მშვიდობა სვანეთსა და კოდორში ისევ ბეწვზე ჰკიდი

        უკანასკნელი ინფორმაციით, რომელიც გუშინ (სამშაბათს) დღის მიწურულს მივიღეთ მესტიიდან, იზრდება დაძაბულობა სვანეთის მოსახლეობაში. პირველად ისტორიაში შეიძლება შეიქმნას კონფლიქტური ვითარება «დიდი სვანეთისა» და «დალის სვანეთის» მცხოვრებლებს შორის - მას შემდეგ, რაც სავარაუდოდ კოდორის ხეობიდან გადმოსულმა შეიარაღებულმა ბანდამ მესტიიდან ყმაწვილი გაიტაცა.
        მესტიელები იმუქრებიან, რომ გადაკეტავენ «ერთადერთ» გზას, რომელიც საქართველოს კოდორის ხეობასთან აკავშირებს (ჭუბერი-საკენი). თუმცა, «ერთადერთს» ჩვენ ვუწოდებთ, თორემ ნუ დავივიწყებთ, რომ თვით კოდორის ხეობაში, სოფელ ლათასთან აფხაზური შენაერთები დგანან. იქიდან ორიოდე კილომეტრია «გვირაბამდე» და შემდგომ - კოდორის შესართავამდე.
        ეს გზა კოდორის მოსახლეობისთვის ბევრად უფრო ბუნებრივი და იოლია, ვიდრე მრისხანე უღელტეხილზე გადასვლა. ამიტომ სეპარატისტები, რომელთაც ადრეც არაერთგზის უცდიათ კოდორის ხეობელებთან «სეპარატისტული გარიგების» მიღწევა (უშედეგოდ) და ამჟამად დაძაბულად ადევნებენ თვალს მოვლენათა განვითარებას, აუცილებლად შეეცდებიან, მაქსიმალური სარგებელი მიიღონ აფხაზეთში ქართველობის უკანასკნელი კუნძულის საქართველოსგან მოწყვეტით.
        ამის დაშვება არ შეიძლება! იმ შემთხვევაშიც კი, თუ ყმაწვილის გამტაცებლები ხეობელები არიან, კოდორის ხეობა (მთლიანობაში) არ უნდა დაზარალდეს. მოსახლეობა იქ ისედაც გატანჯულია ეკონომიკური გაჭირვებით.
        საერთოდ, ეს ხეობა ქართული საზოგადოებისთვის «ტერა ინკოგნიტოდ» რჩება. იმ ტერიტორიაზე, სადაც თბილისის იურისდიქცია ვრცელდება, გასული 5-6 წლის განმავლობაში ვითარება ასე თუ ისე «დაწყნარდა», ყოველ შემთხვევაში, შეიარაღებულ ფორმირებათა უკონტროლო თარეშმა იკლო. მაგრამ კოდორის ხეობა კვლავ «ფრონტის» წინა ხაზია. ხელისუფლება (ფაქტობრივად) იქ არ არსებობს. ვითარებას მთლიანად აკონტროლებენ საველე მეთაურები. ცოტამ თუ იცის, რომ მოსახლეობა მუდმივად პატრულირებს ახლომდებარე მთებზე, რათა იქ პოზიციები აფსუა «სადისტებმა» (ასე უწოდებენ საარტილერიო ცეცხლის მაკორექტირებლებს) არ დააკავონ, თორემ ეს ხეობაც ისევე დაიკარგება, როგორც მთელი აფხაზეთი.
        ყოველ შემთხვევაში, სეპარატისტებს ექნებათ საშუალება, ტყვარჩელიდან მთაზე გადმოსვლით და იმავდროულად მძლავრი საარტილერიო დარტყმით ლათას მხრიდან გაანადგურონ კოდორის ხეობის სოფლები, რომლებიც კრიმინალური ინციდენტის შედეგად მოწყვეტილი აღმოჩნდება საქართველოს.
        ასე რომ, კრიმინალთა აღვირახსნილობის შედეგად საქართველომ შეიძლება დაკარგოს უკანასკნელი პლაცდარმი აფხაზეთში, რომელსაც უდიდესი სამხედრო-სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ათასობით თანამემამულის (მათ შორის ქალებისა და ბავშვების) ბედი.
        აფსუები სვანებს განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებიან - ჰკითხეთ ნებისმიერ ომის მონაწილეს და დაგიდასტურებთ.
        მადლობა ღმერთს, საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო ზრუნვა კოდორის ხეობაში წესრიგის დამყარებაზე და საამისოდ იყენებს ერთადერთ სწორ ტაქტიკას: არავითარი «შინაგანი ჯარებისა» და პოლიციიის შეყვანა საქმეს არ უშველის. მიზანშეწონილია მხოლოდ ერთ-ერთ ადგილობრივი საველე მეთაურის გაძლიერება და მისი აღჭურვა სათანადო უფლებამოსილებით (აგრეთვე, საქართველოდან მიწოდებული რესურსებით). სწორედ ამ აზრით დაინიშნა «რწმუნებულად» ემზარ კვიციანი და ძალზე ნიშანდობლივია, რომ იგი ხეობას თავდაცვის მინისტრმა წარუდგინა.
        კვიციანის დანიშვნას მოსახლეობა ადრეც მოითხოვდა, მაგრამ თბილისში ზოგიერთები ამის წინააღმდეგნი ყვნენ იმ სულელური არგუმენტით, რომ იგი «მხედრიონელია». არადა, აფხაზეთში თუ ვინმემ იბრძოლა, სწორედ კვიციანისნაირებმა.
        როგორც იტყვიან, თუ გვინდა «მგლებს მოვუაროთ» - მგელი უნდა დავუნიშნოთ უფროსად.

დილის გაზეთი, 16 აგვისტო, 2000 წ.

მთელ გვერდზე