წვიმს თუ არა ისე, როგორც ქუხს?

        პროკურატურასა და გადაცემა «60 წუთს» შორის ატეხილმა სკანდალმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოში გარდამტეხი პერიოდი გრძელდება: მიმდინარეობს სოციალური სტრუქტურის ახლებურად ჩამოყალიბების, ახალი, გავლენიანი სოციალური სეგმენტების გაჩენისა და ძველის თანდათანობით, მაგრამ განუხრელი გაქრობა-დაკნინების პროცესი.
        დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ კონფლიქტი სწორედ ამ პროცესის გამოხატულებაა, ვინაიდან «ძველ», «მომაკვდავ», «წარმავალ» სოციალურ ფენებსა და სეგმენტებს არ სურთ გაქრობა, საკუთარი სოციალური სტრუქტურისა და მნიშვნელობის დაკნინება, ამიტომ ხავსს ეჭიდებიან, მაგრამ ისტორიის ბორბალს უკან ვეღარ დაატრიალებენ.
        «ძველი» სოციალური ფენების გაქრობა-დაშლა გარდაუვალია. რაც, რა თქმა უნდა, არ უნდა ნიშნავდეს ქართული მწერლობის გაქრობას – ღმერთმა დაგვიფაროს! მწერლობა დარჩება და განვითარდება კიდეც, მაგრამ სამუდამოდ ჩაბარდება ისტორიას ის დრო, როდესაც მწერლები (ზოგადად ე.წ. ელიტარული და საბჭოთა ორდენოსანი ინტელიგენცია) ცდილობდნენ საზოგადოებაში დაახლოებით ისეთი როლი შეესრულებინათ, როგორსაც ასრულებს მართლმადიდებლური ეკლესია, ანუ მათი ორგანიზაცია ყოფილიყო ერის სულიერი ცხოვრების «მესაჭე», უზენაეს ეროვნულ ფასეულობათა მცველი და განესაზღვრა კიდეც «ცნობიერი» პროცესების განვითარება საზოგადოებაში.
        სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ ქართული «ელიტური ინტელიგენციის» ორგანიზაციებმა (მათ შორის, რა თქმა უნდა, «მწერალთა კავშირმა») საბჭოურ ეპოქაში ბევრი რამ სასიკეთო გააკეთეს ეროვნულ ფასეულობათა შესანარჩუნებლად. თუმცა, ისიც სამართლიანია, რომ ამ «ელიტურმა ინტელიგენციამ» ვერ შეძლო ერში აღეზარდა ისეთი თვისებები, რომლებიც ქვეყანას თავიდან ააცილებდა 1988-1993 წლების საზარელ ეროვნულ ტრაგედიას და არ დაუშვებდა ე.წ. «მოძრაობის» არაკომპეტენტური ლიდერების მოსვლას ხელისუფლების სათავეში ჯერ 1989 წლის 9 აპრილის, შემდეგ კი 1990 წლის 28 ოქტომბრის შედეგად, რასაც სამოქალაქო ომი მოჰყვა.
        ქართული ელიტური ინტელიგენციისათვის სწორედ ეს პერიოდი (1987-1988 წლები) იყო «ჭეშმარიტების მომენტი», მაგრამ მან ვერ შეძლო (ვერ შეძლო იმიტომ, რომ უნარი არ ეყო) სათავეში მოქცეოდა «ყოვლისმომცველ პროცესებს» და ამით თვითონ გამოუტანა საკუთარ თავს განაჩენი. იმ პერიოდიდან მისი «წასვლა» ისტორიულ წარსულში უკვე გარდაუვალი გახდა.
        «მწერალთა კავშირს», რა თქმა უნდა, ვერავინ ვერაფერს დააკლებს. ბოლოს და ბოლოს, მწერლებს აქვთ უფლება გაერთიანდნენ, მაგრამ მათი ორგანიზაცია ადრინდელ ძალასა და გავლენას ვეღარასოდეს დაიბრუნებს, ანუ იქცევა ჩვეულებრივ «პენ-კლუბად», როგორიც მრავალ ქვეყანაში არსებობს.
        ხოლო ედუარდ შევარდნაძე არის საქართველოს უკანასკნელი პრეზიდენტი, რომელსაც (ძველი ინერციით) კვლავ იმდენი რიდი აქვს «ელიტარული ინტელიგენციისა», რომ ხელს აწერს (ოღონდ არ აწყენინოს) მისთვის აშკარად წამგებიან დოკუმენტებზე: შეუძლებელია შევარდნაძეს არ სცოდნოდა, რას გამოიწვევდა ცნობილ განკარგულებაზე ხელის მოწერა (აკაკი გოგიჩაიშვილის «60 წუთის» წინააღმდეგ), მაგრამ მან ნებაყოფლობით გადადგა ეს ნაბიჯი, რათა ელიტური ინტელიგენციისათვის არ ეწყენინებინა, ანუ ნებაყოფლობით შეუშვირა თავი გარდაუვალ ქარიშხალსა და მეხთატეხას – დამოუკიდებელი მასმედიის მხრიდან.
