხალხირ ნამდვილად არ ჰაგვდა იმათ, ჩვენში რომ მიდიან კლასიკური მუსიკის კონცერტებზე «სამარიაჟოდ» და გაძლებაზე არიან.
           ამას რატომ ვერ ამჩნევენ ჩვენი მორალისტები? ვერ ხედავენ? ვერ ხედავენ კი არა, არ ხედავენ, რადგან ეს ეწინააღმდეგება მათ სულელურ კონცეფციებს «დასავლური ცვიილიზაციის სულიერი გახრწნილობის შესახებ». სექსშოპებსა და შესაბამის კინოთეატრებში რიგი მე იქ არ მინახავს. ერთადერთი რიგი (თანაც ნამდვილი რიგი – ბრეჟნევის ეპოქას რომ მოგაგონებდა), რაც ამ გრანდიოზულ ქვეყანაში მრავალგზის ყოფნისას ვიხილე, იყო ის რიგი, სან-ფრანცისკოში - რომელიღაც, არცთუ ძალიან ცნობილი პიანისტის კონცერტზე შესასვლელად.
           და ბოლოს: იმავე «მორალისტებს» ყოველთვის ეზიზღებოდათ ნიუ-იორკი. თავად ხშირად დასეირნობდნენ მანჰეტენზე და სხვებს ჭკუას არიგებდნენ – აქაოდა, თქვენ კი ვერასდროს წახვალთ იქ, მაგრამ არც გინდათ: საზიზღარი ქალაქია, უმოწყალო, დაუნდობელი, «ქვის ჯუნგლები»... შესაბამისად, იქმნებოდა იდეოლოგიური მოტივაციაც. დაახლოებით ისეთი, რუსები რომ «პოჩვენიჩესტვოს» უწოდებენ - «ცვრიან ბალახზე თუ ფეშიშველმა არ გაიარე»... კი ბატონო, შესანიშნავი ლექსია, მაგრამ ურბანისტიკისა და «სოფლური რომანტიზმის» ასეთი დაპირისპირება იმთავითვე თვალთმაქცობაა.
           მე, მაგალითად, არ მჯერა, რომ თუ მაინცდამაინც ნაკელის სუნში არ ჩაიხრჩვე, ისე ადამიანი არ ხარ.
           დიდ ქალაქს თავის მშვენიერი სულისკვეთება და რომანტიკა აქვს. მაგალითად, ბევრ ნიუიორკელს თავისი გადარეული, გიჟი ქალაქი ისეთივე სუფთა, ნაზი, გულწრფელი, კეთილშობილი სიყვარულით უყვარს, როგორც მაგალითად, ვაჟა-ფშაველას უყვარდა მთა, როგორც ქართველს უყვარს თავისი ჭიუხები, როგორც ყუბანელ კაზაკს უყვარს უსასრულო რუსული სტეპი, ან შვეიცარიელს – ალპური მდელოები.
           რატომ არის ეს გრძნობა ნაკლებ კეთილშობილური? დანამდვილებით ვიცი, რომ ის კაპიტალისტი, რომელიც არქიტექტორს ნიუ-იორკის ცენტრში «ემპაირ სთეით ბილდინგის» აშენებას უკვეთავდა, მხოლოდ პრაგმატული მოსაზრებებით ხელმძღვანელობდა, რაკი ნიუ-იორკში მიწა ფანტასტიკურად ძვირი იყო უკვე მაშინ, მაგრამ თვით არქიტექტორი აშკარად რომანტიკოსია, ხოლო მისი ქმნილება- საკაცობრიო გენიის გამოხატულება.
           აღორძინების ეპოქის იტალიელ ტიტანთა ქმნილებებიც, ხშირ შემთხვევაში, «შეკვეთით» სრულდებოდა – მერედა, ამით მათ რა აკლდებათ დღეს? იოტისოდენი არაფერი!
           სხვისი არ ვიცი და, ჩემზე ნიუ-იორკის თვინ-თაურსი (ტყუპი ცათამბჯენები) ნამდვილად არ ტოვებს დასავლური ცივილიზაციის გახრწნილობისა და უზნეობის შთაბეჭდილებას.
           პირიქით, სიამაყით და იმედთი გივსებს გულს, რაკი განასახიერებს იმ ცივილიზაციას, რომელსაც (მხოლოდ) ძალუძს გადაარჩინოს კაცობრიობა მე-3 ათასწლეულში.
           და იმავდროულად, გამოხატავს დასავლური ცივილიზაციის საფუძველთა საფუძველს, - არჩევნის უფლებას, რომელიც გადაარჩენს კაცობრიობას.

დილის გაზეთი, 11 სექტემბერი, 2000 წელი

მთელ გვერდზე