        თანაც, ეს გააკეთა სწორედ «ძველი ინერციით» და არა პოლიტიკური მოსაზრებებით: არჩევნები უკვე ჩავლილია და, ელემენტარული პრაგმატული გათვლით, პრეზიდენტს თავისუფალი პრესის განაწყენება ნაკლებად აძლევდა ხელს, ვიდრე წარმავალი, ისტორიულად განწირული «ელიტური ინტელიგენციისა».
        ვიმეორებ: ედუარდ შევარდნაძე არის საქართველოს უკანასკნელი პრეზიდენტი, ვისაც ამ საზოგადოებრივი ფენის ასეთი რიდი და კრძალვა აქვს და, ამდენად, კვლავ არის მასზე დამოკიდებული – ვინც არ უნდა იყოს შემდეგი პრეზიდენტი, ის, ანალოგიურ შემთხვევაში, უეჭველად «გაუშვებს» ელიტურ ინტელიგენციას იქ, სადაც უნდა გაეშვა, ანუ სასამართლოში: მიმართეთ სასამართლოს, - მორჩა და გათავდა!
        მეორე მხრივ, არც ის იქნებოდა სწორი, ბოლოდროინდელი მოვლენები ისე შეგვეფასებინა, თითქოს ედუარდ შევარდნაძე (ზოგადად ხელისუფლება) აპირებს შეზღუდოს დამოუკიდებელი პრესა. ეს მას არც ერთი თვალსაზრისით ხელს არ აძლევს, ვინაიდან ამჟამინდელმა პრეზიდენტმა შესანიშნავად უწყის, რომ «აღმავალ საზოგადოებრივ ტალღასთან» ბრძოლა მხოლოდ ზიანის მომტანია.
        ბევრი პროცესი საქართველოში უკვე შეუქცევადი გახდა, ქართული საზოგადოება თანდათან იქცევა ნორმალურ საზოგადოებად, რომელსაც აქვს «თვითრეგულირების» ძვირფასი თვისება. «თვითრეგულირებადი საზოგადოებისათვის» კი დამოუკიდებელი, არაანგაჟირებული მედია ისევე აუცილებელია, როგორც ჰაერი – ადამიანისათვის. ამიტომ პრესის თავისუფლებას საქართველოში ვერავინ შეზღუდავს, ამას ხელისუფლება (ძალიანაც რომ მოინდომოს, თუმცა, საეჭვოა, მოინდომოს) ვეღარც შეძლებს.
        რაც შეეხება ანზორ ბალუაშვილს, გავბედავ გამოვთქვა განსხვავებულიო აზრი (აკი პრესის თავისუფლება სწორედ განსხვავებული აზრის თავისუფლებას ნიშნავს – გ.ვ.) და შევნიშნავ, რომ, სინამდვილეში, «60 წუთის» მსგავსი გადაცემის არსებობა პირადად ანზორ ბალუაშვილისათვის და მთელი პროკურატურისათვის ძალზე ხელსაყრელია და აი, რატომ: კორუფციის წინააღმდეგ «ზომების არმიღების» ბრალდება, რაც აუცილებლად მოჰყვება «60 წუთის» არგუმენტირებულ და დასაბუთებულ გადაცემებს, «კარტ ბლანშს» აძლევს პროკურატურას და სხვა სამართალდამცავ ორგანოებს, გააძლიერონ თავიანთი პოზიციები და გავლენა.
        ხოლო საპირისპირო «სტერეოტიპი» (რომ პროკურატურამ ახალი 37 წელი გააჩაღა, კორუფციის ბრალდებით არღვევს უდანაშაულო ადამიანთა უფლებებს და ა.შ.), უეჭველად, «დაიმსხვრევა» უკვე დომინირებად სტერეოტიპთან შეჯახებისას: «თქვენ არ გვადანაშაულებდით კორუფციის წინააღმდეგ უმოქმედობაში?!!!»
        და ბოლოს: ნამდვილად გამაღიზიანებელია ზოგიერთი პოლიტიკოსის განცხადებები «დამოუკიდებელი მედიის» დასაცავად მაშინ, როდესაც ყველას გვახსოვს, რომ სწორედ ამ პოლიტიკოსის მითითებით შეიჭრა შეიარაღებული ხროვა გაზეთ «7 დღის» რედაქციაში და როგორ დაარბია სრულიად უდანაშაულო, უიარაღო ადამიანები.
        და თუ ამ პოლიტიკოსს ჰგონია, ეს ამაზრზენი ფაქტი ქართველ ჟურნალისტებს ოდესმე დაავიწყდებათ – ძალიან ცდება. ასე რომ, მეტისმეტად ნურავინ გამოიდებს თავს – ქართული მედია საკმარისად ძლიერია საიმისოდ, რომ თვითონ დაიცვას თავი.

მერიდიანი, 24 მაისი, 2000 წელი

მთელ გვერდზე